რა კავშირია კადაფის გალინასა და სააკაშვილის გუნავას შორის?!
როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები ყურადღებით აკვირდებიან არა მხოლოდ კონკრეტულ სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებს, არამედ პირველი პირების განცხადებებსა თუ საქციელს. შემდეგ უცხოელი დიპლომატები ამ ინფორმაციას აანალიზებენ და თავიანთი კომენტარებით თუ რეკომენდაციებით, გზავნიან თავიანთი ქვეყნის საგარეო უწყებებში.
მაგალითად, 2010 წელს "ვიკილიქსმა" გვამცნო, რომ ლიბიაში ამერიკის საელჩოს მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისადმი გაგზავნილ დეპეშებში დიდი ადგილი ეკავა არა მხოლოდ მუამარ კადაფის ოდიოზურ გამონათქვამებს (ბარაქ ობამა ჩემი შვილია; შვეიცარია მეზობელმა სახელმწიფოებმა უნდა დაინაწილონ; აფრიკის მეფეთ-მეფე ვარ), არამედ იმასაც, რომ დიქტატორი უკრაინელ ექთან გალინა კოლოტნიცკაიას გარეშე ვერ ძლებს და ყველგან დაჰყავს. გაუწონასწორებლობაში გადაზრდილი ექსცენტრიკულობა, - ასე ახასიათებდნენ მაშინ კადაფის ამერიკელი დიპლომატები, რომ მისი განცხადებები პოლიტიკურად ანომალიური იყო.
გაგიკვირდებათ და, გალინა კოლოტნიცკაიამ თენგიზ გუნავა გამახსენა. ნეტავ ცალი თვალით ჩამახედა თუნდაც ამერიკელების დეპეშაში და გამაგებინა, როგორ აფასებენ ჩვენი ოკეანისგაღმელი მეგობრები იმას, რომ სააკაშვილი გუნავას გარეშე ვერ ძლებს და თვით კუბლაშვილის სასამართლოს მიერ გამტყუნებული ვაჟბატონი შეიწყალა და მესამე დღეს გუბერნატორის პოსტზე დაგვისვა. ან საინტერესოა, როგორ აფასებენ სააკაშვილის სატელევიზიო ინტერვიუს. მიიჩნევენ თუ არა პოლიტიკურ ანომალიად იმას, რომ ქვეყნის პირველმა პირმა ასეთი განცხადებები აკეთოს.
დასაშვებია თუ არა, რომ პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში ისაუბროს იმაზე, რომ აგვისტოს ომამდე საქართველო ისრაელისგან "რაფაელებს" ელოდებოდა, ამერიკელებისგან კი "სტინგერებს". გასაგებია, რომ ეს რუსული დაზვერვისთვის დიდი აღმოჩენა არ იქნებოდა, მაგრამ როდესაც პირველი პირი კონკრეტულ სისტემებსა და მომწოდებლებს პირდაპირ ეთერში ასახელებს, ამას მოსკოვი ხელზე დაიხვევს იმ პროპაგანდისტული მითის გასამყარებლად, რომ ქართველებს ომისკენ უცხოელმა პარტნიორებმა უბიძგეს.
თუმცა ეს რა არის იმ სუპერსკანდალურ განცხადებასთან შედარებით, რომელიც სააკაშვილმა ამავე ინტერვიუში გააკეთა - პუტინს ტერიტორიების სანაცვლოდ ნატოში გაწევრებასა და აშშ-თან მეგობრობაზე უარის თქმას ვპირდებოდიო(!!!).
სააკაშვილი არ აკონკრეტებს, როდის აძლევდა მსგავს დაპირებებს პუტინს, თუმცა სავარაუდოდ, უკვე ჩატარებული იყო პლებისციტი, რომლის თანახმად, ამომრჩეველთა 77%-ს ნატოში გაწევრება სურდა. ასევე, ამერიკელებს უკვე დახარჯული ჰქონდათ მილიარდობით დოლარი საქართველოს რუსული ორბიტიდან გამოსაყვანად და პროექტ "დემოკრატიის შუქურისთვის". ან ვინ მისცა თუნდაც ქვეყნის პირველ პირს მანდატი, რომ გეოპოლიტიკურ კურსზე, რაც სახელმწიფოს მომავალს განსაზღვრავს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, საზოგადოების, მოსახლეობის, პარლამენტის ზურგს უკან პუტინთან ფარული მოლაპარაკება ეწარმოებინა? სიმართლე გითხრათ,
ყველაზე მეტად ამერიკელების რეაქცია მაინტერესებს სააკაშვილის მცდელობაზე, "გადაეგდო" ვაშინგტონი.
საერთოდ პუტინს სააკაშვილმა ინტერვიუში ვრცელი დრო დაუთმო. საქართველოს პირველმა პირმა ისიც გაიხსენა, როგორ მიუთითა პუტინს საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკულ განცხადებებზე.
"პუტინმა მითხრა, ბევრი ქაღალდი დაგროვდა, ეგ ქაღალდები დაახვიონ და ერთ ადგილზე გაიკეთონო", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ამ საუბრის შესახებ მეორე დღეს ბუშმა ყველაფერი იცოდა, რადგან აღმოჩნდა, რომ "ამერიკელები ყველაფერს უსმენდნენ".
ისე, როდესაც ორი მამაკაცი საუბრობს და საქმე რაღაცის დახვევასა და ერთ ადგილზე გაკეთებამდე მივა, ამ რაღაცას მესამე პირისკენ არ ამისამართებენ ხოლმე. შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, პუტინმა დაგროვილი ქაღალდები უფრო კონკრეტულ ადგილას გადაამისამართა.
როგორც ინტერვიუდან ირკვევა, სააკაშვილს მედვედევი მაინც გამოუჭერია. კერძოდ, 2008 წლის 6 ივლისს, ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის იუბილეზე. როგორც პრეზიდენტი ჰყვება, ბანკეტზე მან ნაზარბაევს ჰკითხა - აქ სადმე კარგი დისკოთეკა არ არისო? ნაზარბაევმა არ შეიმჩნია, თუმცა სააკაშვილს მედვედევიც აჰყოლია და საბოლოოდ, დსთ-ის სახელმწიფოს მეთაურები ღამის კლუბ "მონაკოში" წასულან. მანამდე კი, სააკაშვილის განცხადებით, მედვედევი ისე გაურბოდა და ემალებოდა, "როგორც შეყვარებული გაგირბის".
"მედვედევი გავიდა და ცეკვავდა მოედანზე, შუა აზიის ლიდერები გაფართოებული თვალებით უყურებდნენ... მეც შევყევი საცეკვაო მოედანზე, დავავლე ხელი და გამოვიყვანე. დავადე ხელი მუხლზე, რომ არ გაქცეულიყო და სოჭში შეხვედრაზე დაველაპარაკე. მითხრა, ძალიან მომწონხარო, ერთი ასაკის ვართ, ერთი განათლება გვაქვს, ერთი მუსიკა მოგვწონსო, მაგრამ მოსკოვში თამაშის სხვა წესებია და მათ მე არ ვაწესებო", - აღნიშნა სააკაშვილმა.
წარმომიდგენია, მართლაც როგორ გაუფართოვდებოდა თვალები ნაზარბაევს, მაღალი სააკაშვილისა და დაბალი მედვედევის ცეკვას რომ შეხედავდა. იმის ნახვაც ერთ რამედ ღირს, მიშა დიმას მუხლებით რომ იჭერდა - არიქა, არ გამექცესო.
ასე გაგვიდისკოთეკეს ქვეყანა, თუმცა სასაცილოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. სააკაშვილის მონათხრობი ადასტურებს, რომ რუსეთი მოვლენების მძიმე სცენარით განვითარებისთვის ემზადებოდა - რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი ემალებოდა, რეალური მმართველი კი ქაღალდების დახვევას სთავაზობდა.
ჰო, მართლა, სააკაშვილმა არა მხოლოდ იმას ახადა ფარდა, რომ თურმე ამერიკელები ყველაფერს უსმენდნენ, ტელეეთერში იმაზეც ისაუბრა, თუ რა უთხრა საუზმეზე 2008 წელს გერმანიის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
"თემურ იაკობაშვილმა საუზმის დროს უთხრა, დაგვეხმარებოდა თუ არა დასავლეთი ახალი სამშვიდობო ფორმატის მიღებაში. შტაინმაიერმა დადო ჩანგალი და იაკობაშვილს უთხრა - რა ახალი სამშვიდობო ფორმატი? ბიჭებო, მალე აქ თქვენ ომი გექნებათო", - განაცხადა სააკაშვილმა.
თუმცა, სამწუხაროდ, სააკაშვილს არ აუხსნია, რატომ არ გამოიყვანეს 2008 წლის აგვისტოში ლიახვის ხეობიდან მოსახლეობა და საკუთარი ნებით, თავით ფეხებამდე რატომ გავებით რუსეთის მიერ დაგებულ ხაფანგში. "ნიღაბი ჩამოვხსენით?" - სწორედ ამით ამაყობდნენ წლების განმავლობაში "ნაციონალები", თუმცა ბოლო პერიოდში მოუკლეს ამაზე ლაპარაკს, რადგან სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა - ვის სურდა ამ ნიღბის ჩამოხსნა საქართველოს უბედურების ხარჯზე?
რა როლი აქვს ამ ყველაფერში აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის და სხვა ამერიკელ ქორებს, რომლებთან მეგობრობითაც ასე ამაყობდა მიშა?
სხვათა შორის, ამერიკელების მიმართ კითხვები ნელ-ნელა გროვდება. მაგალითად, სააკაშვილმა თქვა, FBI-მ 26 მაისის აქციის დარბევაზე დადებითი დასკვნა დაწერაო და - ვაშინგტონიდან დუმილი მივიღეთ. ტელეინტერვიუში ქვეყნის პირველი პირი დღისით-მზისით ამტკიცებს, მზად ვიყავი, ამერიკელებთან მეგობრობაზე უარი მეთქვაო და - კვლავ დუმილი. ამავე ინტერვიუში სააკაშვილმა დააბეზღა ამერიკელები - კრეისერებს რაკეტები მოჰქონდათ, ომამდე კი "სტინგერებს" გვაძლევდნენო და - ისევ სიჩუმე. ნუთუ ვაშინგტონში არ სჯერათ, რომ პროექტი "ვარდების რევოლუცია" სრული კრახით დასრულდა? ნუთუ დემოკრატიის ციტადელში ნორმალურად მიაჩნიათ, რომ გასამართლებული პირი ისევ გუბერნატორად ინიშნებოდეს? ამერიკაში მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, ალბათ საუკუნის სკანდალი იქნებოდა.
დეტალებს რომ თავი დავანებოთ, საზოგადოება ჩვენი მეგობრებისგან ითხოვს მთავარს - სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის ობიექტურ შეფასებას, ბიზნესტერორით დაწყებული და აგვისტოს ომითა თუ სააკაშვილის ოდიოზური განცხადებებით დამთავრებული. ჩვენმა მეგობრებმა ინდულგენცია კოაბიტაციის საფარქვეშ არ უნდა შემოგვაპარონ, რადგან ამ ორ ცნებას შორის დიდი ზღვარია.
საზოგადოებას ჯერ ისევ აქვს იმედი, რომ ამერიკელები დუმილს დაარღვევენ და დაგვეხმარებიან, რომ ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და რაც მთავარია, აღდგეს სამართლიანობა. თორემ ბეჟან გუნავას გაგუბერნატორებისა და "მართალი ბაჩანას" შემხედვარე ზოგიერთმა ჩვენმა თანამოქალაქემ, შესაძლოა, თავად გადაწყვიტოს ლოკალურად სამართლის აღდგენა და ქვა იმასაც ესროლოს, ვინც ამ პროცესით მხოლოდ შეშფოთდება და ისევ კოაბიტაციისკენ მოუწოდებს.
აი, ალბათ, მაშინ დაარღვევს დუმილს სახელმწიფო დეპარტამენტი, მაგრამ უკვე გვიან იქნება. მერე ვეღარ დაარწმუნებენ საქართველოს მოსახლეობას, რომ ქვეყნის მეგობრები არიან და არა მხოლოდ სააკაშვილ-გუნავა-ახალაიების.