"ეს ანომალიაა" - ასე აფასებს საპრეზიდენტო კანდიდატთა რაოდენობის უპრეცედენტოდ ზრდას ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი. შეგახსენებთ, რომ დღეისათვის უკვე პრეზიდენტობის 36 კანდიდატი გვყავს და შესაძლოა, მათი რიცხვი 17 სექტემბრამდე კიდევ გაიზარდოს. ცისკარიშვილის აზრით, ანომალიური ვითარების შექმნა კანონმდებლობის ბრალია, რადგან კანონი პრეზიდენტობის კანდიდატებს ჯანმრთელობის ცნობის წარდგენას არ ავალდებულებს. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ თუ პრეზიდენტობის კანდიდატებს "ფსიხოს" მოსთხოვენ, სიაში მხოლოდ ერთი მესამედი დარჩება. "საკვირველია, ავტომობილის მართვის მოსაპოვებლად "ფსიხოს" წარდგენა აუცილებელია, ხოლო ქვეყნის მართვისთვის ასეთი ცნობა საჭირო არ არის. ამიტომაც გვაქვს ასეთი სავალალო შედეგი. თუმცა, ეს ყოველივე ჩვენი საზოგადოების ინდიფერენტულობას ან გაურკვევლობაში ყოფნას სულაც არ ნიშნავს. ყველამ ყველაფერი კარგად იცის და შესაბამისადაც შეაფასებს", - ამბობს ცისკარიშვილი.
- ბატონო სოსო, თქვენ რომელი პრეზიდენტობის კანდიდატის ჯანმრთელობის ცნობით დაინტერესდებოდით?
- ყველა კანდიდატის ჯანმრთელობის ცნობით დავინტერესდებოდი, რომელთა სახელები საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი იყო. განსაკუთრებით "კეთილთვისებიანი სტალინი" და მსგავსი სუბიექტები მყავს მხედველობაში. ეს ადამიანები ალბათ საკუთარი ოჯახების გამრთობებად თუ გამოდგებიან, თორემ არა მგონია, სერიოზული ადამიანები მათ დროს უთმობდნენ.
- იმ კანდიდატების საპრეზიდენტო პროგრამაზე რას იტყვით, რომელთა გვარ-სახელებსაც საზოგადოება კარგად იცნობს?
- რა მოგახსენოთ, ამომრჩეველს ძალიან სერიოზული ფანტაზია უნდა ჰქონდეს, რომ ნესტან კირთაძისა და შალვა ნათელაშვილის გამარჯვებაზე იფიქროს. თუმცა არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ოლიმპიადასა და საპრეზიდენტო არჩევნებს ერთმანეთში ურევენ. "მთავარია, მონაწილეობა და არა - გამარჯვება" - ეს მხოლოდ ოლიმპიადის დევიზია.
- რას გულისხმობთ, ბატონო სოსო?
- უკვე ყველამ იცის, რომ ნათელაშვილისთვის მთავარია, მონაწილეობდეს არჩევნებში და შედეგი საერთოდ არ ანაღვლებს. ის მაშინაც კი არ ავიდა პედესტალზე თანამდებობის ჩასაბარებლად, როდესაც თბილისის საკრებულოს არჩევნებში გაიმარჯვა.
- ნესტან კირთაძეზე რას იტყვით?
- მირჩევნია, არაფერი ვთქვა... სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული არჩევნებისთვის კონკურენცია ყოველთვის უცხო რამ იყო. ალბათ გახსოვთ, როგორი უპირატესობით იმარჯვებდნენ ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი. ვფიქრობ, ახლა სიტუაცია შეიცვლება. არჩევნები, მისი ანომალიურობის მიუხედავად, წელს ბევრად კონკურენტუნარიანი და დემოკრატიული იქნება. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტური ჩატარდება.
- თქვენი აზრით, მეორე ტურში ვინ გადავლენ?
- ალბათ, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და ბატონი გიორგი მარგველაშვილი.
- დავით ბაქრაძეს არანაირ შანსს არ უტოვებთ?
- "ქართული ოცნების" მხარდაჭერის გარეშე დავით ბაქრაძეს მეორე ადგილზე გასვლის შანსი პრაქტიკულად არ აქვს.
- იმას თუ უშვებთ, რომ შესაძლოა, "ქართული ოცნება" დავით ბაქრაძეს მეორე ადგილზე გასვლაში დაეხმაროს?
- თეორიულად შესაძლებელია, რომ "ქართული ოცნება" დავით ბაქრაძეს მეორე ადგილზე გასვლაში დაეხმაროს. "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ინტერესები უკვე არაერთხელ გადაიკვეთა. ნიშანდობლივია, რომ ორივე საპარლამენტო პოლიტიკური ძალაა და ორივე მაქსიმალურად ეწინააღმდეგება ვადამდე საპარლამენტო არჩვენების იდეას. ნინო ბურჯანაძე, რომელიც ვადამდე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, ორივე პოლიტიკურ ძალას აფრთხობს. ეს ქალბატონი ეწინააღმდეგება ასევე კოაბიტაციას, რომელსაც ასე ებღაუჭება როგორც "ნაციონალური მოძრაობა", ასევე "ქართული ოცნება". ჩემო კარგებო, კოაბიტაცია ნიშნავს თანაარსებობას და არა - თანამზრახველობას. დღეს პარლამენტში პრაქტიკულად არ გვყავს ოპოზიცია. საკანონმდებლო ორგანო მთლიანად ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ დაკავებული. დიახ, "ნაციონალები"
რეალურად ოპოზიციას არ წარმოადგენენ. ისინი ქვეყანას "ქართულ ოცნებასთან" ერთად განაგებენ, რაც, ჩემი აზრით, ახალ ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება.
