"მე ამჟამად ვარ რესტორან "ბეღლის" მეპატრონე, ყავა "მანჩესტერ რინგის" იმპორტიორი ფირმის მეპატრონე და ასევე დაკავებული ვარ სხვადასხვა წვრილი ბიზნესით. იტალიური კომპანია "მონანდო" ცხოველთა კვების პროდუქტს უშვებს და ამ კომპანიის პროდუქტების იმპორტიორი ფირმის მეპატრონე ვარ საქართველოში, თუმცა ამიერკავკასიაზეც ვმუშაობთ. ვიყავი ასევე სიგარეტის იმპორტიორი ფირმის მეპატრონე და სწორედ ამის გამო დამიჭირა ადეიშვილმა 2010 წლის 5 ივლისს. მას შემდეგ იძულებული გავხდი ჩემი წილი დამეთმო და გამოვდი ამ კომპანიიდან. ჩემი ყველა ბიზნესიდან ბიუჯეტში ყოველთვიურად 10-12 მილიონი შედიოდა და ეს პატარა საქმე ბიუჯეტისთვის ნამდვილად არ არის", - აცხადებს ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით ბიზნესმენი ელიზბარაშვილი 1 მილიონის გამომძალველი ორი პროკურორის ვინაობას ასახელებს.
"გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის დაპირება - თუკი ჩვენი ხელისუფლების დროს რომელიმე პოლიტიკოსი ან პოლიტიკური ჯგუფი ეცდება ვინმეს ბიზნეს-საქმიანობაში ჩარევას, პირადად ჩემთან მოვიდესო. ახლა დადგა დრო, რომ მივიდე ივანიშვილთან და პირდაპირ ვუთხრა იმ პირების ვინაობა, ვინც მისი წყალობით აღმოჩნდნენ მაღალ თანამდებობებზე, მაგრამ დღემდე წურბლებივით ასევიან. ჩემზე ზეწოლა დაიწყო მას შემდეგ, რაც განახლდა ჩემი სასამართლო პროცესი. ეს იყო 2012 წლის 18 ოქტომბერი - პროცესი დაწყებული იყო 2010 წლის 5 ივლისიდან, მაგრამ ადეიშვილის პროკურატურამ შეაჩერა საქმე და მე ახალი ხელისუფლების დროს განვაახლე პროცესი. ზეწოლა დაიწყო პირველივე სასამართლო პროცესიდან. თავდაპირველად იყო შემოთავაზება, რომ 1 მილიონი ლარი გადამეხადა. ამაზე უარი ვთქვი. შემდეგ იყო ბიზნესის წილის დათმობაზე საუბარი, მაგრამ ამაზეც უარი ვთქვი. ბოლოს გაბრაზდნენ და მითხრეს, იმ 6 მილიონს, რომელიც გირაოზე გაქვს, საერთოდ დაკარგავ და ციხეში გაგიშვებთ შენც და შენი ოჯახის წევრებსაცო. ამან ძალიან გამაღიზიანა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამაზ ელიზბარაშვილი.
"ვიბრძოლე ბოლომდე და ამ უთანასწორო ბრძოლაში დავამარცხე პროკურატურა და 6 მილიონი გირაო, რომელიც თავის დროზე ადეიშვილმა დამადებინა, სრულად დავიბრუნე. პროკურატურა ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს თანხა უკან არ დამებრუნებინა, მაგრამ ჩემი ადვოკატების საშუალებით ეს მოვახერხე. თანხის ვინც მთხოვდა, ეს იყო ქალაქის პროკურატურის პროკურორი, ვინმე ბესო თხელიძე - მან შემომთავაზა თანხის მიცემა, მე ამაზე მოვახდინე რეაგირება, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ეს პირი დაეპატიმრებინათ, დააწინაურეს და მთავარ პროკურატურაში გადაიყვანეს. რა თქმა უნდა, ბესო თხელიძე მოქმედებდა დავით კოჭლამაზაშვილის დავალებით, რომელიც მაშინ თბილისის მთავარი პროკურორი იყო (ამ დროისთვის კოჭლამაზაშვილი მთავარ პროკურატურაში ერთ-ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს), მაგრამ ამ დროს მთავარი პროკურორი გახლდათ არჩილ კბილაშვილი. როდესაც ბესო თხელიძემ მოითხოვა ჩემგან მილიონი ლარი, ჩავატარე პრესკონფერენცია და ვუსაყვედურე კბილაშვილს, მაგრამ საქმეში გარკვევის ნაცვლად თხელიძე დააწინაურეს", - განაგრძობს ბიზნესმენი.
