დემურ გიორხელიძე:

დემურ გიორხელიძე:"საპრეზიდენტო არჩევნები ე.წ. ბელადის გარეშე ჩატარდება".

"წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები ნამდვილად უნიკალური არჩევნებია იმიტომ, რომ ე.წ. ბელადის გარეშე ეწყობა და ქართველს ხალხს პირველად მოუწევს ჩვეულებრივ ადამიანებს შორის არჩევანის გაკეთება, რაც ყველაზე საუკეთესო შეიძლება იყოს დღევანდელი დღისთვის. არ ვფიქრობ, რომ წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები იოლად პროგნოზირებადია. ჯერ ერთი, არჩევნებამდე სამი თვეა დარჩენილი და სამი თვე საქართველოში ფანტასტიკურად დიდი დროა. ეს არ არის ევროპა და ამერიკა, სადაც პოლიტიკური ლიდერების პერსპექტივები პროგნოზირებადია და საზოგადოებრივი განწყობები - მყარი. აქ არ არის მყარი - ჩვენ არ ვიცით, რა იქნება, რა ინფორმაცია დაიდება პოლიტიკურ სივრცეში, რომელმაც შეიძლება მომენტალურად შეცვალოს ადამიანების განწყობა. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ სახელისუფლებო კანდიდატი უალტერნატივოა და გიორგი მარგველაშვილს გამარჯვება ხელთ აქვს", - აცხადებს ექსპერტი დემურ გიორხელიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "საპრეზიდენტო არჩევნები ე.წ. ბელადის გარეშე ჩატარდება".

"გამორიცხულია, გარანტირებული ჰქონდეს ვინმეს ამ არჩევნებში გამარჯვება. მარგველაშვილს აქვს შესანიშნავი შანსი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ხალხის დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილისადმი ჯერ კიდევ ძალიან მაღალია და მოლოდინებიც მაღალია - შეიძლება ზუსტად იმდენი არ არის, როგორიც გასული წლის პირველ ოქტომბერს იყო, მაგრამ მაინც მაღალ ნიშნულზე რჩება - ეს არის სახელისუფლებო კანდიდატის რესურსი. მაგრამ არიან სხვა კანდიდატები, მათი კამპანია იქნება ძალიან საინტერესო. პირადად მე დავეთანხმე სერგო ჯავახაძეს, რომელიც "სამართლიანი საქართველოს" ლიდერია, რომ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში ვიყო კონსულტანტი. დავეთანხმე იმიტომ, რომ შესაძლებელია ახალი დამოუკიდებელი პარტიები და ლიდერები ფეხზე დადგნენ. სულაც არ ვფიქრობ, რომ სხვაზე რითიმე ნაკლები კანდიდატია. ეს გამოჩნდება კამპანიის დროსაც. ამიტომ ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანების მოსმენა იქნება გადამწყვეტი. ჩვენი ხალხი პირველად დგას არა ბელადის, არა ავტორიტარი ლიდერის, არა თვალებგადმოკარკლული პოლიტიკური ლიდერის არჩევანის წინაშე, რომელიც მათ აიძულებს, მონუსხულმა უსმინონ და ბრმად მიენდონ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დემურ გიორხელიძე.

"ვფიქრობ, ქალბატონ ბურჯანაძეს, რომელსაც შესანიშნავად ვიცნობ ჯერ კიდევ პარლამენტიდან, ჰქონდა რამდენიმე ბრწყინვალე შანსი, ფანტასტიკური ნაბიჯი გადაედგა კრიტიკულ სიტუაციებში. ამჟამად შანსი ყველას აქვს, მაგრამ არ შემიძლია ვთქვა, რომ მას აქვს უფრო დიდი შანსი, ვიდრე სამთავრობო კოალიციის კანდიდატს ანდა, თუ გნებავთ, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს. ერთადერთი, რაც შეიძლება სახელისუფლებო კანდიდატის მისამართით ითქვას - არ გაიარო პოლიტიკური მოღვაწეობის რაღაც პერიოდი, არ აჩვენო საზოგადოებას, როგორია შენი პოლიტიკური უნარები, პირდაპირ შემოხვიდე იმის გამო, რომ ხელისუფლების ნებაა ეს და პირდაპირ საპრეზიდენტო პრეტენზიები განაცხადო - ეს ცხადია, მისი სისუსტეა. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ მომავალი პრემიერ-მინისტრები, მომავალი პრეზიდენტები და ა.შ. ათწლეულების განმავლობაში ხალხის თვალწინ უნდა იყვნენ და უმტკიცებდნენ ადამიანებს საზოგადოებრივი საქმიანობის, პოლიტიკური საქმიანობის უნარებს, წლების განმავლობაში უნდა აფასებდნენ მათ ადამიანები და როცა დადგება მომენტი, რომელიმე მათგანს მიენიჭოს უპირატესობა. შემოგიყვანონ ასე პოლიტიკაში და დაგსვან პრეზიდენტად, ცხადია, სუსტი მომენტია", - მიიჩნევს ექსპერტი.

"მოდით, ასე ვთქვათ - საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამე სერიოზულ ცვლილებებს ჩვენ პოლიტიკურ განლაგებაში არ უნდა ველოდოთ. შემდეგ კი მოსალოდნელია, რაც არანაირად საგანგაშო არ არის. აბსოლუტურად არ გამიკვირდება, კოალიცია რომ დაიშალოს - კოალიციამ თავისი საქმე გააკეთა - გადასვლა მოხდა უსისხლოდ და დაპირისპირების გარეშე. ეს მათი დამსახურებაა. ახლა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიზნები უკვე სხვა არის. ამიტომ კოალიციის დაშლა გარდაუვალია, ბუნებრივია და ამას საზოგადოებამ უნდა შეხედოს არა როგორც დესტრუქციულ, არამედ ნორმალურ ფაქტს", - დასძენს დემურ გიორხელიძე და შეკითხვას - "მმართველ კოალიციაში უთანხმოებას "ქართული ოცნების" რეიტინგი ეწირება. ამას პრემიერ-მინისტრი ვერ ამჩნევს თუ მომხრეთა იმედგაცრუებას დიდ მნიშვნელობას აღარ ანიჭებენ?" - პასუხობს:

"რა თქმა უნდა, ამჩნევს. დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრი არა მარტო ყველაფერს ამჩნევს, ის შესანიშნავად ინფორმირებულია ყველაფერზე, მაგრამ არის პოლიტიკური სიტუაცია, არის ის ვითარება, როდესაც პრემიერს, შესაძლოა, არ ყოფნიდეს დღევანდელი გადასახედიდან საკმარისი ინსტრუმენტები და იგი ამიტომ ანგარიშს უწევს გარკვეულ პოლიტიკურ განლაგებას, გარკვეულ სიტუაციებს. ეს საქმისთვის, რა თქმა უნდა, კარგი არ არის. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცვლილებები, ცხადია, არ იქნება. ოქტომბრის ბოლოს მოსალოდნელია, მმართველი პოლიტიკური ძალა საგრძნობლად გადახალისდეს. ეჭვი არ მეპარება, რომ მნიშვნელოვანი გადახალისება არა მარტო სამთავრობო შემადგენლობაში იქნება, არამედ თვით პოლიტიკურ ორგანიზაციაშიც".