"ოჯახს პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ვერ შევქმნი"

კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე დაქორწინებას არ აპირებს. ამის შესახებ მარგველაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში განაცხადა. პრეზიდენტობის კანდიდატი უმრავლესობის წევრის ომარ ნიშნიანიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, სვანები მარგველაშვილს ოჯახურ მდგომარეობას უწუნებენ.

"არ შეიძლება პიარისთვის შექმნა ოჯახი. ეს იქნება შეურაცხყოფა ჩემთვის და ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული გრძნობისა. მე ისეთ სტაბილურ ოჯახში გავიზარდე, ოჯახს პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ვერ შევქმნი. ჩემი, როგორც პიროვნების, მთავარი ღერძი სიყვარულზეა აგებული და არ შეიძლება სიყვარულს პიარდატვირთვა მისცე. ამ მიმართულებით რაც მოხდება, დამოკიდებული იქნება მხოლოდ ჩემს გრძნობაზე...", - განაცხადა მარგველაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ გაზეთ "ალიასთან" საუბარში განაცხადა, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის სვანეთში გამარჯვება შესაძლოა, საეჭვო გახდეს.

დეპუტატის თქმით, გარდა იმისა, რომ მარგველაშვილი სვანეთში ნაკლებად ცნობილი სახეა, ადგილობრივები მარგველაშვილს ოჯახურ მდგომარეობას უწუნებენ. როგორც დეპუტატი ამბობს, სვანებმა განათლების სისტემაში გატარებული ცვლილებების შესახებ არაფერი იციან. "შედარებით ნაკელბად ცნობილი სახეა იქაურობისთვის, სვანეთში არ ჩანს და რაც მთავარია, უწუნებენ ოჯახურ მდგომარეობას.

ხომ იცი სვანები მაინც ტრადიციების მიმდევრები არაინ. შეიძლება მარგველაშვილის ოჯახურ მდგომარეობას თბილისსა და ქუთაისში ყურადღება არ მიაქვციონ, მაგრამ მესტიაში ამ ამბავს იწუნებენ, თან გეკითხებიან, მარგველაშვილმა რა გააკეთაო? განათლების სფეროში რა გააკეთა, ისიც არ იციან", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა