"22 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით "მეცხრე არხის" ყიდვით ტელეკომპანია "იბერიას" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი დაინტერესდა და მოლაპარაკების დაწყებას აპირებს. ამასობაში "ალიას" სანდო წყარო ატყობინებს, რომ ტელეკომპანიის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს ლიტვურ კომპანიასთან, რომლის უკანაც რუსი ოლიგარქი, წარმოშობით ქართველი, ბათუმელი შალვა ბრეუსი დგას, თუმცა წყარო კომპანიის სახელწოდებას ვერ აკონკრეტებს. ის რომ ლიტვური კომპანია "მეცხრე არხის" ყიდვას აპირებდა ჩვენთვის თავიდანვე ცნობილი იყო, თუმცა წყაროსგან დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას დაველოდეთ. ინფორმაციის გადასამოწმებლად "ალია" "მეცხრე არხის" გენერალურ დირექტორს ლუბა ელიაშვილს დაუკავშირდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "მეცხრე არხს" ნინო ბურჯანაძის მეგობარი, რუსი ოლიგარქი შალვა ბრეუსი ყიდულობს?
"ბევრი სხვადასხვა ჯგუფია, მათ შორის ლიტვურიც, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში და ძალიან მალე იქნება შედეგი. კომპანიის წარმომადგენლებს უკვე შევხვდი. რაც შეეხება იმას, ჩაიდება თუ არა კონტრაქტში, რომ არხის მენეჯმენტი და ჟურნალისტები შეინარჩუნებენ სამსახურს - მე ვიცნობ ამ ადამიანებს, ისინი კმაყოფილი არიან მენეჯმენტით და არხის თანამშრომლებით. მოლაპარაკებები მიდის, როდის დასრულდება, წინასწარ დასკვნებს ვერ გავაკეთებ, ეს უპროგნოზო თემაა. მე იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის წინადადება არხის გასხვისების შემთხვევაში მესამედ ფასში გაყიდვის შესახებ ძალაში დარჩება, თუმცა დანამდვილებით ვერ გეტყვით. ხოლო ის, რომ ლიტვური კომპანიის უკან დგას რუსეთში მოღვაწე შალვა ბრეუსი, ეს არასწორი ინფორმაციაა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლუბა ელიაშვილი და შეკითხვას - "გვითხარით კომპანიის სახელწოდება და დანარჩენს ჩვენ გავარკვევთ..." - პასუხობს:
"იცით რა, მართალი გითხრათ, ახლა არ მახსოვს, თუმცა შალვა ბრეუსი არაფერ შუაში არ არის. ისე, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია - ეს ხომ შიდა მოლაპარაკებაა, კორპორაციული. დაგიდასტურეთ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და როცა გავა ფინალში, ყველაფერს გაიგებთ".
"შალვა პეტრეს ძე ბრეუსი დრეს რუსეთის მოქალაქე და ცნობილი ოლიგარქია - კარიერა 90-იან წლებში გაიკეთა. 1998-1999 წლებში კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორის მოადგილე გახლდათ, 2000-იან წლებში რუსეთის ფედერაციის ქონებრივ ურთიერთობათა მინისტრის მოადგილე იყო. ამჟამად რამდენიმე რუსული კომპანიის მმართველთა საბჭოს წევრია, ამასთანავე აქვს კომპანიები უკრაინასა და ბალტიისპირეთში. საქართველოში ბრეუსის გვარმა ხმაურით მაშინ გაიჟღერა, როდესაც ცნობილი გახდა მისი და ნინო ბურჯანაძის მეუღლის ბადრი ბიწაძის უკრაინული ვოიაჟისა და შეხვედრების შესახებ. უკრაინული ინტერნეტგამოცემების მიხედვით, "ბადრი ბიწაძესა და რუს ოლიგარქ შალვა ბრეუსს შორის შეხვედრები გაიმართა კიევის სასტუმრო "ოპერაში" და რესტორან "ველვეტში" 13 და 14 მარტს, ბიწაძე შეხვედრაზე მივიდა ავტომობილით, რომელიც შაქრო კალაშოვის ახლო მეგობარს, თეიმურაზ მამთაჯს ეკუთვნის, მანქანას რუსეთის შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი დიმიტრი ბარავი მართავდა.." მაშინ ნინო ბურჯანაძემ ბრეუსთან მისი შეხვედრა დაადასტურა, თუმცა იგივე ინფორმაცია ბადრი ბიწაძემ უარყო. თუმცა ბურჯანაძემ ისიც განაცხადა, რომ შალვა ბრეუსი მისი მეგობარია", - აღნიშნავს გამოცემა.
"შალვა ბრეუსის მხრიდან ქართული ტელევიზიის შესყიდვის თემაზე "ალიამ" ნინო ბურჯანაძის პიარსამსახურის ხელმძღვანელ ბაკურ ბაკურაძესაც ჰკითხა, რომელმაც განაცხადა: "ჩვენ ისიც გავიგეთ, თვითონ ნინო ბურჯანაძე ყიდულობსო. რა სისულელეა, ჭორია.... შალვა ბრეუსი არც "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრია და არც ნინო ბურჯანაძის შტაბის წევრი. თუ ვიღაცა ვიღაცის მეგობარია და ახლობელი, ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის". გახდება თუ არა რუსი ოლიგარქი ქართული ტელევიზიის მფლობელი, ეს რამდენიმე დღეში გაირკვევა", - დასძენს გამოცემა.
"ახლა კი მთავარი - რატომ დაინტერესდა ბრეუსი ქართული ტელეკომპანიის შეძენით? როგორც წყარო ამბობს, ბრეუსი ტელეკომპანიის შეძენას ნინო ბურჯანაძისთვის გეგმავს, რათა პრეზიდენტობის კანდიდატს საკუთარი თავის გაპიარებისთვის კიდევ ერთი "იარაღი" ჰქონდეს. მართალია, ტელევიზიის რეიტინგი დაეცა, მაგრამ ყველაფერი მონდომებისა და სწორად გათვლილი ტაქტიკის ამბავია. ხომ გახსოვთ, "მეცხრე არხმა" საპარლამენტო არჩევნების წინ როგორ იმუშავა, ნინო ბურჯანაძე კი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, თან წინ ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნებია..." - წერს სტატიის ავტორი.