"მართლა დადის თუ არა დაცვის გარეშე სააკაშვილი ბათუმში?"

"მიხეილ სააკაშვილი 25 აგვისტოს ბათუმში იმყოფებოდა, სადაც მან 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე მეომრების ოჯახის წევრებთან ერთად ბათუმის პიაცაზე ივახშმა. "რუსთავი 2"-მა საინფორმაციო დროის ლამის ნახევარი დაუთმო, როგორც უყვართ და როგორ უხდიან მადლობებს "შემთხვევითი" გამვლელები, "შემთხვევით" ტურისტებს როგორ მოსწონთ მიშას აშენებული ბათუმი, როგორ ეპატიჯება ივანიშვილს, შემცირებული დაცვით ერთად გავიდეთ ქუჩაში, მოისმინე ხალხი რას ლაპარაკობსო და ა.შ. ვინც მიშას პიარსვლები არ იცის, ბევრ რამეს დაიჯერებდა. სინამდვილეში კი რა ხდებოდა იმ დროს ბათუმში? "ალია" უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძეს დაუკავშირდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით მართლა დადის თუ არა დაცვის გარეშე სააკაშვილი ბათუმში?

"აბსოლუტურად გამორიცხეთ, რომ თითქოს ბათუმის მოსახლეობა ეხვეოდა და კოცნიდა მიხეილ სააკაშვილს ან რომელიმე რაიონიდან ჩამოსულები - ეს არის ტყუილი. ეს ყველაფერი იყო ორგანიზებული და ამაში გიორგი ბარამიძის ხელი ურევია. ამჟამად გიორგი ბარამიძე ბათუმშია და მან მოაგვარა საორგანიზაციო საქმეები, რაც მათი აქტივისტების მოგროვებას ეხება, რათა შემდეგ კადრებში დაფიქსირდეს, თითქოს მიხეილ სააკაშვილის დანახვით აღფრთოვანებული არიან - ასეთ სურათს ქმნის სააკაშვილის ბათუმური გუნდი", -აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამაზ ბაკურიძე.

"ტურისტები ბულვარშიც და პიაცაზეც სულ არიან. მათი შვილი რომ ტელევიზორში გამოჩნდეს, ან პრეზიდენტთან ფოტო გადაუღონ, ამის გამო, რა თქმა უნდა, ისინიც აღფრთოვანებულები არიან. ნებისმიერი ქვეყნის პირველ პირთან ასე მოხდება, ეს ბუნებრივი პროცესია და არ უნდა გაგვიკვირდეს. თუმცა არც ისაა გამორიცხული, თავად ჰყოლოდათ შერჩეული რამდენიმე უცხოელი. ხომ არ დაგვავიწყდა, რომ ასეთი დადგმული სპექტაკლებით გადიოდა ფონს სააკაშვილი ყოველთვის?" - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "სააკაშვილმა მოუწოდა ბიძინა ივანიშვილს შემცირებული დაცვით ან დაცვის გარეშე გავიაროთ ქუჩებში და ხალხს მოუსმინე, რას ლაპარაკობენო. იმ მომენტში შემცირებული დაცვით იყო?" - პასუხობს:

"ეს სრული აბსურდია. დედამისის ბინა სადაც არის, იქ ცხოვრობენ ჩემი სიდედრი და მამიდაშვილი. ყიველდღიურად მიწევს იქ მისვლა და უნდა ნახოთ, როგორი შეწუხებულია ადგილობრივი მოსახლეობა, როცა ის აპირებს მოსვლას, ჩერდება ან მიდის. ის ცრუობს, როცა ამბობს, რომ მარტო ან შემცირებული დაცვით დადის ბათუმის ქუჩებში. მას იცავს ადგილობრივი სამთავრობო დაცვა, ასევე დაუყვება პირადი დაცვა. რამდენიმე დღის წინ რუსთაველის ქუშაზე დავინაზე, რომ ეს ესკორტი 20-მდე მანქანას შეადგენდა. ის ვერ გაივლის დაცვის გარეშე, რადგან არის საფრთხე, რომ ზოგიერთმა მოქალაქემ მას, უბრალოდ, სახეში შეაფურთხოს!".