სააკაშვილი ახალაიას შეწყალებას ამზადებს

სააკაშვილი ახალაიას შეწყალებას ამზადებს

"რკინის ქალამანს ჩავიცვამ და ბაჩანა ახალაიას არ ვაღირსებ მშვიდად ყოფნას"

"თუ სასამართლო განაგრძობს "ნაციონალთა" მონობას, უსამართლოდ გამართლებულებს ხალხი გამოუტანს განაჩენს"

"ხელისუფლება საინფორმაციო ომსაც აგებს"

რას ჰყვება ერთ-ერთი ნაწამები ოფიცერი

სისხლის სამართლის ექსპერტები ბაჩანა ახალაიას პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებას ვარაუდობენ. ბოლო დროს მომხდარის გამო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ყოფილ თავდაცვის და შს მინისტრს სასამართლო წამების, ცემის და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებებს მოუხსნის და შედარებით მსუბუქი, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოუტანს გამამტყუნებელ განაჩენს, პრეზიდენტი სააკაშვილი კი ახალაიას ციხეში დიდხანს არ გააჩერებს და გუნავას მსგავსად შეიწყალებს. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ახალაიას პროცესებს უძღვებოდა სამი მოსამართლე, რომლებიც სხვადასხვა რაიონიდან ერთდროულად სასწრაფოდ გადმოიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და სწორედ მათ ანდეს ამ საქმის განხილვა.

ყოფილი მთავარი პროკურორი გია მეფარიშვილი დარწმუნებულია, რომ საქმე ახალაიას სასარგებლოდ გადაწყდება, თუ ხელისუფლება დროზე არ მოძებნის გამოსავალს.

- 2013 წლის 27 ოქტომბერს დანიშნულია საპრეზიდენტო არჩევნები. მესამე კვირა დღემდე, ზუსტად 24 ნოემბრამდე, ანუ ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების დღემდე, სააკაშვილი ინარჩუნებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას. შესაბამისად, ამ დრომდე უფლება აქვს, შეიწყალოს მსჯავრდადებულები. დავუკავშიროთ ეს ამბავი სასამართლოებში მიმდინარე პროცესებს. სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი გუნავა თავისუფალია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა (რომელიც არ გასაჩივრებულა სააპელაციო სასამართლოში), იგი პრეზიდენტმა შეიწყალა. ახალაია რომ გაამტყუნოს სასამართლომ, პრეზიდენტი მასაც შეიწყალებს.

- ფიქრობთ, ჯალათობაში ბრალდებულ ახალაიას პრეზიდენტი შეიწყალებს და ასე სამარცხვინოდ დაამთავრებს მოღვაწეობას?
- ახალაიას წინააღმდეგ სამი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. პირველი ეხებოდა თავდაცვის მინისტრობის დროს სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების ცემას, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. ამ საკითხში სასამართლომ გაამართლა. მეორე სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა მოსამართლეს აქვს განსახილველად, ეხება ახალაიას შს მინისტრობის დროს სამინისტროს თანამშრომლების წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. მესამე სისხლის სამართლის საქმე ეხება ე.წ. ციხის ბუნტს. ახალაიას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. საქმეში ფიგურირებენ კანონიერი ქურდები, რომელთა მიმართ ძალადობა განხორციელდა. ამ საქმეზე ახალაიას დაცვას პროკურატურის პოზიცია სადავო არ გაუხდია, უცნაურად დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას და ყველა მტკიცებულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო ამ ბრალდებაში ახალაიას დამნაშავედ ცნობს, პრეზიდენტი კი მოასწრებს და მას შეიწყალებს. საქმის არსებითი განხილვის შემთხვევაში პროცესი გაგრძელდებოდა და შეწყალება ვერ მოესწრებოდა. პროკურატურის მტკიცებულებებსა და ბრალდებებს უპირობოდ სწორედ დროის მოგების მიზნით იზიარებენ.

თუ ახალაიას, როგორც წამებაში დამნაშავეს, მსჯავრს დაადებს სასამართლო, მისი შეწყალება პრეზიდენტს ხელს არ აძლევს.

წამებაში მსჯავრდადებული პირის შეწყალება მიუღებელია საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ამიტომ არის დაგეგმილი ახალაიას გამართლება წამების საქმეებზე, ხოლო ციხის ბუნტის საქმეზე ახალაიას შეწყალებას სააკაშვილი პიარით შეფუთავს.

