“დღევანდელი ხელისუფლება არის ნაძირლების და კრიმინალების ხელისუფლება”, _ ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციის _ „ყოფილი პოლიტპატიმრები _ ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ ქართულ საინფორმაციო სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენ”-თან საუბრისას მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმე დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გიორგი გაბედავა დააკავეს (მოგვიანებით, გაბედავა გაათავისუფლეს). ნანა კაკაბაძისგან ასეთი მკვეთრი პოზიციის გამოხატვა, ცოტა არ იყოს, თვალშისაცემია, რამეთუ უფლებადამცველი არცთუ დიდი ხნის წინ, “ოცნების” მხარდამჭერი იყო... საერთოდ, კაკაბაძის მიმართ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. ზოგი თვლის, რომ “მხედრიონის” თაყვანისმცემელი ქალბატონი ქვეყანაში “მხედრიონის” ეპოქის დაბრუნებას ცდილობს. ისე, “ქართულ სიტყვასთან” ინტერვიუში ქალბატონი ნანა “მხედრიონის” აწგანსვენებულ ლიდერ ჯაბა იოსელიანს “უდიდეს პოლიტიკურ ფიგურას” უწოდებს... მაშ ასე, იყო თუ არა “მხედრიონის” წევრი, რა უნდა და რატომ აქვს პოლიტპატიმრებზე გავლენა? _ “ქართული სიტყვა” ნანა კაკაბაძეს ესაუბრა
_ ქალბატონო ნანა, საზოგადოებრივ ასპარეზზე ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, 18 წლის ასაკში გამოხვედით... რისთვის იბრძვით?
_ ყველას ჰგონია, ეს ქვეყანა მასზე ძლიერ არავის უყვარს.... მგონია, რომ ჩემი ქვეყანა დედამიწის ზურგზე ყველაზე კარგია და ჩემი ვალია, მისი კეთილდღეობისთვის ვიბრძოლო. ადამიანს დაბადებიდან აქვს ჯვარი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდა ატაროს და ქვეყნის წინაშე ვალი პირნათლად მოიხადოს. ალბათ, ჩემი გზაც ეს არის, რადგან ამ ბრძოლაში 18 წლიდან ვარ ჩართული. ისეთი ხალხის გარემოცვაში ვიყავი, რომელსაც ეს ქვეყანა ძალიან უყვარდა, ერთად ვიბრძოდით სახელმწიფოებრიობისთვის, თავისუფლებისთვის და ვცდილობდით, ქვეყნის ღირსება დაგვეცვა.
_ როგორც ვიცი, 1978 წელს მილიციელის ცემის ბრალდებით დაგაპატიმრეს...
_ თანამებრძოლებთან ერთად, რთული გზა გამოვიარე, მაგრამ არ დავღლილვარ... ალბათ, ეს მეწერა, ესაა ჩემი გზა...
_ და ამ ბრძოლამ თქვენში ქალი ხომ არ დაჩრდილა?
_ მესმის, რასაც გულისხმობთ... ამაზე არასოდეს მიფიქრია... საბჭოთა კავშირის ციხეები მაქვს მოვლილი... ისეთი გამძლეობა, რაც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში დამჭირდა, მაშინაც არ დამჭირვებია. ცხოვრება, საქმე გკარნახობს, თუ როგორი უნდა იყო... თუ ქალისთვის პრიორიტეტია, საზოგადოებას თავი ისე “მიაწოდოს”, როგორც ქალი, ალბათ, მაშინ იმიჯზე ზრუნვა მისთვის, ალბათ, მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ქალს სხვა ინტერესები აქვს _ იბრძოლოს ქვეყნისა და იმ საზოგადოების უფლებებისთვის, რომლის წევრიც თავადაცაა, გარეგნობა და იმიჯზე ზრუნვა მეორეხარისხოვანი ხდება...
_ რა ამის პასუხია და, ამასწინათ განაცხადეთ, ახალი ხელისუფლება კრიმინალების ხელისუფლებააო. ამ ფონზე, საინტერესოა, როდის იყავით გულწრფელი _ როცა ახალ ხელისუფლებას კრიმინალს ადარებდით თუ მაშინ, როცა “ოცნებას” ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ, ასე ვთქვათ, გზად მიიჩნევდით?
_ არ მითქვამს, რომ ახალი ხელისუფლება კრიმინალია. ვთქვი, რომ ახალი ხელისუფლება სუსტი და უუნაროა. სამწუხაროდ, ეს ფაქტია... ბრეჟნევს, ანდროპოვს მოვესწარი, შევარდნაძის ეპოქაშიც ვიცხოვრე და სააკაშვილის ხელისუფლებაც ვნახე, მაგრამ ერთი ხელისუფლების მიმართაც არ მქონია ისეთი დადებითი დამოკიდებულება და მოლოდინი, როგორც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ მქონდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლებას იმედით ვუყურებდი, რადგან ჰქონდა შესაძლებლობა, ქვეყანა გადაერჩინა. დარწმუნებული ვარ, პირველი ოქტომბრის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი არ ელოდა იმ შედეგს, რომელიც დაფიქსირდა... ქართველ ხალხში გადარჩენის შინაგანმა ინსტიქტმა გაიღვიძა _ მთელი ქვეყანა საარჩევნო ყუთებისკენ დაიძრა და ეს იმდენად დიდი ძალა იყო, რომ “ნაციონალებს” გაყალბებამაც ვეღარ უშველა.
_ ახალი ხელისუფლების სისუსტედ და უუნარობად მაინც რას თვლით?
_ მეუბნებიან, ხომ გინდოდა, მიშას ხელისუფლებას ბოლო მოღებოდა და კრიმინალი აღკვეთილიყო, ხომ არ მოგწონდა, “ნაციონალები” გადაწყვეტილებებს სწრაფად რომ იღებდნენ, რასაც უარყოფითი შედეგები მოჰყვებოდაო. სწრაფი სასამართლო და გამოძიება იმას ნიშნავდა, რომ არ ეძებდნენ მტკიცებულებებს, ანუ საქმეებს კერავდნენ, რომელთა გამოც მსოფლიოში სამარცხვინო ქვეყანა გავხდით, სადაც პატიმართა რაოდენობამ იმატა და სავალალო შედეგიც მივიღეთ... ძველ ხელისუფლებას პროფესიონალები არ სჭირდებოდა, რადგან ყველაფერს ორი ადამიანი წყვეტდა და პროკურორები და გამომძიებლები ფოსტალიონებივით მოქმედებდნენ, ანუ “ზემოთ” მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებამდე მიჰქონდათ.
ახალი ხელისუფლება ამ პრაქტიკაზე უარს ამბობს, რასაც ნაწილობრივ ვეთანხმები, ნაწილობრივ _ არა. პოლიტპატიმრები ცხრა წლის განმავლობაში ჩამოშორდნენ თავიანთ პროფესიას და, ნებით თუ უნებლიედ, დაბალი ხარისხის პროფესიონალებად იქცნენ და დღეს კონკურსებში რომ მიიღონ მონაწილეობა, სჭირდებათ უნარ-ჩვევების ჩაბარება, რაც ამ კონკურენციის ფარგლებში თავისთავად გაუჭირდებათ. ამიტომ ისევ “ნაცმოძრაობა” იმარჯვებს. ამ ადამიანებმა თავიანთი ცხოვრება, სამსახური, ქონება და პროფესია შესწირეს ქვეყნის ინტერესებს. მათ უნარ-ჩვევების ჩაბარება არ სჭირდებათ...
_ ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ სახელმწიფო პოლიტპატიმრებზე არ ზრუნავს?
_ რა თქმა უნდა, ახალი ხელისუფლება მათთვის არაფერს აკეთებს. არადა, ხელისუფლება ვალდებულია, ისინი უკან, სამსახურებში დააბრუნოს. ამასთან, უნდა ჩაუტაროს სემინარები, თრეინინგები და აუმაღლოს კვალიფიკაცია...
_ 19 მაისს სპორტის სასახლეში გამართულ ე.წ. პოლიტპატიმართა ყრილობაზე პრემიერმა ბრძანა, ვიღაცა ქვეყნის შიგნიდან არევას ცდილობსო. ბიძინა ივანიშვილის ამ სიტყვების გამო ხომ არ გადაწყვიტეთ “ოცნებაზე” შურისძიება?
