“ხაბაძესაც ვაკრიტიკებ, მაგრამ პირად შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ვთვლი და ასეცაა - ვინაიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხარ, უნდა გააკონტროლო და არ მიუშვა კრეტინი დუმბაძე ისე, რომ მთავრობა სანათესაოთი გაავსოს... რა, ევროპისკენ ვისწრაფვით და ფეოდალიზმში მაბრუნებ? აჭარა მეწველი ძროხა არაა, აქ ღირსეული ხალხი ცხოვრობს?!”
“რადგან პოლიტიკოსებთან მქონდა შეხება, ეგონათ, რომ ვიღაც მაფინანსებდა, ზოგი „ფულის ასახევად“ მოდიოდა, მაგრამ უკან „ყბა ახეულები“ მიდიოდნენ და, თითქოს "ძველ ბიჭებად" რომ მოჰქონდათ თავი, ცემის შემდეგ, პოლიციაში გარბოდნენ და საჩივარს წერდნენ. ერთმა ასეთი საჩივარიც დაწერა, მერაბ ბლადაძეს გადაწყვეტილი აქვს ჩემი და საქართველოს კონსულის მოკვლაო.... "ჭრელი" ხალხია ემიგრაციაში, ძალიან „ჭრელი”...
...ფართო საზოგადოებამ ე.წ. ციხის კადრების გავრცელების შემდეგ გაიცნო _ ვლადიმერ ბედუკაძე ბელგიაში, ერთხანობას, მასთან ცხოვრობდა... პოლიტიკური სპექტრი კი, 2007 წლის შემოდგომიდან იცნობს -7 ნოემბრის სისხლიანი დარბევის შემდეგ, “ვარდების რეჟიმის’ წინააღმდეგ, შუაგულ ევროპაში, ბრიუსელში, პირველი საპროტესტო აქცია გამართა... მერე, ბელგიაში მედიაკავშირ "ობიექტივის” სპეციალურ წარმომადგენლად და ემიგრანტთა ომბუდსმენად დაინიშა... შვიდწლიანი ემიგრაციის შემდეგ, სამშობლოში ამ გაზაფხულზე დაბრუნდა, თუმცა ამბობს, თუკი სიტუაცია არ გამოსწორდა, ისევ ემიგრაციაში წავალ და აჭარასა და, საერთოდ, საქართველოში გამეფებულ ნეპოტიზმზე მთელ ევროსტრუქტურებს გავაგებინებო... მაშ ასე, რატომ დატოვა 2006 წელს საქართველო, რა სამუშაოებს ატარებდა ბრიუსელში “ვარდოსნების” წინააღმდეგ, რაში ამხელს ბათუმის მაჟორიტარ მურმან დუმბაძეს და ვინ ბლოკავს პრემიერთან ოპერაცია "ციხის კადრების" თანამონაწილეს? - "ქართული სიტყვა" მერაბ ბლადაძეს ესაუბრა
მერაბ ბლადაძე: - ე.წ. აჭარის რევოლუციაშიც წვლილი მაქვს შეტანილი...
როგორც ვიცი, ასლან აბაშიძესთან გარკვეული ურთიერთობა გქონდათ...
- ასალან აბაშიძის სიდედრი ჩემი მოგვარე იყო და, აქედან გამომდინარე, ერთმანეთს ვენათესავებოდით, თუმცა არც თანამდებობა მქონდა და არც _ დაფასება. პირიქით, ვიბლოკებოდი _ თბილისთან ურთიერთობა მქონდა და ამიტომ არასანდოდ ვითვლებოდი. სხვათა შორის, აბაშიძის წინააღმდეგ პირველი აქცია 2001 წელს გავმართე... 2003 წელს `ჩვენი აჭარა~ ჩამოყალიბდა, რომელსაც კობა ხაბაზი ხელმძღვანელობდა, ამ ორგანიზაციასთანაც მქონდა ურთიერთობა...
-”ჩვენ აჭარას“, როგორც მახსოვს, ჯემალ ინაიშვილი აფინანსებდა არა?
