გია ხუხაშვილი:

გია ხუხაშვილი: "კოაბიტაცია ყალბი ფენომენია"

ჩემზე შეთხზულმა ლეგენდამ წარმოუდგენელ მასშტაბს მიაღწია და ღარიბაშვილთან დაპირისპირებაც მოგონილი თემაა. ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი უმცროსი მეგობარია. ზოგი ირაკლი წულაიას ჩემს ნათესავად, დაახლოებულ პირად მოიხსენიებს, რაც ტყუილია. სამსახურიდან ირაკლი წულაია ეკონომიკის მინისტრმა გაათავისუფლა. ეს საკითხი ირაკლი ღარიბაშვილის კომპეტენცია არ ყოფილა. ვცდილობ, ჩემ შესახებ ამგვარ ლეგენდებს ირონიით ვუყურო, მაგრამ რკინისაც არა ვარ. ეტყობა, ეს არის ფასი, რომლის გადახდაც უწევს ადამიანს, როდესაც პოლიტიკაში შედის და მოვლენების ეპიცენტრში ექცევა. ერთხანს ვაპირებდი ამისთვის ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ რადგან ბინძური კამპანია თვეების განმავლობაში გაგრძელდა, გადავწყვიტე, სარჩელი შემეტანა ლაშა ამირეჯიბის წინააღმდეგ. დადგა დრო, შეიქმნას პრეცედენტი, რომ ვიღაც დაისაჯოს დაუსაბუთებელი ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების გამო", - აცხადებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "უძლეველი არა ვარ, მაგრამ რაღაცები მეც შემიძლია" / "მოვუსმინოთ ივანიშვილს, რას გვეტყვის წასვლისას".

"მართალია, რკინიგზის მრჩევლად ვითვლები, მაგრამ, სამწუხაროდ, დრო აღარ მრჩება ამ საქმისთვის. კოკა გუნცაძე კი დიდი ხანია არ მინახავს და არაფერი ვიცი. კოკას კარგად ვიცნობ და გამიჭირდება იმის დაჯერება, რომ ასეთ რამეებში მონაწილეობდა. ალოგიკურია, რომ რომელიღაც დაგეგმილ ოპერაციაზე ორი თვით ადრე პრესაში გამოდიოდეს ოპერატიული ინფორმაცია. რკინიგზა ყოველთვის ვიღაცის სალარო იყო. შევარდნაძის დროს იქ სახელისუფლებო სალარო იყო. სააკაშვილის დროსაც, როდესაც რკინიგზაში მოვიდა ბრძანება შავი სალაროს შექმნაზე, 2004 წლის ზაფხულში პროტესტის ნიშნად წამოვედი და საჯარო განცხადებაც გავაკეთე. მიუხედავად იმისა, რომ ტვირთბრუნვის საქმეში პრობლემებია, რკინიგზის შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა. ის სიკეთე, რაც რკინიგზის გადაზიდვებიდან კეზერაშვილის ჯიბეში მიდიოდა, რკინიგზას დაუბრუნდა. მარტო აქედან რკინიგზა 12 მლნ-მდე შემოსავალს მიიღებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"რანაირად შეიძლება ლაპარაკი ჩემი და კეზერაშვილის კოაბიტაციაზე? მე ვითვლები ხელისუფლების რადიკალურ ფრთად, რადგანაც მიმაჩნია, რომ კოაბიტაცია ყალბი ფენომენია. ის "ნაციონალურ მოძრაობას" ესმის როგორც სისხლის სამართლის დანაშაულის პატიება, რისიც კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. კეზერაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც სახელისუფლებო რესურსს ფულის მოხვეჭისთვის იყენებდა. "ნაციონალური მოძრაობა" უტიფრად გვიტევს და მათი პრეზიდენტობის კანდიდატი იმის თქმასაც კადრულობს, ვიცოდით, რა დანაშაულებიც ხდებოდა და ამაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთო. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ცოცხებით გაუპატიურების გამო მინიმუმ პოლიტიკიდან წასვლას მაინც უნდა ნიშნავდეს. საზოგადოებისა და "ნაციონალური მოძრაობის" თანაცხოვრება რომ შესაძლებელი გახდეს, მათ ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ, გულწრფელად მოინანიონ და ამის შემდეგ შეიძლება აპატიოს საზოგადოებამ, რაც შესაძლოა გახდეს კოაბიტაციის საფუძველი. მაღალ ეშელონებში ყველა სისხლის სამართლის დამნაშავე უნდა დაისაჯოს", მიიჩნევს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.

"თუ რეჟიმი არ გასამართლდა, ყოველთვის ვიდგებით რისკის ქვეშ, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც ყოფილს დაემსგავსოს. ხელისუფლების დანაშაულის დასჯის პრეცედენტი უნდა შევქმნათ. არჩევნებამდე ამის საშუალება, როგორც ჩანს, ნაკლებად გვექნება, არჩევნების შემდგომ კი ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ ქვეყანაში სამართლიანობა მკვიდრდება", - დასძენს გია ხუხაშვილი

"თამაზ ელიზბარაშვილი არ ტოვებს ტყუილად მოლაპარაკე ადამიანის შთაბეჭდილებას. ვიღაც უნდა დაინტერესდეს მისი განცხადებით. ყველას მოვუწოდებ, თუ ხელისუფლება ბიზნესმენებზე ზეწოლას ახდენს, აუცილებლად თქვან. თუ ისევ დაითრგუნენ და შეეშინდათ, ხელისუფლება მიდრეკილი გახდება ძალადობისკენ. მნიშვნელოვანია, რომ არ შეგვეშინდეს და საჯაროდ ვთქვათ, რა პრობლემაც არის ბიზნესმენებისა და ხელისუფლების ურთიერთობაში. თუ ვინმეზე ხდება ზეწოლა, მზად ვარ, ყველა მათგანს შევხვდე და ვესაუბრო. პირობას ვდებ, ეს არ იქნება საუბარი საუბრისთვის. ისეთი უძლეველი არა ვარ, როგორც ამბობენ, მაგრამ რაღაცები მეც შემიძლია და შევეცდები მათი პრობლემის აღმოფხვრას", ამბობს რესპონდენტი და შეკითხვას - "პრემიერს მართლა თქვენ ურჩიეთ "მეცხრე არხის" დახურვა?"- პასუხობს:

"მეცხრე არხი" პრემიერისთვის მძიმე ტვირთი იყო. ის მოწადინებულია, მედია გახდეს დამოუკიდებელი, მეოთხე ხელისუფლება, და არ იყოს ინტეგრირებული ხელისუფლებაში. ბოლო თვეების განმავლობაში "მეცხრე არხი" იმიტომ მუშაობდა, რომ მისი თანამშრომლები არ დარჩენილიყვნენ უმუშევარი. მიდიოდა მოლაპარაკება გაყიდვაზე. თანამშრომლების შენარჩუნების მოტივით ეძებდნენ მყიდველს, მაგრამ... არსებულ ვითარებაში პოლიტიკური ინტერესის მქონე პირი თუ შეიძენს ტელევიზიას, მაგრამ ამას ბიძინა ივანიშვილი არ დაუშვებს. ჯერჯერობით საქართველოს სარეკლამო ბაზარი ბევრი ტელევიზიის შენახვის საშუალებას არ იძლევა. მას 3-4 საერთო მაუწყებლის შენახვა ძალუძს მხოლოდ და სახიფათოა იმაზე მეტი ტელევიზია, რაც შეიძლება სარეკლამო ბაზარმა აიტანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტელევიზიებში პოლიტიკური ინვესტიციები დაიწყება, რაც სარისკოა დემოკრატიისთვის".