სააკაშვილმა კრემლი ''გადააგდო''! რა შეთანხმება უნდა ყოფილიყო და რაში უმტყუნა მიხეილმა პუტინს?

სააკაშვილმა კრემლი ''გადააგდო''! რა შეთანხმება უნდა ყოფილიყო და რაში უმტყუნა მიხეილმა პუტინს?

ამასწინებზე დავწერე, მიხეილ სააკაშვილი მალე რუსთაველზე დაიწყებს სირბილს ''ტრუსიკ-მაიკიანი''-მეთქი. მე ამას ოქტომბრის შემდეგ კი ვვარაუდობდი, მაგრამ ვატყობ, ეგ აგვისტოს ბოლომდე გააკეთებს ამას და ძალიან გთხოვთ, მზად იყავით!
რაც ჩვენმა აკარაკმა პრეზიდენტმა ჩაიდინა 7 აგვისტოს ''რუსთავი 2''-ის ეთერში, ოპტიმიზმის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა... 2008 წელი, აგვისტოს მწარე გაკვეთილი, სააკაშვილის ცხელ თავში მოხარშული იდეა ომით ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე, ავადმყოფური ისტერიკა, მის მიერ წამოსროლილი უაზრო სიტყვები: ''რუსული არმიის დამარცხება არცთუ ისე ძნელი ყოფილა!'' აი, როგორ იხსენებს მიხეილ სააკაშვილი ომის წინა პერიოდს:

''იყო ასტანაში შეხვედრა ნაზარბაევის დაბადების დღეზე. იქ მე დავდევდი და ის გარბოდა, შემდეგ იყო დიდი ბანკეტი და ამ დიდ ბანკეტზე ვხედავ, რომ ადგება და გაიქცევა. მოვუტრიალდი ნაზარბაევს და ვეუბნები: აქ მაგარი დისკოთეკები და ღამის კლუბებია და არ უნდა წავიდეთ-მეთქი? ვფიქრობდი, რომ არაფორმალურ ვითარებაში შევხვდებოდი. მედვედევიც ამყვა, წავიდეთო, წავედით ღამის კლუბში. იქ, მედვედევი გავიდა და ცეკვავს, შუა აზიის ლიდერები გაფართოებული თვალებით უყურებდნენ, მეც შევყევი საცეკვაო მოედანზე. რაღაც მომენტში წავავლე ხელი, დავისვი, წავავლე ხელი მუხლზე, რომ არ გამქცეოდა და ვეუბნები, რომ ლაპარაკს ვგეგმავდით და ახლა ვილაპარაკოთ-მეთქი. მან მითხრა, მე ძალიან მომწონხარო, ერთი ასაკის ვართო, ერთი მუსიკა მოგვწონსო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მოსკოვში თამაშის სხვა წესებიაო. ამ დროს შემომხედა და მეუბნება, აქ შენ ძალიან ცდებიო''.

როგორც საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია ამბობს ''ქრონიკასთან'' საუბარში, მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის ასეთი უზრდელი და თავშეუკავებელი იყო:

''სააკაშვილი იძახის, სხვებისგან განვსხვავდები, პროგრესული ადამიანი გახლავართო. პროგრესული კი არა, აბსოლუტურად რეგრესული და უზრდელი იყო ყოველთვის ნებისმიერ ურთიერთობაში. მახსოვს, საპარლამენტო მდივანი ვიყავი, რაღაც კანონზე მისი ვიზირება იყო საჭირო, საარჩევნო კოდექსზე იყო ლაპარაკი, დაადო თავი და წავიდა სადღაც. შევარდნაძე ხელს ვერ აწერს კანონს, ის მაშინ ბორჯომში ისვენებდა, ჩავედი და ჯოხი ეჭირა ხელში, ამ ჯოხით უნდა ვცემო სააკაშვილიო. გულში ვთქვი, ეგ მანამდე უნდა გეფიქრა, სანამ იუსტიციის მინისტრად დანიშნავდი-მეთქი. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ვიცი, რომ მიშა ასე უზრდელურად იქცევა ყველგან, იცის ხელის მოკიდება, ხელის მოთათუნება, არ გააჩნია არავითარი ბარიერი და ამოვარდნილია ყოველგვარი ეტიკეტიდან''.

