7-წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის ბაქოში ვიზიტმა საგანგებო ყურადღება მიიპყრო როგორც საკუთრივ აზერბაიჯანში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. რას უკავშირდება ვლადიმირ პუტინის გამოკვეთილად თბილი დახვედრა ბაქოში, რისი მანიშნებელია ორი ქვეყნის ურთიერთობათა განმტკიცების დემონსტრირება რეგიონისთვის და რა შეიძლება მოუტანოს ამ ყველაფერმა საქართველოს?
პოლიტიკური ოპონენტებისა და ექსპერტების ვარაუდებს, რომ ვლადიმირ პუტინის ბაქოში ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევის მხარდაჭერა წარმოადგენდა, ოთხშაბათს მმართველი პარტიის ”ენი აზერბაიჯანის” თავმჯდომარის მოადგილემ და აღმასრულებელმა მდივანმა ალი ახმედოვმა უპასუხა. მან თქვა, რომ, ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველი პოლიტიკური გუნდისა და პრეზიდენტის მხარდაჭერა ქვეყნის გარედან არ მოდის და რომ ქვეყნის შიგნით საკუთარი მოქალაქეების მხარდაჭერა სავსებით საკმარისი იქნება ილჰამ ალიევის გამარჯვებისთვის.
თუმცა, ასეა თუ ისე, 13 აგვისტოს, ვლადიმირ პუტინის ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის პრეზიდენტები მეგობრობის გაღრმავებისა და გაძლიერების დემონსტრირებას ცდილობდნენ, ხოლო ოფიციალური ვახშმის შემდეგ, დღის ბოლოს, ილჰამ ალიევმა ვლადიმირ პუტინი არაოფიციალურ გარემოში სასაუბროდ საკუთარ სახლშიც დაპატიჟა. პუტინის ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რუსეთი და აზერბაიჯანი არაერთ საკითხზე შეთანხმდნენ, ასე მაგალითად: ააგონ ხიდი სასაზღვრო ზონაში, მდინარე სამურზე, უკეთ ითანამშრომლონ საგანგებო სიტუაციათა მართვის ჭრილში თუ გააღრმაონ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, რაც ბაქოს მიერ კიდევ უფრო მეტი რუსული სამხედრო ტექნიკის შესყიდვის მიზანსაც მოიცავს. ამასთან, გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება რუსეთის სახელმწიფო კომპანია ”როსნეფტსა”და აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია ”სოკარს” შორის, რასაც ანალიტიკოსების ერთი ნაწილი განიხილავს დამატებით ბერკეტად რეგიონში რუსეთის ზეგავლენების გაძლიერების კუთხით.
მოსკოვის მცდელობის მიუხედავად, აზერბაიჯანელი ექსპერტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანი ვერასოდეს იქცევა რუსეთის აბსოლუტურ მოკავშირედ და ის უარს არ იტყვის დასავლეთთან აქტიურ თანამშრომლობაზე. მაგალითად, როგორც „ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, პოლიტიკურმა მიმომხილველმა აზერ რაშიდოღლუმ უთხრა რადიო თავისუფლებას, ბაქო ”მანევრირებას” შეძლებს და არ დაჰყვება რუსეთის მოთხოვნას, რომ ხმამაღლა თქვას უარი ევროკავშირთან და, განსაკუთრებით, ნატოსთან ინტეგრაციაზე. 13 აგვისტოს ასეთი რამ მართლაც არ უთქვამს ილჰამ ალიევს და ექსპერტებისთვის ძნელი სათქმელია, რამდენად გაღიზიანდა ვლადიმირ პუტინი ამჯერად. გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე შეგვახსენებს, რომ დაუმორჩილებლობის გამო, კრემლი წლების მანძილზე იყო გაბრაზებული ბაქოზე და ილჰამ ალიევი ერთადერთი იყო დსთ-ს ქვეყნების ლიდერებს შორის, რომელსაც ვლადიმირ პუტინი დემონსტრაციულად არ ხვდებოდა პრეზიდენტად მესამე ვადით არჩევის შემდეგ და ამის ძირითადი მიზეზი კვლავ ბაქოს ”მრავალვექტორულ” ” პოლიტიკას უკავშირდება:
”აზერბაიჯანმა ბოლო პერიოდში საკმაოდ თამამი ნაბიჯები გადადგა დასავლეთთან ურთიერთობებში. ეს არის როგორც (ყარსი-ახალქალაქის) რკინიგზის პროექტი, რომელიც, იმედია, 2014 წელს დასრულდება და რომელიც განიხილება როგორც ავღანეთიდან ტვირთების ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტი. ასევე ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა მიმდინარე წელს თურქეთთან, ანუ ნატოსთან, სამხედრო თანამშრომლობის მხრივ - საუბარია ერთობლივ მემორანდუმზე, ერთობლივ წვრთნებზე და ასე შემდეგ. ამიტომ, ამ ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანი ცდილობს, რომ ეს ყველაფერი არათუ დააბალანსოს, არამედ გასაგებად აუხსნას პრობლემურ მეზობელს”.
ბაქოს პრევენციული მცდელობების მიუხედავად, თენგიზ ფხალაძე გამორიცხავს, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დემონსტრირების გზაზე აზერბაიჯანმა რაიმენაირად უგულებელყოს თბილისის ინტერესები, რადგანაც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ სამხრეთკავკასიელ მეზობლებს მსგავსი მიზნები ამოძრავებთ.
უსიამოვნო სიურპრიზებს არც საქართველოს ხელისუფლებაში მოელიან. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, აზერბაიჯანი და საქართველო „ერთიან გეოპოლიტიკურ კვანძს” წარმოადგენენ და მათი გზები ვერ გაიყოფა:
”ფუნქცია გლობალურ - როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ -პროცესებში ჩვენ ერთიანი გვაქვს. აქედან გამომდინარე, აქ რაიმე ტიპის გართულებები - რუსეთთან ე.წ. ალიანსში შესვლა საქართველოს საწინააღმდეგოდ - გამორიცხულია. თეორიულადაც კი შეუძლებელია. რაც შეეხება საკუთრივ რუსეთ-აზერბაიჯანის დამოკიდებულებას, კი ბატონო, გასაგებია, აქ არის პოლიტიკური პრაგმატიკა. ალიევი არ გახლავთ უგუნური სააკაშვილი, რომელიც მუდმივად ოპონირების რეჟიმიდან ცდილობდა დივიდენდების მოპოვებას. ასე არ ხდება რეალურ პოლიტიკაში”.
„საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე მაინც ხედავს თეორიულ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც რუსეთი მიზანს მიაღწევს და აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების გაუარესებას შეძლებს:
”არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა ისევ შესთავაზოს აზერბაიჯანს მის ტერიტორიაზე და, მათ შორის, შახდენიზის საბადოზე მოპოვებული ბუნებრივი აირის მთლიანად შესყიდვა და ამის სანაცვლოდ დაეხმაროს აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში. ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება პრობლემები შეიქმნას აზერბაიჯანიდან საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე ბუნებრივი აირის იმპორტირების თვალსაზრისით”.
მიუხედავად იმისა, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხს ბაქო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხად განიხილავს, მოვლენათა ამგვარი განვითარება ნიკა ჩიტაძეს მაინც ნაკლებშესაძლებლად მიაჩნია - გაზმომარაგებასთან დაკავშირებული გრძელვადიანი კონტრაქტებისა და აზერბაიჯანისა და საქართველოს ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობების გათვალისწინებით. ამ ჭრილში ასევე უმნიშვნელოვანესად მიიჩნევა ორი ქვეყნის დასავლეთისადმი დამოკიდებულების ფაქტორიც.