"საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია საყდრისი-ყაჩაღიანის სამთამადნო მაღაროს საკითხთან დაკავშირებით ქართულ-გერმანული საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებს, მის ხელმძღვანელს საქართველოში, საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეტალურგებსა და გეოლოგებს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტებს, მეტალურგიისა და სამთო ინსტიტუტების პროფესორებს, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის წევრებს, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის წარმომადგენლებს. დამოუკიდებელ მეცნიერებსა და თითქმის ყველა იმ მკვლევარს შეხვდა, რომლებმაც ბოლო პერიოდში სამინისტროს წერილობით მიმართეს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით გურამ ოდიშარია მეცნიერებს შეხვდა.
"შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი მაღაროსთან დაკავშირებულ საკითხებში. როგორც ირკვევა, კულტურის სამინისტროსთან შექმნილი საყდრის-ყაჩაღიანის შემსწავლელი კომისია საქართველოს მთავარ პროკურატურადა და შემოსავლების სამსახურს საყდრის-ყაჩაღიანის სამეცნიერო სკანდალით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. საგანგებო პრესკონფერენციაზე კომისიის წევრმა მეცნიერებათა დოქტორებმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ, ომარ ქუცნაშვილმა, დავით ლომიტაშვილმა, გურამ ყიფიანმა, ნინა შეყილაძემ და რუდოლფ მიხელსონმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ადგილზე უძველესი მაღაროს არსებობა არ დასტურდება და სავსებით რეალურია, საქმე გვქონდეს სამეცნიერო თაღლითობასთან, რომელიც უცხოეთიდან საკმაოდ სოლიდური გრანტის მიღებას ისახავ მიზნად", - აღნიშნავს გამოცემა.
"მეცნიერებმა პრემიერსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ღია წერილით - "საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო - მითი თუ რეალობა" - მიმართეს. "... სამწუხაროა, რომ პოლემიკაში, რომელიც უმეტესწილად დილეტანტურ ხასიათს ატარებს, ჩაერთნენ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორიცაა ბოხუმის უნივერსიტეტი და ბოხუმის სამთამადნო ინსტიტუტი, რომლებიც პრაქტიკულად მხარს უჭერენ "ე.წ "ძეგლის" სტატუსის შენარჩუნებას. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ხსენებული ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომლებიც თვითონ არ ფლობენ საკითხთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას, ეყრდნობიან მხოლოდ ერთ-ერთი მხარის მიერ მიწოდებულ ცალმხრივ და ზედაპირულ მასალებს და ნებსით თუ უნებლიეთ, ხდებიან არქეოლოგთა იმ ჯგუფის თანამოაზრენი, რომლებიც მეცნიერული მტკიცებულებების გარეშე, მეცნიერებაში მიუღებელი არაეთიკური მეთოდებით ცდილობენ მიზნის მიღწევას. პრობლემა პირველივე უკანონო ქმედებაზე თვალის დახუჭვამ შექმნა, რის შედეგებსაც დღეს ვიმკით. კვლევა, რომელიც კანონის თანახმად 2006 წელს საფუძვლად უნდა დადებოდა ამ ობიექტისთვის "ძეგლის" სტატუსის მინიჭებას ბუნებაში არ არსებობს და სტატუსის მინიჭება განხორციელდა არა "პროცედურული დარღვევებით", როგორც ამის რბილად წარმოჩენა სურთ, არამედ თაღლითური გზით - კერძოდ, "საყდრისის ოქროს მაღარო" შეაპარეს სულ სხვა ბრძანების დანართს, რომლის მიხედვითაც ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის პერიოდში არსებულ ძეგლებს, რომლებმაც შემდგომში ეს სტატუსი დაკარგეს, ხელმეორედ მიენიჭათ იგი! აქედან გამომდინარე, საქმე გვაქვს შეგნებულ თაღლითობასთან", - ნათქვამია ღია წერილში", - დასძენს გამოცემა.