სირცხვილი და თავის მოჭრა! ადამიანს გგონია, რომ პრეზიდენტი გყავს და ამ დროს თურმე ვიღაც ვიგინდარასთან გაქვს საქმე, რომელიც უთავმოყვარეოდ დასდევს სხვა ქვეყნების პირველ პირებს. სხვათა შორის, სწორედ მაგ ბანკეტის თაობაზე ვწერდით თავის დროზე ''ალიაში'', მაშინ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი 2 საათის განმავლობაში ელოდებოდა მედვედევს ლიფტთან. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია იმ პერიოდში ყველამ უარყო, რას მიედ-მოედებით, რა უაზრო ჭორებს ავრცელებთო? აჰა, ახლა თავისი პირით აღიარებს ყველაფერს, ეს შერეკილი! ნახეთ, რას ამბობს:

''მინდა, ყველას ესმოდეს, რომ კრავმა შეიძლება მოილაპარაკოს მგელთან. მთელი ეს წლები ჩემი ურთიერთობა პუტინთან იყო ასეთი: ჩემო ძვირფასო მგელო, ჩემო საყვარელო, ჩემო ლამაზო, ჩემო სიმპათიურო, ჩვენ პატარა ცხვრები ვართ, დაგვანებეთ თავი, ჩვენთვის ვიქნებით, არც ნერვებს აგიშლით, ჩვენი პატარა არეალი გვექნება, ოღონდ არ შეგვჭამოთ. ყოველთვის, როცა მოდიოდნენ, გვეუბნებოდნენ, რაღაცას აშავებთო, ჩვენ კი ვეუბნებოდით, თქვენ ზემოთ ხართ, ჩვენ - ქვემოთ, წყალს როგორ აგიმღვრევთო? არ გაჭრა''.

აი, უთავმოყვარეობის კიდევ ერთი დემონსტრირება! ეს ის ''კრაკადილი'' არაა, რომელიც მთელი 9 წელიწადი ჩაგვჩიჩინებდა, ყველაზე მაგრები ვართო?! რა ბატკანი და რა მგელი? ჰოლანდიას შეხედეთ, ჩვენზე მცირემიწიანია, ჩვენზე პატარა ქვეყანაა, ხომ აზის მსოფლიოს ბრილიანტად თავზე? კი, ბატონო, როცა რუსეთთან გაქვს საქმე, სულ სხვა მდგომარეობაში ხარ, მაგრამ ასე მაინც არ უნდა დაეცე მუხლებზე და არ იხოხიალო მიწაზე! და მაინც, როგორ შემოგვეპარა ეს ავადმყოფი, რანაირად დაგვიჯდა უფროსად და ვის კისერზეა ჩვენი ცოდვა?!

ვალერი ხაბურძანია: ''ზურაბ ჟვანიამ ''აღმოაჩინა'' სადღაც, მას თავისი ხალხი უნდოდა... მერე შევარდნაძეს აქტიურად უჭერდა მხარს და ფრაქციის თავმჯდომარედაც კი დანიშნეს. სააკაშვილი იმასაც ახერხებდა, რომ შევარდნაძისთვის დითირამბები მიეძღვნა, კახა თარგამაძისთვის მადლობები ეხადა და ცოტა ოპოზიციაშიც ყოფილიყო, მაგრამ ბოლოს მთლად გამოვიდა თავისი უზრდელობით ყველანაირი ჩარჩოდან. მახსოვს, ჯონი ხეცურიანია იუსტიციის მინისტრი, ციხიდან პატიმრები გარბიან და ჯონი ტოვებს თანამდებობას. მაშინ უშიშროების საბჭოში ვმუშაობდი, ჩემს გარშემო ვინც იყო, ყველა რაღაც თანამდებობებზე გადაიყვანეს - სულხან მოლაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, პაპაშვილი და ასე შემდეგ. ერთი ძველი მე ვიყავი შემორჩენილი და ჩემი საკითხი განიხილებოდა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე, ამ სიტუაციას მე თვითონაც ველოდი. მახსოვს, შევარდნაძემ დაუძახა საჯაიას, სადღაც 2 საათი ილაპარაკეს, კაცი გამოვიდა, ვხედავ, სახე არა აქვს. მივხვდი, ჩემი დანიშვნა არ გადაწყდა, მაგრამ რა დაემართა, ვერ გავარკვიე. სულხან პაპაშვილი მოვიდა, ისიც ჩაიკეტა საჯაიასთან. საათ-ნახევრის შემდეგ სულხანი მოვიდა ჩემთან და მეუბნება: აბა, თუ მიხვდები, ვინ დანიშნეს იუსტიციის მინისტრადო? ყველაზე ვიფიქრე, მაგრამ სააკაშვილზე ვერ წარმოვიდგენდი. იცით, რატომ დანიშნა მაშინ შევარდნაძემ სააკაშვილი? ეგ ადამიანი ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, არასერიოზული კაცია, მანდედანაც გაიქცევა, პრობლემები შეექმნება და საერთოდ მოვიშორებო. ამ დროს შევარდნაძემ დაუშვა ფატალური შეცდომა, პირიქით, სააკაშვილმა ეგ თანამდებობა გამოიყენა ტრამპლინად და ფულის საშოვნელად. შევარდნაძეს მაშინ ტაქტიკა უკვე მოძველებული ჰქონდა, ყველაფერი ვერ გათვალა. როდესაც მიშა ფრაქციის თავმჯდომარე იყო, ძალა არ ჰქონდა, დასდევდა ცალკეულ ჩინოვნიკებს, ინჯიასა და კიდევ ვიღაცებს, ფული მოგვეციო. მაშინ არავინ არ აძლევდა, მაგრამ, როგორც კი მინისტრი გახდა, ეგრევე ფულთან მიუწვდა ხელი''.

