კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით, გერმანიაში 200-მდე ქართველი მძღოლია გაფიცული. სოლიდარობის ნიშნად, სატვირთოს მძღოლები გაიფიცნენ იტალიაშიც. პროფესიული კავშირების გაერთიანებას დახმარების თხოვნით მიმართეს გერმანიაში დასაქმებულმა სტუდენტებმაც. ამ შემთხვევაშიც დარღვეული იყო შრომითი პირობები და 16 სტუდენტს მძიმე სამუშაო და საცხოვრებელ პირობებში უწევდათ ყოფნა, რაც შეთანხმებაში არ იყო ჩადებული.
200-მდე დასაქმებული ღამეებს მესამე კვირაა ტრაილერებში ატარებს. გაფიცულებს ერთმანეთისთვის საკვების გაზიარება უწევთ, რადგან რამდენიმე თვეა უხელფასოდ არიან, დამსაქმებელი კი მათთან კონტაქტზე არ გადის. როგორც აღმოჩნდა, ანალოგიურ პირობებში იმყოფებიან იტალიაში დასაქმებულებიც, რომლებიც საკუთარი ტრაილერებით გერმანიაში ჩავიდნენ და გაფიცვას შეუერთდნენ.
ქართველი მძღოლების თქმით, დაახლოებით ორი თვეა, რაც მუშაობენ, თუმცა პოლონური კომპანიისგან, რომელშიც დასაქმებულები არიან, შრომის ანაზღაურება არ მიუღიათ. სატვირთო ავტომობილები რამდენიმე ქვეყანაშია გაჩერებული, მათ შორის, გერმანიაში, იტალიაში, ბელგიასა და ჰოლანდიაში.
„დაახლოებით 200 მანქანაა გაჩერებული. ერთი კვირაა, გაჩერებულები ვართ ხელფასების გამო. 60 დღის ხელფასი გვაქვს ასაღები. კომპანიასთან კონტაქტი გვქონდა, მაგრამ იქიდან, პირიქით, მუქარები იყო“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ემიგრანტმა.
კიდევ ერთი გაფიცულის თქმით, დახმარებას საქართველოს ხელისუფლებისგან ელიან.
„გვესაჭიროება მთავრობის თანადგომა. გერმანიის საელჩომ პოლონეთში დაგვაკავშირა საქართველოს საელჩოსთან. ვესაუბრეთ იურისტებს. როგორც ჩანს, პროცესი იქნება ხანგრძლივი. ბოლო წუთამდე არ ვაპირებთ დაშლას, სანამ თითოეულ თეთრს, რაც კი გვეკუთვნის, არ ჩაგვირიცხავენ“, - თქვა ქართველმა მძღოლმა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, პოლონური კომპანიის მეშვეობით გერმანიაში დასაქმებული ქართველი მძღოლები არა ხელფასის მომატების, არამედ, ზოგადად, ხელფასის მიღების მიზნით არიან გაფიცულები.
მისივე თქმით, უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო უფრო ეფექტურად დაეხმარებოდა, თუკი კანონმდებლობაში მიგრაციის შესახებ გარკვეული შეზღუდვები იქნებოდა.
„არსებობს პოლონური კომპანია, რომლის მთავარი ოფისიც კრაკოვში მდებარეობს და ამ კომპანიაში უამრავი მძღოლია დასაქმებული. აქედან, 200-მდე ადამიანი ახლაც გაფიცულია და ღამეებს ავტომობილებში ათენებს. ჩემი ევროპელი პარტნიორების გაკვირვებას იწვევს ის, რომ მძღოლები გაფიცულები არიან არა ხელფასების გაზრდის, არამედ ხელფასების გადახდის მოთხოვნით. ზოგიერთი მათგანის შრომის პირობები იმდენად ირღვევა, რომ რამდენიმე მათგანი 1 წლის განმავლობაში მანქანიდან არ ჩამოსულა, რადგან დასვენების დღე არ ჰქონია. ამ მომენტში გაფიცულები არიან ფრანკფურტში, თუმცა პოლონურ კომპანიაში დასაქმებული მძღოლები სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, იტალიაში, იგივე მდგომარეობაში არიან.
ჩვენ ჩავრთეთ როგორც პოლონეთის, ისე გერმანიის პროფკავშირები, ასევე, ტრანსპორტის საერთაშორისო ფედერაცია. გერმანიის პროფკავშირების იურისტებმა აღმოაჩინეს, რომ მძღოლები არა მხოლოდ თავიანთ საქმეზე, არამედ ტვირთის გადაზიდვაზეც პასუხისმგებლები არიან. პროფკავშირების გააქტიურების შემდეგ დამსაქმებელი შეშინდა და მძღოლებს ხელფასების გადახდასთან დაკავშირებით ზეპირი პირობა მისცა.
ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, რათა პროცესები საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყდეს. თუ ერთ ორგანიზაციას შეუძლია, რომ თავისი ურთიერთობები ეფექტურად გამოიყენოს, წარმოვიდგინოთ, რამდენად ეფექტურად დაეხმარებოდა სახელმწიფო ქართველ ემიგრანტებს, თუ კანონმდებლობაში მიგრაციის შესახებ გარკვეული შეზღუდვები იქნებოდა“, - განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ.
მიუხედავად ქართული მხარის გააქტიურებისა, სიტუაციის მოგვარება იოლი არ იქნება, რადგან საუბარია ემიგრანტ დასაქმებულებზე და თანაც ისინი პრობლემებს ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში შეეჩეხნენ. ასეთ დროს მედიაციის პროცესი და მით უფრო სასამართლო დავები ძალიან დიდხანს იჭიმება.