დაბალი პოლიტიკური კულტურა და მაღალი შანსი

დაბალი პოლიტიკური კულტურა და მაღალი შანსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვარაუდით, საქართველო ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას 3-4 წელიწადში შეძლებს, თუმცა ამ დროისათვის ბიძინა ივანიშვილი, მისივე თქმით, აღარ იქნება პოლიტიკურ თანამდებობაზე. მმართველი კოალიციის ლიდერმა 23 აგვისტოს ამერიკულ გამოცემა Bloomberg-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2014 წლის დადგომამდე აპირებს პოლიტიკიდან წასვლას. ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოს განვითარებას საზოგადოების დაბალი პოლიტიკური კულტურა აფერხებს. როგორ აპირებს პრემიერ-მინისტრი ვითარების შეცვლას და რამდენად რეალურია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის 3-4 წლიანი პერსპექტივა?

Bloomberg-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ უჭირს ზუსტი თარიღის დასახელება, თუ როდის მოხდება საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, თუმცა ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ პერსპექტივა რეალურია და არცთუ ისე შორეული:

„თუ სიტუაციას სწორად გავაანალიზებთ და მოვლენები ისე წარიმართება, როგორც მე წარმომიდგენია, 3-4 წელიწადში ჩვენ შევძლებთ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას".

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების კომენტირებისას პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც უდავოდ წაადგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას: პირველ რიგში, გაიზარდა პლურალიზმის ხარისხი, მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა:

„ყველაფერი ის, რაც მე ჩამოვთვალე, მოწმობს იმას, რომ საქართველოში დემოკრატიის ინდექსი გაცილებით უფრო მაღალია და, შესაბამისად, მიახლოებულია ნატოსა თუ ევროკავშირის სტანდარტებთან, ვიდრე იყო მანამდე. ამ ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ და თუ ასეთივე ტემპით განვითარდება პროცესები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ივანიშვილის განცხადების ერთ-ერთი საფუძველი“.

თუმცა პოლიტიკის ექსპერტებს არარეალურად მიაჩნიათ პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული ვადა. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელის გია ნოდიას თქმით, განსაკურთებით საეჭვოა ევროკავშირში 3-4 წელიწადში ინტეგრაციის პერსპექტივა.

„ნატოში შესვლა პრინციპში შესაძლებელია, რადგანაც საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნების დეფიციტთან ნატოს ხელმძღვანელობის მხრიდან, და თუ მოულოდნელი რამ მოხდა მსოფლიო პოლიტიკაში და ნატომ რატომღაც მოინდომა საქართველოს მიღება, ამას წინ ვერაფერი დაუდგება, მაგრამ ევროკავშირს იმგვარი მოთხოვნები და პროცედურები აქვს, რომ პრინციპულად წარმოუდგენელია. ასე რომ, ჩემი აზრით, ცოტა არასერიოზული განცხადებაა!“ - უთხრა გია ნოდიამ რადიო თავისუფლებას.

ამასთან, საზოგადოებას ახსოვს ბიძინა ივანიშვილის მიერ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაკეთებული სხვა განცხადებაც, სადაც პრემიერ-მინისტრი სულ სხვა ვადაზე ლაპარაკობდა:

„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება გახლავთ ის, რომ დაახლოებით 20 წელიწადში მივიღოთ ევროპული ტიპის საზოგადოება“.

23 აგვისტოს Bloomberg-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა იმაზეც ილაპარაკა, თუ რა უშლის საქართველოს პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. პრემიერ-მინისტრი მზად არის დატოვოს პოლიტიკური თანამდებობა და ისე მიიღოს მონაწილეობა საზოგადოების ტრანსფორმაციაში:

"ვფიქრობ, ახალ წლამდე პოლიტიკიდან წავალ და აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას გავაგრძელებ. ჩემი აზრით, ჩვენი პრობლემა არა მთავრობაში, არამედ საზოგადოებაშია, რომელიც ძალიან გამოუცდელია და მცირე პოლიტიკური კულტურის მატარებელია. ყველაფერს ვიღონებ მათი პოლიტიკური კულტურის ასამაღლებლად".

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების კომენტირებისას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით ცდილობს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას:

„პრემიერ-მინისტრის აქცენტი არის, ჩემი აზრით, ერთადერთი და სწორი, როცა ამბობს, რომ უმთავრესია შევეშველოთ, შევეხიდოთ ჩვენს საზოგადოებას განვითარებაში, რომ საზოგადოებაა უპირველესი და აქედან გამომდინარეა ჩვენი პოლიტიკური პრცესი“.

თუმცა საზოგადოების ნაწილი „პრემიერ-მინისტრს“ ბუნდოვანების გამო საყვედურობს. ფილოსოფოს ლელა გაფრინდაშვილის თქმით, საზოგადოებასთან აქტიური დიალოგის გარეშე შეუძლებელია საზოგადოების რეალური საჭიროებების განსაზღვრა:

„როდესაც ადამიანი ასეთ განცხადებას აკეთებს, მეტ-ნაკლებად უნდა საუბრობდეს იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა მისი ამგვარი განცხადება. არგუმენტები უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ ამა და ამ სფეროში გვჭირდება ასეთი და ასეთი დახმარება! საზოგადოებას უნდა ჰკითხო, რაში სჭირდება მას დახმარება, სჭირდება თუ არა მას საერთოდ დახმარება და სჭირდება თუ არა დახმარება პრემიერ-მინისტრისგან“.

ლელა გაფრინდაშვილის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერ-მინისტრი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მთავარ მიზეზად საკუთარ პოლიტიკურ გუნდს ან ზოგადად პოლიტიკურ კლასს კი არ ასახელებს, არამედ საზოგადოებას, მისი განცხადება, გარკვეულწილად, შეურაცხმყოფელიც კია. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ნოდია კი მიიჩნევს, რომ ვის და პრემიერ-მინისტრს ნამდვილად არ ეთქმის საყვედური ქართული საზოგადოების მიმართ.

„პოლიტიკური კულტურა რომ გვაკლია, ამას ბევრი არაპოლიტიკოსი ამბობს და გარკვეული საფუძველიც არსებობს, მაგრამ როცა ამას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობს, ნუ, ეს ცოტა უცნაურია და კომიკურ ელფერს იძენს, იმიტომ რომ მაშინვე შეიძლება გაგიჩნდეს აზრი: რომ ყოფილიყო უფრო მაღალი პოლიტიკური კულტურა საქართველოში, ასეთ სრულიად გამოუცდელ პოლიტიკოსს, რომელსაც პოლიტიკური პროგრამაც კი არ ჰქონდა, პრემიერ-მინისტრად არ აირჩევდნენ“, უთხრა გია ნოდიამ რადიო თავისუფლებას.