"არქეოლოგიური "ფაქტების" ფაბრიკაციისა და მოპოვებული არქეოლოგიური მასალას არასწორი ინტერპრეტაციის უამრავი სხვა მაგალითებიც მოიპოვება და სრულიად ნათელია, რომ ზემოხსენებულ მაგალითებს არც ნამდვილ მეცნიერებასთან, არც ნამდვილ პატრიოტიზმთან არავითარი კავშირი არა აქვს - გაყალბების და ფალსიფიკაციების ეს კრებული მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის - გრანტის კვლავ და კვლავ მიღების და მისი ხარჯვისთვის არის გამიზნული. გასაოცარია, რომ მიუხედავად ამისა, ამ ბლეფის ავტორებს მაინც ჰყავთ თავგამოდებული დამცველები, მათ შორის კულრტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უმაღლეს ეშელონებში ქალბატონ მარინე მიზანდარის სახით, რომელიც არც მალავს, რომ ამ ჯგუფს ყველა გზით, ყველა მიღებული თუ მიუღებელი ხერხით ლობირებს... კულისებსა თუ კულუარებში საკუთარი თაღლითობის მეცნიერულ სიმართლედ გასაღება, უღირსი ხერხია და სამწუხაროა, რომ ბატონი შტოლნერი ჩვენთან პირისპირ კამათის ნაცვლად ამ უღირს ტრიუკს მიმართავს და რაც მთავარია, ამას არც მალავს. ჩანს, ბატონი შტოლნერისთვის და მისი გუნდისთვის თვალში ნაცრის შეყრა ჩვეული ხელობაა. დიდი ზარ-ზეიმით გამოცემულ მონოგრაფიაში 96-ე გვერდზე მისი ფოტოგრაფია - ერთ-ერთი "მაღაროს" ე.წ. "ოქროს ძარღვი" - ჩვეულებრივი ფალსიფიკაციაა, რკინა-სპილენძის მეორადი მინერალების შემცველია. ცნობისთვის "ოქროს ძარღვი" როგორც ასეთი, რაც გაუცნობიერებელ ადამიანზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, მაგრამ მხოლოდ კინოფილმებში - მაგალითად "მაკენას ოქრო" და ბატონი შტოლნერის ფოტოგრაფიებში შეგვიძლია ვიხილოთ - ბუნებაში არ არსებობს... მოგმართავთ ყველას, ნუ მიიღებთ გაუცნობიერებლად ბატონი შტოლნერის ამ უნიჭო, უღირს ბლეფში მონაწილეობას!", - მოუწოდებენ მეცნიერები ღია წერილში", - წერს სტატიის ავტორი.
"საყდრის-ყაჩაღიანის ობიექტის უნიკალურ ძეგლად გამოცხადება ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. საყდრისის ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადება მოხდა ფალსიფიკაციის გზით, რადგან ამის არანაირი საკანონმდებლო, და სამეცნიერო საფუძველი არ არსებობდა. მინდა ვისაუბრო სამეცნიერო ფალსიფიკაციაზე და წარმოგიდგინოთ მათ მიერ გამოცემული ქართულ-გერმანული მონოგრაფია, რომლის 96-ე გვერდზე ჩვენ ვხედავთ სურათს და წერია, რომ ეს არის ოქროს მადნის ძარღვი. ეს არის რკინა სპილენძის დაჟანგული მადანი, რომელიც ჩემი თვალით მაქვს ნანახი 1985 წელს. მის ირგვლივ არის მინერალები, რომელსაც ჰქვია ჰემატიტი და კუპრიტი. ჩვენ ჩვენი სახელის შელახვას ამიერიდან არავის ვაპატიებთ - ნებისმიერ გამონათქვამზე, რომელშიც ეჭვი იქნება შეპარული ადამიანების მიერ, რომელთა საერთაშორისო ავტორიტეტი მილიონჯერ ნაკლებია ვიდრე ჩვენი - ნებისმიერ ასეთ გამონახტომზე მე სარჩელს შევიტან სასამართლოში. ვთვლი, ამ ყველაფრით უნდა დაინტერესდეს არა მხოლოდ პროკურატურა, შემოსავლების სამსახურიც, რადგანაც ვეჭვობ ფულის "გარეცხვასთან" გვქონდეს საქმე", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ღია წერილის ერთ-ერთმა ავტორმა, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ.