საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო. საკითხი ეხება ბოლო პერიოდში, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას. ჯანდაცვის სამინისტროში ჩამოუყალიბდათ ეჭვი, რომ კომპანიები შეთანხმებულად მოქმედებენ, შესაბამისად, 2 უწყება ერთობლოვად შეეცდება რეალური სურათი დაადგინოს.
მოკვლევას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და განცხადებები ფარმაცევტული კომპანიების ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობასთან დაკავშირებით.
მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს (ე.წ. კარტელური გარიგებები) გულისხმობს.
კომპანიებს, რომელთა მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს და ფარმაცევტულ ასოციაციებს, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საშუალება ექნებათ პროცესში საკუთარი პოზიციები/ახსნა-განმარტებები წარმოადგინონ.
„2022 წელს ფარმაცევტულ ბაზარზე წარმოებული მონიტორინგის ფარგლებში, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, კონკურენციის სააგენტომ 13 რეკომენდაცია გასცა. გაცემული რეკომენდაციების აღსრულების პროცესი მიმდინარე რეჟიმშია, საიდანაც სრულად ან ნაწილობრივ 7 რეკომენდაცია შესრულდა. ამავე პერიოდში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკიდან მედიკამენტების პარალელური იმპორტის მექანიზმი ამოქმედდა. შედეგად, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, ხოლო გაზრდილი ფინანსური ხელმისაწვდომობის შედეგად, საცალო ბაზარზე მომხმარებელმა, დაახლოებით, 250 მილიონი ლარის დანაზოგი გააკეთა. რეფერენტული ფასწარმოქმნის და ბაზარზე განხორციელებული/მიმდინარე რეფორმის პირობებში მოსალოდნელია აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა.
ამ დროისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევის 4 საქმეს განიხილავს - შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს. 2023 წელს უწყებამ ერთი მოკვლევა დაასრულა და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა.
საქმის მოკვლევის დაწყებიდან, არაუგვიანეს 6 თვის ვადაში სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს.
კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების დადგენის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს ჯარიმას, დამრღვევი ეკონომიკური აგენტის წინა ფინანსური წლის ბრუნვის 5%-მდე ოდენობით“, - აცხადებენ სააგენტოში.
რამდენიმეკვირიანი დაკვირვების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში ჩამოუყალიბდათ ეჭვი, რომ კომპანიები შეთანხმებულად მოქმედებენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური აღნიშნავს, გასაკვირი არის ის, რომ რეფერენტული ზღვარის დადგენიდან პირველივე დღეს გარკვეულ მედიკამენტებზე ფასები ნახტომისებურად გაიზარდა.
„ყველა ქვეყანაში, სადაც განხორციელდა რეფერენტული პოლიტიკა, ყველა ქვეყანას აქვს გამოცდილებები, მათ შორის მსგავსი გამოცდილებები, თუ როგორ იქცევიან ფარმაცევტული კომპანიები იმისთვის, რომ გვერდი აუარონ რეფერენტულ პოლიტიკას და დაიტოვონ ის მარჟები, რომელიც მანამდე ჰქონდათ. ჩვენ ეს რისკები გააზრებული გვქონდა. არ არის საქართველო ერთადერთი ქვეყანა, სადაც ასეთი ფაქტები მოხდა, თუმცა აქ გასაოცარი არის მასშტაბები.
პირველ რიგში, გასაკვირი არის ის, რომ პირველივე დღეს გარკვეულ მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა და იმ მედიკამენტებზე, რომელიც რეფერენტულ ფასზე ბევრად იაფად იყიდებოდა, საუბარია თურქულ მედიკამენტებზე, ფასები აუწიეს მაქსიმალურ ზღვარამდე. ამ გაძვირების უკან არანაირი ეკონომიკური გათვლა/გაანგარიშება არ არსებობდა, რაც მიუთითებს იმას, რომ თავიანთი ჰოლდინგური მდგომარეობა და ბაზრის წილი გამოიყენეს იმისთვის, რომ უბრალოდ, გაეძვირებინათ წამლები.
გარკვეულ მედიკამენტებზე სამ და ოთხ მიმწოდებელს ზუსტად ერთი და იგივე ფასი აქვს დაფიქსირებული. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ არსებობს გონივრული ეჭვი იმის, რომ არსებობს გარიგება და არაკეთილსინდისიერად იყენებენ თავიანთ მდგომარეობას ბაზარზე, რომ გააძვირონ მედიკამენტები. მივმართეთ შესაბამის ორგანოებს. მათ მოკვლევა უკვე დაიწყეს, შესაბამისად კანონმდებლობის ფარგლებში ისინი აუცილებლად რეაგირებას მოახდენენ.
ჩვენ ვმოქმედებთ გონივრული ეჭვის საფუძველზე, რაზეც ყველა ვთანხმდებით, რომ ის, რაც ჩამოვთვალე, არის საკმარისი საფუძველი, რომ მიგვემართა შესაბამისი ორგანოებისთვის“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ილია ღუდუშაურმა.