დიახ...
-ანუ, „ჩემი აჭარის“ წევრი იყავით?
არა, უბრალოდ, თუკი ვინმეს „ასლანისტები~ დაემუქრებოდნენ, კობა ხაბაზი დამირეკავდა და დახმარებას მთხოვდა ხოლმე...
-და ხალხი პატივს რატომ გცემდათ?
მთელი ცხოვრება პატიოსნად ვცხოვრობდი, არავინ დამიჩაგრავს და თავს არც სხვას დავაჩაგვრინებ, ადამიანის უფლებების დაცვა შემეძლო და ჩემს რაიონშიც ავტორიტეტი მაქვს...
-ესე იგი, ე.წ. აჭარის რევოლუციაში აქტიურად მონაწილეობდით?
დიახ.
-და რა მიზანი გქონდათ?
მაშინ მომავლისა და უკეთესობის იმედით, ყველანი აჟიტირებულნი ვიყავით.
- ამბობენ, რომ ჩოლოქის ხიდი თითქოს თქვენ ააფეთქეთ...
არა, ხიდის აფეთქებასთან კავშირი არ მქონია. საერთოდ, მგონია, რომ ეს აფეთქება ვანო მერაბიშვილისა და ამირან მესხელის `დამსახურებაა~. ხიდი ელგუჯა ჯინჭარაძემ ააფეთქა, „რემბომ“, ჩოლოქსაქეთ გადმოვიდა და აბაშიძეს უღალატა. აბაშიძემ უკან აღარ დაიხია და თქვა, ხიდი ჩვენ ავაფეთქეთო, მაგრამ ყველაფერი „ჩაწყობილი“ იყო...
ბათუმში აბაშიძის საწინააღმდეგო აქციები რომ დაიწყო, მესხელი დამიკავშირდა და მთხოვა, ხალხი დამეხმარებინა. საკმარისი მანქანები არ იყო, რომ ხალხი ბათუმში გამეშვა, შევთავაზე, აქციას ქობულეთში ჩავატარებთ-მეთქი. შეძლებთო, მკითხა მესხელმა, არაა პრობლემა-მეთქი და მთელი ქობულეთი ფეხზე დადგა. ამის შემდეგ აბაშიძემ პოზიციების დათმობა დაიწყო, მერე, იგორ ივანოვიც ჩამოვიდა და ასე გაიმარჯვა აჭარაში „ვარდების რევოლუციამ“.
-ბატონო მერაბ, გქონდათ მოლოდინი, რომ აბაშიძის დამხობის შემდეგ, რამე თანამდებობას მიიღებდით?
თანამდებობის ამბიცია არასოდეს მქონია. სამაგიეროდ, დიდი ბიზნესისკენ მქონდა მიდრეკილება და საამისოდ სანაცნობო წრეც მყავდა. აჭარის რევოლუციის შემდეგ, აუქციონზე ბათუმის პორტი გამოიტანეს და თურქეთიდან ინვესტორი ჩამოვიყვანე, რომელიც, თუ არ ვცდები, 128 მილიონს იხდიდა. კახა ბენდუქიძეს შევახვედრეთ, საიდანაც შეურაცხყოფილი გამოვიდა. ბენდუქიძეს უთქვამს, პორტი რად გინდა, მარნეულში ნავთობის ბაზა იყიდება და ის იყიდეო...
-მოკლედ, მერაბიშვილსა და მესხელთან გარკვეული ურთიერთობა გქონდათ, არა?
