რატომ არ ახმაურებენ დაღუპულთა ცხედრების ექსპერტიზის შედეგებს:

რატომ არ ახმაურებენ დაღუპულთა ცხედრების ექსპერტიზის შედეგებს: "გამომძიებლები მეუბნებიან, ისეთ რამეს გაიგებთ, გაოცდებითო..."

"2012 წლის 28 აგვისტოს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა ცხედრების ექსჰუმაცია პანკისში, სოფელ დუისის სასაფლაოზე მიმდინარე წლის 8 მაისს ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ექსპერტიზისათვის საფლავებიდან ამოიღეს მოკლული ასლან მარგოშვილის, სალამ ზაურბეკოვისა და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრები. ექსჰუმაციის გადაწყვეტილება სასამართლომ მთავარი პროკურატურის შუამდგომლობით მიიღო. სპეცოპერაციისას დაღუპულთა ოჯახის წევრები საკუთარი ტრადიციებისა და რჯულის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, სიმართლის დადგენის იმედით დათანხმდნენ გვამებისთვის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევას. ლაფანყურის ოპერაციის ხელახალი გამოძიება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების საქართველოს შსს-თან კავშირზე ილაპარაკა. მას შემდეგ საკმარისზე დიდი დრო გავიდა და არც შსს და არც პროკურატურა ექსპერტიზის პასუხებს არ ახმაურებს. "ყველა სიახლე" დაინტერესდა, რა ეტაპზეა გამოძიება და როდის აეხდება საბოლოოდ ფარდა ლაფანყურის ტრაგედიას, რომლის გახსნაც სახელმწიფოსთვის პრესტიჟის საქმედაც კი იქცა", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "რატომ არ ახმაურებენ ლოპოტაში დაღუპულთა ცხედრების ექსპერტიზის შედეგს / "გამომძიებლები მეუბნებიან, ისეთ რამეს გაიგებთ, გაოცდებითო".

"გამოძიება მიმდინარეობს და თითქმის ყოველდღე ახალ-ახალი ინფორმაციები მჟღავნდება. ამის გამოძიება არც ისე იოლია, ერთ ან ორ თვეში რომ გამოიძიონ. გამომძიებელს ეს საქმე მომხდარიდან სამი თვის შემდეგ ნულიდან აქვს დაწყებული, მას შემდეგ, რაც სპეცოპერაციის ავტორებმა ყველა კვალი წაშალეს. მირჩევნია, გამოძიება გაიწელოს და ყველაფერი, რა მოხდა და როგორ მოხდა, ზუსტად გავიგოთ. გვამების ექსპერტიზა დასრულდა და დასკვნაც დაიდო, მაგრამ ჯერჯერობით მისი გამჟღავნება არ სურთ, არც მე მინდა ხელი შევუშალო გამოძიებას და დეტალებზე ვისაუბრო. ვიკითხე, რატომ ჭიანურდება გამოძიება-მეთქი და დამაიმედეს, რომ ის უახლოეს ხანში დასრულდება. მითხრეს, რომ აქვთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მასზე მუშაობენ. სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სამ-სამი და ოთხ-ოთხი სამხილი არსებობს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაფანყურის სპეცოპერაციისას მოკლული ასლან მარგოშვილის მამა მერაბ მარგოშვილი.

"თვითონ თუ რამეს მეტყვიან, თორემ მე არავის არაფერს ვეკითხები. არც ის მინდა, ჩემგან გაჟონოს ინფორმაციამ. გამომძიებლები მეუბნებიან, მალე ისეთ რამეს გაიგებთ, გაოცდებითო. გამოძიებამ რა იცის, ვერ გეტყვით, მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვს ამ საქმეზე. დარწმუნებული ვარ, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა მოტყუებით ჩამოიყვანეს ევროპიდან ქისტი და ჩეჩენი ბიჭები, უთხრეს, კორიდორს მოგცემთ, გაგატარებთო. ხელისუფლება შეეცადა ისინი არჩევნებში თავიანთი მიზნებისთვის გამოეყენებინათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. მაშინ დაგეგმეს ეს ოპერაცია, რათა არჩევნების წინ ქულები ჩაეწერათ და ეჩვენებინათ, აი, რა ძლევამოსილი პრეზიდენტი გვყავსო. ვფიქრობ, ამ საქმეში მაღალი რანგის ჩეჩნებიც არიან გარეული - ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ხალხს ვგულისხმობ", დასძენს მერაბ მარგოშვილი და შეკითხვას - "მათ რა მიზანი ამოძრავებდათ?" - პასუხობს:

"ისინი და ძველი ხელისუფლება ხომ დიდი ხანია, ერთად არიან. მათ ვაჰაბიტებთან საერთო ენა გამონახეს, ფულს იყოფდნენ... ლაფანყურში დაღუპული ბიჭების ცოდვა პრეზიდენტის, შს მინისტრს, გია ლორთქიფანიძისა (შს მინისტრის ყოფილი მოადგილე) და ანტიტერორისტული ცენტრის კისერზეა, ძირითადად, მათ ხელში იყო ის ხალხი. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, მას თავისი წილი ბრალი აქვს, მაგრამ სანამ გამოძიება არ დასრულდება, მანამდე ალბათ ლაფანყურის საქმეზე ბრალს არ წაუყენებენ. ვანო მერაბიშვილს არ უნდოდა ამ სპეცოპერაციის თავის თავზე აღება, მოიყვანეს ყველაფრის მკისრებელი ახალაია და მისი მინისტრობის პერიოდს დაემთხვა ეს საშინელი ამბავი".

"ლაფანყურის საქმეზე საბოლოო დასკვნა არ დაიდება, რადგან მისი გამოძიებით არავინაა დაინტერესებული. რატომ აჭიანურებენ და გაჰყავთ დრო, ხალხს რატომ აღიზიანებენ? ამან შეიძლება უარყოფითი შედეგი მოიტანოს. ჩვენ, კანონიერი ხელისუფლება, რომლებიც ჩართუ-ლი ვართ ამ საქმეში, ხალხს ვაჩერებთ, აი, ახლა გაირკვევა სიმართლე, აი, ახლაო. არ შეიძლებოდა ამ საქმის შსს-სთვის ჩაბარება, ვინაიდან ლაფანყურის სპეცოპერაციის ორგა-ნიზატორი ეს სამინისტრო იყო. არის კი ის სიმართლის დამდგენი? მისი ხელმძღვანელობა კი შეიცვალა, მაგრამ ის პირები, ვინც სპეცოპერაციაში იყვნენ ჩართულნი, არ შეცვლილან, კვლავ თანამდებობებზე არიან", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის წევრი მათე ციხესაშვილი.