ამ ეპიზოდში ქურდები ფიგურირებენ, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად სწორედ მათ მიმართ არის გამოყენებული, რასაც სააკაშვილი ახალაიას ღირსებად მონათლავს და შეეცდება, ის ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მებრძოლ რაინდად შერაცხოს, რაც არაერთხელ გაუკეთებია. ამის საილუსტრაციოდ გუნავას მაგალითიც კმარა.

- საგამოძიებო ორგანოების წარმოდგენილი მასალები ისეთი სუსტია, რომ სასამართლო შეძლებს, უმძიმეს ბრალდებაზე გამამართლებელი განაჩენი გამოუტანოს ახალაიას?
- ქმედებები, რასაც შს სამინისტროს თანამშრომლები ყოფილ მინისტრს ბრალად უყენებენ, უმძიმესი და არაადამიანურია. საქმეში უამრავი მოწმე და 7 დაზარალებულია. ყველა მათგანმა სასამართლოში დაადასტურა, რომ ახალაიას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის უმძიმესი ფაქტები აქვს ჩადენილი. მიუხედავად ამისა, ნაციონალები ეცდებიან, ახალაიას საკითხს პოლიტიკური ელფერი მიეცეს. პრეზიდენტი შეიწყალებს და მის გმირად გამოცხადებას არ იკმარებს - განაცხადებს, რომ სასამართლომ აღმასრულებელი ხელისუფლების ზეწოლით გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. მოსამართლეებიც მკერდზე მუშტს დაიბაგუნებენ, ხელები შორს ჩვენი დამოუკიდებლობისგანო. არადა, ჩნდება ეჭვი, რომ ისინი ხელისუფლებისგან თავისუფალი, მაგრამ პოლიტიკურ თამაშში ნებსით თუ უნებლიეთ ჩართული არიან.

- რა არის საჭირო, რომ ახალაიას საქმეზე მიუკერძოებელი განაჩენი გამოიტანონ და წამების ბრალდებაში არ გამართლდეს?
- სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა წარმოუდგენელია. ეს არ უნდა მოხდეს და დღევანდელმა ხელისუფლებამ არ უნდა გაიმეოროს ის საშინელება, რაც გააკეთა მისმა წინამორბედმა, მაგრამ სასამართლოს გამოყენების უფლება არც იმ ხალხს უნდა მისცეს, ვინც სასამართლოზე გავლენის შენარჩუნებას ცდილობს. ბრალდების მხარე ისე უნდა იყოს წარმოდგენილი, როგორც ეკადრება - მომზადებული. ვხედავ "შპარგალკებს", ხელზე დაწერილ წერილებს. ხელისუფლება საიფორმაციო ომსაც აგებს. 24 ნოემბრამდე, სანამ სააკაშვილი, როგორც პრეზიდენტი, ადგილზე იქნება, ძალიან მძაფრი პოლიტიკური პროცესები და ჭიდაობა მიდის. მანამდე ახალაიას ორივე სასამართლო დამთავრდება...

"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა ბაჩანა ახალაიას ერთ-ერთი მსხვერპლს, შს სამინისტროს თანამშრომელ დავით ბ-ს, რომელიც აცხადებს, რომ ვერ წარმოუდგენია, სასამართლომ თავისუფლება მიანიჭოს ბაჩანა ახალაიას, რომლის განკარგულებით 2012 წლის აგვისტოში ოპოზიციის მიმართ თანაგრძნობის ბრალდებით ჯერ დააპატიმრეს და აწამეს პირველი სამმართველოს შვიდი თანამშრომელი, წამების შემდეგ კი უმკურნალეს და უთხრეს, რომ დანაშაულის გამოსყიდვის შანსს მისცემდნენ. ამის შემდეგ წაიყვანეს ლაფანყურში, სადაც ჩვენი რესპონდენტის ვარაუდით, ე.წ. დამნაშავეებს, ვითომ სპეცოპერაციაზე გაუშვებდნენ, სინამდვილეში კი ჩეჩნებთან ერთად ჩახოცავდნენ, შემდეგ იტყოდნენ, რომ კონკრეტული ჯგუფი გადატრიალებას გეგმავდა და ქვეყანაში ჩრდილოკავკასიელი ბოევიკები შემოჰყავდა.

