ინციდენტი გემზე, როგორც ქართული ტრაიბალიზმის მაგალითი

ინციდენტი გემზე, როგორც ქართული ტრაიბალიზმის მაგალითი

ამერიკული სამხედრო ხომალდის გემბანზე მომხდარი ინციდენტი არა მხოლოდ ქართული და რუსული, არამედ დასავლური მედიის ყურადღების არეალში მოექცა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ უკანასკნელს ჩვენთვის უცნაური პრიორიტეტები აქვს და პოსტსაბჭოურ სივრცეზე განვითარებული მოვლენების რანგირებისას „სექსიზმი" ახასიათებს (ანუ, გეი-ქორწინებათა თემას ბევრად მეტ და ხანგრძლივ ყურადღებას აქცევს, ვიდრე, მაგალითად, საქართველოს ტერიტორიათა ოკუპაციას და ეთნოწმენდას), სააკაშვილ-ივანიშვილის კლინჩისადმი ესოდენ დიდი და ვნებიანი ინტერესი თავისთავად შესანიშნავ მოვლენად უნდა ჩაითვალოს. როგორც ჩანს, მიზეზი არა მხოლოდ და არა იმდენად პრეზიდენტისა და პრემიერის უგვანი „შელაპარაკებაა", რამდენადაც ის გარემოება, რომ ყოველივე სწორედ ამერიკულ ხომალდზე მოხდა, ესე იგი ამერიკის ტერიტორიაზე და ამერიკელი ელჩის თანდასწრებით.
რატომ იცინოდა ესოდენ გულიანად ელჩი ნორლანდი? სანამ ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, აუცილებელია ითქვას, რომ რიჩარდ ნორლანდი არის ყველაზე მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ამერიკელი დიპლომატი, რომელიც კი ოდესმე გამოუგზავნია სახელმწიფო დეპარტამენტს ამ ჩვენს ღვთის მიერ მივიწყებულ ქვეყანაში. თუ „რატომ ასეთი" - სხვა საკითხია. ალბათ იმიტომ, რომ 2008 წლის „გიჟური აგვისტოდან" ვაშინგტონის მიზანი ცივილიზებული გაყრა გახდა, ანუ საქართველოდან გეოპლიტიკური წასვლა სახის დაუკარგავად! ამას კი მხოლოდ ძალზე გამოცდილი დიპლომატი თუ „გაახერხებდა" იმ პოლიტიკური ინვესტიციის შემდეგ, რაც ამერიკამ განახორციელა ე.წ. „ვარდების რევოლუციიდან" - „აგვისტოს ომამდე".

ზოგადად, დიპლომატის სიცილი რაფინირებული ჟესტია. თავისთავად იგი არაფერს ნიშნავს და გამოხატავს, გარდა თვით დიპლომატის თავდაჯერებისა. მხოლოდ სიცილით ვერ იმსჯელებ, რა განწყობა აქვს დიპლომატს, ან რისი თქმა უნდა. სულ სხვა საქმეა, თუ ამ „პროტოკოლურ მიმიკას" ელჩის ვერბალურ-ტექსტუალური განმარტებაც მოსდევს. ავიღოთ და წავიკითხოთ განცხადება, რომელიც ამერიკის საელჩომ, ანუ თვით რიჩარდ ნორლანდმა გამოაქვეყნა მეორე დღეს: „ყველა მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა სიტუაციის პროტოკოლურ ჩარჩოებში მოქცევა".

ეს ტექსტი იცით რას ნიშნავს? დიპლომატიას თავისი ენა აქვს. დიპლომატი ყველაფერს ყველანაირად ვერ იტყვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აღარც დიპლომატია და საკუთარ ქვეყანასაც ზიანს მიაყენებს იმიჯის თვალსაზრისით. ამიტომ დიპლომატიის ენა „ითარგმნება" ხოლმე. და თუ ამ ენიდან ხსენებულ ტექსტს („ვერ მოხერხდა სიტუაციის პროტოკოლირ ჩარჩოებში მოქცევა") ხალხურ ენაზე გადმოვთარგმნით, ეს არის დედის ....ის გინება!!!

მაგრამ ვისი „მიმართულებით", როგორც ჩვენებური პოლიციის ოქმებში იწერება ხოლმე? ვისი „მიმართულებით" და ორივესი, ანუ მთელი ქვეყნის! კაცმა რომ თქვას ახიცაა ჩვენზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„სოციალურ ქსელებს" თუ გადავხედავთ „მიშისტებიც" და „ქოცმაცუნებიც" სულ იმის ცდაში არიან, ისარი მოწინააღმდეგისკენ მიმართონ, მაგრამ თავად ინციდენტი სულაც არაა ისე ერთმნიშვნელოვანი, როგორც ორივე მხარე ცდილობს წარმოაჩინოს. ფაქტია, რომ ჯერ პრემიერ-მინისტრმა „იანგლა" ძალზე უცნაურად პრეზიდენტის იმპოზანტურ (ამჯერად მეტისმეტად იმპოზანტურ) კოსტიუმზე მიმაგრებული ყაყაჩოს თაობაზე, მერე ზღვის ფერზე იქილიკა რაღაც და ბოლოს სააკაშვილმა „დააბრეხვა" პირდაპირ ბიძინასა და ნორლანდის თავზე: „მტერთან შეკრული საქართველოს მოძულეების შესახებ".

საგულისხმო ნიუანსი: ის, რაც ბიძინამ თქვა, ორმხრივ ურთიერთობათა დისკურსს განავრცობდა მხოლოდ, სააკაშვილის „უორდინგი" კი ოფიციალურ გამოსვლათა ნაწილი იყო! თუმცა ჩვენთვის, შინაარსობრივად, ამით ბევრი არაფერი იცვლება, რაკი ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა მიზანს ისახავდა პრემიერი ივანიშვილი, როცა სამგლოვიარო ყვავილის შესახებ ეკითხებოდა: „ეგ რა არის ზედ რომ გიკეთიაო?". მიშას დამცირება უნდოდა და ეგონა, პასუხს ვერ მიიღებდა? აი ეს „გაუთვლელობა", კაცმა რომ თქვას, ბევრად უფრო დამაფიქრებელია, ვიდრე მიშას „სიგიჟე".

მიშას „სიგიჟეებს" ყოველთვის ზუსტად გათვლილი მიზანი აქვს: ამ შემთხვევაშიც, მისი განცხადება „არაპროტოკოლური" და „არადიპლომატიური" კი იყო, მაგრამ მკაფიო მიზანი ჰქონდა: გაეფრთხილებინა ამერიკელები, შეწყვიტონ „ერთი ადგილის თამაში" და არ „ჩააბარონ" იგი 1 ოქტომბერს გამარჯვებულ გუნდს, რომელიც სისხლის სამართლის საქმის აღძვრით ემუქრება აგვისტოს მოვლენათა გამო. წინა ანალოგიური გაფრთხილება იყო „უცნაური და მოულოდნელი" განცხადება, 26 მაისს, მიტინგის დარბევაში FBI-ის მონაწილეობის შესახებ.

ანუ, მიშას მიზანი და საქციელი გასაგებია. აი ბიძინა რა მიზანს ისახავდა (ვიმეორებ), როცა იმ კითხვას უსვამდა? რას ელოდა, რომ მიშა ვერაფერს უპასუხებდა და თავს საცინლად ააგდებინებდა, თანაც მაშინ, როცა პასუხი გამზადებული ჰქონდა? მით უმეტეს საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიურად დომინანტურ თემაზე, ანუ ნამდვილად ყოველმხრივ გამართლებული გლოვის გამო?

„რატომ ვაგებთო" - კიდევ იკითხავენ მმართველ კოალიციაში. აგებთ იმიტომ, რომ ინიციატივა მუდმივად „ნაცებს" აქვთ, თქვენ კი სულ მხოლოდ რეაგირებთ. თანაც, რეაგირებთ ბრიყვულად! სხვა შემთხვევაში მათ ვერ უნდა დაესწროთ „ყაყაჩოს აქციის" მოწყობა, ხოლო „მეოცნებე დეპუტატების" მიერ „მგლოვიარე გულსაბნევის" გაკეთებაზე უარის თქმა, ამ „ნერვების ომში" კაპიტულაციის ტოლფასია!

თუმცა, ეს „შიდაქართული" ნიუანსები რიჩარდ ნორლანდს სულ არ აინტერესებს. მას მხოლოდ საკუთარი ქვეყნის იმიჯის შელახვა აღელვებს, რაკი ის, რაც ამერიკულ ხომალდზე მოხდა, ამერიკული ზესახელმწიფოს შეურაცხყოფა იყო! ამიტომ, განცხადებაც შესაბამისი გააკეთა: ქართველებმა ერთმანეთის ჭამის გარდა არაფერი იციან, მაგრამ არც მოეთხოვებათ საბრალოთ, რადგან ერთი ჩამორჩენილი, არაცივილიზებული, ველური ტომი არიან. ამიტომ მათი ბელადების გოიმობაზე ადეკვატური პასუხი მხოლოდ კეთილი სიცილია.