"რაც მალე წავლენ ასეთები, მით უკეთესია ჩვენთვის, იყვნენ ჩვენს შტაბში და მხარს უჭერდნენ ნინო ბურჯანაძეს - ასეთები ნამდვილად არ გვჭირდება" - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გაზეთ "ალია"-სთან საუბრისას გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ქართული ოცნებიდან" აქტივისტები ნინო ბურჯანაძის პარტიაში მასობრივად გადადიან.
მისივე განმარტებით, თუ მათ ახლა ჩათვალეს, რომ ნინო ბურჯანაძესთან უნდა წავიდნენ და ასეთი მერყევი პოზიცია აქვთ, ეს მათი გადასაწყვეტია.
"თუ ატყობთ, ასეთი გზა თვითონ ბურჯანაძემაც აირჩია. პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არაფერს ამბობს, მაგრამ არავინ ვარგა ვინც მის გარშემოა. ვერ გავიგე, თუ ივანიშვილს პატივს სცემს, მაშინ მის მიერ დასახელებულ კანდიდატს რატომ უნდა ებრძოლოს? თუ "ქართული ოცნების" პოლიტიკა არ მოგწონს, მაშინ იმის სითამამეც უნდა გეყოს, თქვა, პრემიერ-მინისტრის კურსიც არასწორიაო. თუმცა ბურჯანაძეც კარგად ხვდება, რომ ასეთი სვლა არაპოლულარული იქნება მისთვის და ასეთი ტაქტიკა აირჩია", - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე 2011 წლის 26 მაისის მოვლენებსაც შეეხო.
"მონსტრი რომ დავამარცხეთ, ეს იყო ივანიშვილისა და მისი გუნდის დამსახურება. მოდით, სიმართლე ვთქვათ - სააკაშვილის მომრევი საქართვლოში მანამდე არავინ იყო. ნინო ბურჯანაძემ ძალიან ბევრი მოინდომა, იგივე 26 მაისს და მანამდეც, მაგრამ 26 მაისს რაც მან ხალხი შეკრიბა, სულ ეს იყო. ახლა ამის თქმა მიწევს, სამწუხაროდ, მაშინ საზოგადოებამ მას ბევრი მიზეზის გამო მხარი არ დაუჭირა, თორემ სააკაშვილის მიმართ მაშინ ზიზღი არ ჰქონდათ? ხალხამ ვერ დაინახა ლიდერი, ახლა რა შეიცვალა, რა გააკეთა ბურჯანაძემ ისეთი 26 მაისის შემდეგ, რომ ჩვენი "მხარდამჭერები" მასთან გარბიან?" - აღნიშნა მან.
კობახიძის თქმით, იგი ბურჯანაძეს პირადად იცნობს, მასთან საქმიანი ურთიერთობა ჰქონია და გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით მისი ადვოკატიც იყო. ასევე "სახალხო კრების" ძალიან ბევრი წევრი დაიცვა 26 მაისის შემდეგ.
"იმ ადამიანებს ყველას თავისი წვლილი აქვს შეტანილი "ნაციონალების" წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ნინო ბურჯანაძეზე ამას ვერ ვიტყვი. ის არის შევარდნაძის დროის პოლიტიკოსი, რომელიც იყო ერთ-ერთი თვალსაჩინო მხარდამჭერი იმ კურსისა, რომელსაც ის ხელისუფლება ატარებდა. იყო ედუარდ შევარდნაძის თანამებრძოლი. მერე გადავიდა ოპოზიციაში და იყო მიხეილ სააკაშვილის ძალიან აქტიურ თანაგუნდელი და თანამებრძოლი, "ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედი. მაგან დიდი წვლილი შეიტანა მიშას მოყვანაში, შემდეგ კი "ნაციონალური" კურსის თანამონაწილე გახდა. ძალიან ხშირად კი ორგანიზატორიც. ახლა ამბობს, სააკაშვილს განვუდექიო, მაგრამ მანამდე იმდენი ცუდი რამ მოხდა, ამის დავიწყება და სხვა რამით გადაფარვა შეუძლებელია", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
კობახიძის აზრით, ბურჯანაძე 2007 წლის 7 ნოემბრერს რუსთაველზე მომხდარ მოვლენებს რომ გამიჯვნოდა და ხალხთან დამდხგარიყო, ეს გმირული ნაბიჯი იქნებოდა.
"მისი აზრით, თურმე მაშინ სახელმწიფო შედგა , პოლიციამ სწორად იმოქმედა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი. ეს ჩემთვის ძალიან დამაფიქრებელია. ისეთ ადამიანს, რომელიც ამდენი ხანი პოლიტიკაშია, ასეთი რამ არ უნდა შეეშალოს", - განაცხადა კობახიძემ.
მისივე განმარტებით, 7 ნოემბრის შემდეგ ბურჯანაძე პრეზიდენტის მოვალეობის შემსულებელი იყო და არჩევნები ტოტალურად სწორედ მაშინ გაყალბდა. კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ მოაბრუნდა და არჩევნების მეორე ტური რომ არ ჩატარდა, ბურჯანაძის დიდი დამსახურებაა.
"7 ნოემბერს გაუგონარი რამ მოხდა და რომ არა ბურჯანაძე, სააკაშვილი პრეზიდენტი ხელახლა ვერ გახდებოდა. არასდროს მითქვამს ამდენი რამ ნინო ბურჯანაძეზე და ახლა მხოლოდ თქვენ გელაპარაკებით მაგ ადამიანზე. ძალიან არ მომწონს, როცა ის პირადად არ ემიჯნება ან ევრ ემიჯნება ბიძინა ივანიშვილს, პირიქით თითქოს მის მხარდამჭერად გამოდის, ამ დროს ყველაფერ იმას ეწინააღმდეგება, რასაც "ქართული ოცნება" ჰქვია. ეს მისი ამბიციაა, რათა გახდეს პრეზიდენტი, ამ ქვეყანაში გასაკვირი არაფერია. როგორც გავიგე უკვე 33 კანდიდატი ყოფილა, ეს კარგია თუ ცუდი, მართლა არ ვიცი. ალბათ, ბურჯანაძე ხალხის გადაბირებაზეც იმუშავებს, შეიძლება თანამდებობებსაც არიგებს, თუ ჩვენგან წაყვანილი ხალხით აპირებს თავისი შტაბის დაკომპლექტებას, არა მგონია ეს სწორი იყოს", - აღნიშნა მან.