"2008 წლის აგვისტოს ომზე რუსეთის პრემიერმა მედვედევმა ინტერვიუში ნახევარ საათზე მეტი ილაპარაკა. იყო თუ არა რამე მინიშნებები მის ნათქვამში? "ალია" ამ საკითხებზე ექსპერტს საერთაშორისო ურთიერთობებში, სოსო ცინცაძეს ესაუბრა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "რატომ უნდა დააჩქაროს პუტინმა ივანიშვილთან შეხვედრა".
"ახალი არაფერი თქმულა. პუტინსა და მედვედევს ეს მოსაზრებები 2008 წლის შემდეგ ერთი რვაასჯერ აქვთ გამეორებული, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, მოელაპარაკეთ ოსებს და აფხაზებს, დევნილები, რასაკვირველია, უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ აქ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, სანამ ისინი არ დასთანხმდებიან; მეორე, ის, რომ ჩვენ დამნაშავეები არ ვართ და საქართველომ უნდა აღიაროს თავისი შეცდომები. ჩემი დაკვირვებით, 18 განცხადება აქვთ გაკეთებული პუტინსა და მედვედევს ომის შემდეგ საქართველოსთან ურთიერთობაზე. ყველას დედააზრი აბსოლუტურად იდენტურია", - აცხადებს სოსო ცინცაძე.
"ახალი რეალობა ის არის, რომ საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე რუსეთისთვის შეიქმნა ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენთვის ახალი რეალობაა, რომ გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, რომლის გათავისუფლებაც უნდა მოხდეს. რასაკვირველია, კაცობრიობის ისტორიაში ნებისმიერი ომი ახალ რეალობას ქმნის და მომავალშიც შექმნის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.
"დიპლომატიის ისტორიაში არასოდეს ყოფილა, რომ მეორე მხარეს ჟურნალისტთან საუბრისას ყველა კარტი გაეხსნა. აქ კიდევ ერთი მომენტია, კრემლი ჩქარობს. წავა ივანიშვილი და კაციშვილი არ იქნება ისეთი, ვისთანაც რუსეთი სალაპარაკოდ დაჯდება. აქ ვერავინ შეძლებს არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღებას. ერთადერთი ადამიანი, ვისაც მთელი პასუხისმგებლობის აღება შეუძლია შიშის გარეშე, ეს ივანიშვილია. დანარჩენს, ყველას, ერთი ადგილის კანკალი აქვს ავარდნილი; მოდის არჩევნები, რეიტინგს დავკარგავ, ხმას აღარავინ მომცემს, ასე მსჯელობენ ისინი. რუსეთში ეს მშვენივრად იციან. ამიტომ, სანამ ეს კაცი წასულა, უნდა მიიპატიჟონ ერთი მიზნით, მოდით, დავსხდეთ და რაღაც გადავწყვიტოთ. რუსეთს არ უნდა კიდევ დიდხანს, ნახევარი მსოფლიოს თვალში ოკუპანტის როლში იყოს. ასე თუ ისე, ამ იარლიყს ვერ გაექცევა. ამასთანავე, ხვალინდელი დღე, იგივე ენერგომატარებლების პერსპექტივა როგორი იქნება რუსეთისთვის, არავინ იცის. შერჩეს კისერზე ორი წისქვილის ქვა, სოხუმი და ცხინვალი სარჩენად, რუსეთს სულაც არ აწყობს", - დასძენს რესპონდენტი.