"პუტინს უნდა ან მკვდარი მნახოს, ან ციხეში"

პუტინს უნდა ან მკვდარი მნახოს ან - დაპატიმრებული, - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა "ბლუმბერგი" საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს.

"რუსული გარიგება ადვილად იკითხებოდა. რუსებს უნდათ, რომ მომკლან ან დამაპატიმრონ. აი, რა თქვა პუტინმა", - განაცხადა სააკაშვილმა "ბლუმბერგთან" საუბრისას. თუმცა, როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ, სააკაშვილის ამ განცხადებას უარყოფს პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი.

"2008 წლის ომის დროს პუტინი სააკაშვილის "გენიტალიებით ჩამოკიდვით" დაემუქრა და მასთან კონტაქტზე უარი განაცხადა. გასული წლის 20 დეკემბერს კი პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მიესალმება საქართველოდან წამოსულ "პოზიტიურ სიგნალებს", - აღნიშნავენ სტატიის ავტორები და რუსეთის პრემიერ-მინისტრი,ს დიმიტრი მედვედევის კომენტარი მოჰყვათ, რომელმაც განაცხადა, რომ "ივანიშვილის გამარჯვება პარლამენტში უფრო მეტად კონსტრუქციული და პასუხისმგებლობის მქონე ძალების ყოფნას ნიშნავს".

სტატიაში ნათქვამია, რომ კავკასიის რეგიონი, რომელიც რუსეთს თურქეთისა და ირანისგან ყოფს, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ფეთქებადსაშიში ზონა იყო.

"საქართველოში შექმნილმა ვითარებამ შესაძლოა, დაძაბულობა გამოიწვიოს რუსეთსა და აშშ-ის შორის, რომელიც განსაკუთრებით გაიზარდა სირიის ომისა და რუსეთის მიერ ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემის გამო, რამაც პრეზიდენტი ბარაც ობამა აიძულა გაეუქმებინა პუტინთან სექტემბერში დაგეგმილი შეხვედრა", - ნათქვამია სტატიაში.

"რეგიონში კონკურენცია არსებობს. თუ ჩვენ საქართველოს საკმარის ყურადღებას არ მივაქცევთ, შესაძლოა, რუსები მოვიდნენ და წაგვართვან ის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "ბლუმბერგთან" საუბრისას.
ამასთან, გასულ კვირას "ბლუმბერგთან" საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არ გამორიცხა კორუფციის ბრალდებით სააკაშვილის დაკავებაც, რითაც უკუაგდო აშშ-ის გაფრთხილება, არ გამოეყენებინა სასამართლო პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის.

"გამოძიებამ უნდა დაადგინოს და სასამართლომ უნდა დაადასტუროს მისი ბრალეულობა, მაგრამ არსებობს კითხვები მასთან მიმართებაში", - ციტირებენ ავტორები საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარს და დასძენენს, რომ სააკაშვილი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ისინი პოლიტიკურად მოტივირებულია და მათ "სასაცილოს" უწოდებს.

"ივანიშვილი, რომელმაც ქონების უმეტესი ნაწილი რუსეთში დააგროვა, აცხადებს, რომ რუსეთში თავისი ბოლო აქტივები 2011-2012 წლებში 1,3 მილიარდ დოლარად გაყიდა და ახლა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ტრადიციული ურთიერთობების აღდგენა უნდა. "ბლუმბერგის" მილიარდერთა ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება 6,4 მილიარდს შეადგენს, რაც საქართველოს ეკონომიკის 40%-ს უდრის", - აღნიშნავენ სტატიის ავტორები და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომენტარს ციტირებენ, რომელიც აცხადებს, რომ დარწმუნებულია, რუსეთთან შესაძლებელია ურთიერთგაგების მიღწევა და მეზობლობაში თანაცხოვრება.

"ჩვენ არ უნდა შევურაცხყოთ ისინი", - განაცხადა "ბლუმბერგთან" საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ მისი ამჟამინდელი ქონება 5,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

"პრემიერის განცხადებით ის ერთგული რჩება ყოფილი ხელისუფლების მიზნის – ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ, რომელიც შესაძლოა 4 წელიწადში განხორციელდეს. ივანიშვილმა ასევე იმის პირობაც დადო, რომ როგორც კი ახალი მთავრობის ლიდერი გახდებოდა, პირველი მისი ვიზიტი აშშ-ში შედგებოდა, თუმცა ეს ვიზიტი არ შედგა, რადგან მისივე თქმით, ამისთვის დრო ვერ გამონახა. იანვარში, შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას, ის რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს შეხვდა, რის შემდეგად რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტზე აკრძალვა გააუქმა, 15 აგვისტოს კი სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენას დათანხმდა", - წერენ სტატიის ავტორები.

"მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ივანიშვილი ხელისუფლებაშია, ის არც ვაშინგტონში მიუწვევიათ და არც დასავლეთ ევროპის რომელიმე სახელმწიფოში. საქართველოს არც ერთ ლიდერს არ აქვს უფლება ქვეყნის იზოლაცია მოხდინოს", - ციტირებს "ბლუმბერგი" საქართველოს პრეზიდენტის კომენტარს.

სტატიის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ გასული წლის არჩევნებში სააკაშვილის პარტიის მოულოდნელმა მარცხმა და ათობით ყოფილი მაღალჩინოსნის დაპატიმრებამ ქვეყანაში პოლიტიკური გაურკვევლობა გამოიწვია, რამაც ხელი შეუწყო ინვესტიციების შემცირებას.

"რამდენადაც დასავლურმა ინვესტიციებმა უკან გადინება იწყო, ივანიშვილის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქართული ბაზარი ღიაა რუსული ინვესტიციებისთვის. ამ წლის დასაწყისში კი რუსმა მილიარდერმა მიხეილ ფრიდმანმა "ბორჯომის" მინერალური წყლები შეიძინა. თუმცა, რა თანხად, ამას არ ასაჯაროებენ", - ნათქვამია "ბლუმბერგის" სტატიაში.

"საქართველოში უკვე აშკარად შეინიშნება რუსეთიდან ტურისტების შემოდინება და ვაჭრობის გაუმჯობესება, რამაც შესაძლოა დასავლური ინვესტიციების კლება გამოიწვიოს. თუმცა, მათ უნდა იზრუნონ ამ კლების შემცირებაზე", - ციტირებენ სტატიის ავტორები ლონდონის "სტანდარდ ბანკის" წარმომადგენლის ტიმ ეშის კომენტარს.

თარგმნა მარეხ ჯავახიშვილმა