როგორც ჩანს, ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო ხდება. პროექტი მთავრობას დასამტკიცებლად რამდენიმე კვირაში წარედგინება. ამოქმედების ვადამ შესაძლოა, ცოტა გადაიწიოს, თუმცა არა დიდი ხნით. რა თანხა ექნება ყოველწლურად მანქანის მფლობელს გადასახდელი, ეს ჯერ გარკვეული არ არის, თუმცა იმაზე მეტი, ვიდრე ამჟამად ტექდათვალიერებით არის განსაზღვრული.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღება, დიდი ალბათობით, საგაზაფხულო სესიაზევე მოესწრება. მისი ამოქმედების ვადები სამსჯელოა, თუმცა, დიდი ალბათობით, 2024 წლიდან შევა ძალაში.
„ამჯერად ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად საბოლოო ვარიანტზე ვმუშაობთ. საკმაოდ წინ ვართ წასული. მგონია, რომ 2-3 კვირაში პროექტი საბოლოდ დასრულდება იმ დონეზე, რომ წარედგინება მთავრობას და მალევე პარლამენტს განხილვებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მისი მიღება საგაზაფხულო სესიაზე მოესწრება, ამუშავება სამსჯელო საკითხია, სავარაუდოდ 2024 წლიდან ამოქმედდება“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.
სადაზღვევო სექტორი „ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შესახებ კანონის მიღებას უკვე რამდენიმე წელია ელის. პარლამენტში კანონპროექტი ჯერ კიდევ 2018 წელს დარეგისტრირდა, თუმცა მისი განხილვა შეჩერდა. უახლოეს მომავალში ეკონომიკის სამინისტრო საკანონმდებლო ორგანოში კანონის გადამუშავებულ ვერსიას შეიტანს. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში აუცილებლად შესასრულებელი მოთხოვნაა.
სადაზღვევო სექტორში ფიქრობენ, რომ ნიადაგი მზადაა და ახლა მთავრობას, წესით, არაფერი უშლის ხელს კანონპროექტის მისაღებად. სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარის დევი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ავტოპარკიდან გამომდინარე, წელიწადში ქვეყანაში 150 000 ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, რომლის დიდი ნაწილი არ ხმაურდება.
„ავტოსატრანსპორტო შემთხვევების 7-10%-მდე ზარალი სამედიცინო კუთხითაა. კანონპროექტის ამუშავების შემთხვევაში, მარტო ამ მიმართულებით, სახელმწიფო, ჯამში, დაახლოებით 40 მილიონ ლარს დაზოგავს და ათასობით ადამიანს დიდი შეღავათს გაუწევს, როგორც სამედიცინო სერვისების მიღების, ასევე მატერიალური ზარალის კომპენსაციის კუთხითაც.
სამწუხაროდ, ავარიების დიდი რაოდენობა, ფაქტობრივად, არ ანაზღაურდება. ამ დროს დანაკარგი ფიდია, როგორც ფინანსური, ასევე სამედიცინო თვალსაზრისით, ვინაიდან მრავალი ადამიანი შრომის უნარს კარგავს. შეიძლება ითქვას, დიდ პრობლემას ვაწყდებით და სამომავლოდ ეს სიტუაცია უნდა დალაგდეს. მთელი მსოფლიო განიხილავს ავტოდაზღვევას, როგორც სოციალური დაცვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს და საქართველოც ამ ქვეყნების რიგს უნდა შეუერთდეს“, - განაცხადა ხეჩინაშვილმა და დასძინა, რომ მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა კარგი გადაწყვეტილება იქნება სადაზღვევო კულტურის ამაღლების მხრივაც, რაშიც ქვეყანა ჩამორჩენილია.
„საქართველოში 1,5 მილიონი მანქანაა რეგისტრირებული და მათ მფლობელებს არავინ ავალებს მანქანის დაზღვევას, მაგრამ 1 მილიონი მოქმედი მანქანიდან 150 000 ავტოსაგზაო შემთხვევა წელიწადში, საკმაოდ დიდი ციფრია. მნიშვნელოვანია, რომ დაზღვევის პირობებში, ბრალეულობის მიუხედავად, გამონაკლისის გარეშე, მოხდება ანაზღაურება და ის არ იქნება დამოკიდებული მძღოლის შესაძლებლობაზე“, - განაცხადა ხეჩინაშვილმა.
ამ ეტაპზე უცნობია, რა იცვლება კანონპროექტის პირვანდელ ვერსიასთან შედარებით. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ჯერჯერობით არც პრემიის მოცულობის შესახებ საუბრობს.
კანონპროექტის პირვანდელი ვერსიის მიხედვით, სადაზღვევო პრემიის მოცულობა ტრანსპორტის კატეგორიების მიხედვით განსხვავებული იყო. მაგალითად, მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში წლიური მაქსიმალური სადაზღვევო პრემია, რისი გადახდაც მოქალაქეებს სავალდებულო წესით მოუწევდათ, მაქსიმუმ 150 ლარით იყო განსაზღვრული.