საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 29 მარტს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. უკვე წელიწადზე მეტია განკვეთი 11 პროცენტს შეადგენს. სებ ჯერჯერობით არ ჩქარობს, ინფლაციის რისკი ჯერ კიდევ მაღალია. ამიტომ ვითარება ზაფხულამდე უცვლელი დარჩება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. მოსალოდნელია, რომ ეს შემდეგ თვეებშიც გაგრძელდეს, წლის მეორე ნახევარში კი ინფლაცია მიზნობრივზე ქვემოთ იყოს. მიუხედავად ამისა, სებ-ი სიფრთხილე იჩენს.
„როგორც მოსალოდნელი და პროგნოზირებული იყო, ინფლაციას აქვს მკვეთრად გამოხატული შემცირების ტენდენცია და მოსალოდნელია, რომ ეს გაგრძელდება შემდეგ თვეებშიც. წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივზე ქვემოთ იქნება. მის შემცირებას ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური კონსოლიდაცია და საგარეო ფაქტორები.
ჩვენ ახლა ველოდებით, რომ, საგარეო ფაქტორების მილევასთან ერთად, ადგილობრივი ინფლაციაც დაიწყებს შემცირებას, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, დავიწყოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.
ამასთან, მესტვირიშვილმა რამდენიმე ფაქტორი დაასახელა, რომელმაც ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ინფლაციაზე ახდენს გავლენას.
„პირველი, ეს არის გაზრდილი მოთხოვნა, და ამას ჩვენ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით ვპასუხობთ. ეს გაზრდილი მოთხოვნა ადგილობრივი პროდუქციის ფასებში აისახება. მეორე ფაქტორი არის ფასები უძრავ ქონებაზე, რომელიც საკმაოდ მტკივნეულია ყველასთვის, მათ შორის ბიზნესისთვის, მისი გავლენა ინფლაციაშიც ნელ-ნელა მცირდება, რადგან უძრავი ქონების ფასების ზრდას ისეთი სწრაფი ტემპი აღარ აქვს“, - აღნიშნა მესტვირიშვილმა.
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემცირებას დაიწყებს მას შემდეგ, თუ გაგრძელდება დღეს არსებული ტენდენცია და ცენტრალური ბანკი ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტზე ინფლაციის შემცირებას დაინახავს.
„გალტ ენდ თაგარტში“ ფიქრობდნენ, რომ შერბილების პოლიტიკის დაწყება უკვე შესაძლებელი იყო. როგორც ორგანიზაციის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ აღნიშნა, სებ-ს რეფინანსირების განაკვეთის 0,25%-ით შემცირება ნამდვილად შეეძლო, თუმცა ცენტრალურმა ბანკმა სიფრთხილე გამოიჩინა.
„ცნობილი იყო, რომ თუ ინფლაცია სწრაფად დაუახლოვდება 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს, მაშინ დაიწყებდნენ შერბილებას. ეს კი წლის დასაწყისში ვერ მოხდებოდა. აქედან გამომდინარე, დიდი იყო ალბათობა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იგივე დარჩებოდა.
ჩვენი გადმოსახედიდან კი რა პროგნოზებიც გვაქვს ეკონომიკურ ზრდასთან და ინფლაციასთან დაკავშირებით, მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე გადასვლის პროცესი უკვე იწყება, ოღონდ მხოლოდ მცირედი ბიჯებით. 0,25% პუნქტით შემცირება დღეს შესაძლებელი იყო.
იმედს ვიტოვებთ, რომ მომდევნო სხდომებზე ეს კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება. დიდია ალბათობა, რომ ეროვნულმა ბანკმა შეცვალოს მიდგომა მონეტარული პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ქავთარაძემ.
ცენტრალრი ბანკის გადაწყვეტილება ლოგიკურს უწოდებს ეკონომისტი ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი. მისი აზრით ინფლაციასთან დაკავშირებული რისკი სწორად შეფასდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით კლების ტენდენცია აშკარაა.
„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან დაკავშირებით ცვლილებას არ ველოდი. თუნდაც იმიტომ, რომ ეროვნული ბანკის ძველი პრეზიდენტი წავიდა, ახალი არ მოსულა. გაურკვეველია ბევრი რამ და თამამი გადაწყვეტილების მიღება ასე მარტივი ვერ იქნებოდა. რომც არ შეცვლილიყო მმართველობა, ამ კონკრეტულ სიტუაციაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაინც უცვლელად შენარჩუნდებოდა. ეკონომიკაში ზრდის მიუხედავად რისკები არსებობს, ბევრი გაურკვევლობაა, ამიტომ სებ-ის გადაწყვეტილებაც ლოგიკურ დასაბუთებას ემყარება“, - აღნიშნა ბერიკაშვილმა.
მისი შეფასებით, ინფლაციას უკვე აქვს შემცირების ტენდენცია და ეს ქმნის მოლოდინს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი სამომავლოდ შეიძლება შემცირდეს.
„მომავალში, როცა მონეტარული პოლიტიკის საკითხი ისევ გადაიხედება, ცვლილება უნდა იყოს უკვე შემცირების მიმართულებით. მართალია, ინფლაცია თითქოს დაბლა მოდის, მაგრამ პროდუქტებზე ფასი მაინც არ იკლებს, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა.
მოსახლეობის ხარჯებში კვების პროდუქტები ძირითად ნაწილს წარმოადგენს, ხოლო სურსათი მეტ-ნაკლებად მაინც ძვირდება ხოლმე. ეროვნული ბანკი კონსერვატიული ინსტიტუტია და ასე მარტივად არ იღებს გადაწყვეტილებას. მით უმეტეს, როცა ინფლაცია ჯერ კიდევ გლობალურ გამოწვევად რჩება. ამ პრობლემის წინაშეა უამრავი ქვეყანა, ყველგან მაღალია ინფლაციაა, საქართველოსთვისაც იგი ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა“, - აღნიშნა ბერიკაშვილმა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიასთან“ საუბრისას.
ანუ, ბანკებს მაღალი საკრედიტო პროცენტები და მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეთ იმისთვის, რომ მოსახლეობაში ნაკლები ფული იყოს და ინფლაციის დაბალი პროცენტი ამ გზით შენარჩუნდეს?
სხვა, ნაკლებად დრაკონული მეთოდები არ არსებობს?