წელს უძრავი ქონების ბაზარი დასტაბილურდება და ფასები ან საერთოდ არ გაიზრდება, ანდა უმნიშვნელოდ მოიმატებს. ყველა თანხმდება, რომ აჟიოტაჟმა და ბუმმა გადაირა. წლის მეორე ნახევარში კიდევ უფრო გამოიკვეთება საერთო სურათი და ბაზარზე ახალი რეალობაც დადგება.
„გალტ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების სექტორის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნულია, რომ 2023 წელს უძრავი ქონების ფასები ლარში წლიურად - 5%-ით, ხოლო დოლარში 8%-ით გაიზრდება და ესეც ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში.
„ჩვენ ველოდებით უძრავი ქონების ფასების ზომიერ ზრდას, რადგან: სამშენებლო ხარჯების ზრდა დასტაბილურდა და ამ ეტაპზე მიგრანტების მხრიდან ბინების შესყიდვაზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა არ ფიქსირდება“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
რაც შეეხება ქირას, 2022 წლის მკვეთრი ზრდის შემდეგ, ორგანიზაცია 2023 წელს იჯარის ბაზარზე ფასების დასტაბილურებას და ქირის ნულოვან ზრდას, (როგორც ლარში, ისე დოლარში) ელოდება.
სტაბილურობაზე საუბრობს კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი ბესო ორთოიძე, რომლის თქმითაც, 2022 წლის რეკორდული მაჩვენებლების შემდეგ უძრავი ქონების სექტორში სიტუაცია დასტაბილურდა და ნელ-ნელა ბუნებრივ კალაპოტში ექცევა.
„წელს ბუნებრივ პირობებს ველოდებით უძრავი ქონების სექტორში, შარშან არაბუნებრივი მდგომარეობა იყო. არასტანდარტულად გაიზარდა თვითღირებულება, რეკორდულად მოიმატა ფასმა. წელს ველოდებით, რომ ბუნებრივ პირობებში მოექცევა ბაზარი და არაუმეტეს 10%-იანი ზრდა იქნება, რაც პირველი კვარტალის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ შესრულებულია და აღარ გვაქვს ფასების მკვეთრი ცვლილება.
ისეთი აჟიოტაჟი, რაც მიგრანტების ეფექტით და პანდემიის შემდგომი მაღალი მოთხოვნით იყო გამოწვეული, აღარ შეიმჩნევა. დასტაბილურებულია სიტუაცია, რაც ზოგადად კარგია ბაზრისთვის. 10%-იანი ზრდა ჩვენი ბაზრისთვის არის ბუნებრივი“, - განაცხადა ბესო ორთოიძემ „კომერსანტის“ ეთერში.
მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილიც ადასტურებს, რომ ბაზარი დასტაბილურდა, მაგრამ ჯერ ადრეა საუბარი, ღირებულება შემცირდება თუ არა, რადგან ბაზარზე სხვა დამატებითი ფაქტორებიც მოქმედებს.
„უძრავი ქონების სეგმენტში მოთხოვნა ბოლოს და ბოლოს დასტაბილურდა. ალბათ, გაჩერდა რაღაც მომენტში და ასე გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. დიდხანს ეს მოცემულობა ვერ შენარჩუნდება, მაგრამ კონკრეტულად როგორ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, ვარაუდი გამიჭირდება.
კარგა ხნის განმავლობაში მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი იყო, რის გამოც ბინები ძვირდებოდა. როგორც წესი, უძრავ ქონებაზე ფასები მოთხოვნასა და მიწოდებაზეა დამოკიდებული. ასეთია საბაზრო პრინციპი“, - განაცხადა როსტომაშვილმა.
რაც შეეხება დღეს არსებულ ვითარებას, „გალტ ენდ თაგარტის“ დაკვირვებით, თბილისში უძრავ ქონებაზე დოლარში ფასები დაახლოებით 30%-ითაა გაზრდილი. ფასების ცვლილება ნაწილობრივ გასულ წელს რუსეთის მოქალაქეების შემოდინებამაც განაპირობა. კერძოდ, მათი წილი თბილისის გაყიდვებში 2022 წლის იანვარში 0.9% იყო, ოქტომბრამდე იზრდებოდა და 5%-ს მიაღწია, ხოლო დეკემბერში - 4.4%-იან მაჩვენებელზე ჩამოვიდა.
უძრავი ქონების რეალიზაცია ბათუმშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. გაყიდვების დაახლეობით 70% ახალი ბულვარის და შიდა ცენტრის რაიონებში ხორციელდება. პირველ ხაზში გაყიდვების დაახლოებით 15% მოდის. გაყიდვების 90% მცირე და საშუალო ზომის ბინებზე მოდის (25-50 კვ_მ და 50-80 კვ_მ).