"საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში დაკომპლექტდება ახალი მინისტრთა კაბინეტი"

"სუბარი ღრმად უნდა დაფიქრდეს იმ მისიაზე, რომელიც აკისრია"

"საქართველოში ტელევიზიის კოლექტიური მართვა ვერ გაამართლებს"

"კვირის პალიტრის" მომდევნო გვერდებზე ვრცლად იხილავთ მასალას, რომელიც გულგრილს ალბათ, სტალინის დროინდელ "ვერტუხაებსაც" (ე.წ. "ლაგერების" ზედამხედველები) არ დატოვებდა. კერძოდ, კოლეგებმა მითხრეს პატიმარს, ექიმების დასკვნით, ესაჭიროებოდა ოპერაცია, ციხიდან წაიყვანეს კიდეც ქირურგიის ინსტიტუტში, მოამზადეს ოპერაციისთვის, კათეტერები ჩაუდგეს და... იმ მოტივით, რომ ბადრაგს შეურაცხყოფა მიაყენა, მოჰგლიჯეს კათეტერები და შეაბრუნეს საკანში.

არ იფიქროთ, ახალაიას ან კალმახელიძის მინისტრობის დროინდელ ამბავს ვყვები - ეს მოხდა ახლახან, სოზარ სუბარის მინისტრობისას, რაც ადასტურებს, რომ კოლექტიური "ვერტუხაები" დღესაც კომფორტულად გრძნობენ თავს. რა მნიშვნელობა აქვს, მძიმე ავადმყოფ პატიმარს ოპერაციის გაუკეთებლობით დასჯი თუ პირდაპირ საოპერაციოში მიახვრეტ. სოზარ სუბარს და მის კოლეგებს კი ვურჩევთ, კარგად გააანალიზონ, საიდან დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლების დაცემა და რას შეეწირა. ამასვე ურჩევს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე, რომელიც ზემოხსენებულ ფაქტს აღმაშფოთებლად მიიჩნევს.

- გასაგებია, რომ სასჯელაღსრულების სისტემის დაბალ რგოლებში ძველი კადრები მუშაობენ და ისინი მენტალიტეტს ვერ შეიცვლიან. მე სხვა რამ მაკვირვებს - არსებობს ჰიპოკრატეს ფიცი და თუ პატიმარი საოპერაციოდ გამზადებული იყო, როგორ გამოუშვეს ექიმებმა საავადმყოფოდან?! მისთვის აუცილებლად უნდა გაეკეთებინათ ოპერაცია და შემდეგ, თუ საჭირო იქნებოდა, დაემატებინათ სასჯელი. ასე ხდება იმ სახელმწიფოებში, სადაც კანონი კანონობს. სიმართლე გითხრათ, ამ ამბავში ყველაზე მეტად სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობის პოზიცია მაოცებს, განსაკუთრებით სოზარ სუბარის, რომელიც ადრე სახალხო დამცველი იყო. ალბათ, მაშინ ეს ამბავი რომ გაეგო, ქვეყანას შესძრავდა. რას ვიზამთ, ეტყობა, ძალაუფლება მაინც რყვნის ადამიანს. სუბარი ღრმად უნდა დაფიქრდეს იმ მისიაზე, რომელიც აკისრია.

- მინისტრად დანიშვნისას სუბარმა თავისი მისია ასე ჩამოაყალიბა - სასჯელაღსრულების სისტემის გაადამიანურება. თუმცა ამ სფეროს გაადამიანურების არაფერი ეტყობა - ხან ცემით კლავენ პატიმარს და ხან დასჯის მიზნით ოპერაციას არ უკეთებენ. Mმესმის, რომ მსჯავრდადებულებიც არ არიან ფრთიანი ანგელოზები...
- დიახ, ზოგჯერ პატიმრები არაადეკვატურად იქცევიან, მაგრამ ეს არ გაძლევს უფლებას, მათ წინააღმდეგ არაადამიანური მეთოდები გამოიყენო. პირდაპირ ვიტყვი - თუ სოზარ სუბარი თავის მისიას ვერ ართმევს თავს, კეთილი ინებოს და გადადგეს.

