"რუსეთ-საქართველოს ომი – 10 გაკვეთილი ესტონეთისთვის", - ამ სათაურით აქვეყნებს ესტონური გამოცემა Postimees ესტონეთის ექს-პრემიერისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მარტ ლაარის სტატიას.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რუსეთ-საქართველოს ომიდან ხუთი წლის შემდეგ, კონფლიქტის შესახებ ბევრი დაიწერა, ფილმიც კი გადაიღეს. თუმცა, დღემდე ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი.
"ასე მაგალითდ, ჯერაც განსხვავებული მოსაზრებებია იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად როდის დაიწყო და დამთავრდა ეს ომი, ვინ დაიწყო ის და ვინ არის დამნაშავე. პოლიტიკური ასპექტების გვერდის ავლით, მინდა ყურადღება გავამახვილო ომისგან მიღებულ 10 გაკვეთილზე, რომელიც ვიმედოვნებ, ესტონეთის თავდაცვისთვის სასარგებლო იქნება", - წერს მარტ ლაარი და დასძენს, რომ ტკბილ ილუზიებს, მწარე სიმართლე სჯობს.
როგორც ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, მაშინ, როცა რუსეთი წლების განმავლობაში ომისთვის ემზადებოდა და ზუსტად იცოდა, რა უნდოდა, საქართველო ამაზე არ ფიქრობდა.
"საქართველომ საკუთარ თავს ომში ჩათრევის ნება ყოვლად შეუფერებელ დროს მისცა. მისი სამხედროების ნაწილი ერაყში იბრძოდა, ნაწილი ერაყისკენ მიემართებოდა მათ შესაცვლელად. არმიის ერთი ნაწილი შეუიარაღებელი იყო, საბრძოლო ტექნიკა კი შესაკეთებელი, უამრავი ოფიცერი შვებულებაში იყო ისევე, როგორც თავდაცვის მინისტრი, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა. საქართველოს არმია ილუზიებით ცხოვრობდა და ქვეყნის დაცვისთვის არანაირი სერიოზული მზადება არ მიმდინარეობდა. ბევრი ქართველის აზრით კი, რუსების ჩარევა ნაკლებმოსალოდნელი იყო ამ ომში და ოპერაციის დაგეგმვისას მისი ფაქტორი დიდად არ გაუთვალისწინებიათ. ამიტომ რუსეთის არმიასთან დაპირისპირება ქართველი სამხედროებისთვის სრული მოულოდნელობა და შოკი იყო, რისგანაც რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ გამოერკვნენ. ქართველი ჯარისკაცების უმრავლესობა ილუზიებით ცხოვრობდა და სწორედ ამიტომ მარცხისთვის იყო განწირული", - წერს მარტ ლაარი.
ესტონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის არმია სრულად იყო მზად ომისთვის და ოპერაციის წამოწყებამდე წვრთნებს გადიოდა და ზედმიწევნით დაგეგმილი ჰქონდა ყველა დეტალი. მათ უნდა ეიძულებინათ ქართული არმია, დაეწყო შეტევა სამხრეთ ოსეთში, შემდეგ კი თავად გადასულიყვნენ შეტევაზე, რის შემდეგაც რუსებისთვის ადვილი იქნებოდა ყოვლად დაუცველ ქართველებზე თავდასხმა და სამხრეთ ოსეთში ხელისუფლების შეცვლა.
"იმავდროულად, ქართული მხარის გეგმები ძალიან სუსტი იყო. რა თქმა უნდა, მისი გეგმის ერთი ნაწილი მოიაზრებდა რუსული არმიის ჩარევის შეჩერებას, თუმცა არ იგეგმებოდა ცხინვალზე თავდასხმა. ერთ ნაწილს ქალაქისთვის მარცხნიდან უნდა შემოევლო, მეორეს კი მარჯვნიდან და გუფთის ხიდისა და როკის გვირაბის მიმართულებით უნდა ემოძრავათ, რათა ხელი შეეშალათ რუსეთის ნებისმიერი დახმარებისთვის. ცხინვალის აღება მოგვიანებით გადაწყდა. ბოლო წუთს ქართველებმა შეცვალეს გეგმა და პირდაპირ ცხინვალზე თავდასხმის ორგანიზება მოახდინეს. ქართველი სამხედროები გუფთის ხიდამდე ვეღარ მივიდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ როკის გვირაბზე. ყოველივე ამან ომის ბედი გადაწყვიტა", - წერს მარტ ლაარი.
სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ ნებისმიერი არმიისთვის დაზღვერვა მნიშვნელოვანია და რუსეთ-საქართველოს ომისას ორივე მხარე ამ საკითხს თავხედურად მიუდგა – რუსეთის დაზვერვას არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია საქართველოს შესახებ და ვერ შეაფასა მათი მისწრაფება წინააღმდეგობის გაწევის თაობაზე.
"საქართველოს დაზვერვას რუსეთის შესახებ არცთუ ისე ცოტა მონაცემები ჰქონდა, მაგრამ კარგი ანალიტიკა აკლდათ. თანაც, ისინი ზედმეტად ენდობოდნენ ნატო-ს ტექნიკურ დაზვერვას. ასევე არსებობდა მოსაზრება, რომ რუსეთი მეზობლებს არ დაესხმოდა თავს. თუმცა, რუსეთ-საქართველოს ომმა ბოლო მოუღო ამ მოსზრებას", - აღნიშნავს ესპანეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და დასძენს, რომ ომის დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფსიქოლოგიური დაცვა.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთ-საქართველოს ომმა აჩვენა, რომ თანამედროვე ომის კონვენციონალური მეთოდები კონფლიქტის წარმოებაზე ახალს ერწყმის ისეთს, როგორიც კიბერ ან ინფორმაციული ომია.
მარტ ლაარი ასევე წერს, რომ ნებისმიერ ომში სამედიცინო სამსახური სათანადო დონეზე უნდა იყოს.
"რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 1 200 ქართველო მებრძოლი დაშავდა, მათგან ორი მესამედი დაიჭრა. ბევრი მათგანი, შესაძლოა, დაღუპულიყო კიდეც, თუმცა ტყვიაგაუმტარი ჟილეტებისა და ჩაფხუტების წყალობით მათ სიცოცხლე შეუნარჩუნდათ. დაჭრილები სწრაფად გაყავდათ ბრძოლის ველიდან, სამედიცინო სამსახური კარგად მუშაობდა. ჭრილობების შედეგად ჯარისკაცების მხოლოდ 3% გარდაიცვალა", - აღნიშნავს ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
მარტ ლაარი ასევე წერს, რომ ომის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საჰაერო სივრცეს. მისივე თქმით, საქართველოს საბრძოლო-საჰაერო ძალები არცთუ ისე ძლიერია და რუსეთთან აგვისტოს კონფლიქტის დროს მათ მხოლოდ ერთი მისიით იყენებდნენ.
"ეს გონივრული გადაწყვეტილება იყო, რადგან სხვა შემთხვევაში ეს თვითმფრინავები განადგურდებოდა. რუსეთის ავიაციას საქართველოს ცაში თავი შეეძლო თავისუფლად ეგრძნო, ყოველ შემთხვევაში, თეორიულად. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, თუმცა სწრაფად აღკვეთეს და რადარების დაკარგვის შემდეგ, პრაქტიკულად, გამოუყენებელი გახდნენ", - წერს მარტ ლაარი და დასძენს, რომ უფრო ეფექტური ჯარისკაცების მხრიდან მობილური საზენიტო იარაღის გამოყენება იყო.
სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ რუსეთ-საქართველოს ომმა იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ თანამედროვე ომში ტანკებსა და არტილერიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.
ესტონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ ნატო-ს იმედად ყოფნის პარალელურად, იარაღი ყოველთვის მომართული უნდა გქონდეს.
"საერთაშორისო ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საბოლოო ჯამში, მაინც საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს. საქართველოს იმედი, რომ მას ვინმე აქტიურად დაეხმარებოდა, ომის დროს გაქარწყლდა. თუ ისინი თავად არ იბრძოლებდნენ და დაშვებული შეცდომებისა და არასასურველი სიტუაციის მიუხედავად, არ შეაჩერებდნენ რუსული ჯარის შეჭრას, საქართველოს სახელმწიფო განადგურდებოდა და ხელისუფლებაში სულ სხვა მთავრობა მივიდოდა. მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, საქართველოს სახელმწიფო თავად ქართველებმა გადაარჩინეს", - წერს მარტ ლაარი და დასძენს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის გამოცდილებამ ესტონეთს აჩვენა, რომ ის კარგად ინტეგრირებული და განსწავლული უნდა იყოს ნატო-სთან ურთიერთქმედებისთვის, მაგრამ ამავე დროს ესტონეთმა უნდა იზრუნოს საკუთარი თავდაცვის დამოუკიდებელ შესაძლებლობებზე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი როლს თამაშობს ძლიერი ნება და სურვილი, საჭიროების შემთხვევაში, დაიცვა შენი სახელმწიფო და რამდენადაც ძლიერია ეს სურვილი, მით უფრო ძლიერია სახელმწიფო.