დიახ, მესხელთან მქონდა ურთიერთობა და გოგი თავთუხაშვილთანაც, თუმცა როგორც კი აჭარაში რევოლუცია მოხდა, მათთან კავშირი აღარ მქონია... მეგონა, რომ გარკვეული დამსახურების გამო, ჩემი თავის „კრიშა“ მე თვითონ ვიქნებოდი _ ინვესტორს ჩამოვიყვანდი და საქმეს გავაკეთებდი. მუშაობას ისე ვაპირებდი, როგორც ევროპაშია, როგორც წესი და რიგია. პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც ასე ვფიქრობდი, მაგრამ როგორც ვუყურებ, ახლაც `კრიშაა~ საჭირო _ თუ გინდა, რომ რაღაც გააკეთო, ვიღაცას უნდა შეეხიზნო. ევროპულ დონეს ახლაც ვერ მივაღწიეთ... მოკლედ, იმის მაგივრად, რომ ბათუმის პორტის აუქციონში მიგვეღო მონაწილეობა, დაგვბლოკეს და ნამდვილად ვიცი, ბათუმის პორტი გაცილებით იაფად გაიყიდა, ვიდრე ჩემს მიერ მოყვანილი ინვესტორი იხდიდა და რამდენიმე მილიონი ბენდუქიძემ ჯიბეში ჩაიდო. ამის მერე სხვა ბიზნესის წამოწყება გადავწყვიტე, მაგრამ `ნაციონალების~ გულის მოგებას საშველი არ დაადგა, საყვედური ვთქვი _ ალბათ, შევიგინე და სიტუაცია გართულდა, ანუ ყველა გზა ჩამეკეტა და ერთ დღესაც, ახლობლებმა გამაფრთხილეს, მერაბ, შენთან მოვლენ და იარაღს ამოიღებენო.
-იარაღი გქონდათ?
არა, არ მქონია. უბრალოდ, ჩემთან ბევრი „ასლანისტი“ მოდიოდა, იარაღი მოჰქონდათ და, როგორც იარაღის ნებაყოფლობითი ჩამბარებელი, ახალ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას მთხოვდა... ვეხმარებოდი.
-იარაღს რა სტატუსით იბარებდით?
ხალხი მენდობოდა... მადლობა უფალს, ხალხი დღესაც მენდობა...
-ბატონო მერაბ, „ნაციონალებისთვის“ ისეთი საშიში იყავით, რომ თქვენი თავიდან მოცილება გადაწყვიტეს?
არ ვფიქრობ, რომ საშიში ვიყავი...
-ისე, თუკი დაჭერას გიპირებდნენ, საქართველოს საზღვარი როგორ გადაკვეთეთ?
მეგობრების დახმარებით, ჯერ აფხაზეთში გადავედი, იქიდან - რუსეთში, რუსეთიდან კი, ბელგიაში წავედი.
-რატომ მაინცდამაინც ბელგიაში?
ბელგიაში შემთხვევით მოვხვდი - ნაცნობებმა შემომთავაზეს, ბელგიაში მივდივართ და თუ გინდა, წამოდიო... ფეხით ვიარე... ტანსაცმელიც გადავყარე - თრევა აღარ შემეძლო...
-საქართველო რომ არ დაგეტოვებინათ, დაგიჭერდნენ?
ფაქტია - დილით ჩემს სახლს „ობისკი“ „დაარტყეს’, დედაჩემმა უთხრა, ვეღარ იპოვით, საზღვარგარეთ წავიდაო...
-თქვენზე ძებნა გამოცხადდა?
არა...
-ძალიან რომ მოენდომებინათ, „ვანოს ბიჭები“ ბელგიაშიც დაგიჭერდნენ...
იქ რომ დავეჭირე, ჩემზე საქმე უნდა აღეძრათ... ისე, ვფიქრობ, რომ ჩემი დაჭერა ზედა ეშელონებში კი არა, აჭარის შსს-ში გადაწყვიტეს...
-ამირან მესხელს, ან გოგი თავთუხაშვილს რატომ არ შეატყობინეთ, რომ დაჭერას გიპირებდნენ?
2004 წლის შემდეგ, მათთან ურთიერთობა არ მქონია - ერთხელ დავურეკე, არ მიპასუხეს, შევუთვალე, არ გამომეხმაურნენ, ის კაცი არ ვარ, ვინმეს კართან „ჩამოვეკიდო“...
-9 წლის განმავლობაში საქართველო უამრავმა ადამიანმა დატოვა, მაგრამ უცხოეთში რეჟიმის წინააღმდეგ ცოტა იბრძოდა. პოლიტიკური აქტიურობა რატომ გადაწყვიტეთ?
ყველაფერი შემთხვევით მოხდა - ბელგიაში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ჩავბარდი, რეჟიმს ვერ შევეგუე-მეთქი...
-დაგიჯერეს?
იყო გარკვეული გადამოწმება, არაფერი მომიტყუებია... დაახლოებით, ორი კვირის შემდეგ, პოლიტიკური დევნილის მაძიებლის სტატუსი მომცეს და დახმარებაც დამინიშნეს. ბინა ვიქირავე და ენის სწავლა დავიწყე, რადგან სხვანაირად მუშაობას ვერ შევძლებდი.
-ოჯახი საქართველოში გყავდათ?
დიახ. ისეთი ფიგურა არ ვიყავი, რომ ჩემი ცოლ-შვილი შეეწუხებინათ. სხვათა შორის, შვილი ამ ამბებიდან ხუთი წლის შემდეგ ვნახე - 11 წლის დავტოვე და, პარიზში რომ შევხვდი, უკვე 16-ის იყო...
მოკლედ, ამასობაში 7 ნოემბრის დარბევა მოხდა. რატომღაც მეგონა, რომ ვიღაც პროტესტს გამოთქვამდა, მაგრამ არავინ არაფერს ამბობდა.
- ბელგიაში ბევრი ქართველი ემიგრანტია?
საკმაოდ... ჰოდა, ხმა რომ არავინ ამოიღო, ქართველებს ვუთხარი, პროტესტი გამოვთქვათ-მეთქი... დავგეგმეთ აქცია აშშ-ის საელჩოსთან და, სხვათა შორის, პირველად ბელგიაში ბუშის ადმინისტრაცია მე გავაკრიტიკე.
-ბუშს რაღას ერჩოდით?
სააკაშვილი ბუშის ნება-სურვილის აღმსრულებელი იყო, ანუ აქციაზე ვთქვით, რომ სააკაშვილი ხალხის დარბევას აშშ-ს გარეშე ვერ გაბედავდა...
-ბელგიელები არ გეკითხებოდნენ, რას აპროტესტებთო?
- ლოზუნგები გვქონდა... სხვათა შორის, აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა რეაქცია არ დამავიწყდება - შენობიდან გამორბოდნენ, სურათებს გვიღებდნენ. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ აშშ-ის საელჩოსთან აქცია მოეწყო.
- ბევრნი იყავით?
ალბათ, 30-35 ადამიანი...
-არ გეშინოდათ, იმის გამო, რომ რეჟიმის ვანდალიზმის შესახებ ევროპას გააგებინეთ, „ნაციონალები“ შურს საქართველოში დატოვებულ თქვენს ოჯახზე იძიებდნენ?
ამაზე არ მიფიქრია... მოკლედ, პოლიტიკური აქტიურობა ასე დავიწყე, სტიმული კი, სალომე ზურაბიშვილმა მომცა, რომელმაც ამ აქციის მერე დამირეკა, მერე, ბელგიაში ემიგრანტებს შეგვხვდა... მერე, თბილისში პოლიტიკურ სპექტრს ვუკავშირდებოდი და ინფორმაციებს ვიღებდი. ამასობაში, ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე გავიცანი და ევროსტრუქტურებს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ პერიოდულად საქმის კურსში ვაყენებდით.
- ბატონო მერაბ, შურისძიება გამოძრავებდათ?
მხოლოდ პირადი შურისძიება კი არა, არამედ, ჩემი ხალხისაც, რომელსაც იმედი გაუცრუეს და უმოწყალოდაც სცემეს...
-ისე, თქვენზე ამბობენ, „სკოლსკია“, გულში ჩადება იცისო...
- „სკოლსკი“-ს მოღალატე ადამიანზე ამბობენ, მე კი, ვაჟკაცურად, ქართულად ვცხოვრობ და არავისთვის ცილი არ დამიწამებია, რასაც აკეთებდნენ და აშავებდნენ, იმას ვაწვდიდი ევროსტრუქტურებს.
-როგორც ვიცი, ბელგიელ ქართველებს თქვენს მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ...
ოთხ-ხუთჯერ ჩემს წინააღმდეგ პოლიციაში საქმე აღძრეს.
- ვინ?
- იყვნენ გარეწრები... რადგან პოლიტიკოსებთან მქონდა შეხება, ეგონათ, რომ ვიღაც მაფინანსებდა, ზოგი „ფულის ასახევად“ მოდიოდა, მაგრამ უკან „ყბა ახეულები“ მიდიოდნენ და, თითქოს „ძველ ბიჭებად“ რომ მოჰქონდათ თავი, ცემის შემდეგ, პოლიციაში გარბოდნენ და საჩივარს წერდნენ. ერთმა ასეთი საჩივარიც დაწერა, მერაბ ბლადაძეს გადაწყვეტილი აქვს ჩემი და საქართველოს კონსულის მოკვლაო.... ასეთ აბსურდებზე ახსნა-განმარტებებს ვაძლევდი პოლიციას. საერთოდ, უცხოეთში პოლიტიკურად აქტიური ქართველის მოძებნა ძნელია - ქართული შური და ბოღმაა გავრცელებული. როცა ხედავდნენ, რომ ჩემთან ფული არ იყო, დამოკიდებულებას იცვლიდნენ, დავალებებს დროულად, ან საერთოდ არ ასრულებდნენ... ამ დროს კი გგონია, რომ ევროსტრუქტურები იმფორმირებული გყავს და, თურმე, ვიღაც გარეწარმა, რომელიც მეფიცებოდა, სამშობლო მიყვარსო, იმის გამო, რომ გამორჩენა ვერ ნახა, საქმე „დაიკიდა“... „ჭრელი“ ხალხია ემიგრაციაში, ძალიან „ჭრელი“...
- ვთქვათ, პლაკატებს რა სახსრებით ბეჭდავდით?
საკუთარი - პლაკატების დაბეჭდვა დიდ თანხასთან არაა დაკავშირებული... ენა ვისწავლე და პატარა შემოსავალიც მქონდა. თავიდან კი, ჩემი შემოსავალი 700 ევრო იყო, აქედან 300 ევროს ბინის ქირაში ვიხდიდი, 400-ით კი თავი გამქონდა. მახსოვს, ფული რომ არ მქონდა, პლაკატებს ხელით ვწერდი... ტრანსპორტის უფასო აბონიმენტი მქონდა და გადაადგილებაც არ მიჭირდა...
-რომელიმე ქართველ პოლიტიკოსს ფინანსური დახმარება არ შემოუთავაზებია?
არა... ყველა იმ დანაშაულის შესახებ, რაც საქართველოში ხდებოდა, ეკა ბესელია, სალომე ზურაბიშვილი, კახა კუკავა და სხვები პეტიციას მიგზავნიდნენ. სხვათა შორის, ქალბატონმა სალომემ პეტიციის შედგენა ყველაზე კარგად იცის. სხვებთან კი, სულ დავიდარაბა მქონდა, მოკლე პეტიცია შეადგინეთ-მეთქი - ევროსტრუქტურებში ათ თაბახს არავინ კითხულობს...
-ბატონო მერაბ, ევროპაში „ვარდების ხელისუფლების“ მიმართ განწყობა როდის შეიცვალა?
2007 წლიდან მოყოლებული, აქციებს სისტემატურად ვაწყობდით და ოპოზიციას მხარს ბრიუსელიდან ვუბამდით. ამასობაში, ირმა ინაშვილი გამოჩნდა... სხვათა შორის, ბელგიაში პოლიტპატიმრების თემაზე პირველი აქცია 2010 წლის 25 თებერვალს გავმართე და იქედან მოყოლებული, 3 თვე ზედიზედ ვმართავდით.
- ამ დროს ბელგიაში „ობიექტივის“ წარმომადგენელი უკვე იყავით?
არა... ირმა ინაშვილმა ევროპის ინფორმირებულობაში უდიდესი წვლილი შეიტანა... იმხანად, ევროპარლამენტში მიშას აქტიური ლობისტი მათიაშ იორში იყო, რომელმაც 7 ნოემბრის აქცია ევროსტრუქტურებში გაამართლა და ამის გამო იორში მექრთამე და მატყუარად გამოვაცხადეთ. მახსოვს, ეშტონის პირადმა ფოტოგრაფმა სურათები გადაგვიღო. საერთოდ, ეს აქცია ბომბს ჰგავდა - ევროსტრუქტურის თანამშრომლის მექრთამეობაში მხილება უპრეცედენტო მოვლენა იყო. ამ აქციიდან 6-7 თვის შემდეგ, იორშმა განცხადება დაწერა და ევროპარლამენტარობა დატოვა... ევროპარლამენტში, კონფერენციებზე, როგორც „ობიექტივის“ წარმომადგენელი რამდენიმეჯერ მიმიწვიეს, სადაც ადგილიდან, რეპლიკის სახით, მოკლედ შემეძლო საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საუბარი.
ბელგიას ერთი უნიკალური კანონი აქვს, რომლითაც ვადაგასული პრეზიდენტის გასამართლება შეიძლება. საქართველოს პრეზიდენტზე მასალებს ვაგროვებდით და გვინდოდა, მის წინააღმდეგ ბელგიაში საქმე აღგვეძრა. ბელგიაში საქმე არიელ შარონსა და ჩადის პრეზიდენტს აღუძრეს, რის შემდეგაც შარონს ბელგიაში შესვლა აეკრძალა, არადა, ბელგია ევროპის პოლიტიკური ცენტრია და თუკი იქ პოლიტიკური ლიდერი ვერ მოხვდება, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ფასი, როგორც იტყვიან, კაპიკია.
ამასობაში, ციხის კადრები გამოჩნდა, რომელმაც ყველაფერი გადაფარა...
-ციხის კადრების შესახებ როგორ შეიტყვეთ?
ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავისგან, რომელთაც მითხრეს, რომ ამ კადრების ავტორს, ანუ ბედუკაძეს თავშესაფარი სჭირდებოდა და არც ის დაუმალავთ, რომ ჩვენზე ნადირობა დაიწყებოდა...
-რატომ გარისკეთ?
სამშობლოსათვის...
-შეიძლება, მაგრამ ეს რისკი სხვა რისკებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა _ ოპერაცია ან წარმატებული აღმოჩნდებოდა, ან ჩავარდებოდა და, მომიტევეთ, ცოცხებს ვერავინ გადაურჩებოდით...
ოპერაცია არ ჩავარდებოდა, მხოლოდ - ღალატის შემთხვევაში ვიღაცებს დაგვხოცავდნენ. კადრები გამრავლებული გვქონდა და ის, რაც მე ვიცოდი, სხვებმა არ იცოდნენ და პირიქით. თარხან-მოურავი გენიალურად აზროვნებს - კარგად დაგეგმა ყველაფერი...
-ვლადიმერ ბედუკაძე თავდაპირველად თქვენთან ცხოვრობდა...
გალამაზებული ლაპარაკი არ მეხერხება და ისე გეტყვით, როგორც იყო...
-ბედუკაძე თქვენთან რომ `ჩასახლდა~, კადრები ნანახი გქონდათ?
არა... დაახლოებით, 20 დღის შემდეგ ვნახე... საერთოდ, ბედუკაძეს თავის ოჯახზე უკეთ ვიცნობ, მაგ კაცში სამი სახეა: დღეს კეთილია, ხვალ -ბოროტი, ზეგ კი, - შეუცნობელი... იმისთანა მოულოდნელობას გააკეთებს, რომ პირი ღია დაგრჩება... როცა ჩემი ოჯახიდან გავიდა, პირველი სიტყვები იყო, მაგ ვანო მერაბიშვილის აგენტთან რა მინდოდაო... თავდაპირველად, ქალაქში გამყავდა, ვათვალიერებინებდი... ერთხელ, ერთ მიყრუებულ ქუჩაზე, კომპიუტერის ხელოსანთან მივედით და, გავგიჟდი, ყოფილ თანამშრომელს გადაეყარა. გული წამივიდა, ვიფიქრე, თუ ამ კაცმა თქვა, ბედუკაძე ბრიუსელში ვნახეო, ყველაფერი დამთავრდა-მეთქი... ამის შემდეგ ვფრთხილობდი და ბედუკაძეს ვეუბნებოდი, შინ იყავი-მეთქი... კადრებს ირმა ინაშვილთან, დავით თარხან-მოურავსა და გიორგი ფოფხაძესთან ერთად ვუყურე, თუ არ ვცდები, 2012 წლის სექტემბრის დასაწყისი იყო... ბედუკაძის ხმა ვიცანი... ცუდად გავხდი, სახლში ვინ მყავს-მეთქი, თუმცა მისთვის არ მიგრძნობინებია, რომ ყველაფერი ვიცოდი... საერთოდ, 2012 წლის სექტემბრიდან 2013 წლის იანვრამდე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე იყო - ალბათ, გახსოვთ, როგორი შავი პიარიც დაიწყო, რუსეთის ფული, ორი მილიონიო... ბედუკაძეც დაგვიპირისპირდა...
- ბატონო მერაბ, ყველაფერ ამის ფონზე, როცა ახალმა ხელისუფლებამ, ვთქვათ, პოლიტიკური დევნილის სტატუსიც არ მოგცათ, თვლით, რომ თქვენს თავგანწირვას აზრი ჰქონდა? „ოცნებაზე“ ნაწყენი ხართ?
პოლიტიკური დევნილის სტატუსის არმოცემაში ტრაგედიას ვერ ვხედავ... ჩემი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობა უნდა მივიღო, ამის უნარიც მაქვს, პოტენციალიც და დამსახურებაც და ვინც ამაში ხელს შემიშლის, ვამხელ, გავანადგურებ!
-საქართველოში, ხელისუფლების შეცვლიდან კარგა ხნის შემდეგ დაბრუნდით. რატომ? დღეს რას აკეთებთ?
გარკვეულმა პირებმა დამირეკეს და მთხოვეს, რომ ჩამოვსულიყავი და რომელიმე სფეროსთვის მიმეხედა...
- აჭარის ხელისუფლებაში?
დიახ, მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცებს შეეშინდათ, რომ აჭარის პირველ პირობაზე მქონდა პრეტენზია.
-გქონდათ?
არა, ეს სიმართლე არაა... სამწუხაროდ, დღეს საქართველოში თუ პირველი პირი „თავზე ხელს არ გადაგისვამს“, ყველგან გზა დახურული გაქვს.
-ბიძინა ივანიშვილს რატომ არ შეხვდით?
ჩემს მეგობარს, რომელიც პრემიერთან ძალიან ახლოსაა, ვთხოვე, შევეხვედრებინე, მაგრამ რატომღაც დავიბლოკე - ივანიშვილთან ვერ შევაღწიე. ის კაცი ნამდვილად არ ვარ, რომ ვიღაცის კარზე ავიტუზო და ვეხვეწო... ისე, მგონია, რომ პრემიერამდე ამბები არ მიდის...
სხვათა შორის, ჩემი მეგობრისგან, ეკა ბესელიასგანაც ძალიან მეტკინა...
-რა?
„ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციამ~“საბუთები გადასცა, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს ჩემთვის პოლიტდევნილის სტატუსი მოეცა. ეკამ კი განაცხადა, რადგან სისხლის სამართლის საქმე არ იყო აღძრული, პოლიტდევნილის სტატუსს ვერ მოგცემთო.
- ეს სტატუსი რისთვის გჭირდებოდათ?
არაფრისთვის, მაგრამ ფაქტია: პოლიტდევნილი ვიყავი!
...აჭარაში უამრავი პრობლემაა, არ ვიცი, ეს ხალხი აჭარის ხელისუფლებაში საიდან მოვიდა _ რევანშისტები არიან! ბათუმის მაჟორიტარი მურმან დუმბაძე კი, იდეის მოღალატეა, რომელმაც მთელი სანათესაო გააძღო - მამიდაშვილი ჩამოიყვანა ბელორუსიდან და მინისტრის მოადგილედ დასვა, ძმაკაცები - მინისტრებად და მთელი აჭარის მთავრობა მისი ბიძაშვილ-მამიდაშვილებითაა დაკომპლექტებული. რომ ჰკითხოთ, ყველა იბრძოდა, მაგრამ დუმბაძის მეტს არავის უბრძოლია, თუმცა მან იდეას უღალატა...
ამასწინათ, მეზობელმა მთხოვა, სოფელში, ხრიოკ ადგილას თევზის აუზის გაკეთება მინდაო. ასეთი ადგილი აჭარაში იშვიათობაა, მაგრამ ვერ დავეხმარე _ აჭარის ეკონომიკის სამინისტროდან თბილისში გამომაგზავნეს, თბილისიდან _ ისევ აჭარაში... ერთი სიტყვით, აზრზე არ არიან, რას აკეთებენ... არადა, ჩინოვნიკი კანონის მიხედვით უნდა მოქმედებდეს და, თუ ასე გაგრძელდა, არ ვიცი, რა გველოდება...
- თქვენი საუბრიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მურმან დუმბაძე აჭარის ”მოდერნიზებული ფაშაა“...
დუმბაძე გარეწარი და ნაძირალაა.
-ეს შეურაცხყოფაა და გიჩივლებთ!
კიდევ რა ვუწოდო, რომ მიჩივლოს?! დუმბაძემ ხალხს, თანამებრძოლებს უღალატა და მოვა დრო, ბათუმში ვეღარ გაივლის! დუმბაძეს ვპირდები, აუცილებლად პოლიტიკურ სანაგვეზე გავუშვებ! სხვათა შორის, ფატი ხალვაშის პირით შევუთვალე, შევხვდეთ და ვილაპარაკოთ-მეთქი, მაგრამ არ შემხვდა.
- რევოლუციის მოწყობას ხომ არ გეგმავთ?
არა, ხალხი რევოლუციით დაიღალა, მაგრამ დუმბაძეს ვპირდები: ემიგრაციაში დავბრუნდები და მთელ ევროსტრუქტურებს გავაგებინებ, რომ აჭარაში ნეპოტიზმია. მერე, სად წავლენ, ფაქტის წინაშე რომ დადგებიან? თუ ჩათვლიან, რომ ცილს ვწამებ, მიჩივლონ და სასამართლოში სიამოვნებით მივალ, მაგრამ ამას არ გააკეთებენ!
ხაბაძესაც ვაკრიტიკებ, მაგრამ პირად შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ვთვლი და ასეცაა _ ვინაიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხარ, უნდა გააკონტროლო და არ მიუშვა კრეტინი დუმბაძე ისე, რომ მთავრობა სანათესაოთი გაავსოს... რა, ევროპისკენ ვისწრაფვით და ფეოდალიზმში მაბრუნებ? აჭარა მეწველი ძროხა არაა, აქ ღირსეული ხალხი ცხოვრობს?!
- პრემიერს რომ შეხვდეთ, რას ჰკითხავთ?
იმ ყველაფერს, რაც ახლა ჩამოვთვალე!
- ბელგიაში როდის მიდიხართ?
ჯერ არ გადამიწყვეტია. ვიმედოვნებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, კოჰაბიტაცია დამთავრდება და აჭარის მთავრობაშიც ბევრი რამე გადაიხედება... ისე, გამოსავალს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ვხედავ...
- ბოლოს, ბატონო მერაბ, რუსეთი თუ ნატო?
რა რუსეთი, კაცო, რუსეთი თვითონ ნატოს-კენ ისწრაფვის. რა თქმა უნდა, ნატო!
-აგაშენათ ღმერთმა!