- ოპოზიციაში ახლად გადასული კობა დავითაშვილის შანსებს როგორ შეაფასებთ?
- კობა გამოცდილი პოლიტიკოსი გახლავთ. ამ კაცმა მიიხედ-მოიხედა და დაინახა, რომ პრეზიდენტობის სავარძლისთვის გაჩაღებული ბრძოლის ველზე პოლიტიკოსების დეფიციტია და საზოგადოებას საკუთარი თავი შესთავაზა. მის ადგილზე მე თავს შევიკავებდი, რადგან კობას შესანიშნავი ნიშა აქვს ნაპოვნი საკანონმდებლო ორგანოში. მე თუ მკითხავთ, ხელისუფლება თავად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ დავითაშვილის მსგავსი თავისუფალი დეპუტატი ბევრი ჰყავდეს პარლამენტში... ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ასეთ სიტუაციაში "ნაციონალური მოძრაობის" ფარსს ფარდა აეხდებოდა და პარლამენტში მათი ადგილების რაოდენობა რეალურ ოპოზიციაზე გადანაწილდებოდა. დღეს ჩვენს ქვეყანაში წარმოუდგენელი რამ ხდება. ამდენი ბერკეტი, რაც "ნაციონალებს" აქვთ, მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის ოპოზიციურ გუნდს არ გააჩნია. ეს თვითმარქვია ოპოზიციონერები აკონტროლებენ საბანკო და სასამართლო სისტემას... არმიას...
- არმიას როგორ აკონტროლებენ?
- ხომ არ გავიწყდებათ, რომ უმაღლესი მთავარსარდალი "ნაციონალური პარტიის" ლიდერია? კონსტიტუციის მიხედვით კი მთავარსარდლის ნებართვის გარეშე ვერც გენერალური შტაბის შემადგენლობას დანიშნავ და ვერც მინისტრის მოადგილეებს...
- ზოგიერთი ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად ირაკლი ალასანიამაც მიიღოს მონაწილეობა. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?
- მისგან ასეთ ნაბიჯს არ მოველი, რადგან ამ ეტაპზე მისთვის ეს წამგებიანი იქნება. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ორი წლის შემდეგ დანიშნულ ვადამდე საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მაშინ ალასანიას საპრეზიდენტო ბრძოლაში ჩასართავად მეტი არგუმენტი ექნება.
- ე.ი. ფიქრობთ, რომ შესაძლოა, ორ წელიწადში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს?
- დიახ, ამას არ გამოვრიცხავ.
- რა გაძლევთ ამის ფიქრის საფუძველს?
- დღეს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის ხარისხი ძალზე დაბალია. თუ ქვეყანაში სიტუაცია არ შეიცვალა და კოაბიტაცია დიდხანს გაგრძელდა, ქართველ ხალხს მოთმინების ფიალა ისევ აევსება. ამის შედეგად, შესაძლოა, პოლიტიკური სიტუაცია ისე გამწვავდეს, რომ პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას და არა მხოლოდ მთავრობა, თავად პრეზიდენტიც კი არჩევანის წინაშე დადგეს.
- საპრეზიდენტო არჩევნებში რისი იმედი შეიძლება ჰქონდეთ გიორგი თარგამაძესა და სალომე ზურაბიშვილს?
- გიორგი ნიჭიერი ახალგაზრდაა და საკმაოდ კარგი პოლიტიკური გამოცდილებაც აქვს. თუმცა მას ახლა გამარჯვების შანსი არ აქვს და ეს თავადაც კარგად იცის. როგორც ჩანს, საკუთარი თავის შეხსენება საზოგადოებისთვის, ეს ის მაქსიმუმია, რომელსაც ქრისტიან-დემოკრატები მიზნად ისახავენ. სხვათა შორის, მათ საპრეზიდენტო ბრძოლისთვის საკმაოდ საინტერესო თემა მონახეს, გაემიჯნენ ევროპულ ფასეულობებს და მთლიანად მართლმადიდებლურ ფასეულობებზე აკეთებენ აქცენტს. ამ თემით ძალიან ბევრის გულს მოიგებენ, მაგრამ სერიოზულ შედეგს მაინც ვერ მიიღებენ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, როგორც იცით, მას პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, რადგან საფრანგეთის მოქალაქეა. ეს თემა შესაძლოა, "ნაციონალებსა" და "ქართულ ოცნებას" შორის ვაჭრობის საგანი გახდეს. არჩევნებში მისი მონაწილეობა ორივე პოლიტიკური ძალისთვის მომგებიანია, რადგან მისი ელექტორატი ბურჯანაძის მხარდამჭერებს გამოეყოფა. მოკლედ, თუ "ნაციონალებსა" და "მეოცნებეებს" შორის კიდევ ერთი კოაბიტაცია შედგა, ბაქრაძეს მეორე ადგილისკენ გზა გაეხსნება.
- ბატონო სოსო, ძალიან გამიკვირდა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატების სიაში აკაკი ასათიანის სახელი და გვარიც ამოვიკითხე. თქვენი აზრით, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს მას?
- საპრეზიდენტო კანდიდატების მრავალრიცხოვნობა "ნაციონალების" სტრატეგიაა. ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ საეჭვოდ მიმაჩნია იმ ადამიანების გააქტიურება, რომლებსაც ადრე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აზრად არ მოსდიოდათ. დავაკვირდეთ, ამ 36 კანდიდატიდან ვის შეიძლებოდა, თავად, დამოუკიდებლად გადაეწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა და ვისთვის შეიძლება, ეს იდეა და გარკვეული დაფინანსება სხვა პოლიტიკურ ძალას მიეწოდებინა? ჩვენ ისღა დაგვრჩენია, გავერთოთ იმით, რაც წინასაარჩევნო დღეებში მოხდება.