ვინ და რატომ არ აიაფებს პურს?

ვინ და რატომ არ აიაფებს პურს?

დიდი ხანია საქართველოში ფქვილი იაფდება, თუმცა პურის ფასი ჯიუტად ერთ ნიშნულზეა. 1 ტომარა ფქვილის ღირებულებამ თითქმის 20 ლარით დაიკლო, რასაც საცალო ფასში 5-თეთრიანი ცვლილებაცკი არ მოჰყოლია. ეს კი თანდათან მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს.

პურის წარმოებაში თვითღირებულების 30% გადასახადებზე მოდის. პურის მრეწველთა კავშირის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის შეფასებით, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რასაც სხვადასხვა ხარჯი ემატება. მთლიანობაში, მეწარმის მოგება 4-5%-ის ფარგლებშია.

როგორც დოლიძე აცხადებს, პური სოციალური პროდუქტია და მეწარმე მოგების მაღალი მარჟით ვერ იმუშავებს. დღესდღეობით 5-10-თეთრიანი გაიაფების რესურსი რეალურად არსებობს, თუმცა რამდენად აისახება ეს სამომხმარებლო ფასზე, ბიზნესის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

„პურის წარმოების ხარჯთაღრიცხვაში დენის წყლისა და გაზის გადასახადი ჯამში თვითღირებულების 30%-ს შეადგენს. ამას ემატება დღგ-ს 18%-იანი გადასახადი, ასევე ხარჯი, რომელიც უშუალოდ ფქვილის ფასს, ასევე დამხმარე მასალების შეძენას, შეფუთვას, ხელფასებს და დისტრიბუციას მოიცავს.

მეწარმის მოგება 4-5%-ის ფარგლებშია. ამდენად, საკმაოდ დიდი ხარჯია, თუმცა პროდუქტის ფასის კორექტირება შესაძლებელია. ვფიქრობ, 5-10 თეთრით შეიძლება პურის გაიაფება, მაგრამ ვერ გეტყვით, რამდენად მოსალოდნელია ფასის კორექტირება. ფასის ზრდაზე საუბარიც არ შეიძლება, თუმცა საპირისპირო ტენდენციაზე შეიძლება ვიმსჯელოთ“, - განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება ფქვილის ფასს, 1 ტომარა პროდუქტის ღირებულება საშუალოდ 55-58 ლარის ფარგლებშია. 500-გრამიანი პური დახლებზე საშუალოდ 1,20-1,40 ლარი ღირს.

აშკარაა, რომ არსებულ ვითარებაში ყველაზე მეტად მოსახლეობა ზარალდება, რადგან ნედლეულის გაიაფების სიკეთით მხოლოდ მეწარმეები სარგებლობენ. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე აღნიშნავს, ფქვილის გაიაფებას, წესით, პურის ღირებულების შემცირებაზეც უნდა ემოქმედა, მიუხედავად ამისა არაფერი მსგავსი არ ხდება.

„რა თქმა უნდა, თუკი შესაძლობლობა არსებობს, პური უნდა გაიაფდეს, რადგან ეს ერთ-ერთი მთავრი პროდუქტია, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად მოიხმარენ. რეალურად, ფქვილი გაიაფებულია და ლოგიკურად თუ შევხედავთ, სხვა ფაქტორი თუ არ ქმნის დაბრკოლებას საწარმო პროცესში, ამას ცოტათი მაინც უნდა შეემცირებინა პურის საცალო ღირებულება.

წინა პერიოდში ფქვილის ფასი მაღალი იყო, ხოლო სხვა გადასახადები ისეთივე როგორც დღესაა. ახლა ფქვილის ფასი შემცირდა და ამან ლოგიკურია, პროდუქტი უნდა გააიაფოს. ეს კი არსად მომხდარა. ალბათ მაღალ მოგებაზე მუშაობენ მწარმოებლები ან ფიქრობენ, რომ აქამდე შედარებით დაბალ მოგებაზე მუშაობდნენ და ახლა შეუძლიათ უფრო სოლიდური მოგების მიღება და აკვირდებიან გრძელვადიან პერსპექტივას“, - აღნიშნა კაპანაძემ.

2023 წლის თებერვლის მდგომარეობით, მსოფლიოში პურზე ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით საქართველო 107 ქვეყნიდან 25-ე ადგილზეა. ამის შესახებ სამომხმარებლო ფასების, კრიმინალის მაჩვენებლის, ჯანდაცვის ხარისხისა და სხვა სტატისტიკის გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზის, Numbeo-ს რეიტინგშია აღნიშნული.

ორგანიზაციამ 107 ქვეყნის რეიტინგი 500-გრამიანი თეთრი პურის ფასების მიხედვით შეადგინა, რომელშიც საქართველო 0,65-დოლარიანი ფასით არის წარმოდგენილი.

მსოფლიოში ყველაზე დაბალი ფასი ნახევარკილოგრამიან პურზე ტუნისში დაფიქსირდა, რამაც 0,14 დოლარი შეადგინა. შემდეგი არის ალჟირი - 0,16 დოლარით და ლიბია - 0,34 დოლარით. პირველ ხუთეულს ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა ქვეყნები, უზბეკეთი (4) და ყაზახეთი (5) ხურავენ, სადაც 500 გრ თეთრი პური თანაბრად 0,37 დოლარი ღირს.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, საქართველო 500 გრ თეთრი პურის სიიაფით მხოლოდ სომხეთს უსწრებს, რომელიც 0,66-დოლარიანი ფასით ერთი პოზიციით ქვემოთ, 26-ე ადგილზეა. საქართველოზე წინ არიან რუსეთი (21) – 0,61 დოლარით, თურქეთი (11) – 0,43 დოლარითა და აზერბაიჯანი (6) – 0,39 დოლარით.