ქვეყანაში ავტოსკოლების რეფორმირებას და ლიცენზირებას აპირებენ

ქვეყანაში ავტოსკოლების რეფორმირებას და ლიცენზირებას აპირებენ

საქართველოში ავტოსკოლების ლიცენზირება იგეგმება. საავტომობილო ფედერაციები საკუთარ ხედვებს დაგეგმილ რეფორმაზე, განათლების სამინისტროს წარუდგენენ. საქართველოში მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ უწყებამ უნდა ითავოს ავტოსკოლების რეფორმირების საკითხი, რადგან ყველაფერს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ გაწვდება.

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე ავტოსკოლების ლიცენზირების რეფორმაზე დიდი ხანია საუბრობს, რადგანაც მიაჩნია, რომ ეს ცოდნისა და გამოცდილების დონის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„ავტომობილის მართვა ერთ-ერთი საშიში პროფესიაა და ნებისმიერი შეცდომა შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს, როგორც მძღოლისთვის და მგზავრებისთვის, ასევე სხვა მოქალაქეებისთვის, რომლებიც შესაძლოა, საერთოდ არ იყვნენ ავტომობილში. ამიტომ საკმაოდ საფრთხის შემცვლელია სხვა პროფესიებისგან განსხვავებით.

ვფიქრობ და ზოგადად მთელი მსოფლიო ასე ფიქრობს და ასეა მოწყობილი, რომ სწავლების პროცესი მოითხოვს ლიცენზირებას, იმ მინიმუმის ჩათვლით რა უნდა იცოდეს მძღოლმა და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ლიცენზირებას უნდა დაექვემდებარონ სკოლები და მასწავლებლები.

მასწავლებელს უნდა ჰქონდეს, მინიმუმ, შესაბამისი პროგრამა გავლილი და უნდა ჰქონდეს დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ შემთხვევაში ეს უნდა იყოს განათლების სამინისტრო, რომელიც ამას დაადასტურებს და ექნება სპეციალიზებული პროგრამები“, - აცხადებს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და დასძენს, რომ სკოლებისთვის რთული სტანდარტი არ დაინერგება.

„რაც ავტოსკოლებს მოეთხოვებათ, ესაა საგზაო ნიშნების მინიმალური პაკეტი, საკლასო ოთახი, მონიტორი, რათა მოსწავლე ამეცადინოს. ასევე ავტოსკოლა ვალდებული უნდა იყოს, რომ ჰქონდეს რომელიმე ობიექტთან საიჯარო ხელშეკრულება ან საკუთარი მოედანი, რათა პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატაროს“, - თქვა მელაძემ.

რეფორმის შედეგად, (რაც ავტოსკოლების ლიცენზირებასა და სპეციალური სასწავლო პროგრამების შემოღებას ითვალისწინებს), ცხადია გაიზრდება სწავლის საფასურიც.

„თუ 40-ლარიან სკოლაში მიხვედით, გახვედით გამოცდაზე, გაგიმართლათ და მართვის მოწმობა აიღეთ, პასუხისმგებლობაც ძალიან დაბალი გაქვთ. როცა რაღაცაში ფინანსებს დებ, რასაკვირველია, ცდილობ, რომ ისწავლო კარგად და ზედმეტად გამოცდაზე გასვლა აღარ მოგიწიოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სერვისის გაძვირების მომხრე ვარ. უბრალოდ, ამ გზით ცოდნის საფეხური იქნება გაცილებით მაღალი.

