სურსათის ფასები ჯერ კიდევ არ იკლებს. გაიაფება ამა თუ იმ პროდუქტზე მხოლოდ აქციების ფარგლებში ხდება. როგორც ჩანს, საკითხი ზედაპირული ჩარევებით ვერ მოგვარდება და საჭიროა, შესაბამისი კანონის სწრაფად ამოქმედება.
კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე ადასტურებს, რომ სურსათის ფასების რეგულირების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის მონახაზი მზად არის და განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება.
„ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა სურსათის ფასებთან მიმართებით, ევროდირექტივის საფუძველზე შეიქმნას საკანონმდებლო ჩარჩო, რომელმაც უნდა დაარეგულიროს რითეილ-ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს შორის ურთიერთობები. ანალიზის და მუშაობის დროს გამოიკვეთა, რომ არის რიგი ხელის შემშლელი პირობები, ხარჯები, რაც ფასნამატებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამ კანონპროექტის მიზანია, რომ ასეთი არაპროგნოზირებადი და ურთიერთობის ხელის შემშლელი ხარჯების განეიტრალება უზრუნველყოს.
კანონპროექტის განხილვა ძალიან მალე დაიწყება. ის ეფუძნება ევროდირექტივას და ეს ეხება რითეილ ქსელებს, ზოგ შემთხვევაში კი ადგილობრივი წარმოების ან ძირითადი პროდუქტების მიწოდებისას წარმოქმნილი საკითხების დარეგულირებას. ეს არის მარკეტინგული საკითხები, თანხის დაგვიანებით გადახდის ნიუანსები, ასევე ისეთი პირობების ჩადება ხელშეკრულებაში, რომელიც მიმწოდებელს ავალდებულებს, რომ ვინმეზე დაბალი ფასი სხვაგან არ ჰქონდეს და ა.შ. ეს პირობები, ჩვენი აზრით, არის პრობლემური და კანონპროექტმა ასეთი საკითხების დარეგულირება უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა ლექვინაძემ.
ასოციაციებს პირველადი სამუშაო ვერსია უკვე გადაეგზავნათ, მათ თავიანთი შენიშვნები და პოზიციები წარადგინეს. ამის შემდეგ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, სადაც კანონპროექტის საბოლოო ვერსია შემუშავდება და უკვე პარლამენტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.
დისტრიბუტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ლაშა რიჟამაძე აცხადებს, რომ კანონპროექტი დაადგენს ვადას, რომლის ფარგლებშიც რითეილერი ვალდებული იქნება მიმწოდებელს პროდუქციის თანხა გადაუხადოს. ვადა მალფუჭებადი პროდუქტის შემთხვევაში განსხვავებული იქნება.
„ერთ-ერთი მთავარი, რაც არის გადახდის ვადებია. ვადის ის ზედა ზღვარი, რომელშიც უნდა მოხდეს მიწოდებული სურსათის ანაზღაურება. არის საუბარი იმაზეც, რომ მალფუჭებად პროდუქციაზე უფრო მოქნილი იყოს გადახდის ვადები, იმიტომ რომ სწრაფბრუნვადია“, - განაცხადა რიჟამაძემ და დასძინა, რომ ხშირად სავაჭრო ქსელები მიმწოდებლებს ხელშეკრულების საფუძველზე პოტენციური კონკურენტებისათვის უფრო დაბალ ფასად პროდუქციის მიწოდებას უზღუდავენ. კანონპროექტი კი ბიზნესს ამ ნაწილში თავისუფლებას მისცემს.
დისტრუბუტორთა ასოციაციაში იმასაც ამბობენ, რომ კანონპროექტი ხელს შეუწყობს სამართლიანი წესებით ვაჭრობის დამკვიდრებას. თუმცა სრულიად სხვაგვარად ფიქრობენ სპეციალისტები, რომლებმაც კანონპროექტის სამუშაო ვერსია უკვე ნახეს.
„სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი ბექა ნაცვლიშვილი აქედანვე არ ეთანხმება მთავრობის შემუშავებულ ვარიანტს. კანონპროექტის პირველად ვერსიაში ბევრი რამ არ არის გათვალისწინებული, მათ შორის არც მეწარმეებისთვის რეალიზებული პროდუქციის საფასურის გადახდის ვადები, რაც მთავარ პრობლემას წარმოადგენს.
„რა არის ყველაზე მთავარი პრობლემა? - ეს არის გადახდის ვადები. მეწარმეები დამოკიდებულნი არიან იმ თანხაზე, რომელიც ქსელმა უნდა გადაუხადოს. როდესაც ქსელი აგვიანებს თანხის გადახდას, მეწარმე იძულებულია წარმოება გააჩეროს ან ძვირი სესხი აიღოს. ჩვენი მთავარი მოტივაცია გადახდის ვადების დარეგულირება იყო. შემოთავაზებულ ვარიანტში ეს ხედვა არ არის გათვალისწინებული. ვერსიაში მოცემულია ასეთი ვადა, რომ ანაზღაურება დადგინდეს გაყიდვიდან 30 დღის განმავლობაში, რაც არაფრის მომცემი არ არის, რადგან მსგავსი პრაქტიკა ისედაც არსებობს. ასევე მთავარია, რომ არა გაყიდვიდან იყოს ვადის ათვლა, არამედ პროდუქტის შეტანიდან. მალფუჭებადი პროდუქტის შემთხვევაში ანაზღაურება 20 დღის განმავლობაში მოხდეს, არამალფუჭებადის შემთხვევაში - 30 დღეში. თუ ანაზღაურება მოხდება პროდუქტის გაყიდვიდან შემდგომ, ასე პრობლემა გაუჩნდება როგორც მეწარმეს, ასევე სუპერმარკეტს, რომელმაც ბუღალტერია უნდა აწარმოოს.
გათვალისწინებული არ არის არც შესვლის გადასახადი. ჩვენ შესვლის გადასახადის გაუქმება გვინდოდა, რადგან ის არაფერზე არ არის მიბმული. სუპერმარკეტში, როცა შეგაქვს პროდუქტი, ის გაგიყიდის თუ არა ამ პროდუქტს, შესვლის გადასახადს მაინც გახდევინებს. ვერსიაში არაფერი არ არის ნათქვამი ჯარიმებზე. აღმასრულებელი ორგანო მაშინაც იყო კონკურენციის სააგენტო, თუმცა როგორი უნდა იყოს საზღაური ამ „დრაფტში“ ჯერჯერობით არ ჩანს“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ნაცვლიშვილმა.