_ არ განვეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც უმადურები არიან. ბიძინა ივანიშვილმა სულ რომ საშინელებები ჩაიდინოს, უნებურად ან შეგნებულად, ქვეყანა გადაარჩინა და ამას ვაფასებ. სხვათა შორის, როცა მისი სახელით შემომითვალეს, რომ გადამედო ღონისძიება, რომელიც 14 აპრილს მქონდა დანიშნული, ეს თხოვნა გავითვალისწინეთ. “ნაციონალებს” აქცია ჰქონდათ 19 აპრილს და პრემიერი ფიქრობდა, რომ შეიძლება, 14 აპრილს ღონისძიებამ ვითარება დაძაბოსო.
პოლიტპატიმართა ყრილობასთან დაკავშირებით კი, პრემიერმა განაცხადა, სამოქალაქო საზოგადოება ხომ არ ცდილობს, მმართველობის ფუნქციები შეითვისოსო. თუ ასე ჩანს, კარგიცაა, რადგან საზოგადოება აქტიურად უნდა ერთვებოდეს ქვეყნის ცხოვრებაში. ივანიშვილის გამონათქვამში პრობლემას ვერ ვხედავ და მისი პრობლემაა, თუ ფიქრობს, რომ ქვეყნის მართვაში საზოგადოება აქტიურად არ უნდა იყოს ჩართული. მთელი დემოკრატიული სამყარო ამისთვის იბრძვის.
ჩვენ ქვეყანას კი, იმდენი პრობლემა აქვს, რომ მცირერიცხოვანი საზოგადოება ამ პრობლემების მოგვარებას არც ეყოფა. ჩვენი ვალია, ვიყოთ ძალიან აქტიურები, რათა მდგომარეობა გამოსწორდეს!
_ საზოგადოება ქვეყნის ცხოვრებაში, ცხადია, უნდა ერეოდეს, მაგრამ ხშირად “მხედრიონულ” წარსულს გახსენებენ... ქალბატონო ნანა, “მხედრიონის” წევრი ოფიციალურად იყავით?
_ იმ დროს “მხედრიონში” ქალები არ იყვნენ, თუმცა “მხედრიონელებს” ვიცავდი და ეს მეამაყება, რადგან მათი დიდი ნაწილი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა. ყველგან არიან კარგები და ცუდები... არეული დრო იყო და ვიღაცა ვიღაცის სახელით სარგებლობდა... ეს იყო ომის პერიოდი, ომს პოლიტიკოსები იწყებენ, პოლიტიკოსები ამთავრებენ და პოლიტიკოსები აგებენ. ომი ქველმოქმედება და სიკეთე არ არის, ომი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა... სწორედ ამ ომში იყო ჩართული “მხედრიონიც” და ეს იმდენად მძიმე პერიოდი იყო, რომ მისი ცალსახად შეფასება ძნელია.
_ საზოგადოების ნაწილი “მხედრიონელების” სისასტიკეზეც საუბრობს, ქალბატონო ნანა...
_ ერთი საქმე მანახეთ, რომ “მხედრიონელები” სისასტიკეს ჩადიოდნენ... ამის ფაქტი არ არსებობს! “მხედრიონის” წინააღმდეგ ოცზე მეტი სასამართლო პროცესი ჩატარდა... ვიცი, მათ რასაც ედავებოდნენ... რაზეც ვსაუბრობთ, ამის მტკიცებულებები უნდა გვქონდეს და თუ მტკიცებულებები არ არსებობს, მაშინ ზედმეტი შეფასებებისგან თავი უნდა შევიკავოთ... არ არსებობს თემა, რომელიც ჩემს ირგვლივ არაა აგორებული, მაგრამ ამის რა მტკიცებულება არსებობს? თუ მოვინდომე, თქვენს წინააღმდეგ შემიძლია, გავავრცელო ინფორმაცია, რომელიც თქვენთვის ყველაზე მტკივნეული იქნება, თქვენ თავს როგორ დაიცავთ?
საბჭოთა კავშირის დროს ერთმანეთის ირგვლივ ავრცელებდნენ ჭორებს. მაგალითად, რომელიმე ჩეკისტის ცოლი მოუყვებოდა მეზობელს, ის კიდევ _ სხვას და ჭორს მთელი ქალაქი იგებდა... ვიცი, ამ ომში როგორ იხოცებოდნენ ეს ადამიანები, როგორ წირავდნენ შვილებს, ოჯახის წევრებს... ეს ჩემთვის საამაყოა.