მოსწავლე, რომელიც დღეს მართვის მოწმობას იღებს, ის არც ერთ გზაჯვარედინზეა არაა ნამყოფი და მით უმეტეს არც მაგისტრალზე. ჩვენთან მაგისტრალზე სასწავლო სვლა დღეს დაშვებული არ არის. არადა, როცა გამოცდას აბარებ, მაგისტრალიც გაქვს. მაგალითად, რუსთავში მაგისტრალზეც გამოდიხარ. თუმცა სასწავლო სვლა მაგისტრალზე არ შეიძლება და ეს ნონსენსია. ასეთი ჩავარდნები არის და ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს“, - განუცხადა „ბიზნეს ინსაიდერს“ მელაძემ, რომელიც გერმანიასა და ავსტრიაში არსებულ გამოცდილებას ემხრობა და მიაჩნია, რომ სწორედ ამ ქვეყნებშია საკმაოდ დახვეწილი პროგრამები. ამ ქვეყნებში პრაქტიკული გამოცდა მინიმუმ 20 გაკვეთილს შეიცავს.

„ეს 20 გაკვეთილი მოიცავს მაგისტრალსაც, ღამესაც და ასე შემდეგ. პრაქტიკული მეცადინეობა ტარდება ყველა პირობებში. მეცადინეობების გავლის შემდეგ, როდესაც ინსტრუქტორი ჩათვლის, რომ მოსწავლე მზადაა გამოცდაზე გავიდეს, მხოლოდ მაშინ ხდება დაშვება. ყველაფერი რეიტინგზე დგას. ავტოსკოლის ინსტრუქტორი დაინტერესებულია, რომ მოსწავლემ ცოდნა მიიღოს.

გერმანიასა და ავსტრიაში ცოდნის მაღალია სტანდარტია და ვფიქრობ, რომ ჩვენც ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ, რადგანაც საგზაო და ფატალური შემთხვევების ცუდი სტატისტიკა გაქვს“, - დასძინა მელაძემ.

მის მოსაზრებას ეთანხმება საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ დღეს ავტოსკოლების საქმიანობა სრულად რეგულირების მიღმაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დაფუძნება ყველანაირი ლიცენზიისა თუ სერტიფიკატის გარეშე მარტივადაა შესაძლებელი. ამის გამო მართვის მოწმობას იღებენ ადამიანები, რომლებსაც ავტომობილის მართვის შესაბამისი ცოდნა არ აქვთ.

„დღეს ისეთი რეალობა გვაქვს, რომ მართვის მოწმობას იღებენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი ცოდნა და ე.წ. ავტოსკოლები ამზადებენ ხრიკების და კოდირების გზით. დაზუთხვის მეთოდით, შეიძლება მოატყუოთ გამოცდის პროგრამა და მიიღოთ მართვის მოწმობა ისე, რომ არ იცოდეთ რეალურად საგზაო მოძრაობის წესები. ეს სერიოზული პრობლემაა, არის თაღლითობა, რომელსაც თვითორგანიზებული ჯგუფები ავტოსკოლების სახელით აწარმოებენ. ასე რომ, ეს პრობლემა დაუყოვნებლივ გამოსასწორებელია. თუ ჩვენ გვინდა საგზაო უსაფრთხოება, რეფორმა უნდა გავატაროთ, პირველ რიგში, ავტოსკოლებში“, - განაცხადა დათვით მესხიშვილმა.

მისი აზრით, პროცესების კონტროლი განათლების სამინისტრომ თავის თავზე უნდა აიღოს. მესხიშვილი, მთავრობას ამ მიმართულებით ნაბიჯების სწრაფად გადადგმისკენ მოუწოდებს.

„არ არის ერთიანი სასწავლო პროგრამა, ინსტრუქტორები არ არიან სერტიფიცირებული, ავტოსკოლებს არ აქვთ არანაირი ტექნიკური აღჭურვა, რომ ადეკვატური ცოდნა გასცენ. ამ მიმართულებით პასუხისმგებელი სტრუქტურა არ არსებობს. სხვადასხვა გამოცდილება არსებობს ქვეყნებში. სადაც არის ტრანსპორტის სამინისტრო, ავტოსკოლები მის კომპეტენციაშია, მაგრამ ჩვენთან ეს სტრუქტურა არ არსებობს. იქ, სადაც ეს სტრუქტურა არ არის, განათლების სამინისტროს აქვს წამყვანი ფუნქცია.

არ შეიძლება შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებდეს ყველაფერს“, - აღნიშნა ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ.