"სასამართლოს რეფორმირება და მისი გაჯანსაღება დიდი ხნით გადაიდო"
"საზოგადოება დასავლეთისგან ელოდა ყოფილი ხელისუფლების მკაცრ შეფასებას, რაც ვერ მიიღო"
ალბათ, მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს, რომ ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დატოვოს თანამდებობა და თქვას, ახალ პოლიტიკურ ცენტრს ვქმნიო. ალბათ, მხოლოდ ჩვენს ქვეყანაშია შესაძლებელი, რომ უცხოური კრეისერის გემბანი ქვეყნის ხელმძღვანელების ვაიკოაბიტაციის არენად იქცეს და დიპლომატიურ უწყებას განმარტების გაკეთებამ მოუწიოს, არც მეტი, არც ნაკლები, ელჩის სახის გამომეტყველებაზე. სავარაუდოდ,მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი, რომ პრეზიდენტის ხელში შეწყალების უფლება პოლიტიკურ იარაღად იქცეს და მსჯავრდადებული სამ დღეში ისევ გუბერნატორად მოგვევლინოს.
სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს საქმე. როგორც იურისტები ვარაუდობენ, გუნავას შემდეგ შესაწყალებელთა რიგში ბაჩო ახალაია დგას, შემდეგ კი, ვისაც მიხეილ სააკაშვილი ნოემბრის ბოლომდე მოასწრებს (მაშინ ეწურება პრეზიდენტს უფლებამოსილება), იმათაც გაათავისუფლებს. მერე კი, ალბათ, ცოტას კუბლაშვილის სასამართლოც "წაეხმარება". მოვლენების ასე განვითარებას არ გამორიცხავს ექსპერტი გოგი ხუციშვილი, თუმცა როგორც ამბობს, სააკაშვილი ვერ აცნობიერებს, რომ თითოეული შეწყალება მისი პოლიტიკური მარცხია.
- სხვათა შორის, 2006 წლამდე შეწყალების პროცედურის მიხედვით, მსჯავრდადებულს უნდა დაეწერა თხოვნა და ამით, ფაქტობრივად, ეღიარებინა დანაშაული. 2006 წლის შემდეგ ეს წესი შეიცვალა და პრეზიდენტს შეუძლია ნებისმიერი პირი შეიწყალოს, მიუხედავად იმისა, ის აღიარებს თუ არა დანაშაულს. მოკლედ, სააკაშვილს შეუძლია თავისუფლად შეიწყალოს ახალაია.
- მანამდე კუბლაშვილის სასამართლოს მიერ გამტყუნებული თენგიზ გუნავა შეიწყალა და ციხიდან სამი დღის გამოსული კაცი გუბერნატორის პოსტზე აღადგინა.
- დიახ, მაგრამ ახალაიების საკითხი სააკაშვილისთვის და "ნაციონალური მოძრაობისთვის" მეტად პრინციპულია. კერძოდ, ახალმა მმართველმა გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველად სწორედ ბაჩო ახალაია დააკავა, რადგან საზოგადოება წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებიდან სწორედ მას აღიქვამდა ყველაზე უარყოფითად. სამართლიანობის აღდგენა ახალაიათი უნდა დაწყებულიყო, რადგან მას ყველაზე უარყოფითი იმიჯი ჰქონდა. ამიტომაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მთელი ძალისხმევა მიმართა იქით, რომ ახალაია გამართლდეს. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ მგონია, რომ ახალაიას ყველა ეპიზოდში ვერ გაამართლებენ და შესაძლოა, სააკაშვილს მაინც მოუწიოს მისმა შეწყალებამ. ეს კი პრეზიდენტის დიდი პოლიტიკური მარცხი იქნება, რადგან შეწყალება არ ნიშნავს იმას, რომ მსჯავრდადებული გამართლდა. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილმა ახალაია ციხიდან გამოიყვანა. იგივე შეიძლება ითქვას თენგიზ გუნავაზე - რაკი პრეზიდენტმა ის შეიწყალა და გუბერნატორის თანამდებობაზე აღადგინა, რა, უდანაშაულოა?
- საინტერესოა, რატომ არის სააკაშვილისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი, მაგალითად, გუნავას ან ახალაიას გათავისუფლება?
- ალბათ, იმიტომ, რომ მომავალში პოლიტიკური აქტიურობისთვის რეზერვში ჰყავდეს.
- ვთქვათ, შეიწყალა სააკაშვილმა ახალაია და ის დარჩა პოლიტიკაში. ნუთუ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ ეს მათ პოლიტიკურ ქულებს შემატებს ან ხალხს უცბად გადაავიწყდება, რა ხდებოდა ამ 9 წლის განმავლობაში?
- გაგიკვირდებათ და "ნაციონალების" ზოგიერთი ლიდერი, ალბათ, მართლაც მიიჩნევს, რომ ბაჩო ახალაიას პოლიტიკური აქტიურობა რაიმეს შემატებს. თუმცა მე მათ ადგილას ამის იმედი არ მექნებოდა. "ნაციონალური მოძრაობის" იმ წევრებს, რომლებიც პირდაპირ არ იყვნენ დაკავშირებული დანაშაულებთან, პოლიტიკურად გადარჩენის ერთადერთი გზა აქვთ - ოფიციალურად გაემიჯნონ თავიანთ ლიდერებს, დანაშაულებთან ასოცირებულ პირებს და შექმნან ახალი პოლიტიკური ძალა. აქამდე ამას არ აკეთებდნენ, რადგან მათთვის წითელი ხაზი იყო პარტიული დისციპლინა და ხელმძღვანელობდნენ პრინციპით - არაფერი ვაღიაროთ, დაველოდოთ ახალი ხელისუფლების ჩამოშლას, მერე სრული შემადგენლობით დავბრუნდებით ხელისუფლებაში და იმ წერტილიდან დავიწყებთ ყველაფერს, სადაც უფლებამოსილება შეგვიწყდაო. უკვე ცხადია, რომ არც ახალი ხელისუფლება ჩამოიშალა და ვერც ისინი იქცევიან ისევ მმართველ ძალად. შესაბამისად, "ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილება და ურთიერთგამიჯვნა მხოლოდ დროის ამბავია. Mმეტიც, "ნაციონალების" დაშლა უკვე დაწყებულია.
- ვთქვათ, დავით ბაქრაძის გუნდი გაემიჯნა სააკაშვილს და დამოუკიდებელი თამაში დაიწყო. პოლიტიკურად გადარჩენა ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტსაც სურს და საინტერესოა, სააკაშვილი ვისღა უნდა გაემიჯნოს?
- მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურად გადარჩენის შანსი არა აქვს, მისთვის ერთადერთი გამოსავალი საზღვარგარეთ წასვლაა, სადაც შეუძლია სხვა საქმეს მოჰკიდოს ხელი. მაგალითად, შეუძლია გახდეს სენატორ ჯონ მაკკეინის მრჩეველი, რა თქმა უნდა, თუ თავად მაკკეინმა მოინდომა. ვიმეორებ, როგორც პოლიტიკოსი, სააკაშვილი გაკოტრებულია.
- ჟურნალისტებს გვაქვს საშუალება, საზოგადოების მაჯისცემაზე გვედოს ხელი, განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც ბოლო 9 წლის განმავლობაში ძალიან დაიჩაგრა. გუნავასა და ახალაიას საქმეები მათში ძალიან ცუდ იმპულსებს იწვევს. შესაბამისად, თქვენი მონა-მორჩილი შიშობს, რომ ზოგიერთმა ჩვენმა თანამოქალაქემ თვითნებურად არ დაიწყოს სამართლიანობის აღსრულება.
