ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღება უკვე დიდი ხანია დაიწყო და როგორც ჩანს, სამომავლოდაც უკეთეს შედეგს ელოდებიან. ამას ცხადყოფს საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზი, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, კონსერვატიულია. სინამდვილეში კი რეალური შედეგი გაცილებით უკეთესია ხოლმე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული კვლევიდან ირკვევა, რომ 2023 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 4.0 პროცენტია, 2024 წელს იგი 5.0 პროცენტამდე გაიზრდება, ხოლო 2025-2028 წლებში 5.2 პროცენტს მიაღწევს. აქვე აღნიშნულია, რომ რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოს ექნება ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში - 2023-2028 წლებში და საშუალოდ 5.0%-ს მიაღწევს.
სავალუტო ფონდის პროგნოზი შესაბამისად, 2023 წელს საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 7 600 აშშ დოლარს - მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით - 21 922 საერთაშორისო დოლარს გაუტოლდება, ხოლო 2028 წლისთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 11 290 აშშ დოლარი და 31 458 საერთაშორისო დოლარი იქნება.
2021 წელს მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი ევროკავშირის მაჩვენებლის 34.5%-ს შეადგენდა, 2022 წელს 37.1%-მდე გაიზარდა, ხოლო 2028 წლისთვის 46%-ს მიაღწევს, მაშინ როცა ევროკავშირის კანდიდატი ჩრდილოეთ მაკედონიის ანალოგიური მაჩვენებელი - 40.8%, ხოლო მოლდოვის 37.6% იქნება.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2028 წლისთვის, 2021 წელთან შედარებით, მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის.
ეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელობაზე და სიძლიერეზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუაც საუბრობს. მისი აზრით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ძალიან კარგი პროგნოზი გამოაქვეყნა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ძალიან კარგი პროგნოზი გამოაქვეყნა - 2022-2028 და 2021-2028 წლების შეფასება. ტრადიციულად, ეს მაჩვენებლები წელიწადში ორჯერ ქვეყნდება. საქართველოს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ძალიან ძლიერი შედეგები აქვს, ვგულისხმობ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის რამდენიმე პარამეტრს, სადაც საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდის ტემპების, მსყიდველუნარიანობის მიხედვით. ეს ყველაფერი შედეგები მიუთითებს შემდეგზე - ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავისი პროგნოზების გაკეთებისას არის ძალიან ფრთხილი, წინდახედული და ყოველგვარი ჭარბი ოპტიმიზმის გარეშე აქვეყნებს მაჩვენებლებს, რომ წინასწარ უფრო მაღალი მაჩვენებელი არ დაიგეგმოს, ვიდრე ყველა რისკი გათვალისწინებული არ იქნება.
ასეთი ფრთხილი პროგნოზის საფუძველზე, როცა საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე გადის და აღმოსავლეთ ნახევარსფეროში პირველ ადგილზეა ეკონომიკური ზრდის ტემპების მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ეს მიუთითებს იმას, რომ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, არის აბსოლუტურად სწორი“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს ძალიან კარგი შედეგია, რაც მიუთითებს იმას, რომ საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსს მალე მიიღებს.
„რეალურად, ჩვენ ვუახლოვდებით მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივას. დარწმუნებული ვარ, ეს 2030 წლამდე აუცილებლად მოხდება და იქნება იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც მაღალგანვითარებულ გზაზე დგანან. თუ შედარებებსაც ნახავთ სხვა ქვეყნებთან მიმართებით, თუ როგორ არის ქვეყნის ეკონომიკა წარმოჩენილი, ხაზგასმით ჩანს ის დიდი პროგრესი, რომელსაც საქართველო მიაღწევს და რა პროგრესიც ახლა რეალურად არის“, - განაცხადა დუნდუამ.
სავალუტო ფონდის პროგნოზით კმაყოფილნი დარჩნენ ეკონომიკის სამინისტროშიც. მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ მთავრობის ძირითად პრიორიტეტს ეკონომიკური ზრდის უფრო მეტად დაჩქარება წარმოადგენს, მათ შორის იმაზე მეტად, ვიდრე ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ არის პროგნოზირებული.
„აღნიშნული მიმართულებით მთავრობა აქტიურად მუშაობს ერთი მხრივ, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების კუთხით, ისე სტრუქტურული ეკონომიკური პროექტების განხორციელების მიმართულებით, რაც, მათ შორის, გულისხმობს ეკონომიკის სტრუქტურის გაუმჯობესებას და ზოგადად, ეკონომიკაში პროდუქტიულობის ზრდას. ეს, რა თქმა უნდა, საშუალებას მოგვცემს, უფრო მაღალი ტემპებით მოვახდინოთ ეკონომიკის შემდგომი ზრდა“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტია ქვეყანაში ასევე საინვესტიციო და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება, რაზეც პერმანენტულად მიმდინარეობს მუშაობა.
„ეს საშუალებას მოგვცემს, მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ და უფრო მეტად გავააქტიუროთ ბიზნესსაქმიანობა ქვეყანაში, რაც პირდაპირპროპორციულად ნიშნავს მეტ დასაქმებას, ეკონომიკაში ტექნოლოგიების, ინოვაციების და ცოდნის მეტ ტრანსფერს და პირდაპირპროპორციულად აისახება მოსახლეობასა და მისი კეთილდღეობის ზრდაზე“, - განაცხდა ცინცაძემ.