''მედვედევს მოვდევდი, მემალებოდა, მერე ორჯერ დავურეკე და პუტინმა მიპასუხა'', - გვაბოლებს სააკაშვილი. თან არ აკონკრეტებს, მობილურით დაურეკა თუ ''ქალაქზე'' შეეხმიანა... ეტყობა, მიშა ვერ ხვდება, რომ რაღაცები ჩვენც ვიცით, პრეზიდენტები ასე არ ლაპარაკობენ, ის ერთადერთია, რომელიც დაუსრულებლად ''მესიჯობს''... საინტერესოა, რა უთხრა პუტინმა: ''ნე ტუდა პაპალიო''?!
სააკაშვილი მზად იყო, ყველაფერზე ეთქვა უარი, ამერიკელებთან ურთიერთობაზეც, ნატოზეც, ევროკავშირზეც, საკუთარ დედაზეც (მამაზე დიდი ხნის წინ თქვა უარი), მზია ბებიაზეც, ოღონდაც საპრეზიდენტო სკამი შეენარჩუნებინა და კიდევ დიდხანს ეტ...ნა ქართველი ხალხი! ის ახლაც მზადაა, დათმოს ყველა და ყველაფერი, მაგრამ აღარავის სჭირდება, უსარგებლო ბარგად გადაიქცა უკვე.

ვალერი ხაბურძანია: ''დავურეკე მედვედევს და პუტინმა მიპასუხაო... ეს არის სატყუარა იმათთვის, ვინც ვერ ერკვევა ასეთ საკითხებში. ასეთი რაღაცები პრეზიდენტის ტელეფონზე არ ხდება, მით უმეტეს, მობილურზე... ეგ გამორიცხულია. თვითონ რომ ყველაფერს ლაპარაკობს ტელეფონით, სხვები ასე არ აკეთებენ. ალბათ, გახსოვთ, რამდენჯერ გამოქვეყნდა მაგისი საუბრები, არც წესებს იცავს და არც სიფრთხილეს იჩენს. არ შეიძლება, პრეზიდენტი ''მესიჯებს'' აგზავნიდეს და მობილურით ლაპარაკობდეს. პრინციპში, მაგას საიდუმლო არაფერი აქვს, ისედაც წამოროშავს ცოტა ხანში. მოდით, ახლა ცოტა წავიფანტაზიოროთ... დღეს რომ რუსებმა უთხრან: მიშა, ყველაფერი დავივიწყოთ, მოდი, აბა, შენ რას გვთავაზობო? საქართველოს მთელ ტერიტორიას დათმობს, ოღონდ ხელისუფლებაში დარჩეს. ძალაუფლების მოპოვებისთვის რომ იბრძოდა, ყველაფერზე წამსვლელი იყო და ახლა არ მოაწერს ყველაფერზე ხელს? რაც უფრო მოახლოვდება მისი წასვლის თარიღი, მით მეტ სისულელეს ჩაიდენს. ამ ინტერვიუში მეც მახსენა და ''ალიაც''... ორივე შემთხვევაში ცრუობს, როდესაც თანამდებობიდან გამათავისუფლა, ამის შემდეგ თვითონ მომიგზავნა ირაკლი ოქრუაშვილი, კარგი იქნება, შენზე რუსეთიდან რამეს თუ მეტყვიანო. მე ჩავთვალე, იმიტომ უნდა თხოვნა, რომ ამ დროს რაღაც ვალდებულებები ჩნდება და შემდგომი საუბრების შემთხვევაში ამას გამოიყენებს პუტინთან-მეთქი. ეს ამბავი არაფრად არ ჩავთვალე და მართლაც გადავრეკე მოსკოვში. აქ ერთი მომენტია, როდესაც მოსკოვში მიფრინავდა, მე თვითმფრინავის ტრაპიდან მომხსნა, შენ მომავალ მთავრობაში აღარ იქნებიო და გაფრინდა. ვიმეორებ, გადავრეკე და ვთხოვე, სხვა ადგილი მომიძებნოს-მეთქი. ჩემზე უთხრეს, რუსეთის მხარესთან კარგად თანამშრომლობდა და ეს დონე თუ შენარჩუნდება, მივესალმებითო. ახლა, სულელი იყო პუტინი, მოხსნილ კაცზე ეთქვა, გინდა თუ არა, დააბრუნეო? ამას სააკაშვილი ატრიალებს სხვანაირად''.

