ჯემალ ჭკუასელი:

ჯემალ ჭკუასელი: "შეიძლება ვიღაცამ "ქაჯი" მიწოდოს"

ცნობილი ლოტბარი და ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებმაც შეძლეს, ქართული კულტურის განუმეორებელი ხიბლი მთელი მსოფლიოსათვის გაეცნოთ. ბატონი ჯემალი უდიდესი სიყვარულით საუბრობს ჩვენს ლიტერატურაზე, პოეზიაზე, რომელსაც ის ქართული გე­ნისა და ნიჭის უმშვენიერეს გამოვლინებას უწოდებს.

ბატონო ჯემალ, ალბათ ბავშვობაში წაგიკითხავთ ლიტერატურული ქმნილება, რომელმაც თქვენს გემოვნებასა და მთელ შემდგომ ცხოვრებაზე წარუშლელი კვალი დატოვა.

- ეს დიდი შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანია". ახლაც მახსოვს, ბავშვობაში რა გაფაციცებით ვკითხულობდი "ვეფხისტყაოსანს", რომელმაც ჩემზე შეუდარებელი შთაბეჭდილება დატოვა. ძალიან ხშირად ვუბრუნდებოდი ამ საოცარ პოემას, რასაც ვერ ვიგებდი, უფროსებს ვეკითხებოდი და ასე გრძელდებოდა კარგა ხანს. შოთა რუსთაველი, ეს არის გენია, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება განსაზღვრა. ვგიჟდებოდი კონსტანტინე გამსახურდიაზე და ძალიან მიყვარდა ეგნატე ნინოშვილი. მართალია, გურულებს ამის გამო მსუბუქად გვაქილიკებენ, მაგრამ ეს არის მწერალი, რომელიც დიდი სიმართლით აღწერდა მშობლიური კუთხის მდგომარეობას, გაჭირვებული ადამიანის ფიქრებსა და გან­ცდებს.

თქვენი აზრით, ჩვენს პოეტებს შორის ყველაზე ტრაგიკული ბედის მქონე ვინ არის?

- ალბათ ილია ჭავჭავაძე, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებით მიყვარდა. საოცრად მტკივა გული, რომ ჩვენ იმ ერის შვილები ვართ, რომელმაც ილია მოკლა. ზოგჯერ მგონია, რომ მეც თანამონაწილე ვარ ამ მკვლელობისა, თითქოს მეც იქ ვიყავი, როცა დიდ ილიას ტყვია ესროლეს. არანაკლებ მიყვარდა აკაკი წერეთელი და მისი სტრიქონები, რომლის მსგავსიც ჩემი აზრით, ქართულ პოეზიაში ჯერ არ შექმნილა: „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო... დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო!"...

თანამედროვე ეპოქის მწერლებს შორის ყველასგან გამორჩეულია გურამ დოჩანაშვილი, თუმცა მის მოთხრობებს სერიოზული ჩაღრმავებისა და ანალიზის გარეშე ვერც წაიკითხავ და ვერც გაიგებ, ის დიდი მოაზროვნეა. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს მუხრან მაჭავარიანი ან ანა კალანდაძე? რომელი ერთი ჩამოვთვალო, უკვე აღარც ვიცი.

უცხოელ მწერლებს შორის ვინ იყო და არის თქვენი რჩეული?

- ბავშვობაში ჟიულ ვერნი გამორჩეულად მიყვარდა, არ მავიწყდება, რა განცდებს იწვევდა ჩემში "ტომ სოიერის თავგადასავალი". არც მაინ რიდის კითხვა მბეზრდებოდა, მიყვარდა მისი "უთავო მხედარი". მოგვიანებით ჰემინგუეისა და მარკესის განუმეორებელ ხელოვნებას გავეცანი და მათთან ერთად შევიყვარე ყველა დიდი კლასიკოსი, რომელიც მსოფლიო ლიტერატურას ამშვენებს.

ბატონო ჯემალ, თქვენც ფიქრობთ, რომ დღეს წიგნს სერიოზული კონკურენტები ჰყავს ტელეეკრანისა და კომპიუტერის სახით?

- სამწუხაროდ, ასეა, მაგრამ თუ გვინდა საქართველომ იარსებოს, ახალგაზრდებმა წიგნები უნდა იკითხონ. ამას ამბობს ჩვენი პატრიარქიც, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა და ღმერთმა დიდხანს უცოცხლოს მთელ საქრისტიანოს. თუ ყურს დაუგდებს, მისგან ქართველი ახალგაზრდობა ძალიან ბევრ რამეს ისწავლის, რადგან ეს არის ცოცხალი მაგალითი, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ამ წუთისოფელში. უწმინდესმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ დღეს ჩვენი ახალგაზრდობა მიჯაჭვულია ტელევიზორსა და კომპიუტერთან. ათასობით ადამიანი გამუდმებით უყურებს სერიალებსა და უგემოვნო ფილმებს, რაც საშინელებაა. რაღა შორს წავიდე, ჩემს მეუღლესაც სულ ვსაყვედურობ ამის გამო.

