შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ იცხაკ აჰარონოვიჩთან ერთად თბილისის დიდ სინაგოგას ეწვია და შაბათის ლოცვას დაესწრო. სინაგოგასთან მინისტრებს ჯამლეტ ხუხაშვილი დახვდა, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ-ებრაული მეგობრობის 26 საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური სამთავრობო კომისიის საპატიო წევრად გამოაცხადა. იცხაკ აჰარონოვიჩს კომისიის ხელმძღვანელობის სახელით სიმბოლურად გადაეცა ბურთი კომისიის წევრების ხელმოწერებით.
ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გუშინ გაიმართა ოფიციალური შეხვედრა შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. შეხვედრაზე ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას საქართველოს მთავრობას და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
ისრაელის დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საწვრთნელი ბაზა, საგანგებო და სპეციალური ღონისძიებების ცენტრის იალღუჯას სასწავლო ბაზა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“.
ისრაელის დელეგაციის ვიზიტი 18 აგვისტოს დასრულდება.