არასრულწლოვან გოგონაზე ძალადობისას ცოლი ქმარს პორნო-ვიდეოებს უღებდა! - რატომ მალავენ ფაქტს სამართალდამცველები?

არასრულწლოვან გოგონაზე ძალადობისას ცოლი ქმარს პორნო-ვიდეოებს უღებდა! - რატომ მალავენ ფაქტს სამართალდამცველები?

ბოლო დროს არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის არაერთი შემზარავი ფაქტი გახმაურდა. ამ პრობლემაზე ცოტა ხნის წინ ჟურნალ "გზაში" სტატიაც გამოქვეყნდა. სამწუხაროდ, მსხვერპლი უმეტესად მომხდარს მალავს, პედოფილები ხშირად დაუსჯელები რჩებიან და მათი უმსგავსო საქციელის გამოაშკარავებაც ჭირს. სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება - სქესობრივად მოუმწიფებელ პირთან სქესობრივი კავშირი, გაუპატიურება, გარყვნილი ქმედება, მამათმავლობა... ბოლო დროს გამოვლენილი ფაქტები ადასტურებს, რომ პრობლემა საგანგაშოა.

ორიოდე კვირის წინ ამაზრზენი ამბავი გავიგე: რუსთავში მამაკაცი 12 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავეს. გოგონას თურმე ოთახში კეტავდნენ, მასთან სქესობრივ კავშირს ქმარი ამყარებდა, მისი ცოლი კი ამ ფაქტს ვიდეოთი იღებდა(!).

საქმის დეტალებით დავინტერესდი, თუმცა ამ ფაქტზე ინფორმაციის მოძიება გამიჭირდა. რატომღაც ძალოვანებს ეს დაკავება არ გაუხმაურებიათ. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დამიდასტურეს, რომ მსგავი ბრალდებით ნამდვილად იყო პასუხისგებაში მიცემული მამაკაცი, მაგრამ სხვა ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავი შეიკავეს. "იმდენად ამაზრზენი ფაქტია, არ გირჩევ ამის გაშუქებას", - მითხრა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა.

დაკავებულის მისამართი საკუთარი წყაროებით დავადგინე და მეზობლებთან გასაუბრება ვცადე.

მანანა, მეზობელი:
- ეროვნებით აზერბაიჯანელები არიან და დიდი ხანია, ჩვენს კორპუსში ცხოვრობენ. ჩაკეტილი ოჯახია, მეზობლებთან ხშირი კონტაქტი არ აქვთ. მამაკაცი მუშაობს, 14 წლის ბიჭი ჰყავთ. მამაკაცს სხვა ქორწინებიდანაც ჰყავს უფროსი ვაჟი. ზოგჯერ მოდის, ძალიან თავაზიანი ბიჭია. ამ ოჯახთან პრობლემები მეზობლებს ადრეც ჰქონდათ - მათ სახლში ხშირად ხედავდნენ წყვილებს. ამბობდნენ, ქალი "მამაშობს" და ერთმანეთს ახვედრებს ქალებსა და მამაკაცებს, სექსუალური კავშირისთვის მათ საკუთარ ბინას უთმობსო. ერთი სიტყვით, სახლში ბუნაგი ჰქონდათ. ბევრჯერ მათი ბინა ეშლებოდათ და მეზობლის კარზე აკაკუნებდნენ. ძალიან შეწუხებული იყვნენ მისი კარის მეზობლები და ამ ფაქტს აპროტესტებდნენ. მერე მოსთხოვეს, - აქ არ დავინახოთ უცხო ხალხიო, - და მას შემდეგ იკლო მათმა ნაკადმა, თუმცა მალულად მაინც ახერხებდნენ ბინაში შესვლას. ძირითადად, სრულწლოვანი ქალები და კაცები დადიოდნენ, მაგრამ რაც ახლა გავიგეთ, ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