_ და რას ედავებოდნენ “მხედრიონელებს”, ქალბატონო ნანა?
_ არ ვიცი, როგორ გითხრათ... როგორ აგიხსნათ... აი, ძალა ყოველთვის არის დევნის ობიექტი, დევნა ხდება სხვადასხვა მეთოდით. “მხედრიონი” იმ დროს შეიარაღებული ფორმირება იყო, მაგრამ არა _ უკანონო. როგორ შეიძლება, პარლამენტი უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას უშვებდეს ომში? “მხედრიონი” კანონიერი შეიარაღებული ფორმირება იყო, მაგრამ თუ მის მიმართ არსებობს კონკრეტული პრეტენზია, უნდა ვილაპარაკოთ, გამოვიტანოთ სასამართლო განაჩენები, მაგრამ ამის მიღმა რაც ხდებოდა, არ უნდა დაგვავიწყდეს... 800 ადამიანი, მათ შორის, _ ჭაბუა ამირეჯიბის შვილი, ჟურნალისტი საშა იოსელიანი “მხედრიონის” სახელით ჩაწვა მიწაში. ისინი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ. ამბობენ, ეს ადამიანები “მოროდიორები” იყვნენო, მაგრამ “მოროდიორი” სიცოცხლეს არ სწირავს, “მოროდიორი” ქურდობს...
ის, რაც 2008 წლის სამარცხვინო ბრძოლაში მოხდა, არ მომხდარა აფხაზეთის ომში.
_ რას გულისხმობთ?
_ მაშინ ყველა რუსმა ჯარისკაცმა იცოდა, რომ მათი მოწინააღმდეგე “მხედრიონელები” თავს შეაკლავდნენ. თუ იმ ომში ვინმე გმირულად იბრძოდა, ესენი “მხედრიონელები” იყვნენ და ამის არდაფასება უზნეობაა! თუ ვინმე “მხედრიონის” სახელით ჩადიოდა სისასტიკეს, ეს გამოსარკვევი და დასაგმობია!
2008 წლის სამარცხვინო ომში ქართველი ჯარისკაცები მამაცები და თავდადებულები იყვნენ, მათ ხელმძღვანელობას კი, ქვეყანა არ უყვარდა და ამიტომ, თავიანთ მანქანებს გამოასწრეს და ომიდან გამოიქცნენ! ჯაბა იოსელიანს კი, თავისზე წინ ერთი მეომარიც არ გაუშვია _ შვილთან ერთად, ყოველთვის წინაპლანზე იდგა. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ამას ვაფასებ.
_ ესე იგი, ჯაბა იოსელიანს განსაკუთრებულად აფასებთ და პატივს სცემთ...
_ რა თქმა უნდა. ის ძალიან სერიოზული ფიგურა იყო. ჯაბას სიძლიერე რომ არ ჰქონოდა, ასეთი ისტორიაც არ ექნებოდა, ისეთი ნაწარმოებები შექმნა და დატოვა... ის პროფესორი იყო... სამწუხაროდ, ცნობილ ადამიანებს და პროფესორებსაც უჭირთ ჯაბა იოსელიანის შემოქმედებაზე ლაპარაკი, მაგრამ სიმართლე ვიღაცამ ხომ უნდა თქვას? ამ ადამიანში იყო ეს გენი და პოტენციალი. სხვა არის, თუ როგორი კვალი დატოვა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით ამა თუ იმ ადამიანის თვალში, მაგრამ რეალობა რა არის? _ წელიწადნახევარი აფხაზეთში იყო, იბრძოდა... სულ რომ არ მცოდნოდა, ვინ იყო ჯაბა იოსელიანი, ვერ მივცემდი ჩემს თავს უფლებას, რომ მასზე ძვირი მეთქვა, რადგან ჩემი ქვეყნისთვის ჯაბა იოსელიანზე მეტი არ გამიკეთებია და მოდით, იმან გაკიცხოს, ვისაც ჯაბაზე მეტი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის!
_ ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა ქალმა მითხრა, ერთხელ, კაკაბაძე ქალთა კოლონიაში შემოვიდა, დირექტორის კაბინეტში დაჯდა და ქალებს შემოგვითვალა, ფეხები მტკივა და თუ ვინმეს საქმე გაქვთ, აქ ამოდითო...
_ არ მახსენდება, ქალთა კოლონიაში მსგავსი რამ მომხდარიყოს, მაგრამ იქნებ მოხდა, მერე, რა? ფეხები, მართლაც, მტკივა... მეორეც, ასე უფრო დროს დავზოგავდი... რომელი უფრო ჯობდა _ ბარაკ-ბარაკ მევლო თუ ჩემთან მოსულიყო ყველა, ვისაც პრობლემა ჰქონდა? თუ ვინმეს ჩემზე მეტად სტკიოდა ფეხი, მასთან მივიდოდი, მაგრამ როგორ მევლო ბარაკ-ბარაკ? _ 180 კილო ვარ...
_ „ნაციონალები“ ხუმრობენ, ნანა და მისი რაზმიო, მართლა მართავთ პოლიტპატიმრებს? მათზე გავლენა რატომ გაქვთ?
_ რაც შემეძლო, პოლიტპატიმრებისთვის ყველაფერი გავაკეთე _ მათ გამო ღამეები არ მეძინა. ამას კი არ ვამადლი, ეს ჩემი სურვილი იყო. ვიღაცისთვის სიამოვნებაა კინოში სიარული, ჩემთვის კი, ამ ადამიანების მსახურება იყო სიამოვნება. მათზე გავლენა არ მაქვს. უბრალოდ, ვეხმარებოდი, როცა ციხეში იყვნენ. დღეს კი, ჩემთან თავიანთი სურვილით მოდიან. ავუკრძალო? ოფისიდან ხომ არ გავყრი, ან რატომ უნდა გავყარო?
_ ქალბატონო ნანა, საზოგადოებაში უკიდურესი რადიკალიზმია, სიძულვილის ენაც ჭარბობს...
_ ადამიანები სოციალურმა ქსელებმა გააშიშვლეს. მართალია, თავად ფიქრობენ, რომ კარგ საქმეს აკეთებენ, რადგან სხვას ლანძღავენ, მაგრამ რეალურად, საკუთარ თავს წარმოაჩენენ. როცა ადამიანი რადიკალია და არგუმენტები აქვს, ეს არგუმენტები საინტერესო და მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა არგუმენტები არ გაქვს და რაღაც კარიკატურებს ქმნი და იგინები, ამით შეურაცხყოფას საკუთარ თავს აყენებ. ეს არაა დემოკრატიის მონაპოვარი. საბჭოთა პერიოდში ამასთან დაკავშირებით აკრძალვები იყო _ თუ იყავი უვარგისი და გაუზრდელი, კანონმდებლობა გბოჭავდა. შეიძლება, ამისთვის ციხეშიც ჩაესვი, რადგან ყველაფერი ეს ხულიგნობად ითვლებოდა. ასეთი ადამიანი საზოგადოებაზე ახდენს გავლენას და შეიძლება, ამ უარყოფით დამოკიდებულებაში სუსტიც ჩაითრიოს. ეს არაა სიტყვის თავისუფლება, ეს უზრდელობაა!.
_ ესე იგი, მომხრე ხართ, რომ დემოკრატიულ საქართველოში ბილწსიტყვაობა დასჯადი გახდეს?
_ დიახ, კარგი იქნება, რადგან დღეს არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც მოზარდ თაობას უზრდელობისაგან დავიცავთ. როდესაც გარემო დაბინძურებულია, შეიძლება, კიდევ უფრო თავხედი თაობა აღიზარდოს.
_ ...კოჰაბიტაციის შედეგებს როგორ აფასებთ?
_ მგონი, ხელისუფლებას საერთოდ არ აქვს გააზრებული, თუ რა არის კოჰაბიტაცია. განსხვავებული აზრის მიღება ნებისმიერ ცივილიზებულ ადამიანს უნდა შეეძლოს, მაგრამ კრიმინალთან თანაარსებობა დანაშაულის თანამონაწილეობაა. აი, ესაა განსხვავება. თუ კრიმინალთან თანაარსებობისკენ მოუწოდებ საზოგადოებას, მაშინ უნდა ახსნა, რად გინდა ქვეყანაში ციხეები. თუ კრიმინალის პოლიტიკა უნდა გავიზიაროთ და მათ გვერდში უნდა ვიყოთ, მაშინ უნდა აუხსნათ ყველა იმ ადამიანს, ვინც ციხეში ზის, თუ რატომ ზის ციხეში. განსხვავებული აზრი და კრიმინალი გასამიჯნი ორი მიმართულებაა და ამას კოჰაბიტაციასთან საერთო არაფერი აქვს. ამიტომაც, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, სასიკეთო რეალურად არაფერი გაკეთებულა... დასავლეთის ზეწოლაა, რომ კრიმინალები არ დაისაჯონ. აშშ-ის ერთ-ერთი პრეზიდენტის სიტყვებია: „ის ცუდია, მაგრამ ჩვენია”. მახსენდება ძველი გამოთქმაც: ავს თუ ავი არ დავარქვი, კარგს სახელად რა ვუწოდო?!“ აქ მხოლოდ სააკაშვილზე არ არის ლაპარაკი, აქ მთელი გუნდი იგულისხმება.
_ დღეს “ნაცმოძრაობაში”, თქვენი აზრით, ყველაზე ძლიერი ფიგურა ვინაა?
_ საყრდენი ლევან რამიშვილია.
_ რომელი საპრეზიდენტო კანდიდატია თქვენთვის მისაღები?
_ ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც უფლება არ აქვს, მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში, დავით ბაქრაძეა _ თვითონ სულ რომ არაფერი ჰქონდეს ჩადენილი, იმ გუნდის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს, რომელსაც წარმოადგენს. რაც მისმა გუნდმა ამ ქვეყანაში გააკეთა, ამის გამო, თუ ციხეში არ მიდის, პოლიტიკიდან მაინც უნდა წავიდეს. ისე, ცივილური მიდგომები რომ ყოფილიყო, ბაქრაძე დღეს ციხეში იქნებოდა და არა მხოლოდ ბაქრაძე, მაგრამ მდორე სიტუაციაა _ ბაქრაძეს ამის უფლება ხელისუფლებამ მისცა, ხელისუფლება კი, ზეწოლას განიცდის...
_ ვისგან?
_ დასავლეთისგან, შეიძლება, ზეწოლა რუსეთიდანაცაა. “ნაციონალები” ორივესთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ და არ გეგონოთ, რომ ფულს მხოლოდ დასავლეთის ლობისტებში ხარჯავდნენ... ეს ბინძური პოლიტიკაა, რომლის გაშიფვრასაც საზოგადოება არ უნდა ელოდოს... ასეა თუ ისე, ფაქტია: ეს კრიმინალები დღეს ხელისუფლებაში რჩებიან, რადგან ჰყავთ მფარველები _ ისინი, ვინც “ნაციონალები” პოლიტიკაში მოიყვანა და ვინც მათ აფინანსებდა...
საზოგადოებას აქვს აჯანყების უფლება, მაგრამ ვიმედოვნებ, დღევანდელი ხელისუფლება აქამდე არ მიიყვანს საზოგადოებას და შეძლებს, რომ მინიმალური ნაბიჯები მაინც გადადგას. როცა მერაბიშვილისა და ახალაიას სათანადო გასამართლებას ვერ ახერხებენ, ეს ქვეყნის სირცხვილი და ერის შეურაცხყოფაა! პროკურატურაც სუსტია.
_ არჩილ კბილაშვილის კომპეტენტურობას თქვენც ეჭვქვეშ აყენებთ?
_ არ შეიძლება, ყველაფერზე პასუხი ერთ ადამიანს მოვთხოვოთ, პროკურატურაში სხვა ადამიანებსაც აქვთ დიდი პასუხისმგებლობა. ცალსახაა, რომ პროკურატურა სუსტია. ისიც ცალსახაა, რომ კბილაშვილისნაირი წესიერი პროკურორები გვჭირდება, მაგრამ პროკურორი უნდა იყოს უფრო აქტიური და პრინციპული. პროკურატურაში 80% ძველი კადრებია. ამიტომაც, საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენის განცდა არა.