"ვიყავი საზოგადოებრივი დარბაზის "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი საარჩევნო პროცესის დროს გარდაბნის რაიონში. მოგეხსენებათ, მამუკა არეშიძე იყრიდა კენჭს მაჟორიტარ დეპუტატად. შემოთავაზება მქონდა ვყოფილიყავი სარჩევნო შტაბის უფროსი, მაგრამ ვარჩიე დარბაზის ხელმძღვანელობა. არეშიძეს, ისევე როგორც მე, გვქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩანერგილები იყვნენ აგენტები "ქართული ოცნების" გარდაბნის შტაბში. ამიტომ მამუკა გაერიდა და გააკეთა მეორე შტაბი. სხვადასხვა წყაროდან მოდიოდა ერთი და იგივე ინფორმაცია, რომ გელა ხვედელიძე ხვდებოდა გარდაბნის გამგებლის მოადგილეს, ასევე აწვდიდა ინფორმაციას გარდაბნის საპატრულო პოლიციის უფროსს, ინფორმაციები მიდიოდა გარდაბნის კუდ-ის უფროსამდე. მინდა გითხრათ, რომ ხვედელიძე აქტიურად თანამშრომლობდა კუდ-ის დღეს უკვე მაღალჩინოსანთან - ვაჟა ლელუაშვილთან და ასევე გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატთან "ნაციონალ" ფეიქრიშვილთან. სწორედ ამ გუნდმა გააკეთა ყველაფერი, რათა არ დავნიშნულიყავი გარდაბნის გამგებლად", - აცხადებს ზაზა გელოვანი გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტი ზაზა გელოვანი: "სამწუხაროდ, როგორც დავადგინე, ბოროტმოქმედების ჯგუფს მფარველობს ზვიად ძიძიგური"
"დღემდე გარდაბანი ლელუაშვილის კარნახით იმართება. გარდაბნის გამგებელმა ხუციშვილმა, რომელიც სკანდალურად გადააყენეს პირად საუბარში დამიდასტურა, რომ ხვედელიძის მიერ იყო დანიშნული სამთვიანი ვადით, ის შემდგომში ახალი კანდიდატით უნდა ჩანაცვლებულიყო. კანდიდატად შეარჩიეს გოჩა ცოფურაშვილი - ჩემი ინფორმაციით ცოფურაშვილის გაყვანაში ზურაბ ლობჟანიძემ გადაიხადა 80 000 დოლარი და თავდაპირველად საუბარი იყო, რომ ცოფურაშვილი დაენიშნათ ბოლნისის გამგებლად, მაგრამ იქ მის კანდიდატურას ძალიან მკაცრად დაუდგნენ ადგილობრივი სვანები. ხვედელიძეს ასევე აღებული აქვს ძიძიკაშვილისგან 80 000 დოლარი, რომელიც უნდა დაენიშნა გარდაბნის გამგებლად - ამ გახმაურებულ პიროვნებას აქვს სათამაშო ბიზნესი... სამწუხაროდ, როგორც დავადგინე, ლელუაშვილსა და ამ ბოროტმოქმედების ჯგუფს მფარველობს ზვიად ძიძიგური", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა გელოვანი.
"თქვენ "ალიაში" წერდით, რომ ძიძიგური ქვემო ქართლში ფაშადაა ქცეული. გიდასტურებთ, საკრებულოს "ნაციონალი" წევრები - ისინი, ვისაც დანაშაული მიუძღვით, ბოროტად იყენებენ თავის სტატუსს და იტაცებდნენ მიწებს, საკრებულოს დამნაშავე "ნაციონალმა" წევრებმა თავი მოიყარეს ზვიად ძიძიგურის "კონსერვატიულ პარტიაში". გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ფეიქრიშვილი უხეშად ერევა საკრებულოს სხდომების ჩატარებისას, ის პირდაპირ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ნოემბერში ფეიქრიშვილი იყო ძალიან შეშინებული - პირადად მეუბნებოდა, დეპუტატად არ მთვლიანო: ესენი მართლაც იყვნენ კუთხეში მიმწყვდეულები, მაგრამ ზვიად ძიძიგურისთანა ადამიანებმა მოახერხეს გაეძლიერებინათ ისინი - როგორც ჩემთან მოდის ინფორმაციები ისევ და ისევ ფულის სანაცვლოდ. როგორც გავიდე, ზვიად ძიძიგურს ფეიქრიშვილი სახლს უშენებს ტაბახმელაში. იმედი მაქვს ბიძინა ივანიშვილი ამ საკითხს ასე არ დატოვებს", - განაგრძობს რესპონდენტი
"ახლა მთავარს გეტყვით - მოვიპოვე უპრეცედენტო ჩანაწერი, რითაც დასტურდება გარდაბნის რაიონში "ოცნების შტაბის" რომელი წევრი იყო შეკრული კუდ-თან და რა დავალებებს ასრულებდნენ ისინი. ჩანაწერიდან ირკვევა, დღემდე როგორ არიან სამინისტროში ხვედელიძე-ლელუაშვილის კადრები, ლამისაა ქვემო ქართლის "ოცნების" შტაბის უფროსად ლელუაშვილი მოგვევლინოს. მე არ მესმის, როგორ კადრულობს ზვიად ძიძიგური ფეიქრიშვილის მფარველობას. ლელუაშვილმა აუწყო ფეიქრიშვილს კარიერა, მეჯვარეები არიან. როდესაც ლელუაშვილის შეწყალებაზე პარლამენტში ხელმოწერებს აგროვებდნენ, ერთ-ერთმა დეპუტატმა მითხრა, რომ ეს ხელმოწერები მიდიოდა ხვედელიძესთან, რომელსაც მაშინ ეკავა შს მინისტრის მოადგილის პოსტი. ასე რომ, ხვედელიძე, ლელუაშვილი, ფეიქრიშვილი და ძიძიგური ეს არის ერთი ჯგუფი", - დასძენს ზაზა გელოვანი.
