»თავისუფალი საქართველოს» ლიდერი -კახა კუკავა »ალიას» კულუარულ და მნიშვნელოვან ინფორმაციებს აწვდის:
- თქვენმა ყოფილმა თანამებრძოლმა უმრავლესობა დატოვა, როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება შემდეგი? დაიწყო თუ არა დავითაშვილით კოალიციის რღვევა?
-დავითაშვილის ქმედება მოულოდნელი არ იყო, ყველამ იცოდა, რომ ის უახლოეს პერიოდში დატოვებდა უმრავლესობას. ვფიქრობ, კობას მიერ უმრავლესობის დატოვება »ოცნებას» არაფერს არ დააკლებს. კობა დავითაშვილს წონა არ ჰქონდა, მასაც ერთი მანდატი ჰქონდა, პირდაპირი მნიშვნელობით, ზიანს ვერ მიაყენებს. არც »ქართული ოცნების» ელექტორატში ჰქონდა კობა დავითაშვილს დიდი რეიტინგი, მაგრამ არის მედლის მეორე მხარე, კობა დავითაშვილი არის ძალიან პრაგმატული, ზოგიერთ ბევრ »მეოცნებეზე» პროფესიონალი. ის ყოველთვის შედიოდა იმ კოალიციებში, რომლებიც აუცილებლად მომგებიან პოზიციაზე იყო და გადიოდა, როგორც კი ამ კოალიციის საქმე ცუდად მიდიოდა, შევიდა »მოქალაქეთა კავშირში», როცა »მოქკავშირი» ზენიტში იყო, გავიდა მაშინ, როცა იგრძნო, რომ პრობლემები გაჩნდა. შევიდა »ნაციონალურ მოძრაობაში», როცა გამარჯვების შანსი მიეცა, პირველი დატოვა, როცა არასწორი გზით წავიდნენ »ნაციონალები», დავითაშვილი შევიდა »ქართულ ოცნებაში», როცა დაინახა, რომ ყველაზე პერსპექტიული ძალა იყო. ახლა, როცა ის გადის »ქართული ოცნებიდან», პოლიტიკური ბირჟის მაკლერებისთვის ეს არის სიგნალი, რომ »ქართულ ოცნებას» არა აქვს პერსპექტივა. ეს რომ ასე არ იყოს, უმრავლესობიდან დავითაშვილი არ გავიდოდა. თუ გავიხსენებთ, რომ დავითაშვილმა წინა ორი პარტია აბსოლუტურად სწორ დროს დატოვა, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ »ოცნების» აქციები ეცემა. მე ვუსმენდი დამცინავ კომენტარებს »ოცნების» ლიდერებისა დავითაშვილის გადაწყვეტილებაზე, მათ შეუძლიათ დავითაშვილს დასცინონ, ამით მას არაფერი დააკლდება, მაგრამ, ჩემი აზრით, ისინი უნდა დაუკვირდნენ იმ სიგნალს, რა მიზეზით დატოვა დავითაშვილმა »ოცნება».
- არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა… ბაჩო ახალაიას გამართლება ერთ ბრალდებაში დავითაშვილისთვის გადაწყვეტილების პიკი იყო, თუმცა მეორე უფრო გამაოგნებელ პიკად დავითაშვილი თვლის იმ »ესემესს», რომელიც ივანიშვილის სახელით მიუვიდა: »ყველამ უნდა თქვათ, რომ სასამართლო დამოუკიდებელია». რეალურად, ახალაიას პროცესი რა თემაში გაიცვალა?
