"ეს მუქარები მას მერე წამოვიდა, რაც რუსულენოვან პრესაში სტატიებს ვაქვეყნებ და და ამიტომ დავუკავშირე ერთმანეთს. ფეისბუქზე განცხადების გაკეთების შემდეგ, რომ ვერ ჯერჯერობით გავიგე, ვინ მემუქრება დაპატიმრებით, ჩემს ფეისბუქის გვერდზე დავიწყე იმ რუსულენოვანი წერილების გამოქვეყნება, რომლებიც რეგულარულად ვრცელდება რუსეთის სააგენტოებით. მე ჩემი მოსაზრება მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეჭვი მეპარება, რომ ამ შემთხვევაში ჩემი დაპატიმრება ისევე არ აწყობს დღევანდელ ხელისუფლებას, როგორც არ აწყობდათ მაშინ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი მთავარი მტრები, მაშინაც და დღესაც, მიშასთან ერთად იყვნენ რესპუბლიკელები", - აცხადებს ირინა სარიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ირინა სარიშვილი: "ივანიშვილისთვის ხელსაყრელია საკუთარ გუნდში დაპირისპირება" / რესპუბლიკელებსა და ნაციონალებს შორის განსხვავება არ არის.
"რესპუბლიკელები მაშინ ოპოზიციაში იყვნენ, მაგრამ იმ პერიოდშიც სწორედ ისინი იყვნენ რუპორად გამოყენებულნი, რომ ჩვენ უცხო ქვეყნის აგენტებს გვიწოდებდნენ ერთადერთი იმის გამო, რომ არ ვთვლით სწორად ნატოსთან თანამშრომლობას და სწორად ვთვლით ნეიტრალიტეტს. ახლა, ამ შემთხვევაში ვინ დგას ამის უკან, ძნელი სათქმელია. ცოტა ხანში, როცა ამის საშუალება მექნება, გამოვაქვეყნებ იმ მონაცემებსაც, რასაც შემდეგ გამოძიებას გადავცემთ და მოვითხოვთ მათგან უკვე ოფიციალური პასუხის გაცემას, რომ დაადგინონ ამ მუქარების ადრესატები. თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ეს ადრესატები ხელისუფლებაში არიან. იმ ტექსტში, რომლითაც მე დამემუქრნენ, პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ მე უნდა შევწყვიტო საზღვარგარეთ წერილების გამოქვეყნება. მე წერილებს მხოლოდ რუსეთში ვაქვეყნებ რეგულარულად. კვირაში ორჯერ-სამჯერ იბეჭდება ჩემი მასალები. რისი საშუალებაც მე, სამწუხაროდ, საქართველოში არა მაქვს. სწორედ ამ წერილების გამოქვეყნებიდან მოკლე ხანში წამოვიდა ეს მუქარები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირინა სარიშვილი.
" მე ვფიქრობ, რომ გარდა რეგულარულობისა, მიზეზი გახდა ამ წერილების შინაარსიც. იმიტომ, რომ რასაც მე ვწერ, თუ ეს მართალია და როგორც ჩანს, არ არის სიმართლისგან შორს, რომ ოცნება და ნაციონალები აი ამ გეგმით აპირებენ მოქმედებას, - რომ ყველაფერი მიდის ორპარტიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ, სადაც იქნებიან "ნაციონალები" და "ოცნება", თან "ოცნება" პირობითად, რადგან მალე ეს რესპუბლიკურ სახელწოდებას მიიღებს - რა თქმა უნდა, დროზე ადრე ამ გეგმის გახმაურება არც ერთს აწყობს და არც მეორეს. ამიტომ, როცა ამ ყველაფერს რეგულარული ხასიათი ეძლევა და ამ სააგენტოების საშუალებით ამას საქართველოს მოსახლეობის გარდა ბევრად უფრო დიდი სპექტრი გებულობს, ეს მათთვის არ არის მისაღები", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"ამ ორი პარტიიდან არც ერთ მათგანს ერთმანეთისგან დიდად განსხვავებული მსოფლმხედველობა და პლატფორმა არ ექნება. ეს ყველამ კარგად ვიცით და მეც არაერთხელ მითქვამს, რომ რესპუბლიკელებსა და ნაციონალებს შორის, იდეოლოგიური თვალსაზრისით, არანაირი განსხვავება არ არის. თუ ასე წავიდა ყველაფერი, პირველ-მეორე ადგილს გაინაწილებენ მარგველაშვილი და ბაქრაძე, და რომელი რომელ ადგილზე გავა, ამას აღარც აქვს მნიშვნელობა", - დასძენს ირინა სარიშვილი და შეკითხვას - "ფიქრობთ, რომ ბურჯანაძე თამაშგარე მდგომარეობაში დარჩება?" - პასუხობს:
"მე გეუბნებით, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, როგორც ახლა მიდის, მაშინ ბურჯანაძის შანსები ძალიან მცირეა. საერთოდაც, ყველა, ვინც დღეს კანდიდატია, დაწყებული მარგველაშვილით, არის გამიზნულად ნინო ბურჯანაძის მოწინააღმდეგე. აბსოლუტურად ყველა და განსაკუთრებით მარგველაშვილი და ბაქრაძე, რომელთა უკან მდგომ პოლიტიკურ ძალებსაც აქვთ სახელისუფლებო სადავეები: ადგილობრივი და სასამართლო ხელისუფლების დონეზე - "ნაციონალებს" და დანარჩენი - "ოცნებას". კანდიდატთა სიმრავლეც სწორედ იმით აიხსნება, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა წაართვან ბურჯანაძეს - აბა, თქვენ გჯერათ, რომ ასეთი ოდიოზური ტიპები, საერთოდ გაუგებარი და ცრემლების წამოსვლამდე რომ უნდა იცინო - ყველა მათგანი 25 000 სელმოწერის შეგროვებას შეძლებდა? რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში ეს ხელმოწერები გაყალბებულია, მაგრამ ხელისუფლებას არც კი უცდია შეემოწმებინა ამ სიების ნამდვილობა".