2-3 თვეში ინფლაციაური წნეხი მინიმუმამდე დავა

2-3 თვეში ინფლაციაური წნეხი მინიმუმამდე დავა

ქვეყანაში ინფლაციური წნეხი ძალიან შემცირდა და როგორც ვარაუდობენ ზაფხულისთვის მინიმუმამდე დავა. წლის დასაწყისიდანვე დადებითი ტენდენციაა, რაც ოფიციალურ მაჩვენებელებშიც აისახა.

2023 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.3 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 5.0 პროცენტით განისაზღვრა.

ფასების ინდექსის შემცირების ტენდენციის გაგრძელებას ელოდებიან „თიბისი კაპიტალში“. მათი შეფასებით. ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს (3%) ივლისში ან უფრო ადრე დაუახლოვდება.

„საერთაშორისო სასაქონლო ფასების მიმდინარე შემცირება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოში, ინფლაცია 3%-იან სამიზნეს ივლისში ან უფრო ადრე დაუბრუნდება, რაც ძირითადად იმპორტულ საქონელზე ფასების შემცირების შედეგია“, - აცხადებენ „თიბისი კაპიტალში“.

შარშან საქართველოში ყველაზე მაღალი ინფლაცია იყო - 13%-ის ფარგლებში, თუმცა წლის ბოლომდე იგი 9%-მდე ჩამოვიდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამას სწორ ეკონომიკურ და ფისკალურ პოლიტიკას უკავშირებს.

„ინფლაცია იყო და რჩება გამოწვევად. დღეს მთელ მსოფლიოში არის მაღალი ინფლაცია, ამერიკაში, ევროპაში, ევროზონაში შარშან ორნიშნა მაჩვენებელიც დაფიქსირდა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იყო 20-25, 30%-მდეც კი ავიდა, მოლდოვაში 37% იყო ინფლაცია. ამ დროს ჩვენმა პატარა ქვეყანამ, ამდენი გამოწვევების მიუხედავად, მოახერხა, რომ შარშან პიკზე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვქონდა 13%. წლის ბოლოს ჩვენ იგი შევამცირეთ 9%-მდე და ახლა უკვე, მარტში 5,3%. ეს, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პროგრესი.

მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, თუ რას ნიშნავს ინფლაციის შემცირება ჩვენი ხალხისთვის. ეს ავტომატურად აისახება სურსათის, ტრანსპორტის, მედიკამენტების ფასებზე. ეს არის შედეგი ჩვენი ერთობლივი მუშაობის. ამის თაობაზე გახსოვთ, ჯერ კიდევ შარშან დავიწყეთ მუშაობა. მედიკამენტებზე შევძელით და შევამცირეთ ფასები მნიშვნელოვნად- 60-80%-ით, შემოვიღეთ ასევე რეფერენტული ფასები და ჯამურად 200 მილიონი ლარის ეკონომია ნახა ჩვენმა ხალხმა შარშან.

ასევე ჩვენ დავიწყეთ მუშაობა იმპორტიორებთან, საწვავის ფასების შემცირების თაობაზე, გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები და საწვავის ფასიც შემცირებულია. ამანაც, რა თქმა უნდა, შეასრულა თავისი როლი. ახლა მესამე მიმართულება, ეს არის სურსათის ფასები, რაც რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს აწუხებს. ამ მიმართულებითაც გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები, პირველი ეტაპზე. ეკონომიკის სამინისტრო უკვე ძალიან მალე წარმოადგენს კანონპროექტს, მისი მიღებითაც გადავაზღვევთ, რომ სამართლიანი წესები არსებობდეს ბაზარზე და ეს ყველაფერი ჯამში აისახება შემცირებულ ინფლაციაზე.

5,3%-ია დღეს ინფლაცია, რაც არის სასიხარულო. ეს უნდა შევინარჩუნოთ, ამას სჭირდება გაგრძელება. ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია გვჭირდება და რაც მთავარია, მშვიდობა და სტაბილურობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობასთან ერთად, ეროვნული ბანკის სწორ პოლიტიკაზე საუბრობს ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია და იმ სხვა ფაქტორებს ასახელებს, რაც ინფლაციას მომავალშიც შეამცირებს.

„ინფლაციის ტემპის შემცირებაზე გავლენას ახდენს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული სწორი მონეტარული პოლიტიკა. ეროვნული ვალუტა ჭარბი რაოდენობით ბაზარს არ მიაწოდოს. უნდა გააკონტროლოს ფულის მასა. მნიშვნელოვანია როგორი იქნება ვალუტის კურსი. ლარის გამყარებაზე დადებითად იმოქმედა მიგრანტების შემოდინებამ. ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა თუ ისევ მაღალი დარჩება, მაშინ, კიდევ გვექნება გამყარების ტენდენცია. ეს კი ინფალციას კიდევ დაბლა დასწევს.

საგარეო ფაქტორებში კი მნიშვნელოვანია მიმდინარე ომი, რაც გავლენას ახდენს იმ მიმართულებით, რომ ენერგომატარებლებზე და სურსათზე, გარკვეულწილად, გაზარდა ფასი, რაც იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებაში აისახა, ანუ ჩვენთანაც გაძვირდა. ასე რომ, დამოკიდებული ვიქნებით ასეთ საგარეო ფაქტორებზე, საერთაშორისო ბაზრებზე და ა.შ“, - განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.