საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს და მცხეთის მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების ფარულად დაუფლებისფაქტზე ამხილეს მოქალაქე კ.ჭ, რომელმაც მის მიერ ფარულად დაუფლებული ქონების რეალიზაცია მოახდინა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთი ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლის ხელშეწყობითა და დახმარებით.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 16 მაისს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელმა, რომელიც წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და ამავდროულად რეგისტრირებული იყო ინდ. მეწარმედ, მოქალაქე კ.ჭ-ს დახმარება აღუთქვა მის მიერ ფარულად დაუფლებული მცხეთის მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების რეალიზაციაში.
ამ მიზნით, იმავე დღეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელმა დაამზადა 2013 წლის 16 მაისით დათარიღებული ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტი, რომლითაც კანონიერი სახე მიეცა ამავე მუნიციპალიტეტის კუთვნილ, მართლსაწინააღმდეგოდ და ფარულად დაუფლებულ ქონებას. ამის შემდგომ აღნიშნულმა პირებმა დაუბრკოლებლად მოახდინეს ქონების რეალიზაცია.
გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.