დღეს ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა კრემლი ''გადააგდო''. მაინც რა შეთანხმება უნდა ყოფილიყო და რაში უმტყუნა მიხეილმა პუტინს? როგორც ვალერი ხაბურძანია ამბობს, უკვე მიღწეული იყო შეთანხმება ანტიტერორისტული ცენტრის თაობაზე.

ვალერი ხაბურძანია: ''იყო ასეთი შეთანხმება, თუ რუსები სამხედრო ბაზებს საქართველოდან დროზე ადრე გაიყვანდნენ, აქ უნდა შექმნილიყო ანტიტერორისტული ცენტრი. ბაზები კი გაიყვანეს, მაგრამ ამის შემდეგ რუსები გადააგდეს, არავითარი ცენტრი არ იქნებაო. სააკაშვილი როგორც ჩვენ გვატყუებს ქვეყნის შიგნით, ისე ატყუებს ყველას გარეთ. სხვებთან გასდიოდა, უმართლებდა რაღაც-რაღაცებში და ჩათვალა, პუტინსაც მოვატყუებო. დარწმუნებული ვარ, ამერიკელებიც ბევრჯერ ჰყავს გადაგდებული. ამ შემთხვევაში სააკაშვილმა მისცა საბრალდებო ჩვენება... ''ალია'' რომ ახსენა, ამით ვითომ თავის ინფორმირებულობას უსვამს ხაზს, სინამდვილეში ვერ იტანს კრიტიკას, პირდაპირ ცოფდება. მოკლედ, ეს კაცი არის სულელი, უზრდელი, თავზეხელაღებული... ტვინის ის ნაწილი, რომელიც ადამიანს ამუხრუჭებს, მაგას არა აქვს. მე თვითონ მაქვს ნანახი, როგორ ჭამს, მსგავსი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს, ჩაიზე რომ მწვანილს დააყოლებს, როგორი სანახავი იქნება?''

მართლები არიან ამერიკელები, როცა საპრეზიდენტო კანდიდატის ბავშვობასაც კი იკვლევენ, ემანდ რამე დეფექტი არ ჰქონდესო. ბოლოს და ბოლოს, ასლან აბაშიძის მიერ გადაღებული ფირისთვის მაინც უნდა მიგვექცია ყურადღება... მოკლედ, ჩვენ სხვების შეცდომებზე კი არა, საკუთარ შეცდომებზეც ვერ ვსწავლობთ ვერაფერს.

ახლა კი, ''ალია''-''ქრონიკის'' პასუხი მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ''ალიაში'' უკვე დაიბეჭდა და ამჯერად ''ქრონიკაში'' უცვლელად გთავაზობთ:

7 აგვისტოს კალაპოტიდან ამოვარდნილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ''რუსთავი 2''-ის ეთერში, როგორც სჩვევია, ბევრი ალოგიკური რამ წამოაწვინა, მაგრამ ამჯერად ჩვენ ერთ მომენტზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას... მან 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას თქვა:
''არც ერთი სხვა არჩევანი ჩვენ არ გვქონდა, არჩევანი იყო ცუდსა და უარესს შორის. 2008 წელს, მას შემდეგ, რაც ჩვენ გამოვაცხადეთ ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტა, იყო სატელეფონო გადაჭერები, რომ იყო სატანკო კოლონა თბილისში. ჩვენი საიტები იყო დაბლოკილი და ამის პირველი რეპეტიცია გააკეთეს ივლისში. ჩემს საიტზე იცით, რა იყო? ''ასავალ-დასავალში'' რომ ბეჭდავენ ყოველ ნომერში, ჩემი და ჰიტლერის სურათი, მე ჰიტლერის ულვაშებით. ''ასავალ-დასავალის'' პროპაგანდა ზუსტად ისეთია, როგორც რუსული და დარწმუნებული ვარ, ბევრი კავშირებიც არსებობს. ''ასავალ-დასავალი'' და ''ალია'' ებრძვის ყველაფერ იმას, რაც ქართულ სახელმწიფოს ამაგრებს. არ მგონია, რომ ეს არ იყოს სადღაც კოორდინირებული. ''ასავალ-დასავალის'' სურათები იყო ჩემს საიტებზე. ასე რომ, სხვა გამოსავალი არ გვქონდა''.