- რა შეიტყვეთ?
- მეზობლები ხშირად ვხედავდით მათთან მოსულ პატარა გოგონას. ეს ბავშვიც ამავე უბანში ცხოვრობს, შავგვრემანი თვალებბდღვრიალა, ლამაზი გოგოა. ისიც აზერბაიჯანელია ეროვნებით, მაგრამ ქართულად გამართულად ლაპარაკობს. კორპუსთან რომ მოვიდოდა, გვესალმებოდა და მერე მათთან ადიოდა. ჩვენ არ გვინახავს, რომ ეს ბავშვი ძალით მოეყვანა იქ ვინმეს, მაგრამ რაც შევიტყვეთ, შოკის მომგვრელია. თურმე იმ კაცს ამ ბავშვთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა, მისი ცოლი კი ამას ვიდეოზე იღებდა. როგორც ვიცი, ამ ბავშვს დედა, ძმა და და ჰყავს. რატომ ვერ შეიტყო ეს ამბავი მისმა ოჯახმა დროზე, ნამდვილად ვერ გეტყვით. იმასაც ამბობენ, ბავშვს ამ პორნო-ვიდეოების გადაღების შემდეგ ფულსაც უხდიდნენო. არც ის ვიცი, როგორ შეიტყო ეს ამბავი პოლიციამ, მაგრამ დავინახეთ, რომ ცოლ-ქმარი დააკავეს.

- ეს გოგონა დიდი ხანია, იქ დადის?
- ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ერთმა მეზობელმა თქვა, დაახლოებით 2 წელიწადია, ეს ბავშვი დადის ამ ოჯახშიო. თუმცა, ასეთი საშინელება თუ ხდებოდა, ამაზე ეჭვს ვინ აიღებდა?! ერთადერთი პრეტენზია, რაც ამ ოჯახის მიმართ ჰქონდათ, ის გახლდათ, რომ ცუდი ყოფაქცევის წყვილები დადიოდნენ იქ და ყველამ იცოდა, რომ ის ქალი მათ ერთმანეთს ახვედრებდა. ბინისთვის კი თანხას უხდიდნენ. ორივე რომ დააკავეს, მას მერე ძალოვანები ჩვენს მეზობელს მოადგნენ. ქალს პოლიციაში, დაკითხვისას უთქვამს, ჩემი მობილური ტელეფონი კარის მეზობელთან დამრჩაო. ქალმა მოატყუა სამართალდამცავები. მეზობელი გაგიჟებული იყო, - ჩემს სახლში იმ ქალს რა უნდოდა, აქ ვინ შემოუშვებდაო?! არც ერთ მეზობელთან არ შედიოდა. როცა მეზობელთან ვერ იპოვეს ტელეფონი, სამართალდამცავებმა მის ბინაში დიდხანს აკაკუნეს, ბოლოს შვილმა გაუღო კარი. სახლიდან გაიტანეს კომპიუტერი, ტელეფონი და სხვა ნივთები, წარმოიდგინეთ, ლეიბებიც კი გაიტანეს ბინიდან. ალბათ ექსპერტიზის ჩასატარებლად სჭირდებოდათ და ვუყურებდით, ტომრებით როგორ მიჰქონდათ. როგორც გავიგეთ, დაკავებულის ცოლის ტელეფონში იპოვეს გადაღებული ვიდეოები. მეზობლები ამ ამბით გაოგნებულები და აღშფოთებულები ვართ. ჯერჯერობით გამოძიებას ველოდებით, შემდეგ მოვითხოვთ, ამ ხალხმა დატოვოს ჩვენი კორპუსი და სხვაგან გადაიხვეწოს. მათ გვერდით ცხოვრება საშიშია. მათ კარის მეზობლებს იმ გოგონას ტოლი გოგონები ჰყავთ და არავინ არაფრისგანაა დაზღვეული. ბუნებრივია, ხალხს მოსვენება დაკარგული აქვს. ქალი რატომღაც მალე გამოუშვეს, ჩვეულებრივად დადის ეზოში, თითქოს არაფერი მომხდარა. ასეთი მეზობელი ჩვენ არ გვჭირდება.

