1953 წლის გადატრიალება ირანში, რომელმაც მსოფლიო შეძრა

1953 წლის გადატრიალება ირანში, რომელმაც მსოფლიო შეძრა

60 წლის წინ, 1953 წლის 15 აგვისტოს, ირანში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება დაემხო.

ყველაზე გავრცელებული აზრის თანახმად, რომელსაც მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, სახელმწიფო გადატრიალება დაგეგმეს აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურმა სამმართველომ და ბრიტანული დაზვერვის უწყებამ MI6-მა ირანის ნავთობსაბადოებზე კონტროლის შესანარჩუნებლად და აგრეთვე იმისათვის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ირანი საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყო.

1951 წელს ირანში ნავთობის წარმოების ნაციონალიზაცია გამოცხადდა, ნავთობისა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ბრიტანეთს ეკუთვნოდა. ამ გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოსადეყმა. და რადგან ფიქრობდნენ, რომ ნავთობიდან შემოსული თანხა მოსადეყის მთავრობის ჯიბეში მიედინებოდა, ამ ნაბიჯს მსოფლიოს მასშტაბით ირანის ნავთობზე საერთაშორისო ბოიკოტი მოჰყვა, ხოლო როდესაც სანქციებმა არ გაამართლა, აშშ-მა და ბრიტანეთმა მოსადეყის დამხობის საიდუმლო გეგმა აამოქმედეს.

სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ პრემიერ-მინისტრი მოჰამედ მოსადეყი გენერალმა ფაზლოლა ზაჰედიმ შეცვალა. ამან, თავის მხრივ, ხელ-ფეხი გაუხსნა ირანის სუსტ შაჰს, მოჰამედ რეზა ფეჰლევის, იმისათვის რომ, ირანის კონსტიტუციის თანახმად, აბსოლუტური ძალაუფლება აეღო ხელში და გამხდარიყო ავტოკრატი ლიდერი, რომლის მმართველობასაც 1979 წლის ირანის ისლამურმა რევოლუციამ მოუღო ბოლო.

სტივენ კინზერი, ავტორი წიგნისა „შაჰის გარემოცვა“, 60 წლის წინანდელ სახელმწიფო გადატრიალებას ვაშინგტონის ხანმოკლე გამარჯვებად მიიჩნევს:

„ისტორიის თვალსაწიერიდან, სახელმწიფო გადატრიალება არ იყო აშშ-ის წარმატება. 1979 წლის ირანის რევოლუცია, დიდწილად, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსული ირანის შაჰის მიერ დაწყებულმა მზარდმა რეპრესიებმა განსაზღვრა. ამგვარად, ისლამისტურმა რევოლუციამ ხელისუფლების სათავეში მოიყვანა ფანატიკური ანტიამერიკული რეჟიმი, რომელიც 30 წლის განმავლობაში ცდილობს შეარყიოს ამერიკის ინტერესები მთელ მსოფლიოში“.

60 წლის წინ, 15 აგვისტოს, ირანელმა სამხედროებმა, რომლებსაც ამერიკისა და ბრიტანეთის სადაზვერვო უწყებები უჭერდნენ მხარს, სახელმწიფო გადატრიალება მოახდინეს - დაამხეს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და ირანის პოპულარული პრემიერ-მინისტრი მოჰამედ მოსადეყი. მაგრამ გადატრიალებამ, რომელიც ირანში 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, მთელი მსოფლიო შეარყია და საფრთხე შეუქმნა ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს, საბჭოთა კავშირს კი იდეოლოგიური იარაღი მისცა „ცივი ომის“ განმავლობაში.

ირანში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების პასუხად, საბჭოთა კავშირმა გააძლიერა ექსპანსია რეგიონში და მოსკოვმა ეგვიპტის, სირიის, ერაყისა და ლიბიის იარაღით მომარაგება და მათთვის ფულადი დახმარების გამოყოფა დაიწყო.

1953 წლის აგვისტოს გადატრიალება ირანში იქცა მოდელად აშშ-ის ფარული ძალისხმევით მთავრობების სწრაფი დესტაბილიზაციის და დამხობისა. 60 წლის წინ მომხდარი ეს ფაქტი მძიმედ აისახა ირანელების ეროვნულ ფსიქიკაზე და გააჩინა ნაპრალი დასავლეთთან ქვეყნის ურთიერთობებში.