საწვავის ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა ტიპის გაურკვევლობაა. მაღალია როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ფასი. პირველის შემცირების პირობას მთავრობა უკვე იძლევა, მაგრამ მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი საწვავის შემთხვევაში, როგორც ჩანს, მდგომარეობა უცვლელი დარჩება.
დიზელის სიძვირის გამო კი, ქართველი გადამზიდავები საწვავს მეზობელ ქვეყნებში ასხამენ. ინფორმაცია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა გაავრცელა, რომელიც არსებულ ტენდენციას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა:
„ქართველი გადამზიდავისათვის, დიზელის სიძვირის გამო, ადგილობრივ ავტოგასამართ სადგურებში ავზების შევსება არარენტაბელურია, რაც აძვირებს ლოგისტიკურ ხარჯებს და უბიძგებს გადამზიდავ კომპანიებს საწვავი ჩაისხან მეზობელ (აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, თურქეთი) ქვეყნებში.
ქართველი გადამზიდავი, ძირითად გადაზიდვებს, 80%-ს ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით:
- ცარიელი შესვლა თურქეთში იქ დატვირთვა, შემდგომ - დაცლა - საქართველოში ან რუსეთში, ან შუა აზიაში, ან სომხეთში, ან აზერბაიჯანში;
- დატვირთული შესვლა რუსეთში, შემდგომ დაცლა რუსეთის ტერიტორიაზე, ხელახალი დატვირთვა და დაცლა საქართველოში ან სომხეთში;
- საქართველოდან აზერბაიჯანის ან შუა აზიის მიმართულებებით გადაზიდვა;
ისმის კითხვა, ასეთ გადაზიდვებში, ქართველი გადამზიდავი სარგებლობს თუ არა საქართველოში ადგილობრივი გასამართი სადგურებით? პასუხი ცალსახაა - საქართველოში დიზელის საწვავის სიძვირის გამო - არა.
შედარებისათვის - აზერბაიჯანში დიზელის ღირებულება - 1.22 ლარია, სომხეთში - 2.76 ლარი, საქართველოში - 3.7 ლარი, რუსეთში - 2.10 ლარი, თურქეთში - 2.9 ლარი.
საწვავის ღირებულებაში ფასების ასეთი განსხვავების გამო, ქართველი გადამზიდავისათვის მომგებიანია ავზების შევსება მეზობელ ქვეყნებში და გადაზიდვების განხორციელება.
შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, მცირდება რეალიზებული დიზელის საწვავის მოცულობა. არსებობს ტენდენცია, რომ რეალიზებული ბენზინის მოცულობა აჭარბებს დიზელის მოცულობას, არადა რეალურად პირიქით უნდა იყოს.
ეს ყოველივე იწვევს საქართველოს ბრენდულ გასამართ სადგურებში (იგულისხმება 5 ბრენდული კომპანია, თითოეული ფლობს 100-დან 130-მდე გასამართ სადგურს საქართველოს ტერიტორიაზე), მუდმივი ხარჯების ზრდას, შემცირებული რეალიზაციის შედეგად, მომგებიანობის მარჟის გასაზრდელად ბრენდულ კომანიები ზრდიან ფასებს, რითაც უფრო ღრმად ეფლობიან გაძვირების „სპირალში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ზოგადად, საქართველოს საწვავის ბაზარზე სხვადასხვა მიმართულბით განუკითხაობა კვლავ გრძელდება, რამაც პრემიერ-მინისტრის გულისწყრომაც გამოიწვია. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის გაიაფების მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასები ისევ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ზოგ შემთხვევაში კი ლიტრ ბენზინზე მოგების მარჟა 1 ლარსაც აღწევს.
„ჩვენი ჩარევის შედეგად, გარკვეულწილად, დარეგულირდა და შემცირდა ნავთობის ფასი, მაგრამ დეკემბრის მონაცემებს ვაკვირდები და ვხედავ, რომ აქ ისევ არის მაღალი მარჟები, ნავთობის იმპორტიორები ისევ მაღალ მოგებაზე მუშაობენ, რაც მიუღებელია.
მინისტრებო, თქვენ უნდა დაიბაროთ ნავთობის იმპორტიორები და უნდა შევძლოთ გონივრულ ზღვრამდე ფასების ჩამოწევა. არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80-თეთრიანი, თითქმის ლარამდე ფასნამატი. აუცილებელია, ამ საკითხის დარეგულირება მაქსიმალურად მოკლე დროში - ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია.
მჯერა, იმპორტიორები გაითვალისწინებენ ჩვენი ხალხის ვითარებას და დაიწყებენ საწვავის ფასების შემცირებას - ეს არის ჩვენი მოლოდინი, რაზეც გვაქვს დიდი იმედი. ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ჩაერთვებიან ამ საკითხში აქტიურად, შექმნიან სამუშაო ჯგუფს. ამ საკითხს სჭირდება მუდმივი მონიტორინგი და ყურადღება, რომ ვინმეს ცდუნება არ გაუჩნდეს“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც ჩანს, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში გაიაფების მოლოდინი უკვე არის.
„პრემიერ-მინისტრმა დავალება მისცა კაბინეტის რამდენიმე წევრს, ჩემი ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა არაერთი შეხვედრა, რომლებიც, უბრალოდ, არ გაგვიშუქებია, მაგრამ მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა. შევხვდით საწვავის იმპორტიორებს და საცალო გამყიდველებს. ვფიქრობ, თებერვლის ბოლომდე ძალიან მკაფიო შედეგები გვექნება - მნიშვნელოვნად შემცირდება საწვავის ფასი. ამაზე უკვე არსებობს შეთანხმება საწვავის მომწოდებლებთან და რეალიზატორებთან.
კონკრეტულად გავაანალიზეთ როგორც მიმდინარე ტენდენციები, ისე პროგნოზები და სექტორმა ჩვენი ანალიზი გაიზიარა. შემცირების ტენდენცია დაიწყო და ვფიქრობ, თვის ბოლომდე საწვავის ფასმა დაახლოებით 40 თეთრით უნდა დაიკლოს, „რეგულარის“ ტიპის ბენზინზე”, - განაცხადა დავითაშვილმა, თუმცა მას დიზელის საწვავი არ უხსენებია, რომლის მაღალი ფასი განსაკუთრებით პრობლემურია გადამზიდავებისთვის, დისტრიბუტორებისათვის და მეურნე ფერმერებისათვის.