"ზაზა გელოვანი არ არის ერთადერთი, ვინც ზვიად ძიძიგურის ლელუაშვილთან კლანურ მმართველობაზე საუბრობს. ორი კვირის წინ დაგვიკავშირდა ინკოგნიტო რესპონდენტი, რომელმაც ძიძიგურზე ინფორმაცია მოგვაწოდა - აქამდე ინფორმაციის გამოქვეყნებისგან თავს ვიკავებდით, რადგან ავტორი ანონიმურობას ითხოვდა. მეორე მხრივ, ჩვენ ვერ დავუკავშირდით ზვიად ძიძიგურს, რათა გადაგვემოწმებინა ფაქტების რეალობა. რადგან გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ღიად საუბრობს ლელუაშვილისა და ძიძიგურის ტანდემზე, ინკოგნიტო რესპონდენტის ინფორმაციასაც აქვე შემოგთავაზებთ", - წერს სტატიის ავტორი.
"რეალურად რა სქემაც იყო წელიწადნახევრის წინ, არ შეცვლილა. ეს სქემა "ნაციონალებმა" ააწყვეს, მისი დანგრევა არ შედის რუსთავის მაჟორიტარის ზვიად ძიძგურის ინტერესში, მეტიც, ის ამ სქემის მემკვიდრედ და გამგრძელებლად გვევლინება. ძიძიგურმა გადმოიღო "ნაციონალების" ტექნოლოგია - თავიდან დაიწყო ხმაურით, შეაშინა ბიზნესმენები, იძახდა, რომ ეს ბიზნესმენი კორუმპირებულია, ხალხის ფულს ჭამს და მერე უცებ ჩაწყნარდებოდა ხოლმე სიტუაცია - ასე მოხდა რუსთავის ე,წ, სტამბულის ბაზრის მეპატრონესთან მიმართებაში. დღეს კი საუბარია, რომ ბაზრის პატრონ დურმიშხან ფარცხალაძის წილები სულ სხვა მიმართულებით წავიდა... ზვიად ძიძგური "ნაციონალების" სქემას პოლიტიკურადაც აგრძელებს - მის ინტერესში არ არის, რომ რუსთავში არსებობდეს კოალიციაში შემავალი ძლიერი პოლიტიკური პარტიები და მათი დასუსტების ხარჯზე გაძლიერებულს ტოვებს ვერტიკალს, ოღონდ მას გამოაცალა ძალისმიერი მეთოდები - ანუ ვერტიკალში იგივე ხალხია და იგივე საქმეების კეთება გრძელდება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდეტთან საუბრისას ინკოგნიტო რესპონდენტი და შეკითხვას - "ვინ არის ზვიად ძიძიგურის მარჯვენა ხელი,რა კავშირი აქვს ძიძიგურს გარდაბნის რაიონთან?", - პასუხობს:
"ეს არის დეპუტატი კვიჟინაძე, ასევე მისივე პირადი მძღოლი მერაბ კაჭახიძე, რომელიც ყოველთვის მაქინაციურ სკანდალებშია გახვეული. კაჭახიძის შვილი ძიძიგურმა პოლიციაში ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილედ დანიშნა. ზვიადს ბიზნესინტერესები აქვს ვაგონშემკეთებელ ქარხანაში, რომელსაც ახლა ყადაღა აქვს დადებული, ასევე ხორცკომბინატში, რუსთავის მშენებარე სასტუმრო "ვეჯინში". გარდაბნის მაჟორიტარი ფეიქრიშვილი ზვიად ძიძგურის ფრაქციის წევრია. ის გარდაბანში ყველაფერს აგვარებს. თავიდან ფეიქრიშვილს მცდელობა ჰქონდა ბესელიაზე გასულიყო, მაგრამ მან არ გაიკარა და შემდეგ მფარველად ძიძიგური მოძებნა ვაჟა ლელუაშვილის დახმარებით. ზვიად ძიძიგურის ფრაქციის წევრია წალკის მაჟორიტარი რევაზ შავლოხაშვილი, რომელიც 2010 წელს პირდაპირ ნადირობდა ოპოზიციაზე. შავლოხაშვილი დღეს წალკაში ძიძიგურის მარჯვენა ხელია. შეშინებულ "ნაციონალებს" ძიძიგური კარგად წველის"
"ალიასა" და "ქრონიკას" უკვე მერამდენედ აწვდიან კომპრომატებს ზვიად ძიძგურზე, თუმცა დეპუტატი რატომღაც დუმს. როდესაც პირველად მასსა და გუბაზ სანიკიძეზე მსგავსი ბრალდებები "ქრონიკაში" დაიბეჭდა, ქუთაისის მაჟორიტარმა საგანგებო ბრიფინგიც კი გამართა და განმარტებები გააკეთა. ზვიად ძიძიგური კი... დუმს. ალბათ ეს ის შემთხვევაა, როდესაც დუმილი თანხმობის ნიშანია ან კიდევ უარესი - მრავალწლიანი ოპოზიციური მოღვაწეობის ფინანსურ ინტერესებსა და გავლენებზე დახურდავება, რაც ძალზედ სამწუხაროა, როგორც მისი ამომრჩევლისთვის, ასევე ჩვენთვისაც, რადგან ის ერთ-ერთი კარგი რესპონდენტი იყო", - დასძენს სტატიის ავტორი.