ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ თურქეთის ბაზრიდან გარკვეული მედიკამენტების მოწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებების თაობაზე განცხადება გაავრცელა. ირკვევა, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე, როგორც ასორტიმენტის, ასევე რაოდენობის მხრივ, თურქი მომწოდებლების მხრიდან მოწოდება შეიზღუდა. მიზეზები განცხადებაში განმარტებული არ არის.
როგორც ჩანს, საქართველოში იაფი თურქული წამლების რაოდენობა შეიზღუდება. ეს კი თავისთათვად ფასის ცვლილებას გამოწვევს. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებაც წინმსწრებად თავის დაზღვევას უფრო ჰგავს.
„გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თურქეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედებისთანავე, ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა გამოიყენეს შესაძლებლობა და მყისიერად ჩაერთვნენ თურქეთის ბაზრიდან მედიკამენტების იმპორტის პროცესში. ასევე, ასოციაციის სახელით მასმედიაში არაერთი ინფორმაცია იქნა მიწოდებული მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ქსელებმა დაიწყეს აღნიშნული ბაზრიდან იმპორტის განხორციელება და ქვეყნის მასშტაბით მედიკამენტების რეალიზაცია.
ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ თურქეთის ბაზრის გახსნის თაობაზე წინადადება ჩვენი სექტორის წარმომადგენლებისგან გაჟღერდა, რაც გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვიყოთ ობიექტურები და არ გვსურს, მოსახლეობისთვის მიწოდებული ინფორმაცია გახდეს სხვადასხვა ინსტიტუტებისთვის ინტერპრეტაციის.
მსგავსი რეჟიმით ახალი ბაზრების გახსნას, დიდ მოლოდინებთან ერთად, ასევე ახლავს თანმდევი გამოწვევები, რაც გამოიხატება უწყვეტი მიწოდების პირობებისა და ჯაჭვის გამართვაში. ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ შეიქმნა გარკვეულ მედიკამენტებზე, როგორც ასორტიმენტის, ასევე რაოდენობის მხრივ, მოწოდების შეზღუდვა თურქი მომწოდებლების მხრიდან, რაც გარკვეული პერიოდის შემდგომ აისახება ადგილობრივ ბაზარზე.
მოსახლეობას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდოს ამ ფაქტს, ვინაიდან ეს გარემოება არ არის დამოკიდებული ადგილობრივ კომპანიებზე. სწორედ ამიტომ ინფორმაციას ვაჟღერებთ ჩვენ, პირველი წყარო, უშუალოდ ის მხარე, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცესს. აქვე, კიდევ ერთხელ, მივმართავთ შესაბამის მარეგულირებელს, ინსტიტუტებს, რომ მოსახლეობისთვის მიწოდებული ეს ინფორმაცია არ იქნეს გამოყენებული მათი მხრიდან სექტორის უმიზეზო ბრალდებისთვის, როგორიცაა საბოტაჟი თუ ხელოვნური დეფიციტის შექმნა, რასაც სამწუხაროდ მრავალჯერ ჰქონდა ადგილი.
ასოციაციის წევრი კომპანიები მაქსიმალურად გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველანაირ მექანიზმს იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის მოსახლეობის მაღალი ხარისხის მედიკამენტებით უწყვეტად უზრუნველყოფა და კვალიფიციური მომსახურების გაწევა“, - აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.
ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარგველაშვილმა მოგვიანებით იმ მიზეზებზე ისაუბრა, რასაც შესაძლოა, ეს პროცესი გამოეწვია. მანვე განმარტა, აღნიშნული ფაქტი შექმნის თუ არა საქართველოში დეფიციტს.
„აუბარია დეკემბერში მიღებულ გადაწყვეტილებაზე თურქეთის მთავრობის მიერ, რომ მედიკამენტებზე ფასმა მოიმატა. სხვათა შორის, პერიოდულად თურქეთის მთავრობა მედიკამენტების ღირებულებიას გადასინჯავს ხოლმე. იანვარშივე გარკვეული შეზღუდვები შეიქმნა რაოდენობრივად იმ მედიკამენტების ექსპორტზე თურქეთიდან სხვა ქვეყნებში, რომლებიც თურქეთში თავად იქნა იმპორტირებული. ეს კონკრეტულად რა მიზეზით მოხდა ვერ გეტყვით, რადგან თურქეთის რეგულაციებთან არის დაკავშირებული.
მოკლედ, შეზღუდვები მედიკამენტების ექსპორტს საქართველოში შედარებით გაართულებს, მაგრამ მთლიანად წამლებზე დეფიციტს არ წარმოქმნის. მედიკამენტების შემოტანის გართულება იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ის რაოდენობა არ იყოს, რომელიც აქამდე მოდიოდა“, - განაცხადა მარგველაშვილმა „საქმის კურსში“.
ყოფილი დეპუტატი, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძეც ადასტურებს, რომ ამ შემთხვევაში გაძვირების მიზეზი გარე ფაქტორებიდან მომდინარეობს, თუმცა ამავე დროს, აუცილებლად უნდა დადგინდეს, რომელიმე კონკრეტული ფაქტი კარტელურ გარიგებას ხომ არ უკავშირდება და შესაბამისი რეაგირება მოხდეს.
„წამლების გაძვირება თურქეთში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა გარემოებებმა იქონია გავლენა, ამაზე არგუმენტირებული საუბარი ჯერჯერობით ვერ მოვისმინე. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რეგულაციის აღსრულებას არ შეექმნას რისკი. ეს საკითხი საგანგებოდ არის შესასწავლი, ყველაფერი გასარკვევია.
ბიზნესი არსებობს იმისთვის, რომ მოგება მიიღოს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს არაეთიკური გზით და მოსახლეობის ინტერესების ზიანის ხარჯზე. როგორც ჩანს, რეფერენტული ფასების მიხედვით გააიაფეს წამლების გარკვეული რაოდენობა, მაგრამ ამავე დროს ზოგიერთზე გაზარდეს ფასი, როგორ მოხდა, რამდენი დასახელების მედიკამენტი გაძვირდა და რა ლოგიკით, ჯერაც არ გვაქვს პასუხი, ახლა თურქეთის ფაქტორიც დაემატა“, - აღნიშნა ზოიძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში გარკვეული მედიკამენტები დეფიციტურიც უკვე გახდა. სხვათა შორის, ანალოგიური პრობლემაა არა მხოლოდ თურქულ წამლებთან დაკავშირებით, არამედ ევროპიდან შემოსულებზეც.