- ვფიქრობ, სცენარი წინასწარ მეტ-ნაკლებად ცნობილია, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლების სათავეში ჩვენი ცნობილი სტრატეგიული პარტნიორი — ამერიკის შეერთებული შტატები ისურვებდა არა »ქართულ ოცნებას», ან »ნაციონალურ მოძრაობას», არამედ ორივე პოლიტიკურ ძალაში არსებული ლიბერალური სეგმენტის სიმბიოზის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ ძალას. პირობითად ამ ძალას დავარქვი »ბაქრაძე-უსუფაშვილი-ალასანია». პირველად ამის შესახებ თქვენს გაზეთში დაიწერა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის ის, რომ პრემიერი ივანიშვილი გახდა პასიური, ის არის ურეკში გაურკვეველი ვადით და დროებით ჩრდილშია გადანაცვლებული. თქვენ გახსოვთ, პირველ ეტაპზე როგორი აქტიური იყო, მართავდა პრესკონფერენციას, იძლეოდა ბევრ დაპირებას, იყო ენთუზიაზმით განწყობილი პოლიტიკური პროცესების მიმართ, მეორე თვე დაიწყო რაც ურეკშია, აღარც სხდომებს ატარებს, ყველა დაპირებასთან დაკავშირებით აცხადებს, -შესრულება არ უწერიაო. ასევე დღემდე გაურკვეველია მისი მოქალაქეობის საკითხი, ის ჯერ კიდევ საფრანგეთის მოქალაქედ რჩება და არ იღებს საქართველოს მოქალაქეობას. რატომ?.. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, უსუფაშვილი-ალასანიას და ბაქრაძის პოზიციებს შორის დაახლოება ყოველდღიურად მკაფიოა, ისინი ურეკში მრავალსაათიან შეხვედრებს მართავენ. ამას ემეტება ალასანია-უსუფაშვილის განცხადება, — არ ისურვებენ »ნაციონალური მოძრაობის» განადგურებას. ამას დაამატეთ ბაქრაძის განცხადება, რომ ის მკაფიო დისტანცირებას ახდენს სააკაშვილის გუნდთან, ეს არის იმის წინაპირობა, რომ, სავარაუდოდ, მოხდება ამ ახალი კოალიციის ფორმირება, ეს იქნება კოჰაბიტაციის შემდეგი ნაბიჯი. ბუნებრივია, ამ პროცესში არანაირად არ ჯდება ყოფილი »ნაციონალებისთვის» სასამართლოების განაჩენების გამოტანა და »ნაციონალური მოძრაობის» როგორც რეჟიმის გასამართლება. საპრეზიდენტო არჩევნები, ალბათ, ჩაივლის ძალიან დუნე ვითარებაში, სცენარი აქაც ცნობილია, — პირველმა ადგილმა მეორე ადგილს უნდა მისცეს მთავარი ოპოზიციის სტატუსი და მიულოცოს გამარჯვებულს. თუმცა ვფიქრობ, გაისად ადგილობრივ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში »ქართული ოცნება» კოალიციის ამ სახით აღარ იქნება წარმოდგენილი, სავარაუდოდ, სწორედ ასეთი კოალიცია შეიქმნება, რაზეც თქვენი გაზეთი წერდა და რაც დაგიდასტურეთ. პირობითად მათ შეიძლება ვუწოდოთ ლიბერალურ ძალთა კოალიცია…
- ვინ იქნება შემდეგი, რომელიც კობას გზას დაადგება? ჩვენი გაზეთი ასევე აქვეყნებს განაწყენებულ დეპუტატთა ინტერვიუებს უმრავლესობიდან, რომლებიც ამბობენ, რომ მათ უსუფაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებას არ აძლევს, ხელოვნურად ხდება მათი მარგინალიზაცია.
- ძალიან ღიად რაც ჩანს, მოდით, აქედან დავიწყოთ. კოალიციის დაჩაგრულ ძალად »ეროვნული ფორუმი» სახელდება კულუარებში. თქვენ ძალიან კარგად იცით »ფორუმისა» და ბიძინა ივანიშვილის ძველი დაპირისპირება, ასევე პრემიერის ირაკლი ალასანიასთან დაპირისპირება. ეს უკვე ორი სუბიექტია »ქართულ ოცნებაში». ბოლო პერიოდში დაიძაბა პრემიერის ურთიერთობა »რესპუბლიკელებთან». რაც შეეხება საკუთრივ »ქართული ოცნების» ფრაქციას, შიგნით აქაც ძალიან დიდი განხეთქილებაა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ პრემიერმა ფრაქცია »ქართული ოცნების» ერთ-ერთი წარმომადგენელი დაიბარა და მკაცრად გაკიცხა, ახლა მის სახელს ვერ გეტყვით, თუმცა არ გამორიცხოთ, რომ ძალიან მალე, თუკი აღმოაჩნდება ამ დეპუტატს გამბედაობა, შესაძლოა სულაც დატოვოს მანდატი და გავიდეს პარლამენტიდან. თქვენ ხედავთ, რომ ხელისუფლებაში დიდი განხეთქილებაა, საკადრო საკითხებიდან დაწყებული. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მაჟორიტარი დეპუტატები ფეოდალები აღმოჩნდნენ, ეს ეხებოდა საკუთრივ »ქართული ოცნების» მაჟორიტარებს. მეორეს მხრივ, ივანიშვილმა დაბლოკა იპოთეკური სესხებისა და სხვა რამდენიმე კანონპროექტი, რომლის ავტორი ასევე »ქართული ოცნებაა», ასე რომ, ბზარი კოალიციის სხვადასხვა ჯგუფებს შორის, ძალიან ღრმავდება და ამას ობიექტური ახსნაც აქვს. ეს კოალიცია იყო ეფექტური და მყარი, ვიდრე მათ ჰქონდათ ამოცანა, 1-ელ ოქტომბერს სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ ერთიანი ამოცანა ამ გუნდს არ გააჩნია, ამ გუნდში არის ხალხი, ვისაც დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა სურს, ასევე არის ხალხი, ვისაც სურს პროცესიდან გაცლა. ასე რომ, ერთიანი ამოცანა დღეს ამ გუნდს არა აქვს. ჩემი აზრით, მომავალი წლის გაზაფხულზე კოალიცია »ქართულ ოცნებაში» ღია გადანაცვლება მოხდება, რაც ბუნებრივი პროცესია და გასაკვირს აქ ვერაფერს ვხედავ.
- ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ ტრანზიტული მთავრობის ფუნქცია აიღო, ის არ ჰგავს რეფორმებზე ორიენტირებულ ხელისუფლებას, თითქოს, უძრაობის ხანა დაიწყო. ცხადია, ეს დიდხანს არ გაგრძელდება, მაგრამ აქ საინტერესოა ერთი რამ, — ვის აწყობს ქვეყნის განვითარების დროებით შეჩერება? რაიმე საიდუმლო გარიგებასთან გვაქვს საქმე?
- ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლებას არ აქვს მანდატი, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ახალ წლამდე გადადგომას აპირებს და როგორც პრემიერ-მინისტრი, არანაირი რეფორმის გატარებას არ გეგმავს. დღეს ყველა მინისტრი ამიტომაც თავს გრძნობს, როგორც მოვალეობის შემსრულებელი. იმისთვის, რომ რეფორმა გაატარო, ამას სჭირდება სერიოზული მანდატი და ზურგი, დღეს ვერც ერთი მინისტრი ამ ზურგს ვერ გრძნობს და არც ერთმა მათგანმა არ იცის, რამდენ ხანს დარჩებიან ადგილზე. აქედან გამომდინარე, ყველა ფრთხილად ეკიდება დაკისრებულ მოვალეობას. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ მინისტრების აბსოლუტური უმრავლესობა სრულიად შემთხვევითი კადრია, ბევრ მათგანს, ჩაბარებულ დარგთან მიმართებაში არასოდეს თავის ხედვა არ ჰქონია. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ არჩევნების პერიოდში არანაირი საკადრო რეფორმები არ ტარდება. აქედან გამომდინარე, მთავრობაში რეფორმების გატარება არის წარმოუდგენელი, გარდა ამისა, მთავრობა ჰგავს მანქანას, რომელიც საწვავისგან დაცლილია.
ენერგეტიკას მოკლებული არიან. ადრე, მაგალითად, თუკი იუსტიციის მინისტრი მქუხარე გამოსვლებით გამოირჩეოდა, გაიხსენეთ, წულუკიანის ხუთი თვის წინანდელი ფრაზები: »სააკაშვილს დავაპატიმრებ», »დამნაშავეებს პასუხს მოვთხოვ», შეხედეთ დღევანდელ განცხადებებს, ის ენერგიაგამოცლილია, ამბობს, რომ აღარ იწონებს მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებას, ყველაფერი არც ისე ადვილადაა, როგორც თავიდან ჩანდაო. დიახ, სწორად აღნიშნეთ, ეს მთავრობა არის ტრანზიტული, ამერიკელები ამზადებენ ახალ კოალიციას. როგორც უკვე გითხარით, »ოცნებისა» და »ნაციონალების» სიმბიოზს მივიღებთ. ვინც კულუარებში ინფორმაციას ფლობს, არც მათ უარყვიათ ასეთი პოლიტიკური შერწყმა.
- ბურჯანაძე ხალხს ჰპირდება იმას, რაც ვერ შეუსრულა ივანიშვილის მთავრობამ, მისი ლოზუნგია — »სააკაშვილის რეჟიმის გასამართლება». შეიძლება ამ ლოზუნგმა არჩევნების ბედი მისკენ გადაწონოს?
