"ქართულ ოცნებას საგანელიძე და ახვლედიანი შლიან".

"შემიძლია პირდაპირ გითხრათ, საპრეზიდენტო არჩევნების წინ "ქართულ ოცნებას" ბევრი ხალხი რომ ტოვებს, ეს შემაშფოთებელი მოვლენაა. მე ვფიქრობ ამ ყველაფერს გარკვეულწილად ახსნაც აქვს. ბატონმა ბიძინამაც ეს ისე უნდა დაინახოს, როგორც რეალობა. ე.ი. ლაგოდეხი, გურჯაანი ახმეტა, საგარეჯო, ყვარელი, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, თბილისი, გორი, ზესტაფონი, ბაღდათი, წალენჯიხა, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, აბაშა, ლანჩხუთი, მარტვილი - როცა ამდენ რაიონში არის სერიოზული პრობლემები "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს არის ყურადსაღები ფაქტი", - აცხადებს მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სანდრო ბრეგაძე: "ქართულ ოცნებას საგანელიძე და ახვლედიანი შლიან".

"ერთმა ჩემმა მეგობარმა ხუმრობით თქვა - გაერთიანებული ოპოზიციის მთავარ შეცდომას ვერ მოვხვდით: დათო საგანელიძე და არმაზ ახვლედიანი უნდა შეგვეშვა "ნაცმოძრაობაში" ხელმძღვანელ პირებად და 9 წელი არ დაგვჭირდებოდა "ნაციონალების" დასამარცხებლად, სულ რამდენიმე თვეში დაშლიდნენ "ნაციონალებსო", აგერ "ოცნების" პარტია 6 თვეში დაშალეს და... ეს არის, რა თქმა უნდა პარტიული ხელმძღვანელობის ბრალი! მათ ერთხელ უკვე მოახერხეს ბიძინა ივანიშვილისთვის მიეტანათ არასწორი ხმები, რომ თითქოსდა აბაშის და რუსთავის ორგანიზაციის წევრები, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავდნენ ჩანერგილები იყვნენ. ახლაც დარწმუნებული ვარ - იმ ათასობით ადამიანზეც, რომლებმაც დატოვეს "ოცნება" იგივე ინფორმაციები მიაქვთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო ბრეგაძე.

"მე სათითაოდ ვიცნობ ამ ხალხს და ვიცი, მაგალითად, მაშინ როდესაც "მემარჯვენეები" მიხეილ სააკაშვილთან კოაბიტირებდნენ პარლამენტში, თანამდებობებს ირგებდნენ და თავიანთ საქმეებსაც იწყობდნენ, ის ხალხი, ვისაც "ჩანერგილებს" უწოდებენ, ფეხით ჩამოდიოდა თბილისში, რათა ოპოზიციის მიტინგებისთვის დაეჭირა მხარი. ამ ხალხს არც დაჭერა დაჰკლებია, არც 7 ნოემბერი და 26 მაისი, არც ტერორი, რაც წამება და არც სხვა უბედურება. ეს იმ დროს, როდესაც ბევრი ადამიანი სავარძლებში კომფორტულად იყო მოკალათებული და მოვლენების განვითარებას უცდიდა, ვინ გაიმარჯვებდა. როდესაც 8 თვის თავზე ასეთ ადამიანებს უშვებ შენი ორგანიზაციიდან, როდესაც გულანთებულ პატრიოტებს, თავგანწირულ ჯარისკაცებს, "ქართული ოცნების" დამფუძნებლებს ჰყრი პანტაპუნტით და მათ ადგილას ნაცზონდერები მოგყავს - მაგალითისთვის პირდაპირ გეტყვით, გურამ მისაბიშვილისნაირი, შიხიაშვილისნაირი, ხაჩირიშვილისნაირი მედროვეები, ყოფილი მხედრიონელები, ავაზაკები და ათასი ჯურის ხალხი, მე ამას ნამდვილად ვერ ჩავთვლი დადებით მოვლენად. ტრანსფორმირებულ "ნაციონალურ მოძრაობად" უნდათ ვიღაცებს, რომ გადააქციონ "ქართული ოცნება". ვინც ამაში ხელი შეუშალა, ისინი გაყარეს და მათ ადგილას ნაცზონდერები მოიყვანეს - ამას კოაბიტაცია აღარ ჰქვია, ეს არის "პოლიტიკური ქორწინება", - მიიჩნევს მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი და შეკითხვას - "და ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი უშვებს?" - პასუხობს:

"მე დარწმუნებული ვარ ივანიშვილისთვის ეს დეტალები ცნობილი არ არის და ეს კერძო ინიციატივებით ხდება. საკუთარი პარტიის წევრები რომ შენს ფიტულს დაწვავენ, პირველ რიგში შენ უნდა მიხვიდე იმ ხალხთან და გაიგო, რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე ეს ხალხი. სასაცილოა, რომ დღეს ვიღაცები პატარა ბიძინაობას იჩემებენ. ხალხს ამის არ სჯერა და ისინი უბრალოდ, სასაცილოები არიან. პირველი ოქტომბერი სწორედ ქართველმა ხალხმა მოიტანა და არა ამ ვითომ ქვეყნის პატრიოტებმა. არ შეიძლება გურამ მისაბიშვილისნაირი კაცი უჭერდეს მხარს გიორგი მარგველაშვილს, ეს მისთვის სერიოზული კომპრომატია და ხმებს თუ დააკარგვინებს, თორემ არაფერს შემატებს. ვინც ახლა მარგველაშვილს ამას უკეთებს - რომ მისაბიშვილს უყენებს გვერდზე, არ ვიცი რამდენად კეთილის მსურველია ან მარგველაშვილის, ან "ქართული ოცნების". მე კარგად მახსოვს მისაბიშვილი, როდესაც მან მოიყვანა ნაცზონდერები, შემდეგ მათ დიდი მანქანით მოიტანა რიყის ქვები, რათა "ქართული ოცნების" აქციის მონაწილეებისთვის დაეშინათ! მე მახსოვს ეს ადამიანი, რომელიც კუდის მუშაკებთან ერთად გვითვალთვალებდა სენაკში, რათა არჩევნებზე "ოცნებას" წარმატებისთვის ვერ მიეღწია.... არმაზ ახვლედიანსა და დავით საგანელიძეს ეს მცდელობები არ გამოუვათ. "ოცნებიდან" ათასობით ადამიანი გაიქცა და პირდაპირ გეტყვით, რომ ამას ბიძინა ივანიშვილს უმალავენ, მივიდნენ და მოატყუეს - წავიდა მცირე ჯგუფი, დანარჩენები ლი "ოცნების" წევრები არ ყოფილანო - არადა ყველა მათგანი წევრი იყო. "ქართულ ოცნებაში" სიტუაცია სასწრაფოდ გამოსასწორებელია და ეს ახლავე უნდა გამოსწორდეს, თორემ შედეგებს სულ მალე, შემოდგომაზე მოვიმკით".