შსს-მ „პრივატბანკი“-ს დაყაჩაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

შსს-მ „პრივატბანკი“-ს დაყაჩაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი, 1973 წელს დაბადებული სეიფ ს, 1985 წელს დაბადებული რამინ ო. და 1984 წელს დაბადებული რაის კ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 8 აგვისტოს, 08:25 საათზე „პრივატბანკი“-ს მარნეულის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს. თავდამსხმელებმა ბანკის მოლარეს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით სალარო გააღებინეს, საიდანაც 110 000 ლარი, 80 000 დოლარი და 5000 ევრო გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა სეიფ ს. სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმ დროს დააკავეს, როცა ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. სეიფ ს–ს მეგობრის სახლიდან ბანკიდან გატაცებული თანხის ნაწილი ამოიღეს. რაის კ. და რამინ ო. კი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მარნეულში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).