ბრალდებულ მამაკაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და წინა სასამართლო სხდომა სექტემბერშია დანიშნული. ბრალდებულს სახაზინო წესით ადვოკატი, მევლუდ ჯანჯღავა იცავს. მისი თქმით, ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატი ადასტურებს, რომ დაკავებულის მეუღლის მობილურში აღმოჩენილია რამდენიმეწუთიანი სექსუალური ხასიათის ვიდეოფირი. გამოძიებამ ადვოკატს ეს ფირი უკვე გადასცა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ინტერნეტი აჭრელებულია პორნოგრაფიული ვიდეოებით, სადაც არასრულწლოვანი ბავშვები არიან გადაღებული. გაჩნდა ეჭვი, ცოლ-ქმარი ამ ფირებს მსგავსი ფორმით ხომ არ იყენებდა და ხომ არ ათავსებდა მას ინტერნეტში, მაგრამ ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა ამას გამორიცხავს. მისი თქმით, ამოღებული ფირი იმდენად უხარისხოა, რომ ამის გამოყენება მსგავსი მიზნებისთვის ფაქტობრივად, შეუძლებელია.

მევლუდ ჯანჟღავა:
- ვადასტურებ, რომ ვიცავ ადამიანს, რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც 16 წლამდე ასაკს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს და ეს მუხლი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე. მსგავს დანაშაულებზე საზოგადოების დამოკიდებულება ცალსახად უარყოფითია. მეც მორალურად მიჭირს მსგავსი ბრალდებით დაკავებული ადამიანის დაცვა, მაგრამ არ შეიძლება, ის დამნაშავედ შევრაცხოთ, სანამ ამ საქმეზე არ იქნება სასამართლოს განაჩენი. ჩემი დასაცავი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ მისი მხრიდან მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

- ბატონო მევლუდ, როგორ გაიხსნა აღნიშნული დანაშაული?
- ცოტა უცნაურად. სამართალდამცავებს ეს ინფორმაცია მიაწოდა მამაკაცმა, რომელიც ამჟამად პირობით მსჯავრში იმყოფება და 6 წელი აქვს მისჯილი. მან წარადგინა ტელეფონით გადაღებული ფირი და თქვა, ეს ფირი გადმომცა მეგობარმა ქალმაო. ეს ქალბატონი ადრე ცრუ დასმენისთვის არის ნასამართლევი. ის მეგობრობდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ცოლთან და ამბობს, რომ ბრალდებულის ცოლმა გადააწერინა თავისი ტელეფონიდან ეს ვიდეო.

- თქვენ ამბობთ, რომ ცოლმა ამხილა ქმარი?
- გამოძიების ვერსიით, ბრალდებულის ცოლმა საკუთარ სახლში გადაიღო ეს ვიდეო ტელეფონით ანუ - ქმრის კავშირი არასრულწლოვანთან. მერე თავის დაქალს უთხრა ამის შესახებ: - ქმარი ხშირად მცემს, მინდოდა, მასზე კომპრომატი მქონოდა და ამიტომ გავაკეთეო. შემდეგ ეს ვიდეო გადააწერინა დაქალს, დაქალმა - იმ მამაკაცს, იმან კი პოლიციაში მიიტანა. ერთი სიტყვით, ამ ვიდეომ ოთხი მობილური მოიარა და ასე აღმოჩნდა პოლიციის ხელში. საკმაოდ უხარისხო ფირია და იქ რაიმეს გარჩევა შეუძლებელია.

- ვინ ამხელს ბრალდებულს?
- ბრალი ძირითადად აგებულია 12 წლის ბავშვის ჩვენებაზე. ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება პროკურატურას ამ მასალით მისთვის ბრალის წარდგენა. მამაკაცი კატეგორიულად უარყოფს მსგავს ქმედებას. მეც ვადასტურებ, რომ ცოლ-ქმარი სახლიდან აიყვანეს, თუმცა ჩემთვის გაუგებარია, ქალს რას ედავებოდნენ. ის მალე გაუშვეს, პოლიციას 72-საათიანი ვადა არ დაურღვევია. ბუნებრივია, იმ მუხლით ვერ მისცემდნენ ქალს პასუხისგებაში, რადგან ეს მუხლი კონკრეტულად სექსუალურ ქმედებას გულისხმობს. გოგონა იქ ხშირად დადიოდა თავისი სურვილით. მიუხედავად მცირე ასაკისა, გაცნობიერებული ჰქონდა, რაც ხდებოდა. სწორედ ამიტომ აქვს წარდგენილი მამაკაცს ეს მუხლი და არა - გაუპატიურების მუხლი.

- რამდენი ფირი არსებობს? ხომ არ ხდებოდა გადაღებული მასალის ინტერნეტში განთავსება? მათ უკან კიდევ ხომ არ დგას სხვა დამნაშავე?
- ნამდვილად არსებობს სამი ჩანაწერი. ერთიდან აბსოლუტურად შეუძლებელია რაიმეს გარჩევა. ხარისხიანი რომ იყოს ვიდეო, შეიძლება, ეს ეჭვი გაჩენილიყო, მაგრამ ფაქტობრივად, გამოუყენებელია. ერთ ფირზე ასახულია სექსუალური კავშირი, მაგრამ არ ჩანს მამაკაცის სახე და არავინ იცის, არის თუ არა ეს ბრალდებული. ერთში სხვა ეპიზოდი ჩანს. ამაზე ჩემი დასაცავი ამბობს, რომ არანაირ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, გოგონამ მითხრა, - ცუდად ვარ და მას მხოლოდ წამალი მივაწოდეო. ძალიან ბევრი რამ ამ საქმეში ბურუსითაა მოცული. ჩემთვის ყოვლად გაუგებარია ამ ფირების წარმომავლობა. 12 წლის ბავშვის ოჯახი მეგობრობდა მათ ოჯახთან. ბავშვის დედა თურქეთში დადის. ხშირად მიდიოდა ეს ბავშვი ბრალდებულის სახლში. პატარა ასაკის მიუხედავად, გოგონა სიგარეტსაც ეწეოდა, არაყსაც სვამდა. მატერიალურად უჭირდა და მამაკაცი ამბობს, - საჭმელს ვაჭმევდიო.

- ამბობენ, გოგონას ფულსაც უხდიდნენ ამ ვიდეოების გადაღებაში.
- მამაკაცი ამბობს, - მეცოდებოდა და ფულსაც ვაძლევდიო. გოგონამ თქვა, რომ მამაკაცმა ორჯერ განახორციელა მასთან სქესობრივი კავშირი. ერთხელ გააუპატიურა და მეორედ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, მაგრამ ეს არ დადასტურდა. ექსპერტიზის დასკვნით, გოგონას საქალწულე აპკი დაზიანებული არ აქვს. ის ქალწულია. ჩემი აზრით, არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ამის ნიშნები არ არსებობს. მხოლოდ ამ ბავშვის ჩვენებას ეყრდნობა გამოძიება. რამდენად შეიძლება, ეს მტკიცებულებად გამოდგეს, ვერ გეტყვით. სხვა სამხილი არ არსებობს.

- ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებულის ცოლი წყვილებს თავის ბინაში ახვედრებდა ერთმანეთს და იქ ბუნაგი ჰქონდათ. ამაზე რას იტყვით?
- არ ვიცი, თქვენგან მესმის. თუ ასე ხდებოდა, მეზობლებს უნდა მიემართათ შესაბამისი ორგანოებისთვის და მოხდებოდა რეაგირება. კანონით, მსგავსი ბუნაგის მოწყობა ისჯება. ცოლი აზერბაიჯანის მოქალაქეა. მან არც ქართული იცის და არც რუსული. კატეგორიულად უარყოფს ამ ფირის გადაღებას. მიმდინარეობს გამოძიება და ვნახოთ, რა მტკიცებულებებს დადებენ. წინასწარ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. ზოგადად, მსგავსი ბრალდებების დროს საზოგადოების რეაქცია ცალსახა და ხისტია, უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. ჯერჯერობით ეს მამაკაცი ბრალდებულია. სამწუხაროდ, ვერც მოსამართლე გაექცა ამგვარ დამოკიდებულებას და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არადა, მას ნაკლებად მძიმე დანაშაულში ედება ბრალი და შეიძლებოდა, პატიმრობა არ შეეფარდებინათ. ვნახოთ, რა გამოიკვეთება. დაველოდოთ სასამართლოს ვერდიქტს.