არ შეიძლება ადამიანი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობდეს, არც ის ხვევნა-კოცნა და მტლაშა-მტლუში მომწონს, რომელსაც ტელევიზიით ყოველდღე გვაჩვენებენ. მიმაჩნია, რომ ქართველი კაცი ამ უხამსობის საყურებლად დროს არ უნდა ფლანგავდეს. ჩვენ სხვა კულტურისა და ტრადიციების მქონე ხალხი ვართ, სიყვარულიც სხვაგვარი ვიცოდით და მეგობრობაც. ის, რაც ორ ადამიანს შორის ხდება, მხოლოდ იმ ორის საკუთრებაა და ამ ინტიმში მესამე არ უნდა ჩაერიოს. მე სიყვა­რულის წინააღმდეგი როდი ვარ, "სიყვარული აღგვამაღლებსო", ამბობს დიდი შოთა რუსთაველი, მაგრამ რასაც ტელეეკრანიდან ვხედავთ, მიუღებელია.

შეიძლება ვიღაც სულ სხვაგვარად ფიქრობს, შეიძლება ვიღაცამ "ქაჯიც" მიწოდოს, მაგრამ ქუჩაში გამოტანილი სიყვარულისა ნაკლებად მჯერა. ჩვენი ახალგაზრდების ნაწილი მართლაც მოწყვეტილია სულიერებასა და წიგნიერე­ბას, ალბათ ამის ბრალიცაა, რომ ბევრმა დაკარგა ის შინაგანი კულტურა, რომელიც ჩვენს ხალხს ყოველთვის ამკობდა. ქართველ ხალხს ნიჭიერება არ აკლია, თუმცა ზოგჯერ ჭკუა გვღალატობს ხოლმე. არ უნდა ვუღალატოთ იმ ტრადიციას, რომელიც ჩვენს ერს ჰქონდა - წიგნიერება ქართველი კაცისათვის ყოველთვის უპირველეს ღირსებად იყო მიჩნეული, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ დღეს საქართველოში ბევრი წიგნი იბეჭდება, ხალხმა დაიწყო წიგნების შეძენა და ვინც ამას სათავეში უდგას, ძალიან დიდ, საქვეყნო საქმეს აკეთებს.

ესე იგი, მაინც ოპტიმისტურად ხართ განწყობილი?

- დიახ, მე სულ ვამბობ, რომ არ შეიძლება გადაშენდეს ხალხი, ვინც ასეთი საგალობლები, ასეთი პოეზია შექმნა. მიმბაძველი ყოველთვის საცოდავია და მე არ მინდა ჩემს ერში საცოდავი ადამიანები მომრავლდნენ. ისე კი არ უნდა დაგვემართოს, თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო. ჩვენ მსოფლიოს ქართული ხალხური სიმღერა და ვაზი ვაჩუქეთ, ამიტომ, ამ ხალხს გა­დაშენება არ უწერია! უცნაურია, რომ ამ ქვეყანაში ერთსქესიანი ქორწინების დაკანონება სურთ, რაც სრულ გადაგვარებას გვიქადის.M თუ ჩვენი ერის გადაშენება უნდათ, კი ბატონო, მიიღონ ეს კანონი, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება და არც უნდა მოხდეს. თუ იმას გავაკეთებთ, რაც ღმერთს არ მოსწონს, სასტიკად დავისჯებით, ამიტომ ის მატლი, ის ვირუსი უნდა ჩავკლათ, რომელიც ჩვენს თვითმყოფადობას ემუქრება.

ჩემთვის გაუგებარია, როცა ძმა ძმას ურეკავს და ეუბნება: ამა და ამ საათზე შეიძლება მოვიდე შენთანო? შეიძლება ძმას ან მეგობარს უთხრა: ამა და ამ დროს სახლში ხარ? გცალია? და მან საკუთარი საქმე უნდა გადადოს, თუ ამ საქმის გადადება შეიძლება, იმიტომ, რომ ქართველები ვართ და როდესაც შენთან ძმა ან მეგობარი მოდის, ყველაფერი უნდა იღონო, რომ ღირსეულად დახვდე. შეიძლება თემას გადავუხვიე, მაგრამ მიხარია, თქვენი გაზეთის საშუალებით მკითხველს ჩემი საფიქრალი და გულისტკივილი რომ გავუზიარე.