"19 დასახელების ნაყინიდან 9 დაბინძურებული აღმოჩნდა"

ჩვენს მაღაზიებში დღესდღეობით ნაყინის დიდი არჩევანია, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად სანდო და ხარისხიანია ნაყინი, რომელსაც ვყიდულობთ - ამ კითხვით "საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის" თავმჯდომარე მადონა კოიძეს მივმართეთ:

- ჩვენმა ორგანიზაციამ ქსელში შეიძინა 19 დასახელების ნაყინი და რამდენიმე ლაბორატორიაში განათავსა. საკმაოდ საინტერესო შედეგები მივიღეთ: 19 ნიმუშიდან ცხრა მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული აღმოჩნდა - ანუ, თითქმის ნახევარი. მკითხველი ალბათ დამეთანხმება, რომ ეს საგანგაშო მაჩვენებელია, მით უმეტეს, რომ ნაყინს ყველაზე ხშირად ბავშვები და მოზარდები მიირთმევენ.

- ხომ ვერ ჩამოგვითვლიდით ნაყინის იმ სახეობებს, რომელთა ხარისხიც ლაბორატორიული კვლევის დროს უარყოფითად შეფასდა?
- პირველ რიგში უნდა დავასახელო კასპის "ბაჩო", რომელსაც შპს "განთიადი" აწარმოებს. ეს ნაყინი უკვე სამი წელიწადია ჩვენს კვლევაში ხვდება, როგორც დაბინძურებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საწარმოში კანონით დაწესებულ ნორმებს არ იცავენ და იქ ანტისანიტარიული მდგომარეობაა. იმედი მაქვს, რომ ეს საწარმო გაკონტროლდება და სურსათის ეროვნული სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს გაატა­რებს. აქვე უნდა გამოვყო სომხეთიდან შემოტანილი "გრანდ ჰენდის" მიერ წარმოებული ნაყინი "ზებრა". უხარისხო პროდუქტების ჩამონათვალში მოხვდა ქობულეთში წარმოებული ორი დასახელების ნაყინი, სახელწოდებით "აისბერგი" და "ჯუჯა".

ასევე, აზერბაიჯანიდან შემოტანილი ნაყინი "ოაზისი" და შპს "კრისტალის" მიერ წარმოებული ნაყინი, რომელსაც "კრისტალი" ჰქვია. უარყოფითი შეფასება მიიღო სომხური კომპანია "აშკარად-კათის" მიერ წარმოებულმა ნაყინმა "დრაივი" და შპს "თამარას" ნაწარმმა, სახელწოდებით - "ტალღა"... პროდუქცია დაბინძურებული გახლდათ კოლიფორმული ბაქტერიებით, ასევე მეზოფილური, აერობული და ფაკულტატუ­რი ანაერობული ბაქტერიებით. კოლიფორმული ბაქტერიები არის ნაწლავის ჯგუფის ტიპის ბაქტერიები. არ მინდა, მომხმარებელი შევაშინო, მაგრამ ცნობილი სკანდალი, რომელიც ევროპაში ხორცისა და რძის პროდუქტის გამო ატყდა, სწორედ ამით იყო გამოწვეული. ეს არის ნაწლავური ბაქტერიები. თუ პროდუქტის შენახვის პირობები დაირღვა, მათი რაოდენობა მატულობს და ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას - მოიწამლოს და გამოვლინდეს ყველა ის სიმპტომი, რაც კვებითი ინტოქსიკაციისათვის არის დამახასიათებელი.

- რას გვეტყოდით ქართული კომპანიების მიერ წარმოებულ ნაყინზე?
- მე ძალიან მსიამოვნებს, რომ წლევანდელ კვლევაში სასიკეთო ცვლილებები შეინიშნება და ბევრი პროდუქტი, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს დადებითად შეფასდა. მოწინავე ქარხნები, როგორიცაა "გურჯაანი", "თოლია", სამტრედიის ნაყინის საწარმო, თელავის, გორის, ქუთაისისა და ტყიბულის ქარხნები საკმაოდ ხარისხიან ნაყინს აწარმოებენ. აქვე უნდა დავასახელო ახ­ლად გახსნილი ქარხანა ზუგდიდში, რომლის მიერ წარმოებულმა პროდუქციამაც დადებითი შეფასება დაიმსახურა.