- სამართლის თვითნებურად აღდგენის საფრთხე მართლაც რეალურია. თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ახალი ხელისუფლების ეფექტურობაზე. გასაგებია, რომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლის მისაღწევად დრო მცირე იყო. სამაგიეროდ, საკმარისი იყო დრო, რათა მართვის ეფექტური მექანიზმები ჩამოყალიბებულიყო. მაგალითად,სამართლიანობის აღსადგენად თითქოს ცალ-ცალკე კარგად მუშაობენ იუსტიციისა და შს სამინისტროები, მაგრამ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მუშაობა კოორდინირებული ვერ არის და გამართული მექანიზმის შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს.
სამაგიეროდ, ვხედავ კონკურენციასა და დაპირისპირებას სხვადასხვა უწყებას შორის. არ მინდა ამ უწყებების დასახელება, მაგრამ კონკურენციასა და დაპირისპირებასთან ნამდვილად გვაქვს საქმე და საქართველოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს მთლად ნორმალურად არ მიმაჩნია.
- რა ამის პასუხია და, მაგალითად, ეგვიპტეში, როდესაც ხალხმა ჰოსნი მუბარაქის რეჟიმი დაამხო და ახალ პრეზიდენტად მურსი აირჩია, სოციალურ საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო სამართლიანობის აღდგენა და მუბარაქის ჯალათების დასჯა. მურსიმ ეს ვერ ან არ გააკეთა, ამას მოჰყვა საპროტესტო აფეთქებების მეორე და მესამე ტალღა და დღეს ყველანი ვხედავთ, რაც ხდება ქვეყანაში.
- ეგვიპტე დიდი სოციალური აფეთქების პოტენციის მქონე ქვეყანაა. ჩვენ ასეთი ხალხი არა ვართ. მოდი, ვაღიაროთ - ჩვენი ხალხი უფრო ადვილად სამართავია. რასაც საქართველოს მოსახლეობა ითმენდა წლების განმავლობაში, სხვა ქვეყნებში იგივე რომ მომხდარიყო, უმძიმესი ვითარება შეიქმნებოდა. თუმცა ისიც სათქმელია, - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში რომ არ მოსულიყო და ისე არ დამთავრებულიყო 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები, როგორც დამთავრდა, შესაძლოა, ქვეყანაში ისეთი აფეთქება მომხდარიყო, რომ ეგვიპტის ამბები მონაგონი ყოფილიყო.
წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, სააკაშვილის გუნდი ხელისუფლებაში კიდევ ერთი ვადით რომ დარჩენილიყო? მოვლენები "არაბული გაზაფხულის" სცენარით განვითარდებოდა.
ჩვენს ხელისუფლებას უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება მოვლენები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და ბოლოს და ბოლოს, აღდგება თუ არა სამართლიანობა. ამაში მაინცდამაინც ცალკეული ფიგურის დაკავებას კი არ ვგულისხმობ, არამედ იმას, რომ სასამართლო სისტემა გაჯანსაღდეს. ეს დიდი ნაბიჯი იქნებოდა სამართლიანობის აღდგენის გზაზე.
- ჰქონდა ამის შანსი ახალ ხელისუფლებას, მაგრამ პავლე კუბლაშვილთან "კანონების ომი" წააგო და უახლოეს წლებში ისევ ის სასამართლო გვაქვს "გამოწერილი", 80 წლის მოხუცს 10-ლარიანი ფიცრის მითვისებისთვის ოთხი წლით რომ უშვებდა ციხეში.
- დიახ, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ - სასამართლოს რეფორმირება და მისი გაჯანსაღება დიდი ხნით გადაიდო. სხვათა შორის, ეს, ბევრ პროცესს შეაფერხებს, მათ შორის სამართლიანობის აღდგენისას.
- ამ ფონზე არ არის სიმპტომატური სლოგანი: "არ ვემიჯნები ივანიშვილს, მაგრამ მხარს ვუჭერ ბურჯანაძეს"? "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ამომრჩეველთა იმ ნაწილის ხმების წამოღებას ცდილობს, რომლებიც კოაბიტაციის დაუყოვნებლივ დასრულებას მოითხოვს. შეიძლება ამან გავლენა მოახდინოს საპრეზიდენტო არჩევნების პერიპეტიებზე?