"გარდა ამისა, ჩემი საქმე თბილისის პროკურატურის წარმოებაშია, თუმცა სასამართლოზე პროკურორად მოავლინეს მთავარი პროკურორის კადრი - ეს არის შალვა ცერცვაძე, როემლიც იყო ქალაქის პროკურატურის თანამშრომელი და სასამართლოში იყო ბრალდების მხრის წარმომადგენელი. მოგვიანებოთ ეს კაციც დააწინაურეს და გადაიყვანეს მთავარ პროკურატურაში. ვინაიდან სასამართლოში პროკურორი მთავარი პროკურატურიდან არის, როგორც ბრალდების წარმომადგენელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ბატონი არჩილიც საქმის კურსშია თავიდან ბოლომდე. მოვმართე მე არჩილ კბილაშვილს - მიხედე იმ ბანდას, რომელიც დღეს არის მთავარ პროკურატურაში-მეთქი, მაგრამ უშედეგოდ. თუ ვერ ახერხებს კბილაშვილი ამ ყველაფერს გაართვას თავი, მაშინ წავიდეს ბატონო და მიხედავს ამ საქმეს სხვა", - მიიჩნევს თამაზ ელიზბარაშვილი.
"ახლა სპეციალურად აჭიანურებენ ამ საქმეს, რადგან მოითხოვეს საქმის კიდევ გადადება - ეტყობა, კიდევ ელოდებიან, რომ მივცემ მილიონს. მე არ ვარ ის კაცი, რომელიც რომელიმე პროკურორს დაუჩოქებს და ვაფრთხილებ, რომ ჩემთან ომში კისერს მოიტეხს ყველა. ამას ვაცხადებ ხმამაღლა. მე არავისი არ მეშინია და ვერც ვერავინ შემაშინებს. სააკაშვილმა და ადეიშვილმა ვერ შემაშინეს თავის დროზე, როცა ჩემი პატიმარი შვილით და მისი ცოლით მაშანტაჟებდნენ და ახლა რით უნდა დამაშანტაჟონ. მე არც ციხის მეშინია, თუ პროვოკაციას მომიწყობენ და არც ეგეთი პატარა კაცების, როგორიც პროკურატურის ხელმძღვანელობაა. რასაც ეგენი აკეთებენ და კადრულობენ, მხოლოდ პატარა კაცი თუ გააკეთებს იმას", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "სხვათა შორის, ბიზნესის წილში ჩაჯდომასთან დაკავშირებით ბრალდებები ისმოდა ლაშა ნაცვლიშვილის მისამართითაც, რომელიც არჩილ კბილაშვილის მოადგილეა..." - პასუხობს:
"პროკურატურის ხელმძღვანელობისგან მოდის ეს, აბა ბებიაჩემისგან ხომ არ წამოვა? თავისი ინიციატივით პროკურორები როგორ გაბედავდნენ ამას? ამ საკითხზე უფრო დეტალურად დაველაპარაკები ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჭორაობა გამომივა, რომ ასე ყველაფერზე ორესის საშუალებით ვილაპარაკო. აი, თუ ბატონი ბიძინა არ მომისმენს, მაშინ უკვე პრესის ფურცლებზე სხვა პირებსაც დავასახელებ. წურბელები, რომლებიც ბევრი ჰყავს ივანიშვილს, უნდა მოიშოროს. მე მსხვერპლი არ ვარ, მაგრამ, ხომ არიან ძალიან ბევრნი? მე არც მეშინია და ღიად ვსაუბრობ ამ ყველაფერზე. გინახავთ რომელიმე ბიზნესმენი გამოსულიყოს და ასე ჩემსავით ელაპარაკოს? მე ეს ძალიან მწყინს და ძალიან სამწუხაროა - ხმის ამოღების ეშინიათ და "პამპერსებით" დადიან. უნდა გამოვიდნენ ეს ადამიანები და ღიად თქვან ყველაფერი, რადგან ძალიან ცუდი პროცესები მიდის. გგონიათ, მხოლოდ მე მთხოვენ ფულს და ან ბიზნესის წილში ჩაჯდომას? არა ბატონო, ბევრია ასეთი. მე ერთი თამაზ ელიზბარაშვილი გამოვდივარ და ვამბობ რაც ხდება და და ჩემსავით უნდა გამოვიდეს სხვაც და ილაპარაკოს, თუ არადა ბატონებო, ჩაიცვით "პამპერსები" და ისე იარეთ სანამ ბოლომდე თავზე არ დაგაჯდებიან"