- რკინის ქალამანს ჩავიცვამ და ყველგან გავასაჩივრებ განაჩენს... სტრასბურგს მივმართავ. ახალაიას არ ვაღირსებ მშვიდად ყოფნას. მის დეიდაშვილ ვეკუას და სხვებს არ დასცალდათ ჩვენი გასაღება. თავდაცვის სამინისტროდან გადმოსვლისთანავე იგრძნობოდა, რომ მთელი პირველი სამმართველოს განადგურება სურდათ. თანამდებობებიდან გათავისუფლებულების ადგილებზე თავდაცვის სამინისტროდან გადმოყვანილი კაპრალები დანიშნეს, რომ სანდო გარემო ჰქონოდათ, არასასურველი ხალხის მოსაშორებლად კი დაშინების, ძალადობის, წამების უსასტიკეს ხერხებს მიმართავდნენ. მეტიც, ლაფანყურში რაღაც უფრო გრანდიოზული სისხლის ღვრა იგეგმებოდა, რომლის შედეგადაც შსს-დან არასასურველი ხალხის ნაწილს მოიშორებდნენ.

როდესაც დაგვაკავეს, ბაჩანა ახალაია უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენ მიმართ განხორციელებულ სადიზმში. გვაგინებდა, გვამცირებდა, გვიყვიროდა, გარეწარი, მოღალატე პინგვინები ხართო. შემდეგ საწამებლად სხვებს გადაგვაბარა. გაგვაშიშვლეს, 7 კაციდან სამი მიწაზე პირქვე დააწვინეს, ზოგი მუხლებზე დააჩოქეს... ერთ-ერთმა უშუალო მწამებელმა თქვა, დიდი ხანია, კაცთან არ მქონია ურთიერთობაო და შარვლის ღილებზე ხელი წაივლო... შემდეგ იქვე ნუშის ხეს ტოტები მოატეხა და ორს უკან გაუკეთა... სერჟანტებს მობილური ტელეფონით სურათები გადააღებინა, მინისტრ ბაჩანა ახალაიას უნდა გავუგზავნოთო. შემდეგ ყველა მიწაზე დაგვაწვინეს, ქამრებით გვცემეს. იქვე ჩამოიარა ჯარისკაცების ოცეულმა, რომლებსაც ჩვენზე მიუთითეს,„სამშობლოს მოღალატეები და ნაბოზარი ძაღლები არიანო.“უბრძანეს, ზედ გადაევლოთ ჩვენთვის, რაც შეშინებულებმა შეასრულეს კიდეც. შემდეგ მოიყვანეს სასწავლო ცენტრში მყოფი შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს 28 თანამშრომელი და აიძულეს ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინათ ჩვენთვის, როგორც ქვეყნის მოღალატეებისთვის, რადგან ჩვენ თურმე "ქართულ ოცნებას" თანავუგრძნობდით...

გვეუბნებოდნენ, გვაქვს მასალები და ვიცით, რომ ხელისუფლების გადასატრიალებლად კაზაკების შემოყვანას ცდილობთო. ეს იყო წამების ხანგრძლივი პროცესის დასაწყისი და რომ არა პირველი ოქტომბრის არჩევნები, ალბათ, ცოცხლებიც არ ვიქნებოდით.

- ახალაიას დაცვის მხარე აცხადებს, რომ ეს რეინჯერთა პროგრამით გათვალისწინებული წვრთნა იყო...
- რა სისულელეა, სად არ მიმსახურია, ამერიკელთა მომზადების პროგრამებიც ვიცი, მაგრამ შს სამინისტროს ბაზაზე ასეთი წვრთნები არ არსებობს. სახეში ჯოხით ცემა, ხელზე სიგარეტის დაფერფვლა, მერე ბრძანება, რომ ფერფლი სახეზე მოისვა, ოფიცერს თმა შეუტრუსო და კიდევ ათასგვარი დამამცირებელი ქმედება არც ერთი საწვრთნელი პროგრამით არ ყოფილა გათვალისწინებული და ჩვენც არავის წავუყვანივართ საწვრთნელად, ბაზაზე თავიდანვე საწამებლად წაგვიყვანეს. ეს დაადასტურა სასამართლო პროცესზე მინისტრის მოადგილე შალვა ჯანაშვილმაც. 18 წელია, ჯარისკაცი მქვია, ჩემი საქმე პატიოსნად ვაკეთე და ახალაიას სახით ბოროტებას გამარჯვების უფლებას არ მივცემ. საკმარისზე მეტი მტკიცებულებები გვაქვს საიმისოდ, თუ როგორ ილახებოდა ჩვენი უფლებები ბაჩანა ახალაიას, მისი დეიდაშვილის დავით ვეკუასა და სხვა შემსრულებლების მიერ. თუ ქართული სასამართლო განაგრძობს "ნაციონალთა" მონობას, მაშინ უსამართლოდ გამართლებულებს ხალხი გამოუტანს განაჩენს.