ჩემო ფიურერო კი არა და... ჩემო ვადაგასულო პრეზიდენტო, ბუნებრივია, ''ასავალ-დასავალი'' თავად გაგცემთ საკადრის პასუხს... ამჯერად ჩვენ მხოლოდ ''ალიას'' თაობაზე ჩამოგიყალიბებთ აზრს მოკლედ და კონკრეტულად:
1. დიდი მადლობა, რომ კიდევ გახსოვართ, თქვენ მიერ წამოსროლილი თითოეული აუგი სიტყვა მაგარი რეკლამაა ჩვენთვის!

2. თქვენ ამბობთ, ''ალია'' ებრძვის ყველაფერ იმას, რაც ქართულ სახელმწიფოს ამაგრებსო... თუ ''გამაგრებაში'' საკუთარ საპრეზიდენტო მოღვაწეობას გულისხმობთ, რაც 9 წელიწადი გაგრძელდა, ნამდვილად ცდებით. ჩვენ რომ ვტყუოდეთ, მაშინ ქართველი ხალხი ''მგლის ბილეთს'' მიხეილ სააკაშვილსა და მის ხროვას კი არა, ''ალიას'' გამოუწერდა და დღეს ისევ ხელისუფლებაში იქნებოდით. რაც შეეხება სადღაც კოორდინირებას, აი, აქ კი არაფერი გეშლებათ, რაღა დაგიმალოთ და... საძაგელი ვლადიმერ პუტინი ისე გათამამდა, ყოველ დილით რეკავს კრემლიდან, თან დავალებებს გვაძლევს, თან გვაგინებს, ემანდ არაფერი მიჰქაროთ, ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც მე გეტყვითო.

ჭკუა რომ არც აქამდე მოგეკითხებოდათ, ეგ მთელმა ქვეყანამ იცოდა, მაგრამ ახლა, წასვლის ჟამს მთლად გადახვედით დაუკრეფავში. მიხეილ, ისე, თქვენ ხომ კარგად იცით, ჩვენ საიდან გვიწევენ კოორდინაციას? აღარ გახსოვთ, რის გამო დააპატიმრეთ ''ალიას'' ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე? მას თქვენ რუსეთის ჯაშუშის იარლიყი მიაწებეთ, მაგრამ საინტერესოა, რატომ ვერ დადეთ ვერც ერთი მტკიცებულება?!

3. დაბოლოს, ერთ საინტერესო ამბავს შეგახსენებთ... 2009 წელს თქვენი ფავორიტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორი, როლანდ ახალაია ისე ''აჯაგრა'' ''ალიამ'', რომ მთლად გამოშტერდა (თუმცა არც მანამდე უჭრიდა გონება), თავისი ოფისის წინ ნაგვის ურნაზე ''ალია'' წააწერა. მაშინ ჩვენ ვწერდით:
''არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ, რომ ნამდვილად მშვენიერი მიგნებაა ''ალიას'' სანაგვე ურნაზე წაწერა და აი, რატომ: ახალაიებმა კარგად იციან, რომ ''ალია'' წლებია იმ ნაგავზე წერს, რაც სააკაშვილის ხელისუფლებაშია დაგროვილი. სამწუხაროდ, ხშირად გვიწევს ამ ნაგვის გაქექვაც, რასაც მერე მართლა მყრალი სუნი უდის ხოლმე. გამოდის, რომ ფუჭად არ გვიმუშავია, რადგან გვიან, მაგრამ მაინც, ახალაიებმა მათთვის სამწუხარო რეალობა იგრძნეს და თავადვე აღიარეს...''

ეს იყო ჯერ კიდევ 2009-ში, მიხეილ... ეს ის დროა, როცა პასუხის გაცემას ბევრი ვერ გიბედავდათ. დიახ, ჩვენ მუდმივად გამოგვქონდა სამზეოზე ის ჭუჭყი და ნაგავი, რასაც დიდი მონდომებით აგროვებდით... აი, ასე ვამაგრებდით სახელმწიფოს და ოქტომბერში რომ მიგაბუნძულათ ქართველმა ხალხმა, ამაში ჩვენი დამსახურებაცაა. ვისაც შენ ლანძღავ, იმას ქულები ემატება და ხშირად გვახსენე, არც ჩვენ დაგზარდებით...