"ასწევთ ხელს და ოლეგის გადააყენებთ, თორემ დედას გიტირებთ” – დეპუტატები უშიშროებაში (Video)

სახელმწიფო უშიშროების სამსახურის რეგიონალური მთავარი სამმართველოს თანამშრომლები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებს დაემალნენ. განყოფილებაში, სადაც ჯერ კიდევ ,,კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი”-ს აბრაა გამოკრული, პასუხისმგებელ პირებმა კასპის მუნიციპალიტეტის დეპუტატების დაბარების თაობაზე რეგისტრაციის მონაცემები არ გაასაჯაროვეს.

,,არა გვაქვს უფლება ჟურნალში დაფიქსირებული მონაცემები გავასაჯაროვეთ. რომც იყოს დაფიქსირებული, ვერ გეტყვით.” – გვითხრეს ,,სუს”-ის განყოფილებაში.

Qartli.gE-წერდა, რომ 2013 წლის 20 აგვისტოს კასპის საკრებულოს 20-მდე დეპუტატი ,,სუს”-ის რეგიონულ სამმართველოში დაიბარეს და კატეგორიულად მოსთხოვეს კასპის საკრებულოს თავმჯდომარედ ავთანდილ გოგიაშვილის არჩევა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, უშიშროების თანამშრომლებმა დეპუტატებს ასევე გამგებლის პოსტზე იმ ადამიანის არჩევა მოსთხოვეს, რომელსაც საკრებულოს ახალი თავმჯდომარე დაასახელებს.

,,ყველანი ხელს აწევთ ოლეგ იაძის გადადგომაზე, თორემ დედას გიტირებთ” – ასეთი წინადადებით დეპუტატებს ,,სუს”-ის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ხუხუამ მიმართა.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგ იაძე დიდი ხანია ,,სუს”-ის თანამშრომელს გიორგი გერმისაშვილს უპირისპირდება და იმ ტერორში ადანაშაულებს, რასაც წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონდა რაიონში. გერმისაშვილი, არჩევნების შემდეგ, 2013 წლის 9 ივნისს საჯარო სკოლების დირექტორების დაბარების და დაშინების ფაქტებზეც ამხილეს.

გერმისაშვილი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე კასპის ,,კუდის” უფროსი იყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის გადაკეთებული სამსახურის ,,სუს”-ის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა. სკოლის დირექტორების ამბავის გახმაურების შემდეგ ,,სუს”-ის რეგიონული სამმართველოს უფროსმა გოგა ხუხუამ იგი ქარელის რაიონში ფორმალურად გადაიყვანა.

ხუხუა კი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ცენტრალურ მთავარი სამმართველოს მეოთხე განყოფილების უფროსი იყო. აღნიშნულ სამსახურს პოლიტიკური პარტიების ზედამხედველობა ევალებოდა. აღნიშნული სამმართველო 2011 წლის მაისში, სახალხო კრებამ, ოპონენტების მთავარ დამსჯელ რაზმად გამოაცხადა.

გოგა ხუხუა დღეს ,,სუს”-ის რეგიონალური მთავარი სამმართველოს უფროსია.