ინფლაცია მკვეთრად მცირდება და სამომავლოდაც უახლოეს თვეებში მხოლოდ დადებითი მოლოდინია. უკვე ვარაუდობენ, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს (3%) იმაზე ადრე დაუბრუნდება, ვიდრე ნავარაუდევი იყო.
ფასებმა შემცირება 2022 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. დეკემბერში კი ორნიშნა მაჩვენელებს ჩამოსცდა და 9.8%-ზე დავიდა. 2023 წლის თებერვალში კი 8.1% შეადგინა. ასეთი დადებითი ტენდენციის გაგრძელებას ელოდებიან „თიბისი კაპიტალში“, სადაც ამბობენ, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს (3%) ივლისში ან უფრო ადრე დაუახლოვდება.
„საერთაშორისო სასაქონლო ფასების მიმდინარე შემცირება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოში, ინფლაცია 3%-იან სამიზნეს ივლისში ან უფრო ადრე დაუბრუნდება, რაც ძირითადად იმპორტულ საქონელზე ფასების შემცირების შედეგია.
მიუხედავად იმისა, რომ „თიბისი კაპიტალის“ მოლოდინი ინფლაციის მკვეთრი შემცირებაა, მომდევნო კვირას, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა შესაძლოა, განაკვეთის დაწევა მაისისათვის გადადოს. ჩვენი აზრით, ასეთ შემთხვევაში, აქცენტი იმპორტირებული პროდუქტების გარეშე ინფლაციასა და ბოლო პერიოდში საერთაშორისო მასშტაბით გაურკვევლობის ზრდაზე იქნება გაკეთებული“, - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშში.
შედარებით უფრო გვიან, დაახლოებით მეოთხე კვარტლისთვის პროგნოზირებს „გალტ ენდ თაგარტი“ ინფლაციის მიზნობრივთან დაახლოებას, თუმცა ტენდენცია უახლოეს თვეებშიც გაგრძელდება.
„მანამდე ინფლაციის მნიშვნელოვანი შემცირება გვექნება. ახლაც დაახლოებით ერთი პროცენტული პუნქტით დაიკლებს წლიური ინფლაცია მარტში თებერვალთან შედარებით“, - განაცხადა ორგანიზაციის მკვლევარმა ლაშა ქავთარაძემ.
თუმცა, არის კონკრეტული დარგები, სადაც სასიკეთო ძვრებს არც მომავალში უნდა ველოდოთ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ინდექსის მიხედვით, საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში თავის პროდუქტზე ფასები გამოკითხული კომპანიების 26%-მა უკვე გაზარდა. ამასთან, კომპანიების 25% ფასების ზრდას მეორე კვარტალშიც ვარაუდობს.
„სექტორებს შორის, 2023 წლის I კვარტალში ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია მშენებლობის სექტორში აფიქსირებს, რაც შესაძლოა, რუსეთ-უკრაინის ომის გამო სამშენებლო მასალებზე ფასის გაძვირებას ან უძრავ ქონებაზე მოთხოვნის გაზრდას უკავშირდებოდეს. ასევე 2023 წლის II კვარტალში ფასების ზრდის მოლოდინი ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში შეინიშნება.
ფასების ზრდის დინამიკა ყველაზე ნაკლებად ვაჭრობის სექტორშია მოსალოდნელი, ვინაიდან 2023 წლის I კვარტალში თავიანთ პროდუქციაზე ფასები გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ მცირე ნაწილმა გაზარდა“, - ნათქვამია ბიზნეს ასოციაციის ინდექსში.
სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ინფლაცია სწორი მონეტარული პოლიტიკის პირობებში შემცირდება. ეკონომისტ ზვიად ხორგუაშვილს იმედი აქვს, რომ ეროვნული ბანკი ისეთ პოლიტიკას აირჩევს, რომელიც ინფლაციას მიზნობრივ მაჩვენებელთან დააახლოებს.
„ბევრ რამეზეა დამოკიდებული ნახსენები პროგნოზი რამდენად შესრულდება. რა თქმა უნდა, უნდობლობას არ ვუცხადებ ამ კვლევებს, მაგრამ ძირითადად მაინც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება საგარეო, თუ საშინაო ფაქტორები ქვეყნის ეკონომიკაში. ასე რომ, დაზუსტებით ვერავინ იტყვის, შესაძლებელია, თუ არა, მიზნობრივს დაუახლოვდეს ინფლაცია მესამე ან მეოთხე კვარტალში. შეგვიძლია იმედია გამოვთქვათ, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი ისეთ პოლიტიკას აირჩევს, რომელიც ინფლაციას დაუახლოვებს მიზნობრივ მაჩვენებელს“, - განაცხადა ხორგუაშვილმა.