- ბურჯანაძის მომხრეები მრავლდებიან, თუმცა არც ისე ძლიერია ის ძალა, რომ ბურჯანაძემ დამოუკიდებლად შეძლოს საპრეზიდენტო არჩევნების მოგება, ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც მაინც ავტორიტარული მართვის სტილია და არ არის კლასიკური დემოკრატია, მარტო მხარდამჭერები გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის. არჩევნების მოგება რეალურად უნდა იყოს რაღაც დიდი რევოლუციური ტალღა, როგორც ეს იყო 2012 წელს, როცა ივანიშვილმა არჩევნები მოიგო, ეს არჩევნები კი არა, სახალხო რევოლუცია იყო, ბურჯანაძის ირგვლივ ასეთი დონის მხარდაჭერა და ტალღა არ არის. მან შეიძლება აჩვენოს კარგი შედეგი, მაგრამ არჩევნების მოგებას ხელისუფლების წინააღმდეგ სჭირდება სრულიად სხვა ძალა, რაც გარკვეული სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო ბურჯანაძის ირგვლივ არ იქნება.
- ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, საპრეზიდენტო არჩევნების წინ »ნაციონალების» სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით?
- მიღებულია გადაწყვეტილება, სააკაშვილი უნდა იქნას ჩამოცილებული »ნაციონალურ მოძრაობას». სექტემბერში მათ ექნებათ ყრილობა, სადაც სააკაშვილს გადაირჩევენ პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან, მას საპატიო თავმჯდომარის პოსტზე დატოვებენ და პარტიას გადაიბარებს ახალი გუნდი, დავით ბაქრაძის გუნდში უკვე გადაბარგდნენ ბოკერიაც და უგულავაც. იყო საუბარი ჟვანიას გუნდთან დაკავშირებით, დარჩებიან პარტიაში, თუ ცალკე ფრაქციად ჩამოყალიბდებიან, მაგრამ ძირითადი მათი ამოცანაა, რომ მოხდეს სააკაშვილისგან მათი დისტანცირება. ბედის ირონიაა, მაგრამ ახლა მიმდინარეობს ბაქრაძის გუნდში მოხვედრაზე კონკურსი, რადგან დავით ბაქრაძის გუნდში მოხვედრა, ეს ნიშნავს პრაქტიკულად ხელშეუხებლობის გარანტიას ახალი ხელისუფლების პირობებში. ბაქრაძის გუნდის წევრებზე არანაირი სამართლებრივი დევნა არ განხორციელდება. როგორც მეუბნებიან, გაბაშვილი, საყვარელიძე და ძალიან ბევრი დისკრედიტებული სახე ცდილობს გააფთრებით, როგორმე დაიმკვიდროს ადგილი ბაქრაძის გუნდში. გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ბაქრაძე არ იღებს, ამაში ჩართულები არიან როგორც დღევანდელი ხელისუფლების, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები. ვიღაც-ვიღაცები შეეცდებიან ბაქრაძის გუნდში შეძრომას, მაგრამ გაძლიერებული ფეისკონტროლია. ეს არის შტატების მთავარი დაკვეთა, რომ ბაქრაძის გუნდში ნაკლებად დისკრედიტებული ადამიანები უნდა იყვნენ და ის ხალხი, ვის წინააღმდეგაც პოტენციურად შეიძლება დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. ბაქრაძის გუნდში ჩაეწერება, მაგალითად: თინათინ ბოკუჩავა, ირმა ნადირაშვილი, მარიამ საჯაია, გიორგი ვაშაძე, ის ხალხი, ვინც კრიმინალში ეჭვმიტანილი არ არიან…
-გივი თარგამაძე აცხადებს, -ვნანობ, რომ ამ ხალხს ბოლომდე სული არ ამოვხადეთო. ჩანს, »ნაციონალებს» მართლაც მიღებული აქვთ ხელშეუხებლობის გარანტია. იმის მაგივრად, რომ ენა ჩაეგდოთ და ჩრდილში გადაჩოჩებულიყვნენ, დღეს დისკრედიტირებული »ნაციონალების» გარკვეული წრე ცდილობს, უფრო მეტად გამაღიზიანებლად გამოიყურებოდეს…