- გარდა იმისა, რომ ბურჯანაძე კოაბიტაციის დაუყოვნებლივი დასრულების მომხრეა, ის არის ფიგურა, რომელსაც სახელმწიფო მართვის გამოცდილება აქვს. თუმცა ხალხს ისიც ახსოვს, რომ თავის დროზე სააკაშვილის თანაგუნდელი იყო.
სააკაშვილის პერიოდში შელოცვასავით იყო ნატო და ევროკავშირიო. მოსახლეობა დღეს დასავლეთის მხარდაჭერას ვერ გრძნობს და ამან გააძლიერა პრორუსული განწყობა. აუცილებელია იმის თქმაც, რომ ჩვენი საზოგადოება დასავლეთისგან ელოდებოდა ყოფილი ხელისუფლების მკაცრ შეფასებას, რაც ვერ მიიღო. შესაბამისად, ფიქრობს, რუსეთთან ხომ არ განგვევითარებინა ურთიერთობა, ვიდრე ევროპასა და ამერიკასთანო.
- გასულ კვირას დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამერიკული ორგანიზაცია "დენსუსის" დასკვნამ, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით 26 მაისის მოვლენებზე მოამზადა. დასკვნის დედააზრი ის არის, რომ 2011 წლის 26 მაისს ოფიცერთა მცირე ჯგუფმა ძალა არაპროპორციულად გამოიყენა, საზოგადოდ კი აქცია პოლიციამ კანონის ნორმების დაცვით დაშალა.
- "დენსუსის" დასკვნა არ შეესაბამება სინამდვილეს. ყველას კარგად გვახსოვს 26 მაისის მოვლენები და პოლიციის თვითნებობა.
გასაგებია, რომ ვითარებას ძაბავდნენ და აგრესიას იწვევდნენ აქციის ორგანიზატორები, მათ შორის ბურჯანაძე, მაგრამ ხელისუფლება სწორედ იმიტომაც არის ხელისუფლება, რომ კანონს არ გადაუხვიოს. 2011 წლის 26 მაისს ძალა დემონსტრაციულად იხმარეს და დასახიჩრებული მოქალაქეები სავიზიტო ბარათი უნდა ყოფილიყო, აღარ გაბედოთ ხმის ამოღებაო. ამის დაუნახაობა როგორ შეიძლება?
- არ შემიძლია, არ გკითხოთ იმაზე, რაც ამერიკული გემის "ბალკლის" გემბანზე მოხდა. ეს თვის სკანდალი მაინც იყო.
- ახალი ამბავი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი გაუწონასწორებელი კაცია. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამერიკასთან ურთიერთობის მონოპოლია აქვს და შეუძლია ამერიკულ გემზე პროტოკოლიც კი დაარღვიოს.
- იშვიათი მოვლენა მოხდა დიპლომატიაშიც. ამერიკის საელჩომ განმარტება გააკეთა არა მოვლენაზე ან განცხადებაზე, არამედ ელჩის სახის გამომეტყველებაზე.
- სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ, რომ "ბალკლის" გემბანზე ბიძინა ივანიშვილისა და რიჩარდ ნორლანდის მხიარული განწყობა სულაც არ უკავშირდებოდეს სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას. ნორლანდი იმდენად გამოცდილი დიპლომატია, რომ ტელეკამერების წინ სააკაშვილს ნამდვილად არ დასცინებდა.
- ზემოთ იშვიათი მოვლენა ვახსენეთ. ალბათ, მთლად ორდინარული არ არის, ცესკოს თავმჯდომარე არჩევნებამდე ერთი თვით ადრე თანამდებობას რომ ტოვებს და ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას აპირებს.
- არ ვიცი, რა მოტივით ჰქონდა ზურაბ ხარატიშვილს, თანამდებობა რომ დატოვა ან შეიძლება თუ არა ამაში ქვედინების დანახვა. თუმცა ერთი რამ ფაქტია - დღევანდელ რეალობაში ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას პერსპექტივა არა აქვს.