ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესებისთვის, როგორც ლარის გაუფასურებაა პრობლემა, ასევეა მისი სწრაფი გამყარება. ადგილობრივმა მწარმოებლებმა უკვე მოუხშირეს წუწუნს, რომ ასეთი გაძლიერებული ეროვნული ვალუტა მათ პრობლემებს უქმნის, იზრდება პროდუქციის თვითღირებულება (დოლარში), მცირდება ექსპორტიდან შემოსავალი (ლარში) და თანდათან ჭირს გაწეული ხარჯების კომპენსირება.
ბიზნესის ერთი ნაწილი კურსის ნიშნულსაც კი ასახელებს, რა შემთხვევაშიც, საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი შესაძლოა, საერთოდ შეწყდეს.
„ლარი კიდევ თუ გამყარდა და ერთი დოლარი 2.40-ს ჩამოცდა, ალბათ, ექსპორტს შევაჩერებთ. შეიძლება ითქვას, ექსპორტი ჩვენთვის მომგებიანი ახლაც ნაკლებადაა, მაგრამ კიდევ უფრო გამყარების შემთხვევაში აზრი საერთოდ დაეკარგება“, - განაცხადა „ბიზნესმედიასთან“ კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ.
პრობლემებია ღვინის ბიზნესშიც. „იაგოს ღვინის“ დამფუძნებლი იაგო ბიტარიშვილი აცხადებს, რომ ბიზნესი ლარის გამყარების წინააღმდეგია, კერძო სექტორს სტაბილურობა სურს.
„ჩვენი წარმოების 100% ექსპორტზეა დამოკიდებული. თუ ადრე, მაგალითად, 10 000 ევროში 40 000 ლარი მოდიოდა, ახლა 27 000 ლარი მოდის. მე ნებისმიერი კურსის არსებობის მომხრე ვარ, მაგრამ ის, რაც შეიძლება სტაბილური უნდა იყოს. კურსი უნდა შენარჩუნდეს, რათა მასზე ავიღოთ სწორება და დავიგეგმოთ“, - განაცხადა ბიტარიშვილმა.
მართალია, ლარის გამყარება ზოგად ჭრილში ძალიან კარგია, მაგრამ ექსპორტის მიმართულებით ეს ბიზნესისთვის არც ისე სასურველი ამბავია.
„შარშან ჩვენი სასტუმროს ნომრის ღირებულება 100 დოლარი იყო, რაც გასული წლის კურსით 310 ლარია. ბოლო ერთ წელიწადში ლარი, დაახლოებით, 20%-ით გამყარდა და ახლა ერთი დოლარის ფასი 2.54 ლარია, ანუ 100 დოლარი ახლა 254 ლარია. ამდენად, მეც მიწევს გავზარდო სასტუმროს ნომერი 120 დოლარამდე, ვინაიდან გაზრდილია კომუნალურების ხარჯი, ასევე თანამშრომლებისთვის ხელფასები, ქვეყანაში მაღალია ინფლაციაც. ამდენად, ჩემი სერვისი ლატვიელი თუ პოლონელი ტურისტისთვის გაძვირდა. გამოვიდნენ დიდი სასტუმროების მფლობელები და თქვან - ბრუნვა გაეზარდათ, მაგრამ მოგება გაეზარდათ?! არა მგონია, ასე იყოს.
ბაზარი უკვე მიჩვეული იყო 3.10 ლარს, მერე ჩამოვიდა 2.90-ზედა გაეჩერებინათ... სადღაც მოვისმინე, ხალხი რომ გარბის ევროპაში და ამერიკაში, მაგიტომ გაამყარესო... ვისაც უნდა წასვლა, ლარის 15-20%-იანი გამყარებით ვერ დააკავებ“, -განაცხადა ბიზნესმენმა.
ადგილობრივი მწარმოებლები საუბრობენ, რომ ლარის ასეთი გამყარების ფონზე, ექსპორტი უკვე ნაკლებად აკომპენსირებს შიდა დანახარჯებს, მათ შორის ელექტრომატარებლებზე გაზრდილ ფასებს. კომპანია „კულას“ დამფუძნებელს ვანო გოგლიძეს ახლა სეზონურ ხილზე დაბალი ფასის იმედი აქვს.
„ჩვენ შიდა ფასებს ნაწილობრივ ექსპორტით ვაკომპენსირებდით, მაგრამ ახლა ექსპორტიდან შემოსული დოლარი გაზრდილ ფასებს, მათ შორის ელეტქროენერგიასა და ბუნებრივ აირის გადასახადებს, ვეღარ აკომპენსირებს, ზოგადად, ენერგომატარებლების ფასების კუთხით რთული ვითარებაა. ამ ეტაპზე დამოკიდებული ვართ პროდუქციის ფასებზე, თუ ხილის ფასმა არ მოგვცა საშუალება და წარმოება გაძვირდა, ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. ეს ყველაფერი გამოჩნდება ივნისში, როდესაც ხილის მიღებას დავიწყებთ.
ზოგადად ექსპორტს, რა თქმა უნდა, ყოველთვის აქვს აზრი, მიუხედავად კურსისა, რადგან ეს კომპანიის იმიჯია, თუმცა ლარის ასეთი გამყარების ფონზე, ექსპორტი დააკომპენსირებს თუ არა ელექტრომატარებლებზე გაზრდილ ფასებს ზაფხულში გამოჩნდება“, - აღნიშნა გოგლიძემ.
ლარი უკვე ყოველდღიურად გამყარების ახალ რეკორდებს ამყარება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5420 ლარი შეადგინა, ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2018 წლის 13 აგვისტოს დაფიქსირდა.