- როგორც ვიცი, გივი თარგამაძესაც აქვს ხელისუფლებასთან გარკვეული მოლაპარაკებები, ყველა თავისი არხით ცდილობს, დაალაგოს ურთიერთობები ახალ ხელისუფლებასთან და მიიღოს ხელისუფლების გარანტიები. ზოგიერთი ცდილობს, კომპრომატების გაცვლით მიიღოს თავისუფლება. გივი თარგამაძე ვერ იქნება ბაქრაძის გუნდის წევრი, მაგრამ მან არჩია სხვა გზა, ხელისუფლებაში გარკვეულ დაწესებულებებთან თანამშრომლობა. მაგალითად, ამერიკის ცენტრის ნომენკლატურა, როგორიცაა შაშკინი, ბოკერია და კიდევ რამდენიმე, საერთოდ ხელშეუხებლები არიან ადგილობრივი ხელისუფლებისგან. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ამერიკელებმა მას გამოუყვეს ფუნქცია, რომ წაიკითხოს ლექციები, მაგრამ ვინც სააკაშვილის ხასიათს იცნობს, ის შეეცდება, სცენარიდან ამოვარდეს, გააკეთოს არაორდინალური სვლა. დღეს ისეთი მყიფე ვითარებაა, სააკაშვილისნაირი ავანტიურისტული ადამიანებისთვის ადგილი რჩება, როდესაც ამდენი გაუბედავი ფიგურაა პოლიტიკურ დაფაზე, სააკაშვილის გაბედულება შესაძლოა, რაღაც მომენტში გადამწყვეტი გახდეს, სააკაშვილი ცდილობს, პროცესი წაიყვანოს მისი ნოსტალგიისკენ, დაამკვიდროს აზრი ივანიშვილის იმედგაცრუებისა და მისი ნოსტალგიისა, მაგრამ ჯერჯერობით ვითარება ასე არ მიდის, ამისთვის არასაკმარისი დრო გავიდა. შეიძლება ხალხმა ივანიშვილის რწმენა დაკარგა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხარს არ უჭერს. ხალხი ივანიშვილის მიმართ ჯერ კიდევ ლოიალურად არის განწყობილი, ეიფორია 1-ელი ოქტომბრის შემდეგ გაქრა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ხალხი სააკაშვილის მომხრე გახდება.
ძალიან ბევრი ეჭვია, სააკაშვილის რეაბილიტაცია ხდება იმით, რომ მას ბრალდებები ეხსნება, ვგულისხმობ საზოგადოების თვალში ბრალდებებს. ჩვენ ყველა დარწმუნებული ვიყავით, რომ სააკაშვილი ბენზინიდან წილს იპარავდა, თუმცა ხელისუფლება ამას ვერ უმტკიცებს, იმიტომ, რომ კეზერაშვილი ჩაანაცვლა ხელისუფლების რუხმა კარდინალმა, ამიტომაც სააკაშვილი გამოდის გაბედულად და ამბობს, — აი, რომ ამბობდით ბენზინიდან წილი შემომდიოდაო, რატომ არ მიმტკიცებთო?!. საზოგადოების თვალში ჩნდება ეჭვები, — მგონი, გადავაჭარბეთ, იქნებ ეს ხალხი არ იყო ასეთი კორუმპირებულიო?.. ეტაპობრივი რეაბილიტაცია დაიწყო ისე, როგორც ახალაიასთან დაკავშირებით, ისეთი ბრალი წაუყენეს, რომელიც არ იყო ყველაზე მძიმე ეპიზოდი მისი დანაშაულებრივი საქმიანობიდან, იმ ბრალში გამართლდა. მე ახლა მესმის ხალხის აზრი, რომ ახალაია არც ისეთი ბუა ყოფილა. სამწუხაროა, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს, რასაც ხელისუფლება, ნებით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობს. იმდენად უსამართლოა ეს სცენარი, ვფიქრობ, ამ სცენარიდან გადახვევა მოხდება.
»ნაციონალური მოძრაობა» ამზადებს სცენარს »ანტიცოცხები», არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, გაირკვევა, რომ თურმე არანაირი ცოცხები არავისთვის არ გაუყრიათ, თურმე ამაში ვიღაცამ »ქართული ოცნებიდან» ფული გადაიხადა, სულ უდანაშაულოები არიან, მათ აქვთ კადრები და ემზადებიან ამ კადრების გადმოსაგდებად. სააკაშვილისთვის ამერიკელების დაწერილი სცენარის მიხედვით, ის უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტი, ხელისუფლება კი გვიმტკიცებს დავიჭერთო, მაგრამ ეს ძალიან გაუჭირდებათ, მაგრამ სააკაშვილს საერთოდ არ აინტერესებს ექსპრეზიდენტის როლში ყოფნა, სჭირდება რეალური ძალაუფლება. როგორც კულუარებიდან გავიგე, შესაძლოა, მან ადგილობრივ არჩევნებზე კენჭი იყაროს მერობის პოსტზე, ეს, სავარაუდოდ, იქნება ბათუმი!..