მშენებლობა ძვირდება. მიზეზი რამდენიმეა და მათ შორის თანამშრომლებისათვის ანაზღაურების ზრდაც. გარდა ამისა, გავლენას იქონიებს ენერგოეფქტრურობის სტანდარტის ამოქმედება, რომელიც ივლისიდან იგეგმება.
„საქსტატის“ ინფორმაციით, მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.7%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 14.8%-იანი ზრდით, რამაც 2.55 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
გარდა ამისა, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 6.6%-ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.8%-იანი ზრდით, რამაც 2.69 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
„არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე ადასტურებს, რომ მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდაში, ხელფასის წილის ზრდა ლოგიკურია, რადგანაც მარტში თებერვალთან შედარებით მეტი სამუშაო დღე იყო და შესაბამისადაც სექტორმა მეტი ხელფასი გასცა.
„ოფისში დასაქმებული ადამიანებისგან განსხვავებით მშენებლობაზე არ არის ფიქსირებული ხელფასები. ამ სექტორში ხელფასები შესრულებული სამუშაოს მიხედვით გაიცემა. მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების 95% ამ პრინციპით იღებს ხელფასს, თუ არ ჩავთვლით ზედამხედველს და მსგავსი ტიპის კადრებს.
შესრულებულ სამუშაოზე კი მოქმედებს სამუშაო დღეების რაოდენობა. თუ თვის განმავლობაში მეტი სამუშაო დღეა, დასაქმებულიც მეტს გამოიმუშავებს და თვითონ სექტორიც ბევრ ხელფასს გასცემს. იანვარში არის ყველაზე მეტი დასვენების დღე, შესაბამისად იანვარში შემცირება მოხდა დეკემბერთან შედარებით.
ანუ ხელფასები კი არავის შეუმცირებია, უბრალოდ უფრო ნაკლები ხელფასი გაიცა, რადგანაც უფრო ნაკლები სამუშაო დღე იყო. თებერვალთან შედარებით მარტში ხელფასები გაზრდილია, რადგანაც თებერვალი ყველაზე პატარა თვეა და მარტში 3 დღით მეტი სამუშაო დღეა.
თუმცა იანვართან შედარებით თებერვალში უფრო მეტი სამუშაო დღე გამოდის. შესაბამისად თებერვალთან შედარებით ზრდა არის და ეს ლოგიკურია. 3 დღე მთლიან თვეზე რომ დავიანგარიშოთ, უკვე სრული თვის 10%-ია. მცირედი რყევები ძირითადად ამ მიზეზებითა გამოწვეული.
როდესაც აპრილის მონაცემები გამოქვეყნდება, მარტთან შედარებით იქნება უმნიშვნელო სხვაობა. თუმცა პროცესში, წლიდან წლამდე რომ ავიღოთ მცირედი ცვლილება ყოველთვის არის, რადგანაც ხელფასები მუდმივად უფრო იზრდება. შესაძლოა, მაღალი ზრდა არ არის, მაგრამ რაღაც პერიოდულობით ზრდა მცირედით მაინც შეიმჩნევა“, - განუცხადა „ბიზნეს ინსაიდერს“ ორთოიძემ.
რაც შეეხება სამშენებლო მასალების ფასს, ორთოიძის თქმით, ამ მიმართულებით კლება არ შეინიშნება.
„მე უფრო ვიტყოდი, რომ დასტაბილურდა. თუმცა აპრილიდან ბეტონის ფასი გაზიარდა. თუ ჩვენ სამშენებლო მასალების ფასების მხრივ გასული წლის მონაცემებს გადავხედავთ, სადაც მაღალი ზრდა გვქონდა, წელს ეს ფასები უკვე დასტაბილურდა. მცირედი სხვაობა როდესაც გვაქვს ეს ნიშნავს, რომ ფასი დოლარის კურსზეა მიბმული, ან გლობალური ბაზარი აკორექტირებს“, - აღნიშნა „არსის“ გენერალურმა დირექტორმა.
პარალელურად „ენერგოეფექტიანობის კანონის“ ძალაში შესვლამდე სამშენებლო ასოციაციის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ იგი მშენებლობას გააძვირებს. აღნიშნულ საკითხზე განმარტება „არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა გააკეთა. მისი თქმით, კანონის ძალაში შესვლის შემდგომ მშენებლობა შედარებით მცირე ბიზნესებს გაუძვირდებათ.
„ენერგოეფექტიანობა ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საკანონმდბლო ცვლილება, რომელიც განხორციელდება „არქის“ შემთხვევაში სამშენებლო ხარჯის ზრდას ნაკლებად გამოიწვევს, რადგან ჩვენი მშენებლობები ენერგოეფექტურია. ეს კანონმდებლობა მშენებლობის თვითღირებულებას, 3%-5%-ით, იმ კომპანიებისთვის ნამდვილად გააძვირებს, ვინც ენერგოეფექტურ მასალებს ნაკლებად იყენებდნენ“, - აღნიშნა ხეცურიანმა.
რაც შეეხება შესაბამისი კადრების არსებობას, „არქიში“ აღნიშნავენ, რომ ბაზარზე ასეთი კადრების მოძიება დღეს რთული აღარაა, თუმცა „ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონი“ ბაზარზე მუშახელის გაძვირებას გამოიწვევს.
„გაძვირებას გამოიწვევს ის, რომ მაგალითად იმ ბლოკს, რომელსაც „არქი“ იყენებს, მისი დაწყობა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სტანდარტული ბლოკის დაწყობა. შესაბამისად, მასალის გაძვირების გარდა მუშა ხელიც გაძვირდება“, - განმარტა „არქი“-ს გენერალურმა დირექტორმა.
ცნობისთვის, 2023 წლის 1 ივლისიდან ქვეყანაში კერძო და საჯარო სექტორისათვის შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონი შევა ძალაში, რომლის მიხედვითაც, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ყველა ახალმა შენობამ ენერგო ეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტი უკვე მომზადებულია. ასევე ცნობილია, რომ სამშენებლო ხარჯები სექტორისათვის დაახლოებით 5%-ით გაიზრდება.