- "ნაციონალებმა" გაავრცელეს სქემა, რომელშიც აღნიშნულია, კონკრეტულ ციხეს რომელი კრიმინალური ავტორიტეტი აკონტროლებს. გასაგებია, რომ სააკაშვილის თანაგუნდელებმა ეს პოლიტიკური მიზნით გააკეთეს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს პრობლემა არსებობს და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იჩინა თავი.
- უკვე სამი საუკუნეა, ციხეებს კრიმინალური ავტორიტეტები მართავენ. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალებმა" ე.წ. კანონიერ ქურდებს ბრძოლა გამოუცხადეს, ციხეებს ისინი სწორედ კრიმინალური ავტორიტეტების მეშვეობით მართავდნენ. თუნდაც ზემოხსენებულ სქემას როგორ შეადგენდნენ - მათ კარგად მოეხსენებოდათ, ვინ რას წარმოადგენდა ციხეში და რომელ საპყრობილეს აკონტროლებდა. სწორედ "ნაციონალებმა" შეიმუშავეს ეს სქემა და მისი მეშვეობით მართავდნენ ციხეებს.

- სუბარის უწყებამ გაავრცელა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის, გაგა მკურნალიძის წერილი, რომელშიც ის მინისტრს პასუხობს, - სუბარი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს მე "ვნიშნავდი" კრიმინალურ ავტორიტეტებსო. თუმცა ამ წერილში მთავარია მკურნალიძის შემდეგი ფრაზა, - პატიმართა შორის ურთიერთზეგავლენის მოსპობა შეუძლებელიაო. შეიძლება ვცდები, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ წერილის გამოქვეყნებით სუბარის უწყება თავის მართლებას ცდილობს, - ჩვენ რას გვერჩით, თვით მკურნალიძე, რომელიც შიშის ზარს სცემდა პატიმრებს, ვერ აგვარებდა ამ პრობლემასო.
- არ არის გამორიცხული. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული პრობლემა ნელ-ნელა, ხავერდოვანი გზით უნდა მოგვარდეს. ოღონდ არა ერთი ხელის დაკვრით, რადგან ამას შესაძლოა, სისხლის ღვრა მოჰყვეს. ციხე იდეალური არსად არის, არც ამერიკაში და არც სხვა განვითარებულ ქვეყნებში. მთავარია, ნეგატიური მოვლენები არ გახდეს სისტემის ნაწილი, სწრაფად მოხდეს რეაგირება და რაც მთავარია, რეაგირების მეთოდები სწორი იყოს. როდესაც დავინახავ, ციხეებში ასეთი პროცესები დაიწყო, ვიტყვი, რომ სასჯელაღსრულების სისტემა სწორ გზაზე დგას.

- ციხეებთან დაკავშირებული თითოეული ინციდენტით თუ ტრაგიკული შემთხვევით მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალები" აქტიურად ცდილობენ ქულების დაწერას.
- სააკაშვილს პატიმრების თემით სპეკულირება და ქულების დაწერა არ გამოუვა. ქართველი ერი ბეცი და ტლუ არ არის. ყველას კარგად ახსოვს, რა ხდებოდა ციხეებში მაშინ და რა ხდება ახლა. დღეს ცალკეულ ფაქტებსა და დარღვევებზე ვსაუბრობთ, სააკაშვილის დროს კი ციხეებში არაადამიანური მოპყრობა სისტემის ნაწილი იყო.

- იქნებ სააკაშვილის განცხადებები დასავლეთზეა გათვლილი?
- არც დასავლეთში არიან ბეცები. სააკაშვილი თავის მართლებას ცდილობს, რაც ყოველგვარ აზრს მოკლებულია.

- თქვით, არც დასავლეთში არიან ბეცებიო. თუმცა გასულ კვირას "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტმა გუნარ ჰოკმარკმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც სააკაშვილის დემოკრატობაზე ლაპარაკობს და "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს პოლიტიკური ოპონენტების დევნა-შევიწროებაში.
- რას ვიზამთ, არ უნდათ "ევროპის სახალხო პარტიაში" სიმართლის გაგება. ისინი ისევ ცდილობენ, გადაარჩინონ ის ინვესტიცია, რომელიც პირადულ თუ პარტიულ დონეზე მიხეილ სააკაშვილში ჩადეს. მათი მცდელობა განწირულია დამარცხებისთვის, რადგან იმას ჰგავს, ცუდი კარტი რომ გქონდეს, არც ერთი კოზირი არ გეჭიროს და მაინც ცდილობდე პარტიის მოგებას.

- გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი ამბავი "მე-9 არხის" გარშემო განვითარებული მოვლენები იყო. საზოგადოების აზრი ორად გაიყო: ერთნი მიიჩნევენ, რომ ივანიშვილი მართალია და პოლიტიკოსების პირადი ტელევიზიების დრო წარსულს უნდა ჩაჰბარდეს. სხვანი კი აცხადებენ - პრემიერს აუცილებლად უნდა გაეწია ანგარიში არხის კოლექტივისთვის და ტელეკომპანიის შენარჩუნების რაღაც ფორმა მოეფიქრებინაო.
- ბიძინა ივანიშვილმა ნახა, რომ ვერ მოხერხდა კარგი ტელევიზიის გაკეთება და პროექტის შეჩერება გადაწყვიტა.

ეს მისი, როგორც მფლობელის, უფლებაა. ისიც კარგად მესმის, რომ მას, როგორც პრემიერ-მინისტრს, არ სურს ჰქონდეს ტელევიზია. მით უმეტეს, როგორც თვითონ განაცხადა, ეს პროექტი ყოველ წელს 12 მილიონ დოლარს აკარგვინებდა და შემოსავალს არ აძლევდა. თუმცა ალბათ, შეიძლებოდა, ეს ყველაფერი უფრო ხავერდოვნად განხორციელებულიყო. ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, ყველაზე გაუგებარი იყო არხის გენერალური დირექტორის ლუბა ელიაშვილის პოზიცია, რომელმაც 1-ელ სექტემბრამდე დახურა ტელეკომპანია. არადა, არხს, თუ მისი გაყიდვა გინდა და მყიდველებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, აუცილებლად უნდა ემუშავა 1-ელ სექტემბრამდე. ეს მიუთითებს, რომ ლუბა ელიაშვილი დაინტერესებული იყო, არხი შეეძინა ტელეკომპანია "იბერიას", არც მალავდა, რომ ზაზა ოქუაშვილი მისი ახლობელი იყო და თუ ის შეიძენდა ამ ტელევიზიას, თვითონ თანამდებობას შეინარჩუნებდა.

- ისიც უნდა ვთქვათ, რომ "იბერიის" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა უარი თქვა არხის შეძენაზე და წარმატება უსურვა საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც სააქციო საზოგადოებას ქმნიან და ივანიშვილს სთავაზობენ, რომ არხის შესაძენად საჭირო თანხას ეტაპობრივად დაფარავენ.
- ჩემი აზრით, საზოგადოების ამ საინიციატივო ჯგუფის წინადადება პრემიერს არასერიოზულად მიაჩნია, თორემ რაიმე ფორმით გამოეხმაურებოდა. თავად იდეასაც სკეპტიკურად ვუყურებ. საქართველოში კომპანიის, მით უმეტეს ტელევიზიის კოლექტიური მართვა ვერ გაამართლებს.

- ზემოთ თქვით, რომ ივანიშვილმა ნახა, კარგი ტელევიზიის გაკეთება ვერ მოხერხდაო. ანუ "მე-9 არხი" რეიტინგული რომ ყოფილიყო, ივანიშვილი მას არ დაუპირებდა გასხვისებას თუ დახურვას?
- "მე-9 არხი" რეიტინგული რომ ყოფილიყო, ივანიშვილი არ გაყიდდა. ამ ტელეკომპანიაში იყო არა ფულის ან ჟურნალისტების, არამედ მენეჯმენტის პრობლემები.

- ასეთი ვერსიაც გავრცელდა, - ივანიშვილს რეალურად ყველაზე მეტად არხის დახურვა აძლევს ხელს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ მესამე თუ მეოთხე პირების მეშვეობით არხი მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა შეიძინონო.
- არა მგონია, რომ ეს საფრთხე პრემიერს რეალურად მიაჩნდეს. ივანიშვილს პოლიტიკური ოპონენტების ტელევიზიების რომ შინებოდა, "რუსთავი 2"-ს ისევე მოექცეოდა, როგორც სააკაშვილი ექცეოდა მისადმი კრიტიკულად განწყობილ არხებს, და ა.შ. ბიძინა ივანიშვილი ძალიან კარგად მიხვდა, რომ დეზინფორმაცია საქართველოში ვეღარ გაიმარჯვებს. ეს დადასტურდა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე. ნუ ჰგონიათ "მე-9 არხისა" და "მაესტროს" ჟურნალისტებს, რომ მათ გადაარჩინეს საქართველო. რეალურად, საქართველო გადაარჩინა ქართველი ხალხის სიბრძნემ, რომელმაც კარგად ისწავლა ერთმანეთისგან სიმართლისა და დეზინფორმაციის გარჩევა.

- ალბათ, ბედის ირონიაა, რომ სააკაშვილი "მე-9 არხს" გამოექომაგა...
- მე მხოლოდ ერთს ვიტყვი ამ საკითხზე - ძალიან მაშფოთებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

- ბიძინა ივანიშვილმა "ბლუმბერგთან" ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ახალ წლამდე დატოვებს პრემიერის თანამდებობას. მისივე თქმით, ქართველ საზოგადოებას პოლიტიკური კულტურა აკლია და ის ამ კულტურის ამაღლებას შეეცდება.
- გულწრფელად მივესალმები ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას. როგორც თვითონ თქვა ერთხელ, ბოლოს და ბოლოს, საქართველოში უნდა არსებობდეს პრეცედენტი, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობიდან კაცი მიდის ნებაყოფლობით. მეორეც - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ საზოგადოებაში ძალიან კარგ ადგილს დაიკავებს. ის ბიზნესმენია, ინვესტორია, უზარმაზარი რესურსები აქვს და თანამდებობაზე ყოფნისას კანონით შებოჭილია, არ აქვს უფლება, თავისი სახსრებით მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში. გარდა ამისა, ივანიშვილი, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი და "ქართული ოცნების" მთავრობის კეთილმოსურნე, ძალიან ბევრს შემატებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას.

- რატომ მიდის ივანიშვილი თანამდებობიდან ახალ წლამდე და არა მაგალითად, ახალი წლის შემდეგ?
- ქართველები სიმბოლოების მოყვარული ხალხი ვართ. ივანიშვილმა თქვა, რომ ხელისუფლებაში მოდის ერთი წლით ან წელიწად-ნახევრით და უნდა თავისი სიტყვა შეასრულოს.

- ვინ იქნება ივანიშვილის "მემკვიდრე? ბოლო დროს ყველაზე ხშირად საუბრობენ, რომ მომავალი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება.
- არა მგონია, თავად ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს გადაწყვეტილება ზუსტად მიღებული იმასთან დაკავშირებით, ვინ იქნება მომავალი პრემიერი. ამაზე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვისაუბროთ, რადგან ამ არჩევნების შედეგები მოახდენს ძალიან დიდ გავლენას იმაზე, ვინ იქნება პრემიერი. უფრო ზუსტად, ჩემთვის ნათელია, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, მაგრამ ამისთვის ერთი ტური იქნება საჭირო თუ ორი, სწორედ ეს იქნება განმსაზღვრელი მომავალი პრემიერის კანდიდატურის შერჩევისას.

- ივანიშვილის გადაწყვეტილება შეიძლება სიმბოლური და კეთილშობილური იყოს, მაგრამ საინტერესოა, რეალურად რას გამოიწვევს ეს მთავრობაში. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ხომ არ დაიწყებენ პოსტივანიშვილისეული დროისთვის მზადებას ან ეს მთავრობა პრემიერ ივანიშვილის გარეშე რამდენად ქმედუნარიანია?
- ჩემი აზრით, ეს მთავრობა ივანიშვილის გარეშე გაართმევს თავს ამოცანებს, თუ არადა, დაკომპლექტდება ახალი კაბინეტი. არის იმის რესურსი, რომ ბევრად უკეთესი მთავრობის შემადგენლობა გვყავდეს. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში დაკომპლექტდება ახალი მინისტრთა კაბინეტი. ვნახოთ, როგორი შემადგენლობა იქნება. ივანიშვილს არ უთქვამს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერობიდან მიდის. ასე რომ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრი არ დაინიშნება ივანიშვილის ნებართვის გარეშე.

- რომელიმე პრემიერმა რომ აღარ მოინდომოს ივანიშვილისთვის ანგარიშის გაწევა?
- იმედია, ნებისმიერ პრემიერს ეყოფა გამჭრიახობა, ივანიშვილს ანგარიში გაუწიოს. თუ ამას არ გააკეთებს, ის, როგორც პოლიტიკური ფიგურა, განწირული იქნება.